გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

28.11.2014
ავერსის ცენტრალური კლინიკა ექვსი წლისაა...

გამოკითხვა

როგორია მტრედი ბარათის ახალი სარეკლამო რგოლი?

სამედიცინო თემები -> მშობელთა სკოლა -> ბავშვთა მოვლა და ფიზიკური განვითარება

ზამთარი მშვიდად რომ გავატაროთ

უკვე მეორე თვეა, ჩემი გოგონა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ ფანჯრიდან განსხვავებული ფერის პეიზაჟს დაინახავს, მერე კი გულდაწყვეტილი მოგვიბრუნდება ხოლმე: ხომ დამპირდით, ზამთარში თოვლი მოვა, რატომ მომატყუეთო. მშობლებს, ბუნებრივია, სითბო და ნაკლები ყინვა გვირჩევნია, მაგრამ ნათქვამია, ვიდრე მარტი წინ გიდევსო... ჩვენ კი არამცთუ მარტი, ნახევარი ზამთარიც გასავლელი გვაქვს. ამიტომ მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რჩევებს, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ (American Academy of Pediatrics – AAP) საგანგებოდ ამ ზამთრისთვის რომ შეიმუშავა.

რა ჩავაცვათ
. სუფთა ჰაერი, გართობა და მოძრაობა ბავშვებს წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდებათ, ასე რომ, ზამთარში მათი შინ გამოკეტვა შეუძლებელიც არის და გარკვეული თვალსაზრისით დანაშაულიც, მაგრამ როცა გარეთ სათამაშოდ ვუშვებთ, შესაფერის სამოსზეც უნდა ვიზრუნოთ. ერთ მეტისმეტად თბილსა და ღუნღულა ჯემპერსა თუ პულოვერს თხელი სამოსის რამდენიმე ფენა სჯობს – ასე ტანი უფრო იოლად შეინარჩუნებს სითბოსა და სიმშრალეს. არ 
დაგავიწყდეთ თბილი ჩექმები, ხელთათმანები და ქუდი.
. თქვენს შვილის რა გაათბობს, თქვენზე უკეთ ვის ეცოდინება, თუმცა ექიმებს შედარებით გვიანი ასაკის ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის ზოგადი წესი აქვთ შემუშავებული: იმაზე ერთი ფენით მეტი ჩააცვით, ვიდრე იმავე პირობებში თავად შეიმოსებოდით, თავი კომფორტულად რომ გეგრძნოთ.
. ჩვილებს, ცხადია, თბილად უნდა ეძინოთ, მაგრამ საბანი, პლედი, ბალიში სჯობს მათ საწოლს მოვარიდოთ – დამტკიცებულია, რომ ისინი ჩვილთა უეცარი სიკვდილის ალბათობას ზრდის. საუკეთესო ვარიანტია სპეციალური ტომარა. თუ მაინც საბანს დააფარებთ, კიდეები ლეიბის ქვეშ ისე უნდა ამოუკეცოთ, რომ თავისუფალი კიდე ბავშვს მხოლოდ მკერდამდე სწვდებოდეს. ამ შემთხვევაში ნაკლებმოსალოდნელია, საბანი პატარას სახეზე დაეფაროს.

არ გაცივდე, პაწაწინა
გაციებაზე ანუ იმაზე, რასაც ამ სიტყვის წარმოთქმისას ვგულისხმობთ, ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ჰიპოთერმია ანუ გადაცივება სხეულის ტემპერატურის 35ºC-ამდე ან უფრო მეტად დაქვეითებას ნიშნავს. მიზეზი შეიძლება იყოს ძალზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება (განსაკუთრებით მაშინ, თუ ტანსაცმელი დასველდა – ამ შემთხვევაში სითბო ბევრად უფრო სწრაფად იკარგება). ბავშვებს საადაპტაციო მექანიზმები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, სიცივესაც ნაკლებად გრძნობენ, ამიტომ ჰიპოთერმია მათ შეიძლება მოზრდილებზე სწრაფად განუვითარდეთ.
ჰიპოთერმიის პირველი ნიშნებია კანკალი, მოთენთილობა, რულის მოკიდება, გაბრუება. ამას მოსდევს მეტყველების გაძნელება, ცნობიერების აბნევა და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.
თუ ჰიპოთერმიის ეჭვი გაგიჩნდათ, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი ბავშვი თბილ ოთახში შეიყვანეთ, სველი ტანსაცმელი გახადეთ და საბანში გაახვიეთ. თუ საღ გონებაზეა, თბილი ჩაი დაალევინეთ.

ცხვირი, ყურები, თითები
მოყინვას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კანისა და სხვა ზედაპირული სტრუქტურების დაზიანებას ვუწოდებთ. ყველაზე ხშირად ასეთი რამ სხეულის წარზიდულ ნაწილებს: ხელისა და ფეხის თითებს, ყურებს, ცხვირს – ემართება. თავდაპირველად ისინი ფითრდება, მერე კი შესაძლოა ნაცრისფერი მიიღოს და სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს. ამავე დროს ბავშვი ამ არეში კანის წვას ან დაბუჟებას უჩივის.
თუ მოყინვა იეჭვეთ, ბავშვი სასწრაფოდ შინ შეიყვანეთ და მოყინული ხელ-ფეხები თბილ (არავითარ შემთხვევაში ცხელ!) წყალში ჩააყოფინეთ. ამერიკის პედიატრთა აკადემია 40ºC ტემპერატურის აბაზანას გვირჩევს, ანუ დაახლოებით ისეთს, როგორიც სასიამოვნოდ ცხელი შხაპია. ასეთივე ტემპერატურის წყალში დასველებული პირსახოცი შეგიძლიათ დააფაროთ მოყინულ ცხვირზე, ყურებსა და ტუჩებზე.
არ დაუზილოთ მოყინული ადგილები!
რამდენიმე წუთის შემდეგ გაამშრალეთ და თბილი ტანსაცმელი ჩააცვით ან თბილ საბანში გაახვიეთ. თუ დაბუჟებამ რამდენიმე წუთში არ გაიარა, მიმართეთ ექიმს.

ავად არ გამიხდე
. გამათბობლებით ზედმეტად გამომშრალი ჰაერი ზოგ ბავშვს ცხვირიდან სისხლდენისადმი მიდრეკილებას უძლიერებს. გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი ან გამათბობელთან წყლით სავსე თასი დადგით, ბავშვს კი ცხვირში დღეში 4-5-ჯერ ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ამ უკანასკნელის აფთიაქში შეძენაც შეიძლება და შინ მომზადებაც: ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში 1 ჩაის კოვზი (გადასწორებული) მარილი გახსენით, გააცივეთ და ოთხფა დოლბანდში გაწურეთ. თუ სისხლდენა მეტისმეტად ძლიერია ან ხშირად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
. ბევრ ამერიკელ პედიატრს მიაჩნია, რომ წლამდე ასაკის ჩვილისთვის კვირაში 2-3-ჯერ ბანაობა საკმარისია, განსაკუთრებით – ზამთარში. უფრო ხშირმა აბაზანებმა შესაძლოა კანი გამოუშროსო.
. სიცივე გრიპსა და გაციებას არ იწვევს, თუმცა მათი გამომწვევი ვირუსები უფრო მეტად ზამთარში აქტიურობენ – მაშინ, როცა ბავშვები სკოლასა და ბაღში დადიან და ერთმანეთთან უფრო ახლო კონტაქტი უწევთ. თუ ბავშვს ხელების ხშირ ბანას და ხველისა თუ ცემინებისას ცხვირ-პირზე იდაყვის აფარებას ვასწავლით, ვირუსების გავრცელება შესაძლოა შევამციროთ.
. 6 თვის ასაკს გადაცილებული ბავშვები, განსაკუთრებით – ბაღისა და სკოლის მოსწავლეები, სასურველია გრიპის საწინააღმდეგოდ ავცრათ. ამჯერად ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მომდევნო შემოდგომისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების ალბათობას 66%-ით ამცირებს.

საბაკურიანო-საგუდაურო
. გადაცივებისა და მოყინვის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს გარეთ თამაშისთვის დროის გონივრული ლიმიტი დაუწესეთ. მოსთხოვეთ, დროდადრო შინ შემოვიდნენ და გათბნენ.
. ციგაობის უფლება მხოლოდ სამანქანო გზებიდან მოშორებით მიეცით. მიაქციეთ ყურადღება, რომ დიდმა და პატარა ბავშვებმა ცალ-ცალკე იციგაონ. სჯობს, საჭიანი ციგა შეურჩიოთ. თუ ციგაზე პირქვე დაწოლის ნებას არ დართავთ, თავის ტრავმის ალბათობა საგრძნობლად შემცირდება. უმჯობესია, იჯდეს ან ისე იწვეს, რომ ფეხები ქვემოთ ჰქონდეს მიმართული. ციგა აუცილებლად მთელი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდა წვეტიანი კიდეები და შვერილები, სრიალა ნაწილები კი კარგად უნდა იყოს გაპოხილი. საციგაო ფერდობი თოვლით უნდა იყოს დაფარული და არა ყინულით, დახრილობა 300-ს არ უნდა აღემატებოდეს, ქვემოთ კი აუცილებლად ვაკე მოჰყვებოდეს. ჩაფხუტის გამოყენება AAP-ს სავალდებულოდ არ მიაჩნია, თუმცა მშობლებს ურჩევს, ამ საკითხზეც დაფიქრდნენ.
. თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი ბავშვებს კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ასაკის შესაბამისი პროგრამით უნდა ასწავლოს. მარტო გაშვება არ შეიძლება – პატარებს თან აუცილებლად უნდა ახლდეთ უფროსი, შედარებით დიდებს კი – იმისდა მიხედვით, რამდენად გამოცდილი მოთხილამურეები თუ სნოუბორდისტები არიან. ყოველ შემთხვევაში, გვერდით თანატოლი მაინც უნდა ჰყავდეთ. აღჭურვილობა სათანადოდ უნდა იყოს შემოწმებული და არც სპეციალური დამცავი მოწყობილობები დაგავიწყდეთ. სამაგრები წელიწადში ერთხელ მაინც თავიდან უნდა მოარგოთ. ნუ დართავთ ნებას, ხეებსა და სხვა დაბრკოლებებს შორის ისრიალონ.
ჩაფხუტის გამოყენება AAP-ს არც ამჯერად მიაჩნია სავალდებულოდ, თუმცა მშობლებს ურჩევს, ამაზეც დაფიქრდნენ – თხილამურით სრიალისას სიჩქარემ შესაძლოა რამდენიმე ათეულსაც კი მიაღწიოს. სათვალის გამოყენება კი ულტრაიისფერი სხივებისა და სრიალისას წარმოქმნილი ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან თვალების დასაცავად აუცილებელია.
. AAP-ის რეკომენდაციით, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს უმჯობესია არ მივცეთ თოვლმავალის მართვის უფლება, ხოლო 6 წლამდე არც კი დავსვათ. არასოდეს გამოიყენოთ თოვლმავალი ციგის ან თხილამურების გასაწევად. იმოძრავეთ მხოლოდ უსაფრთხო სიჩქარით, არასოდეს იმგზავროთ მარტო ან ღამით. გაიკეთეთ სათვალე და დაიხურეთ მოტოციკლისტის ჩაფხუტი.
. მზის სხივებმა დამწვრობა შეიძლება ზამთარშიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლისგან არის არეკლილ-გაძლიერებული. ასე რომ, ტანსაცმლით დაუფარავი ადგილები ულტრაიისფერი სხივების ფილტრის შემცველი კრემით უნდა დაიფაროთ.

შეაფასეთ ბავშვის განვითარება

ასაღები სიმაღლეები
ყველა ბავშვი უნიკალურია და საკუთარი ტემპით ვითარდება. ხშირად დანამდვილებით ვერც კი იტყვი, როდის შეიძინა პატარამ ესოდენ მნიშვნელოვანი ცოდნა. დიახ, ეს თითქოსდა უბრალო ჩვევები სინამდვილეში განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურებია და ქვედას აუთვისებლად პატარა მომდევნოზე ვერ გადავა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე გადახრები დასაშვებია, ნერვული განვითარების შეფერხება რაც შეიძლება ადრე უნდა შევამჩნიოთ. ის, რასაც ჟურნალის მომდევნო ფურცლებზე გაეცნობით, მიზნად ისახავს, ამ პრობლემებზე ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ. თითოეული ეს ყურადსაღები ნიშანი შესაძლოა განვითარების შეფერხების გამოვლინება იყოს. ასეთი ბავშვების უმრავლესობა რამდენიმე თვეში თანატოლებს ყოველგვარი ჩარევის გარეშე ეწევა, მაგრამ მაინც – როგორც ყოველთვის, ჯობს თავი დავიზღვიოთ; რაც უფრო ადრე გამოვავლენთ პრობლემას, მით უფრო მეტია შანსი, ბავშვის ჩამორჩენა ასაკის მატებასთან ერთად რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.

3 თვისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო
. ჩნდება სოციალური ღიმილი (ანუ თქვენს ღიმილზე ღიმილითვე პასუხობს)
 . მოსწონს, როცა ეთამაშებიან და ტირის, როცა თამაში წყდება
. ემოციებს უფრო აქტიურად, სახისა და სხეულის მონაწილეობით გამოხატავს
. ბაძავს უფროსების ზოგიერთ მოძრაობას და გამომეტყველებას
მოტორიკა (მოძრაობა)
. მუცელზე წოლისას თავსა და მკერდს წამოსწევს
. მუცელზე წოლისას სხეულის ზედა ნაწილის ასაწევად ეყრდნობა მოხრილ იდაყვებს
. მუცელზე ან ზურგზე წოლისას ფეხებს შლის და წიხლებს ისვრის
. შლის და კრავს მუჭს
. შლის და ეყრდნობა ფეხებს, როცა სწორ ზედაპირზე აყენებენ
. ხელი პირთან მიაქვს
. ჩამოკიდებულ სათამაშოებს ხელს ურტყამს
. ბღუჯავს და აქნევს ჩხრიალებს
მხედველობა
. ყურადღებით ათვალიერებს სახეებს
. თვალს ადევნებს მოძრავ საგნებს
. ნაცნობ ადამიანებსა და საგნებს შორიდან ცნობს
. იწყებს თვალებისა და ხელების შეთანხმებულად გამოყენებას
სმენა და მეტყველება
. მშობლის ხმის გაგონებაზე იღიმება
. აბრუნებს თავს იქით, საიდანაც ხმა მოესმა
. იწყებს ღუღუნს
. ბაძავს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმას
საყურადღებო ნიშნები
. არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე
. 2 თვისთვის არ აკვირდება თავის ხელებს
. 2-3 თვისა თვალს არ აყოლებს მოძრავ საგნებს
. 3 თვისთვის არ ბღუჯავს და არ უკავია საგნები 
. 3-4 თვისა არ ღუღუნებს
. 4 თვია საგნებს პირში არ იდებს
. ღუღუნს იწყებს, მაგრამ 4 თვისთვისაც ვერ ახერხებს უფროსის წარმოთქმული ბგერების მიბაძვას
. 4 თვისთვის არ ეყრდნობა ფეხებს, როცა მყარ ზედაპირზე აყენებენ
. უჭირს ერთი ან ორივე თვალის ყველა მიმართულებით მიტრიალება
. როცა ღვიძავს, თითქმის ყოველთვის აელმებს თვალებს (თუმცა პირველ თვეებში თვალის დაელმება ხანდახან ნორმალურია)
. ყურადღებას არ აქცევს ახალ სახეებს
. ოთხი თვისთვის არ აბრუნებს თავს ხმაურის წყაროსკენ
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია

7 თვისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო 
. მოსწონს სხვებთან ერთად თამაში
. აკვირდება გამოსახულებას სარკეში
. რეაგირებს სხვების გამომეტყველებაზე და ხშირად კარგ გუნებაზეა
შემეცნება
. პოულობს ნაწილობრივ დამალულ საგნებს
 . საგნებს ხელით და პირში ჩადებით შეისწავლის
. ცდილობს აიღოს შორს მდებარე საგნები
მეტყველება
. რეაგირებს თავის სახელზე
. იწყებს რეაგირებას “არა"-ზე
. ხმის ტემბრით ხვდება მოსაუბრის ემოციას
. ბგერებზე გარკვეული ბგერების გამოცემით პასუხობს
. იწყებს მარცვლების (ბა-ბა-ბა, და-და-და) ტიტინს
მოტორიკა (მოძრაობა)
. ბრუნდება ორივე მხარეს (ზურგიდან მუცელზე და პირიქით)
. ზის ჯერ ხელების დახმარებით, შემდეგ კი დაუხმარებლად
. მთლიანად ეყრდნობა ფეხებს
. იწვდის ხელს და იღებს საგანს
. გადააქვს საგნები ერთი ხელიდან მეორეში
. ცდილობს ხელით ნივთების მოგროვებას
მხედველობა 
. ფერადი მხედველობა სრულად ვითარდება
. ყალიბდება შორ მანძილზე მხედველობა
. უმჯობესდება მოძრავი საგნებისთვის თვალის მიდევნების უნარიც
საყურადღებო ნიშნები 
. კუნთები ძალიან მაგარი და მუდამ დაჭიმულია
. ძალიან მოდუნებულია, ნაჭრის თოჯინასავით ადვილად უცვლით პოზას
. როცა ცდილობთ წამოსვათ, თავი უკან გადავარდნილი რჩება
. ჩახუტება არ სიამოვნებს
. არ გამოხატავს სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე ხშირად უვლის (დედა, ბებია, ძიძა)
. არ სიამოვნებს ხალხში ყოფნა
. ცალი ან ორივე თვალი მუდმივად შიგნით ან გარეთ აქვს მიბრუნებული
. მუდმივად ცრემლი სდის, თვალიდან გამონადენი აქვს ან სინათლეზე უღიზიანდება 
. არ რეაგირებს ბგერებზე
. საგნებს პირში ვერ იდებს
. ვერ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე 5 თვის შემდეგ
. 6 თვისთვის დახმარებითაც ვერ ზის
. 6 თვისთვის არ იცინის ან არ კივის
 . 7 თვისა როგორც ახლოს (20-30 სმ-ზე), ასევე შორს (1.5-2 მ-ზე) მოძრავ საგნებს ორივე თვალს არ აყოლებს
. 8 თვისა არ ტიტინებს
. 8 თვისასაც არ აინტერესებს თამაში “ჭი-ტაა” (მარტივი დამალობანა – დედიკო ცხვირსახოცის უკან უნდა მოვძებნოთ)
. 6-7 თვის ასაკში ვერ სწვდება და ვერ იღებს საგნებს
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია

1 წლისთვის
ემოციურ-სოციალური სფერო
. უცნობ ხალხთან ღელავს ან მორცხვობს
. ტირის დედასთან ან მამასთან განშორებისას
. თამაშისას ბაძავს სხვებს
 . აკვირდება ჭამის დროს მის მოქმედებაზე მშობლის რეაქციას
. ამოწმებს, რა რეაქცია ექნება მშობელს მის ქცევაზე
. ზოგიერთი სიტუაციისა ეშინია
. ყველას დედა ან მომვლელი ურჩევნია
. ყურადღების მისაქცევად ბგერებს ან ჟესტებს იმეორებს
. თითებით იღებს საჭმელს და იდებს პირში
. ჩაცმაში დასახმარებლად იწვდის ხელს ან ფეხს
შემეცნება
. ცდილობს საგნების მრავალმხრივ შესწავლას (ანჯღრევს, აკაკუნებს, ისვრის, პირში იდებს)
. ადვილად პოულობს დამალულ საგნებს
. სურათის დასახელებისას ზუსტად მიუთითებს შესაბამის გამოსახულებაზე
. ბაძავს ჟესტებს
. იწყებს საგნების დანიშნულებისამებრ გამოყენებას (ჭიქიდან სვამს, სავარცხლით თმას ივარცხნის, ყურმილს ყურთან იდებს)
მეტყველება
. საუბარს უფრო და უფრო გულისყურით უსმენს
. პასუხს სცემს მარტივ სიტყვიერ დავალებებს
. რეაგირებს “არა”-ზე
. იყენებს მარტივ ჟესტებს, მაგალითად, უარის თქმის ნიშნად თავს აქნევს
. ტიტინში სხვადასხვა ინტონაცია ჩნდება
. ამბობს “და-და”-ს და “მა-მა”-ს
. ცდილობს სიტყვების გამეორებას
უხეში მოტორიკა
. სხვების დაუხმარებლად წამოჯდება
. მუცელზე წოლისას დაცოცავს
. დგას ოთხზე (მუხლებსა და ხელებზე)
. დახოხავს ოთხზე დაყრდნობით
. დამჯდარი ოთხზე დადგომას ან მუცელზე დაწოლას ადვილად ახერხებს
. ცდილობს ჩაჭიდებით წამოდგომას
. დადის ავეჯის გასწვრივ
. ორიოდე წამს ახერხებს საყრდენის გარეშე დგომას
. შეიძლება საყრდენის გარეშე რამდენიმე ნაბიჯიც გადადგას
ნატიფი მოტორიკა
. საგნის ასაღებად იყენებს თითის წვერებს
. ორ საგანს ერთმანეთს უკაკუნებს
. აწყობს ნივთებს ყუთში
. იღებს ნივთებს ყუთიდან
. გააზრებულად აგდებს ნივთს ხელიდან
. თითს იშვერს საგნებისკენ
. ცდილობს, ჩხაპნას მიბაძოს
საყურადღებო ნიშნები
. ვერ დახოხავს
. ხოხვისას ცალ მხარეს მიათრევს (ერთ თვეზე მეტხანს)
. დგომას დახმარებითაც ვერ ახერხებს
. არ ეძებს საგნებს, რომლებიც მისივე თანდასწრებით დამალეთ
. არც ერთ სიტყვას (“მამა”, “დადა”) არ ამბობს
. არ იცის ჟესტების გამოყენება (დამშვიდობებისას ხელის დაქნევა ან მისასალმებლად ხელის ჩამორთმევა)
. არ უთითებს საგნებსა და სურათებზე
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია


2 წლისთვის
სოციალური სფერო 
. ბაძავს სხვების, განსაკუთრებით უფროსი ბავშვებისა და მოზრდილების ქცევას
. უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სხვებისგან დამოუკიდებელია
. უფრო მეტად სურს ბავშვებთან ერთად ყოფნა
ემოციები
. ამჟღავნებს მეტ დამოუკიდებლობას 
. იწყებს ცუდად მოქცევას
. დედასთან განშორების შფოთვა ორწლინახევრის ასაკისთვის ყველაზე ძლიერია, ასაკის მატებასთან ერთად კი სულ უფრო იკლებს
შემეცნება
. პოულობს ორი ან სამი ფენის ქვეშ დამალულ ნივთებსაც
 . იწყებს ნივთების ფერისა და ფორმის მიხედვით დახარისხებას
. იწყებს წარმოსახვით თამაშს (ვითომ ტელეფონით საუბრობს – ყურთან იდებს პურის ნაჭერს და სხვა)
მეტყველება
. მიუთითებს საგანზე ან სურათზე, როცა მას უსახელებენ
. ცნობს ნაცნობი ადამიანების, ნივთებისა და სხეულის ნაწილების სახელებს
. ამბობს რამდენიმე ცალკეულ სიტყვას (15-18 თვისთვის)
. იყენებს მარტივ ფრაზებს (18-24 თვისთვის)
. იყენებს 2-4-სიტყვიან წინადადებებს
. ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს
. იმეორებს საუბრისას შემთხვევით ყურმოკრულ სიტყვებს
უხეში მოტორიკა
. დადის დამოუკიდებლად
. სიარულისას სათამაშოს მიათრევს
. სიარულისას შეუძლია დიდი ან ერთდროულად რამდენიმე სათამაშოს წაღება
. იწყებს სირბილს
. იწყებს თითის წვერებზე დგომას
. ფეხს ურტყამს ბურთს
. დაუხმარებლად ძვრება და ჩამოდის ავეჯიდან
. კიბეზე დაუხმარებლად ადის და ჩამოდის
ნატიფი მოტორიკა
. თვითონ ჩხაპნის
. აბრუნებს ყუთს (ჭიქას, ქილას), შიგთავსი რომ გადმოყაროს
. აშენებს კოშკს ოთხი და მეტი კუბისგან
. შეიძლება ცალ ხელს უფრო ხშირად იყენებდეს, ვიდრე მეორეს
საყურადღებო ნიშნები
. ვერ დადის 18 თვისთვის
. ფეხის ადგმიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ვერ სწავლობს მოზრდილისთვის დამახასიათებელ სიარულს (ჯერ ქუსლის და შემდეგ წვერის დადგმას) ან დადის მხოლოდ თითის წვერებზე
. 15 სიტყვას მაინც არ ამბობს
. 2 წლის ასაკისთვის ვერ იყენებს ორსიტყვიან ფრაზებს
. 15 თვისთვის არ იცის საოჯახო ნივთების (სავარცხლის, ტელეფონის, კოვზის, ჩანგლის) დანიშნულება
. 24 თვისთვის არ ბაძავს ქმედებებსა და სიტყვებს
. 2 წლისთვის ვერ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს
. 2 წლისთვის ვერ მიაგორებს ბორბლებიან სათამაშოს
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია 

3 წლისთვის
სოციალური სფერო
. ბაძავს მოზრდილებსა და თანატოლებს
. ნაცნობი ბავშვების დანახვისას გამოხატავს სიხარულს
 . თამაშის დროს ელოდება თავის რიგს
. განასხვავებს ცნებებს “ჩემი” და “სხვისი”
ემოციები
. გულღიად გამოხატავს სიყვარულს
. გამოხატავს სხვადასხვა ემოციას
. 3 წლიდან ადვილად რჩება მშობლის გარეშე
. აპროტესტებს ჩვეული რეჟიმის მნიშვნელოვან ცვლილებას
შემეცნება
. ქოქავს მექანიკურ თოჯინებს
. პოულობს წიგნში ნანახ ნივთებს
. წარმოსახვით თამაშებს ეთამაშება თოჯინებს, ცხოველებსა და ადამიანებს
. ახარისხებს ნივთებს ფერისა და ფორმის მიხედვით;
. აწყობს სამ-ოთხნაწილიან პაზლებს
. ესმის “ორის” ცნება
მეტყველება
. ასრულებს ორ-სამნაწილიან დავალებას
. ცნობს და ასახელებს ფაქტობრივად ყველა ჩვეულებრივ საგანსა და მათ გამოსახულებას
. იგებს წინადადებების უმრავლესობას
. აღიქვამს სივრცეში მდებარეობას (-ზე, -ში, -ქვეშ)
. იყენებს 4-5 სიტყვიან წინადადებებს
. იცის თავისი სახელი, ასაკი და სქესი
. იყენებს ნაცვალსახელებს (მე, შენ, ჩვენ) და ზოგიერთი სიტყვის მრავლობით რიცხვს (მანქანები, ძაღლები)
. მისი ნათქვამის ძირითადი ნაწილი უცნობებსაც ესმით
უხეში მოტორიკა
. ძვრება ყველაფერზე
. ადის და ჩამოდის კიბეზე ფეხების შენაცვლებით (ერთ საფეხურზე – ერთი ფეხი, მეორეზე – მეორე...)
. ფეხს ურტყამს ბურთს
. ადვილად დარბის
. ატარებს სამთვლიან ველოსიპედს
. ადვილად იხრება წინ ისე, რომ არ წაიქცეს
ნატიფი მოტორიკა
. ფანქრით ან ცარცით ავლებს ხაზებს ზემოთ-ქვემოთ, მარცხნივ, მარცხნივ, ხაზავს წრიულ ფიგურებს
. წიგნის თვალიერებისას გვერდებს სათითაოდ ფურცლავს
. აშენებს კოშკს ექვსი და მეტი კუბისგან
. უჭერს და ხსნის ქილის თავსახურს
. ხსნის და კეტავს ონკანს (ასრულებს მტევნის წრიულ მოძრაობას)
. უჭირავს ფანქარი სწორად
საყურადღებო ნიშნები
. ხშირად ეცემა ან ვერ ადის კიბეზე
. აქვს მუდმივი ნერწყვდენა ან ძალიან გაუგებრად ლაპარაკობს
. ვერ აშენებს კოშკს ოთხზე მეტი კუბისგან
. უჭირს მცირე საგნების გამოყენება
. ვერ იხატავს წრეს 3 წლისთვის
. არ შეუძლია მოკლე ფრაზებით მეტყველება
. არ ინტერესდება წარმოსახვითი თამაშით
. ვერ იგებს მარტივ დავალებას
. თითქმის არ აინტერესებს სხვა ბავშვები
. ძალიან უჭირს დედასთან ან სხვა მომვლელთან განშორება
. არ უყურებს თანამოსაუბრეს თვალებში
. არ ინტერესდება სათამაშოებით
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია

4 წლისთვის
სოციალური სფერო 
. აინტერესებს ყველაფერი  ახალი
. კარგად ურთიერთობს სხვა ბავშვებთან
. თამაშობს სახლობანას
. აქტიურად ფანტაზიორობს თამაშის დროს
. იცვამს და იხდის
. კონფლიქტის მოსაგვარებლად აღწევს შეთანხმებას 
. უფრო მეტად დამოუკიდებელია
ემოციები
. ხშირად წარმოიდგენს, რომ უცნობი გამოსახულება შეიძლება მურჩხული იყოს
. აღიქვამს საკუთარ თავს როგორც ერთიან პიროვნებას სხეულით, გონებითა და გრძნობებით
. ხშირად უჭირს ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გამიჯვნა
შემეცნება
. სწორად ასახელებს ზოგიერთ ფერს
 . იცის, რას ნიშნავს ცნება “თვლა” და რამდენიმე ციფრი;
. ცდილობს მოაგვაროს პრობლემები თავისი თვალთახედვით
. იწყებს დროის აღქმას
. ასრულებს სამნაწილიან დავალებებს
. იხსენებს მოთხრობის მონაკვეთებს
. ესმის “მსგავსისა” და “განსხვავებულის” ცნებები
. თამაშობს გამოგონილ თამაშებს
მეტყველება
. იყენებს გრამატიკის ზოგიერთ ძირითად წესს
. საუბრობს ხუთ-ექვსსიტყვიანი წინადადებებით
. მისი ნათქვამი უცნობებისთვისაც გასაგებია
. ჰყვება ისტორიებს
უხეში მოტორიკა
. ხტუნავს და დგას ცალ ფეხზე ხუთ წამამდე
. ადის და ჩამოდის კიბეზე საყრდენის გარეშე
. ფეხს ურტყამს ბურთს
. ბურთს ორივე ხელის მაღლა აწევით ისვრის
. ხშირად ახერხებს გადმოგდებული ბურთის დაჭერას
. ცქვიტად მოძრაობს წინ და უკან
ნატიფი მოტორიკა
. იხატავს ოთხკუთხედ ფიგურებს
. ხატავს ადამიანის ფიგურას სხეულის ორი-ოთხი ნაწილით
. შეუძლია მაკრატლის ხმარება
. ხატავს წრეებსა და კვადრატებს 
. იწყებს ზოგიერთი ასოს გადაწერას
საყურადღებო ნიშნები
. ვერ ისვრის ბურთს ორივე ხელის მაღლა აწევით
. ვერ ხტუნავს ადგილზე
. ვერ ატარებს სამთვლიან ველოსიპედს
. ვერ იჭერს ფანქარს ცერი და დანარჩენი თითებით
. უჭირს ჩხაპნა
. ვერ აგროვებს ოთხ კუბს
. კვლავ მიწებებულია მშობელს ან ტირის, როცა ის ტოვებს
. არ აინტერესებს ინტერაქტიური თამაშები
. ყურადღებას არ აქცევს სხვა ბავშვებს
. ოჯახის წევრების გარდა არავისთან ურთიერთობს
. არ ერთვება წარმოსახვით თამაშებში
. ყოველთვის ეწინააღმდეგება ჩაცმას, დაძინებას, ტუალეტს
. გაბრაზებისას კარგავს კონტროლს და აგრესიული ხდება
. ვერ იხატავს წრეს
. არ იყენებს სამზე მეტსიტყვიან წინადადებებს
. სწორად ვერ იყენებს ცნებებს “მე” და “შენ” 
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია

5 წლისთვის
სოციალური სფერო 
. სურს ასიამოვნოს მეგობრებს
. სურს დაემსგავსოს მეგობრებს
. ძირითადად ემორჩილება წესებს
. მოსწონს ცეკვა, სიმღერა და მსახიობობა
. უფრო დამოუკიდებელია და შეიძლება, კარის მეზობელს მარტოც კი ესტუმროს
ემოციები
. აღიქვამს სქესს
. ერთმანეთისგან არჩევს წარმოსახვასა და სინამდვილეს
. ზოგჯერ ჭირვეულობს, ზოგჯერ კი სიამოვნებით გემორჩილებათ.
შემეცნება
. შეუძლია ათი და მეტი საგნის დათვლა
. სწორად ასახელებს ოთხ ფერს მაინც
. უკეთ აღიქვამს დროის ცნებას
. იცის საოჯახო ნივთების, ფულის, საკვების, ელექტრომოწყობილობების დანიშნულება
მეტყველება
. იხსენებს მოთხრობის ცალკეულ მონაკვეთებს
 . საუბრობს ხუთზე მეტსიტყვიანი წინადადებებით
. იყენებს მომავალ დროს
. ჰყვება უფრო გრძელ ამბებს
. ამბობს თავის სახელს, გვარს და მისამართს
უხეში მოტორიკა
. ჩერდება ცალ ფეხზე 10 წამს და მეტხანს
. ხტუნავს და ყირაზე გადადის
. ქანაობს, დაძვრება ზემოთ
. შეიძლება სახტუნაოთიც ხტუნაობდეს
ნატიფი მოტორიკა
. იხატავს სამკუთხედებსა და სხვა ფიგურებს
. ხატავს ადამიანის ფიგურას სხეულით
. წერს ზოგიერთ ასოს
. იცმევს და იხდის დაუხმარებლად 
. ხმარობს კოვზს, ჩანგალს და ზოგჯერ დანასაც
. იცის და იყენებს ტუალეტის ჩვევებს
საყურადღებო ნიშნები
. უკიდურესად მშიშარა ან მორცხვია
. უკიდურესად აგრესიულია 
. ვერ შორდება მშობლებს ისტერიკის გარეშე
. ადვილად ეფანტება გონება და უჭირს ერთ საქმიანობაზე ხუთ წუთზე მეტხანს კონცენტრირება
. ნაკლებად აინტერესებს სხვა ბავშვებთან თამაში
. საერთოდ უარს ამბობს, უპასუხოს შეკითხვებს, ანდა მხოლოდ ზედაპირულად რეაგირებს
. თამაშისას იშვიათად იყენებს წარმოსახვას ან მიბაძვას
. უმეტესად მოწყენილი და უხალისოა
. არაფერში მონაწილეობს
. თავს არიდებს სხვა ბავშვებსა და მოზრდილებს ან ცდილობს, განზე გადგეს
. ვერ გამოხატავს ემოციებს
. უჭირს ჭამა, ძილი ან ტუალეტის გამოყენება
. ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ფანტაზიასა და რეალობას
. უჩვეულოდ პასიურია
. ვერ იგებს ორნაწილიან და წინდებულების შემცველ მითითებებს (მაგალითად: “თოჯინა ლოგინში ჩააწვინე და ბურთი საწოლის ქვეშ შეაგდე”)
. სწორად ვერ წარმოთქვამს თავის სახელსა და გვარს
. საუბრისას სწორად ვერ იყენებს მრავლობით რიცხვსა და წარსულ დროს
. ვერ აშენებს კოშკს ექვსი-რვა კუბისგან
. ფანქარი მოუხერხებლად უჭირავს
. უჭირს ტანსაცმლის გახდა
. ვერ იბანს და იმშრალებს ხელებს
. ვერ იხეხავს კბილებს
. მანამდე შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა მკვეთრად შესამჩნევია

პატარების მოტყუება ნებადართულია

სანამ დედამიწა ბრუნავს, ალბათ არც ბავშვის მოვლა-აღზრდის შესახებ კამათს მოეღება ბოლო. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც, ბებიებიდან დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ყველა ექსპერტია. მატყუარა საწოვარა კი ამ კამათის ერთ-ერთი მუდმივი თემაა. ყოველ მეორე ბავშვს პირში მატყუარა აქვს გაჩრილი. ის კი არა, ბევრი სასკოლო ასაკისთვისაც ძლივს ელევა… ზოგი მას აშკარად უმღერის დითირამბებს, ზოგი დედისა თუ დედამთილისგან მალულად სჩრის პატარას პირში, ცოტა ხნით მაინც რომ ამოისუნთქოს, ზოგი კი, პირიქით, ამაყობს, რომ შვილის მოტყუება არასოდეს უცდია. ექიმების საერთო აზრსაც ძნელად თუ მოისმენ. ზოგიერთი მიკროპედიატრი სამშობიაროში დედას ლამის კრიმინალად უთვლის მატყუარას გამოყენებას, ზოგი კი, პირიქით, თვითონვე ურჩევს.
მოდი, ვცადოთ და გავარკვიოთ, სჭირდება თუ არა პატარას მატყუარა მეგობარი.

დადებითი მხარეები
ბავშვი წოვის ძლიერი რეფლექსით იბადება. მისთვის ძუძუ მხოლოდ საკვების წყარო კი არა, დედასთან ურთიერთობის საშუალებაა. არამარტო ძუძუს – 
საზოგადოდ, წოვას აქვს დამამშვიდებელ-დამაწყნარებელი ეფექტი. ულტრასონოგრაფიის დროს არაერთხელ შეუმჩნევიათ, რომ ბავშვი თითს დედის წიაღშიც კი წოვს.
ასე რომ, მატყუარა საწოვარამ შეიძლება:
- დაამშვიდოს ნერვიული ბავშვი. იქნებ ამქვეყნად ახალმოვლენილს მარტოობისა, უცნობი გარემოსი ეშინია, წოვა კი ერთგვარი იმპულსია, რომ ყველაფერი რიგზეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დედიკოს რძე არ აქვს ან იძულებულია, შინიდან გავიდეს. ასევე შესაძლოა დაგვეხმაროს აცრის, სისხლის ანალიზის ან სხვა უსიამოვნო პროცედურის დროს.
- დროებით გადაატანინოს ყურადღება. ალბათ გამოგიცდიათ: ნამცეცას შია, თქვენ კი ან ბოთლი გაქვთ გამოსახარში, ან ადუღებული წყალი არა და არ ცივდება, ან უბრალოდ მოხერხებული ადგილის პოვნა გინდათ, სანამ ძუძუს მისცემდეთ.
- ჩაძინება გაუადვილოს. მოუსვენარ პატარებს მატყუარა ხშირად ამშვიდებს და რულს ჰგვრის.
- შეამციროს ჩვილთა უეცარი სიკვდილის ალბათობა. ჯერჯერობით ეს ბოლომდე დაუზუსტებელი ჰიპოთეზაა, მაგრამ ზოგიერთმა გამოკვლევამ გამოავლინა უკუკავშირი ძილის დროს მატყუარას გამოყენებასა და ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს შორის.
ამავე დროს მატყუარა საწოვარას კიდევ ერთი ბრწყინვალე თვისება აქვს: ის შეგიძლიათ გადააგდოთ. ხელოვნური კვების დროს ბავშვი ხშირად ვერ იკმაყოფილებს წოვის მოთხოვნილებას, ამიტომ თუნდაც მატყუარა არ მივცეთ, რამეს მაინც მოწოვს – თითს, მუშტს, ლოყას, ენას, ტუჩს... თავად განსაჯეთ რომელი ჩვევაა უფრო ძნელი დასამარცხებელი.

რამდენიმე ნაკლიც
ყოველივე ამის შემდეგ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ასეთ გენიალურ გამოგონებაზე უარის თქმა არ ღირს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის. სპეციალისტებმა რამდენიმე უარყოფითი მხარეც შეამჩნიეს:
- მატყუარას ნაადრევად მიცემამ შესაძლოა ბავშვს ძუძუზე უარი ათქმევინოს. ცხადია, არა იმიტომ, რომ მატყუარა დაანაყრებს. საქმე ის არის, რომ ძუძუსა და საწოვარას წოვა განსხვავებულ ქმედებას მოითხოვს და ზოგიერთი ნამცეცა ვეღარ ხვდება, როდის როგორ მოიქცეს.
- ბავშვი შესაძლოა მატყუარაზე გახდეს დამოკიდებული. თუ ჩვილი საწოვარას ძილის დროსაც არ ეშვება, დიდია ალბათობა, პირიდან გადმოვარდნილი მატყუარას გასასწორებლად და გულამოსკვნით ატირებული პაწიას დასაწყნარებლად ლოგინიდან წამოხტომა არაერთხელ მოგიწიოთ.
- მატყუარა საწოვარა ზრდის შუა ყურის ინფექციის რისკს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ პედიატრები  აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული საავადმყოფოდან – მეიოს კლინიკიდან, თუმცა რა მექანიზმით ხდება ეს, არ განმარტავენ.
- მატყუარას ხანგრძლივმა წოვამ შესაძლოა თანკბილვის პრობლემები გამოიწვიოს. ამერიკელი ორთოდონტების აზრით, პრობლემები მხოლოდ მუდმივი კბილების ამოჭრის ასაკიდან ითვლება, ქართველ ორთოდონტებს კი მიაჩნიათ, რომ ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების პრევენციისთვის მატყუარა საწოვრის გადასაგდებად ზოგჯერ 2 წელიც კი დაგვიანებულია.

რა შეიძლება და რა არა
თუ გადაწყვეტთ, პატარას მატყუარა მისცეთ, რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ:
- დაიცადეთ, სანამ ბავშვი ძუძუს მიეჩვევა. გაგიკვირდებათ და ამასაც სწავლა სჭირდება. გემრიელი ტრაპეზის ჩვევების ასათვისებლად პატარას შესაძლოა კვირებიც კი დასჭირდეს. ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს მატყუარა პირველ თვეს მაინც არ მივცეთ – მეორე თვიდან ძუძუსა და მატყუარას აღრევის ალბათობა თითქმის აღარ არსებობსო, მაგრამ როგორ ვასწავლოთ ძუძუს მიჩვეულ ღიპუცას, ხელოვნური ანალოგით დაკმაყოფილდეს, ამაზე აკადემია არაფერს ამბობს.
- ნუ გამოიყენებთ მატყუარას საცობად. ზოგჯერ პაწაწინას ხელში აყვანა და დარწევაც დაამშვიდებს. თუ ბავშვი მშიერია, ბუნებრივია ძუძუ ან ბოთლი უნდა შესთავაზოთ.
- შეარჩიეთ ყურადღებით. ერთადერთი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, ის არის, რომ მატყუარა მთლიანი იყოს – ნაწილებად არ იშლებოდეს. რაც შეეხება თვითონ საწოვარას ან სატუჩის ფორმას, ეს თქვენს, უფრო ზუსტად, თქვენი შვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული. როცა საწოვარას შეიყვარებს, სახლში რამდენიმე ზუსტად ისეთივე მოდელი მოიმარაგეთ – თუ დაკარგა ან დააზიანა, საეჭვოა, სხვანაირს მიეკაროს.
- აცალეთ პატარას, ტემპი თვითონ დაადგინოს. თუ ჩვილი მიზანმიმართულად აფურთხებს საწოვარას, ნუ დააძალებთ. მომდევნო მცდელობა რამდენიმე დღით გადადეთ. თუ ძილის დროს საწოვარა პირიდან გადმოუვარდა, ნუ იჩქარებთ, უკანვე ჩასჩაროთ.
- არ დაგავიწყდეთ სისუფთავე. ახალშეძენილი მატყუარა ჯერ საპნითა და თბილი წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი გამოხარშეთ და გაშრობა დააცადეთ. მატყუარას გალოკვა დაუშვებელია! ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში უამრავი ისეთი მიკრობი ცხოვრობს, რომლებსაც პატარას უმწიფარი იმუნური სისტემა შესაძლოა ვერ მოერიოს.
. საწოვარა ყურადღებით ათვალიერეთ და როგორც კი ცვეთას შეამჩნევთ, გამოცვალეთ. გაცვეთილ საწოვარას შესაძლოა ნამცეცი მოსწყდეს და ბავშვს სასულეში გადასცდეს.
. ნუ ჩამოჰკიდებთ საწოვარას ძაფზე ან ლენტზე, გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური სამაგრი.
. დროულად დაემშვიდობეთ – წოვის რეფლექსი 1-1.5 წლისთვის სუსტდება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მედიცინაში დოგმა არ არსებობს, თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვს.

 საზეპირო
კარგია თუ არა მატყუარა, ამაზე მედიცინას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია. არჩევანი თქვენზეა. ნურც მომხრეებს და ნურც მოწინააღმდეგეებს უფლებას ნუ მისცემთ, თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ.

 

როცა ბავშვს ცხელა

როგორ ცხელა!
როგორ გინდა, პატარა ონავარი ზაფხულში შინ გაააჩერო?! ალბათ ზაფხულის არდადეგებიც იმისთვის მოიგონეს, რომ ბავშვებს ეზოში თამაშით გული ეჯერებინათ. ესეც არ იყოს, კარგ ამინდში აღმა-დაღმა სირბილი პატარებისთვის სასარგებლოა: მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში D 
ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც ძვლის ქსოვილის საშენი მასალის – კალციუმის ათვისებას უწყობს ხელს, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა კი ძვლებს ამაგრებს (ამის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მეზობელი გვერდები გადაათვალიერეთ).

ერთი სიტყვით, ტრადიციას არ ვღალატობთ და ზაფხულში ბავშვს საშუალებას ვაძლევთ (უფლებასაც), რაც შეიძლება მეტი ხანი გაატაროს გარეთ, მაგრამ ანცობა-გართობამ უსაფრთხოდ რომ ჩაიაროს, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მოგვიწევს.
უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და საფრთხის არსზე სიტყვაც არ დაგვცდენია, – ეს არის მეტისმეტი სიცხე, მზის პირდაპირი სხივები და დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება.

სულ სიდედრის ბრალია!
თურმე რაც უფრო თეთრია კანი, მით უფრო მალე იწვება. ასე რომ, თუ პატარა ბამბასავით ფითქინაა, მზეზე დიდხანს ნუ გააჩერებთ. გარდა ამისა, რა მცირე ხანიც უნდა დაყოს გარეთ, აუცილებლად წაუსვით მზისგან დამცავი კრემი და დაახურეთ კეპი ან პანამა.
თუ ბავშვი მელანოციტების სიჭარბით მშობლებს ან მათ მშობლებს დაემსგავსა, საქმე უკეთ არის – მელანოციტებში გამომწყვდეული მელანინი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს, ამიტომ შავგრემანი ბავშვები მზეზე უფრო იშვიათად იწვებიან. აი, რამხელა სარგებლობა მოაქვს ბებიკოს გენებს!
ხდება ხოლმე, რომ მელანოციტებიანი გენეტიკით გათამამებული მშობლები მზის სხივებისგან ბავშვის დასაცავად არაფერს აკეთებენ და პატარაც სწორედ უყურადღებობის გამო იწვება.
დაიხსომეთ: თეთრი ბავშვები მზეზე ადვილად იწვებიან, შავგრემანები კი უფრო ძნელად, მაგრამ თუ ყურადღება არ მივაქციეთ, ადრე თუ გვიან ისინიც აუცილებლად მიიღებენ დამწვრობას!
პირველი პირობა პატარას დამწვრობისგან დასაცავად მზისგან დამცავი კრემის წასმაა. რაც უფრო მაღალია დაცვის ფაქტორის (SPF) ინდექსი, მით უფრო უკეთ და მეტხანს იქნება დაცული პატარა. თუ ბავშვი შავგრემანია, 15-დან  30-მდე SPF-იც ეყოფა, ხოლო ბამბაქულა ონავარს 30-ზე მაღალი SPF-ის მქონე კრემი უნდა წაუსვათ. ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს SPF-ის გვერდით მოყვანილი რიცხვი. საქმე მარტივ არითმეტიკაშია: ამ რიცხვზე უნდა გავამრავლოთ კანის შეწითლების (დაწვის) სავარაუდო დრო. თუ ბავშვი მზეზე წოლისას ან თამაშისას 20 წუთში იწვება, SPF 15-იანი კრემის წყალობით მას 15-ჯერ მეტხანს (15X20=300 წუთს ანუ 5 საათს) შეეძლება მზეზე უსაფრთხოდ ნებივრობა. და მაინც, კრემის იმედზე ბავშვს ხუთი საათი ნუ დატოვებთ, – ჯობს, ყოველ ორ საათში ერთხელ გადაუსვათ ფაფუკ კანზე დამცავი საშუალება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ცურვისა და ოფლიანობის დროს კრემი ჩამოირეცხება. ისიც კი, რომელსაც ფლაკონზე waterproof ანუ წყალგამძლეაო, აწერია.
პაწიას კრემი გულდასმით წაუსვით, ნუ გამოტოვებთ კანის ნურც ერთ კუთხე-კუნჭულს. უგულისყურობის გამო უმეტესად დაუცველი რჩება ქუთუთოები, კისრის უკანა ნაწილი, ტერფები, სახის ის ნაწილი, სადაც თმიანი საფარველი იწყება... ისეც გაითვალისწინეთ, რომ მზის სხივები ბადისებრ, ნასვრეტებიან ტანსაცმელშიც ატანს.
ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ მზის სათვალე. ისეთი შეარჩიეთ, რომელიც კომფორტულად მოერგება პაწიას ცხვირს.

მოიკალით წყურვილი
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თამაშისა თუ ვარჯიშის დროს ბავშვი ხშირად სვამს წყალს. გაძლიერებვული წყურვილი იმის ბრალია, რომ ოფლთან ერთად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, გადახურებული ორგანიზმიდან წყალი იოლად ორთქლდება... მართალია, პატარები მოზრდილებზე ნაკლებად იოფლებიან, მაგრამ სითხის მარაგის შევსებაც უფრო მალ-მალე სჭირდებათ.
დეჰიდრატაციაზე (გაუწყლოებაზე), გარდა წყურვილისა, მიუთითებს: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი,  ძლიერი მოთენთილობა, შარდის მოცულობის შემცირება და შარდის გამუქება.
გაუწყლოების შემთხევვაში ვიქცევით ასე: მოწყურებულ ბავშვს წყალს ვასმევთ და რაც შეიძლება გრილ ადგილას (ჩრდილში ან კარგად განიავებულ შენობაში) მიგვყავს. როგორც კი მოსულიერდება, თამამად შეუძლია განაგრძოს თამაში.

დაემალეთ მზეს
ზედმეტი ინსოლაცია მზის დაკვრას იწვევს, მაგრამ სანამ მზის მწველი სხივები პაწიას თავში ჩაუკაკუნებდეს, გამაფრთხილებელ მესიჯებს უგზავნის. თავდაპირველად პატარა ონავარს შესაძლოა კუნთების სპაზმი დაემართოს. ამ მოვლენას ექიმები კრამპსაც უწოდებენ. ამ დროს ბავშვი უჩივის კუნთების ტკივილს, რომელიც არც დაჭიმვას უკავშირდება და არც ტრავმას. ტკივილს კუნთების სპაზმი ერთვის.
ეს პრობლემა, წესისამებრ, მაშინ იჩენს თავს, როდესაც მეტისმეტ სიცხეში ვარჯიშისას ბავშვი ძლიერ ოფლიანდება და ოფლთან ერთად იმ ელექტროლიტებსაც კარგავს, რომლებიც კუნთების ნორმალური შეკუმშვისთვის არის აუცილებელი.
პრობლემის მოსაგვარებლად ვიქცევით ასე: პატარას ელექტროლიტების შემცველ სითხეს ვასმევთ (მარგებელია აისოლი) და ცოტა ხანს ვასვენებთ, თან კუნთის მოდუნებაში ვეხმარებით – ვუკეთებთ მსუბუქ მასაჟს.
კუნთის კრამპი უპირატესად პირველი ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება. როდესაც პაწიას კუნთები ფიზიკურ აქტიურობას მიეჩვევა, პრობლემაც გაიშვიათდება.
მეტისმეტი სიცხე და ოფლიანობა ორგანიზმს ფიტავს. გამოფიტვა მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პატარას სწყურია, ოფლად იღვრება, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს და თამაშს ან ვარჯიშს განაგრძობს. შედეგად ბავშვი ძლიერ ითენთება, ძილი ერევა, კოორდინაცია ერღვევა, ფითრდება, აწუხებს თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, არც ის არის გამორიცხული, უეცრად კუნთების ძლიერი კრამპიც დაეწყოს.
თუ ბავშვს სიცხისმიერი გამოფიტვის ნიშნები შეატყვეთ, ასე მოიქეცით: სასწრაფოდ გადაიყვანეთ გრილ შენობაში, გახადეთ ტანსაცმელი, დაუზილეთ ტანი ცივი წყლით, ხოლო თუ არ აღებინებს, ცივი წყალი დაალევინეთ კიდეც, მოგვიანებით კი უთუოდ მიეცით ელექტროლიტების შემცველი სითხე (აისოლი). რაც მთავარია, იმ დღეს არამც და არამც აღარ გაუშვათ მზეზე სათამაშოდ.
აი, მზის დაკვრა უკვე სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ყურადღებით იყავით, საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, მაგრამ თუ მზის სხივებმა მაინც მიიტანა იერიში ბავშვის ორგანიზმზე, ამას შემდეგი ნიშნები მიგახვედრებთ: სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს, ბავშვს ღებინებას ან დიარეა, თავის ძლიერი ტკივილი აუვარდება, ძლიერ მოითენთება, გულისცემა გაუხშირდება, სწრაფად დაიწყებს სუნთქვას, განწყობა გაუფუჭდება, შესაძლოა, გულიც კი წაუვიდეს და კრუნჩხვა განვითარდეს.
მზის დაკვრის შემთხვევაში ბავშვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ექიმის მოსვლამდე კი ეცადეთ, ნებისმიერი საშუალებით გააგრილოთ: დაუზილოთ კანი სველი პირსახოცით, დაადოთ ყინულის ბურთულები...

პირველი კიჭის ამბავი

ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა გაიღიმა და უკბილო ღრძილზე ნამცეცა თეთრი ლაქა გამოუჩნდა. ეს ხომ კიჭია, რომლის გამოჩენასაც ლამის მთელი სანათესაო ელოდა! პირველი კბილის ამოსვლა მშობლებისთვის მართლაც დიდი სიხარულია, მაგრამ, აბა, პატარასაც ჰკითხეთ, როგორ არ სიამოვნებს კიჭის, თუნდაც ნამცეცას, ამოჭრა! მის ტანჯვას ვერავინ გაიგებს; დიდი-დიდი, დედიკომ რეზინის იხვი ჩასჩაროს პირში – ღრძილები მოიქავეო... და პაწაწინა ფაქტობრივად მარტოდმარტო უნდა გაუმკლავდეს ისეთ დიიიდ პრობლემას, როგორიც კბილების ამოჭრა და ამასთან დაკავშირებული თავის ტკივილია (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!).

როდის? რამდენი?
პირველი კბილი, ჩვეულებრივ, 6-8 თვის ასაკისთვის იწყებს ამოჭრას, თუმცა ისეც მომხდარა, რომ ოთხი თვის ასაკში ამოუყვია თავი. როგორც ჩანს, კიჭებს 
ყველაზე მეტად ქვედა ყბიდან ამოჭრა ეიოლებათ – სწორედ ამ ადგილას შეამჩნევენ ხოლმე მშობლები პირველ თეთრ ლაქას. შესაძლოა, პირველი ინფორმატორი ჭიქა ან კოვზიც იყოს – უეცარი წკარუნი დედიკოსაც აოცებს და პატარა ონავარსაც.
პირველ კიჭებს, რომლებსაც ბავშვი, ოდნავ წამოიზრდება თუ არა, მოიცვლის, რატომღაც სარძევეს უწოდებენ. თავ-თავისი სახელი აქვს თითოეულ კბილსაც. პირველად ამოჭრილს ქვედა ცენტრალური საჭრელი ეწოდება. მას სეხნიაც ჰყავს, ანუ სულ ორია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი კბილი.
რიგით მეორე კბილი ზედა ყბაზე ამოდის, ისიც ცენტრალურ ნაწილში. მას მოსდევს ქვედა მეორე ცენტრალური საჭრელი... დაახლოებით 2,5-3 წლისთვის ბავშვს უკვე 20 კბილი ამშვენებს.
ზოგიერთი ბავშვი კბილით (ერთი ან ორით) იბადება. ისეც მომხდარა, რომ კიჭს პაწიას სიცოცხლის პირველსავე თვეს ამოუყვია თავი. რაც არ უნდა უდროოდ ამოუვიდეს ბავშვს კბილები, ისინი მაინც სარძევეა და სასურველია, შევინარჩუნოთ, თუმცა ძალიან იშვიათად ნაადრევად ამოსული კიჭების ამოღებაც ხდება საჭირო – მაშინ, როდესაც ჩვილს კვებაში ხელს უშლის ან ღრძილსა და ენას ძლიერ უღიზიანებს.

პაწიას გასაჭირი
იშვიათია, კბილების ამოჭრამ შეუმჩნევლად ჩაიაროს. პაწია, როგორც წესი, ძლიერ წუხს და ჭირვეულობს, უჭირს ჩაძინება... კბილების ამოჭრისას შეამჩნევთ, რომ ბავშვს:
. ჭარბად სდის ნერწყვი;
. ხელები გამუდმებით პირისკენ მიაქვს და ლოღნის;
. რაც კი ხელში მოხვდება, ღრძილებით ძიძგნის, მყარ საკვებს პირში დიდხანს ათამაშებს;
. მოთენთილია;
. წრიალებს;
. ცუდად სძინავს.
პაწიას განსაცდელი რომ შეუმსუბუქოთ, ასე მოიქეცით:
. პირველ რიგში, ხშირად გაუწმინდეთ სახე, რადგან ნერწყვი კანს აღიზიანებს და შესაძლოა, გამოაყაროს კიდეც.
. ღრძილების ტკივილის შესამცირებლად მიეცით სპეციალური საღეჭი რეზინის საგანი – საღეჭარა, რომელიც მანამდე ნახევარი საათი მაინც უნდა გააჩეროთ მაცივარში. ცივი რეზინი პაწიას მტკივან ღრძილებს დაუამებს. საღეჭარა ყოველი ხმარების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და, რაც მთავარია, მაცივრიდან გამოღებისთანავე პირში ნუ ჩასჩრით პაწიას – შესაძლოა, გაყინული იყოს და თოთო ღრძილი გაუღიზიანოს.
. საღეჭარას შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ხარისხს. თუ ის სითხით არის ამოვსებული, გარანტია უნდა გქონდეთ, რომ არ გამოჟონავს, ამიტომ  რამდენიმე ლარის ეკონომიას ჯობს, ბავშვისთვის მაღალი ხარისხის და, შესაბამისად, უსაფრთხო საღეჭარა შეიძინოთ.
. არ ჩამოჰკიდოთ ბავშვს საღეჭარა კისერზე – ლენტი შესაძლოა დაიხლართოს და პაწიას კისერზე მჭიდროდ შემოეხვიოს. მიაბით ის ტანსაცმელზე, საწოლზე ან ეტლზე.
. წაუსვით ღრძილებზე ტკვილგამაყუჩებელი გელი, რომელიც სპეციალურად კბილების ამოჭრის პერიოდისთვის არის შექმნილი.
. დაუზილეთ ღრძილი სუფთა თითით – ეს ტკივილს დაუამებს. შეგიძლიათ, თითზე თბილ მარილწყალში (1 ჩ. კ. მარილი 1 ჭიქა წყალზე) დასველებული რბილი ნაჭერი შემოიხვიოთ და ისე დაუზილოთ ღრძილები.
. თუ ტკივილი გაუსაძლისია, პატარას აცეტამინოფენის შემცველი მედიკამენტი მიეცით. თუ არც ამან უშველა და მაღალი ტემპერატურაც, რომელსაც კბილის ამოჭრას უკავშირებდით, ისევ აქვს, პედიატრს მიმართეთ.

ნუ მიაჩვევთ ბავშვს საკვებით სავსე ბოთლით ჩაძინებას. ასე პირის ღრუში ბაქტერიები იოლად გავრცელდება და კარიესს გამოიწვევს.

ჰიგიენის ანა-ბანა
ბავშვის პირის ღრუს მოვლა რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის, მაგრამ ცოტამ თუ უწყის ჰიგიენური პროცედურების დაწყების დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, პაწიას პირის ღრუს სისუფთავეზე ზრუნვა დაბადებიდანვეა საჭირო. ამის წყალობით თურმე კიჭების ამოჭრაც გაუიოლდება და მომავალში სტომატოლოგიური პრობლემებიც იშვიათად შეაწუხებს.
. გადაიწვინეთ ბავშვი მკლავზე, ისე, თითქოს უნდა აჭამოთ, მისი თავი მკერდთან ახლოს დაიკავეთ, რომ პირში იოლად ჩახედოთ. 
. გაუწმინდეთ ღრძილები სველი ნაჭრით ან, თუ რამდენიმე კიჭი უკვე აქვს, ნელთბილი წყლითა და რბილი ჯაგრისით. არამც და არამც არ გამოიყენოთ კბილის პასტა, ვიდრე პაწია მის გადმოფურთხებას არ ისწავლის.
. ჯაგრისი მცირე ზომისა, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი უყიდეთ.
. შეგიძლიათ ფლოსიც ახმაროთ, – ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიჯრით ორი კბილი ამოუვა.
. პირის ღრუ დღეში ორჯერ გაუწმინდეთ: საუზმისა და ბოლო კვების შემდეგ. იმავე რეჟიმს მიაჩვიეთ, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყებს კბილების მოვლას.

ვირჩევთ საწოვარას
ზოგჯერ პაწიებს კბილების ამოჭრისას საწოვარას წოვაც ამშვიდებთ. ასე რომ, დროულად უყიდეთ მატყუარა-საწოვარა, ოღონდ გაითვალისწინეთ:
. საწოვარა ბავშვისთვის კომფორტული უნდა იყოს, ზუსტად უნდა ერგებოდეს მის პირის ღრუს. ასე რომ, შესაძლოა, რამდენიმე ვარიანტის ყიდვა მოგიხდეთ, სანამ პაწია სიამოვნებით არ დაიწყებს წოვას.
. უმჯობესია, საწოვარას გვერდებზე ნასვრეტები ქონდეს. ეს ჰაერის ვენტილაციისთვის არის კარგი.
. მასალა, რომლისგანაც საწოვარაა დამზადებული, მაღალი ხარისხისა, არატოქსიკური უნდა იყოს.
. საწოვარას ხელის მოსაკიდი უნდა ჰქონდეს. ასე უფრო იოლია მისი პირიდან გამოღება, უკან ჩადება, გარეცხვა...
ამერიკელები საწოვარას ზომასაც საგულდაგულოდ არჩევენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზეც ფიქრობენ, მეტისმეტად პატარა არ იყოს, ბავშვს არ გადაეყლაპოსო :)

პირველი ტესტი უნარებში


“ჩემი პაწია ისე ყოჩაღად დაცოცავს, მგონი, მალე ფეხსაც აიდგამს”. “ჩემი ნამცეცა კი უკვე რამდენიმესტროფიან ლექსებს ამბობს. მალე “ვეფხისტყაოსანზე” გადავალთ!” – ასეთ ფრაზებს ნაცნობებისგან (უცნობებისგანაც!) ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ. სინამდვილეში რა შეუძლიათ პატარებს? ფაქტობრივად ყველაფერი, თანაც ამ “ყველაფერს” ეტაპობრივად ამჟღავნებენ. ყოველი ახალი მოქმედება, ახალი სიტყვა მშობლებს ნამდვილ სასწაულად ეჩვენებათ და მზად არიან, ამაზე უსასრულოდ ილაპარაკონ.

ვიწყებთ ტიტინს
ზოგი ბავშვი ერთი წლის ასაკში “გამზრდელს” კითხულობს გამოთქმით და მერე მის შინაარსზე მსჯელობს, ზოგიერთი კი ორი წლისაც ძლივს ხვდება, რომ უამრავი სათქმელი დაუგროვდა და გამბედაობას იკრებს, რომ დედიკოსა და მამიკოს გაანდოს.
მეტყველების განვითარებას  სამ ეტაპად ყოფენ.

მოსამზადებელი ანუ ღუღუნის პერიოდი 2-4 თვიდან იწყება. დადებით ემოციებს ბავშვი ბგერებით გამოხატავს, რომლებსაც არავითარი სასიგნალო  დატვირთვა არ გააჩნია. 5 თვისთვის წარმოთქმული ბგერები უფრო და უფრო მრავალფეროვანი, უფრო და უფრო დიფერენცირებული ხდება, 7 თვისთვის კი პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.
სენსორული მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდი უკვე მეორე ეტაპია, რომელიც  7-8 თვიდან იწყება. ამ დროს ბავშვი ცალკეული სიტყვის მნიშვნელობის აღქმას იწყებს, აკავშირებს მათ კონკრეტულ საგნებთან, უყალიბდება რეაქციები კითხვებზე: “სად არის დედა? სად არის ცუგა?” წარმოთქვამს მარცვლებს და ცდილობს სიტყვების გამეორებას. წლისთვის მას უკვე ესმის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა, რაც მთავარია, ესმის ცნება “არ შეიძლება” :)
მომდევნო ეტაპზე მოტორული მეტყველება ყალიბდება. პირველ სიტყვებს, რომლებიც მარტივი მარცვლებისგან შედგება (მა-მა,  დე-და, ბა-ბა),  ბავშვი 10-11 თვის ასაკში წარმოთქვამს. გარდა ამისა, იცის, როგორ ყეფს ძაღლი: “ამ-ამ!” – და სხვა. წლისთვის ბავშვმა 10-12 სიტყვა იცის, 2,5 წლისთვის კი 30-40. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ფართოვდება ლაპარაკის გაგების უნარი. 1,5 წლის ბავშვს ესმის მთელი წინადადებები, სიამოვნებით ათვალიერებს ნახატებს, უსმენს უფროსების მონათხრობს, 2 წლისა ყურს უგდებს მარტივ ზღაპრებს, მოთხრობებს, წარმოთქვამს ორ-სამსიტყვიან წინადადებებს, ხოლო 2,5-3 წლისთვის – უკვე სამ-ოთხსიტყვიანსაც. 
გაითვალისწინეთ: არ არის აუცილებელი, ბავშვი ამ ვადებში ჩაეტიოს. მეტყველების ჩამოყალიბების დრო უშუალოდ არ განსაზღვრავს ბავშვის ინტელექტს. როდის ამოიდგამს პატარა ენას, ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოზე, უფროსებთან კონტაქტსა და გენეტიკურ ფაქტორებზე. მაგალითად, გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.

ვსწავლობთ გარემოს
სინათლეს ბავშვი დაბადებისთანავე აღიქვამს. თუ სინათლის წყაროს თვალთან მივუტანთ, შევამჩნევთ, რომ თვალებს დახუჭავს და თავს მიაბრუნებს. მზერის პირველი ფიქსაციის ელემენტები ორი კვირის ასაკში ვლინდება. სამი კვირის-ერთი თვის ბავშვი მზერას აფიქსირებს და მოძრავ საგნებს მცირე ხნით
თვალსაც აყოლებს. ჩვილის თვალის კაკლის აგებულება ისეთია, რომ შორეულ საგნებს უფრო უკეთ ხედავს, ამიტომ მზერის ფიქსირებისთვის სათამაშო თვალებთან კი არ უნდა მივუტანოთ, არამედ 50-60 სმ-ზე დავიკავოთ.
2 თვის ბავშვი აქტიურად აფიქსირებს მოძრავ საგნებს და თვალსაც აყოლებს, 6 თვისა კი კარგად არჩევს როგორც დიდ, ასევე პატარა საგნებს, რეაგირებს მკვეთრ ფერებზე. 4 წლის ასაკში მხედველობის სიმახვილე ჩამოყალიბებულია, ბავშვი არჩევს როგორც ფერებს, ასევე ტონალობებს და აქვს დისტანციის აღქმის უნარი.
და კიდევ: დადგენილია, რომ ახალშობილს უკვე ესმის. ის სმენით გამღიზიანებლებზე შეკრთომით, ტირილით, მიმიკის შეცვლით რეაგირებს. ასე რომ, ჩვილის თანდასწრებით საიდუმლოს თქმას არ გირჩევთ :)

თვეები გადის...
და პაწია ახალ-ახალ უნარებს ავლენს. თუმცა მოდი, თავიდან დავიწყოთ.
ახალშობილი დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს,  მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებს. საკმარისია, გავხსნათ, რომ ემბრიონის პოზას მიიღებს. მოძრაობები არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს – ხელ-ფეხს უაზროდ იქნევს. ვერც თავს იჭერს.
თუ დაჰკვირვებიხართ, შეამჩნევდით, რომ ახალშობილი ლოყაზე შეხებისას პირს აღებს, თავს აბრუნებს და როგორც კი დედიკო პირთან ძუძუს მიუტანს, ტუჩებს სტაცებს და აქტიურად იწყებს წოვას, ხოლო როცა მოშივდება, ხმამაღლა ტირის.
2-3 თვის ბავშვი ახალშობილზე გაცილებით აქტიურია, უფრო მეტხანს ღვიძავს (ჭამიდან ჭამამდე – 1-1,5 საათი), სათამაშოზე მზერას აფიქსირებს, თვალს აყოლებს და ამ დროს თავსაც აბრუნებს, რაც კისრის კუნთების შეუღლებულ მოძრაობაზე მიუთითებს. თავს კარგად იჭერს ვერტიკალურ მდგომარეობაში და მუცელზე წოლისას.
ოთხი თვისთვის ბავშვს თავი მყარად უჭირავს, მუცელზე წოლისას სწევს თავსა და მხრებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ბრუნდება სმენითი გამღიზიანებლისკენ, ცნობს ახლობლების ხმებს.
5-6 თვისთვის ბავშვი მეტად აქტიური და ხალისიანია. სიამოვნებით შედის კონტაქტში ახლობლებთან. უყალიბდება მიზანმიმართული მოძრაობები: სათამაშოსკენ ხელს იწვდის, იღებს, პირისკენ მიაქვს, უჭირავს ბოთლი. თამაშისას გამოსცემს ბგერებს, ცნობს ოჯახის წევრებს, ცდილობს იპოვოს დაკარგული (გადავარდნილი) სათამაშო, იწყებს ჯდომას, წამოწევისას თავი უკან არ რჩება, ხელში აყვანას ითხოვს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავსა და მხრებს მაღლა სწევს, ბრუნდება ზურგიდან მუცელსა და გვერდზე.
7-8 თვისთვის ბავშვი დამოუკიდებლად,  მყარად ზის, ინარჩუნებს წონასწორობას, დგება ოთხზე, ბრუნდება მუცლიდან ზურგზე, შეუძლია, ზურგზე მწოლიარე დამოუკიდებლად წამოჯდეს, ხელჩაჭიდებული დგას, სათამაშოები ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს, წარმოთქვამს მარცვლებს, ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, ცნობს უცხოს, თვალებით ეძებს საჭირო ნივთს, იჩენს ინტერესს უცხო საგნების მიმართ.
9-10 თვის ბავშვი ითხოვს კონტაქტს, იცის ცალკეული ნივთების სახელები, ასრულებს მარტივ დავალებებს, ამჟღავნებს თავის სურვილს, ბაძავს უფროსებს, აქტიურად და სწრაფად ხოხავს, ხელჩაჭიდებული დგას, დგება ოთხზე, შეუძლია პატარა ნივთების აღება ორი თითით, იღებს სათამაშოს ყუთიდან, აერთებს ცერს და საჩვენებელ თითს, ცდილობს კოვზით ჭამას, სვამს ჭიქიდან.

თვეები თვეებს მიჰყვება...
და პაწია უკვე იმდენ ცოდნას ამჟღავნებს, რომ მის შემხედვარე მშობლებს ლამის თავბრუ დაეხვეთ.
წლის ბავშვი დამოუკიდებლად დგას, დადის სხვისი დახმარებით, ზოგჯერ დაუხმარებლადაც, თუმცა ბარბაცებს, ხშირად ეცემა. ხელებით აქტიურად 
 მანიპულირებს, ყრის სათამაშოებს, აჩვენებს სხეულის ნაწილებს, ესმის სიტყვების, ფრაზების მნიშვნელობა, კოვზს ხელში იჭერს და დამოუკიდელად ჭამას ცდილობს. 
1,5 წლის ბავშვი თვითონ ჭამს (ყოველ შემთხვევაში, იმას, რასაც აკეთებს, ჭამაც შეიძლება ვუწოდოთ :)), კოვზს კარგად ხმარობს, ასრულებს დავალებებს, დარბის, ქოთანზე თვითონ ჯდება (თუ მივაჩვევთ, რაღა თქმა უნდა!)), იღებს და ისვრის ბურთს, ინტერესდება ზღაპრებით, მონაწილეობს მოყოლაში, იცის სხეულის ნაწილების, ნივთების, სურათებისა და ნახატების სახელები.
2-3 წლის ასაკში ბავშვი ძალზე კონტაქტური და მეგობრულია. აქტიურად შეიმეცნებს გარესამყაროს, სვამს კითხვებს, უფროსებს სათამაშოების, ტანსაცმლის დალაგებაში ეხმარება (თუმცა მათი არევა უფრო ეხერხება :)), მონაწილეობს ჩაცმის პროცესში,  ნახატებზე ცხოველებს ცნობს და ასახელებს, იცის 2-3 ფერი, უსმენს ზღაპრებს, ხატავს, კარგად დარბის, ადის კიბეზე, იხრება და იღებს საგანს, ფეხს ურტყამს ბურთს, სწევს სახელურს და აღებს კარს, თამაშობს კუბიკებით, ზოგჯერ დამოუკიდებლად მიდის ტუალეტში, ხტუნავს ორ ფეხზე, თხოვნისას დადის ფეხის წვერებზე.
3-5 წლის ასაკში ბავშვი მეტყველებას ართულებს, აქვს მსჯელობის უნარი, სავსებით აღიქვამს საკუთარ “მეს” და ყალიბდება პიროვნებად, შეუძლია თავისი ფიქრების, აზრების გადმოცემა, გამუდმებით ლაპარაკობს (!), იცის საბავშვო ლექსები, ასახელებს ფერებს, ითვლის ათამდე, დამოუკიდებლად იცვამს, იხდის, კითხულობს უცხო სიტყვათა მნიშვნელობას.

ასეც ხდება
ერთი რამ დაგვავიწყდა: არ არის აუცილებელი, პაწიამ ახალი უნარ-ჩვევები დათქმულ დროს გამოამჟღავნოს. მცირედი ცდომილება სავსებით მისაღებია. მაგალითად, თუ 7 თვის ასაკში პაწია ონავარი დაჯდომას ვერ ახერხებს, ნუ დააძალებთ. შესაძლოა, დამოუკიდებლად წლამდე ვერც დასვათ. მოსაზრებაც კი არსებობს, რომ რაც უფრო გვიან შევაჩვევთ პატარას ჯდომა-დგომას ანუ რაც უფრო გვიან დავტვირთავთ ხერხემალს, მით უკეთესია.
საზოგადოდ, როდის დაიწყებს ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას, დგომას, ცოცვას. რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – მემკვიდრეობაზე, წონაზე, ტემპერამენტზე...
არიან პატარები, რომლებიც ცოცვის გარეშე, პირდაპირ იწყებენ სიარულს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მცოცავებს შორისაც არის განსხვავება: ზოგი თუ ოთხივე კიდურს იყენებს გადასაადგილებლად, ზოგი გვერდულად ხოხავს – ცალი ფეხი გაშლილი აქვს და მხოლოდ მეორე ფეხის მუხლს ეყრდნობა.
ასე რომ, რამდენი ბავშვიცაა, იმდენი “ნორმაა”. ამ ნორმიდან მკვეთრი გადახრა კი, გვერწმუნეთ, მშობლებს არამც და არამც არ გამოეპარებათ.

წყლის პროცედურები პატარებისთვის

წყლის მიმართ ყველა ბავშვს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს: ზოგს მისი დანახვაც აშინებს, უმრავლესობა კი ამოყვანისას მართავს ისტერიკას. ანდა რა გასაკვირია – არსებობის პირველ თვეებს ხომ ადამიანი დედის წიაღში, ცურვით ატარებს. თუ ხელს შევუწყობთ,  პატარა ამ ცოდნას ძალიან მალე გაიხსენებს და კარგადაც იხალისებს, მისი ჯანმრთელობა კი ამით მხოლოდ მოიგებს: ექიმებმა დაადგინეს, რომ წყლის პროცედურები უხდება კუნთოვან ტონუსს, ნივთიერებათა ცვლას, საზოგადოდ, ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სიცხისგან გადასარჩენად
ხალხში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ჩვილებსაც სცხელათ და შესაძლოა, ჩვენზე მეტადაც. ადრეულ ასაკში თერმორეგულაციის ფუნქცია ჩამოუყალიბებელია, ასე რომ, შესაძლოა პატარა თქვენზე ნაკლებად ოფლიანდებოდეს, ანდა თქვენზე 
ნაკლებად წითლდებოდეს. ეს სწორედ დამცველობითი მექანიზმების ჩამოუყალიბებლობით აიხსნება, თუმცა ბავშვს სიცხეც და სიცივეც მოზრდილზე მეტად აწუხებს. ჩვილი უფრო ადვილად რომ ცივდება, ეს ნებისმიერმა დედამ იცის. გადახურებაც არანაკლებ ხშირია, წყალი კი ამ შემთხვევაში საიმედო მოკავშირედ შეგიძლიათ იგულოთ.
გაციების შიშით შეპყრობილ მშობლებს პაწია გამუდმებით ჩაფუთნული ჰყავთ, ზაფხულის ხვატშიც კი. ეს ორმაგად საშიშია: ჯერ ერთი, დიდია გადახურების რისკი, მეორეც, თუ ბავშვს ცივი ნიავიც არ მიაკარეთ, ვერასდროს ისწავლის გარემოს ცვალებად პირობებთან შეგუებას, სუსტი გაიზრდება და ხშირად იავადმყოფებს.
გაკაჟება გარემოს ცვალებად პირობებთან ორგანიზმის შეგუებას გულისხმობს და იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი გახლავთ. მის დასაწყებად ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა.
გაკაჟება წყლითაც შეიძლება და ჰაერითაც. მთავარი პრინციპია, პროცედურების ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ, წყლის შემთხვევაში კი ტემპერატურა თანდათან დავწიოთ. არც მათი კომბინაციაა ურიგო, ოღონდ ჰაერის პროცედურები წყლისას უნდა უსწრებდეს და არა პირიქით. წყალს ძლიერი სითბოს შთანთქმის უნარი აქვს, ამიტომ წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვი აუცილებლად გაამშრალეთ – ორგანიზმის გადაცივების საფრთხე სიცხეშიც კი დიდია. 
გაითვალისწინეთ: გასაკაჟებელი პროცედურები რეგულარულად, შესვენების (რამდენიმეკვირიანი პაუზის) გარეშე უნდა ჩატარდეს, ამიტომ ზაფხულში დაწყებულ საქმიანობას ნურც შემოდგომაზე თუ ზამთარში შეწყვეტთ. არც ის დაივიწყოთ, რომ გაკაჟება პაწიასთვის სასიამოვნო და სახალისო უნდა იყოს. ტირილი ვარჯიშისა თუ აბაზანის ცუდი თანამგზავრია.

ბრასი და კროლი პამპერსებით 
ჩვილების ცურვას კარგა ხანია ვეღარ დავარქმევთ ნოვატორულ იდეას. ექიმები მას მხოლოდ მიესალმებიან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ცურვის დასაწყებად საუკეთესო ასაკი მეორე-მეოთხე თვეა. კარგი იქნება, პაწიას პირველი გაკვეთილები კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ჩაუტაროს. ამისთვის პოლიკლინიკის აუზიც გამოდგება და საოჯახო აბაზანაც. თუ გაკვეთილებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, ორიოდე კვირაში შეგეძლებათ, დამოუკიდებლად შეასწავლოთ შვილს ცურვის ილეთები. განსაკუთრებით გაბედულ და თავდაჯერებულ მშობლებს კი მცირე ინსტრუქტაჟს ჩვენც ჩავუტარებთ:
. ბავშვს თავდაპირველად წყალზე ტივტივს ვასწავლით.
. ბავშვი თავით თქვენკენ შემოაბრუნეთ, ცერა და საჩვენებელი თითებით მხრები დაუჭირეთ, დანარჩენები კეფაზე ამოსდეთ, ხელისგულებით კი თავი დაუკავეთ, რომ აქეთ-იქით არ ატრიალოს. ასე მიაცურეთ პაწია აბაზანის კიდესთან, ვიდრე ტერფებს კედელს არ მიაბჯენს და ბაყაყივით არ მოხრის. შემდეგ ნორჩი მოცურავე თავისთავად გაასწორებს კიდურებს, ფეხს ჰკრავს აბაზანის კედელს და უკან გამოცურავს.
როცა წყალს შეუთამამდებით, შეგიძლიათ მუცელზე ტივტივის ათვისებაზე გადახვიდეთ: თავი წყლიდან ამოყოფინეთ, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნიკაპი დაუჭირეთ, დანარჩენებით – კისერი და თავი, მარცხენა ხელი ტანქვეშ ამოუდეთ და წრეზე აცურავეთ. რამდენიმე წრის შემდეგ შუბლსა და ლოყებზე პეშვით წყალი შეასხით. ამ დროს პაწია თვალებს დახუჭავს და სუნთქვას შეიკავებს. ასე ის მომდევნო ეტაპისთვის – ყვინთვისთვის – მოემზადება.
მომდევნო ეტაპი კი მართლაც ძლიერი ნერვების მქონე მშობლებისთვის არის: დაიკავეთ პაწია ნიკაპით ისე, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ერთი-ორი წრის შემდეგ თავი წამით წყალქვეშ ჩააყოფინეთ და ხმამაღლა უთხარით: “ვყვინთავთ”.
თუ ეს ყველაფერი კარგად ავითვისეთ, წყალბურთისა და ოლიმპიური რეკორდებისთვის ბრძოლა ერთი-ორი წლით გადავდოთ, თუმცა იმედი გვაქვს, არც ეს დღე იქნება ძალიან შორს.

არ უყვარს? შევაყვაროთ!
არ ღირს იმაზე სიტყვის გაგრძელება, რომ პატარას წყალი წყალივით სჭირდება. როგორც არ უნდა მოინდომოთ, მხოლოდ მშრალზე ვერაფრით გაზრდით. მუდმივ ჭიდაობას კი ხერხი სჯობია:
. მიმზიდველი გახადეთ გარემო. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. (ახალშობილისთვის ოპტიმალურია 35-40ºC, ჩვილებისთვის ოდნავ გრილიც შეიძლება, თუმცა განუწყვეტლივ თერმომეტრის ყურება აუცილებელი არ არის – ცოტაოდენ გამოცდილებას რომ შეიძენთ, მის მაგივრობას იდაყვიც მშვენივრად გაგიწევთ). ჩაუყარეთ საყვარელი სათამაშოები, რაც მთავარია, ღიმილი და ალერსიანი სიტყვები არ მოაკლოთ. მიეცით უფლება, ჯერ მხოლოდ ხელები ან ფეხები ჩაყოს და სათამაშოს წაეპოტინოს.
. შეარჩიეთ დრო. იქნებ იმიტომ ტირის, რომ მთელი დღის განცდებით დაღლილს ახალი ემოციები აღარ სურს? მაშინ გვიანი საღამოს ნაცვლად დღის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, შუადღისას ან დილით აჭყუმპალავეთ. მერე რა, რომ პატარაა – მიეცით საშუალება თვითონ გადაწყვიტოს, როდის ურჩევნია.
. დააშორეთ კვებას. ბუნებრივია, ახალნაჭამზე ბანაობა სასურველი არ არის. არც შიმშილით გამგელებული ბავშვის წყალში გადაშვებაა კარგი აზრი. დანარჩენი კი თქვენსა და თქვენი შვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნურც იმას დაიჟინებთ, ბავშვმა ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა იბანაოსო – იქნებ მას ამ დროს სულაც არ ეპიტნავება...

აკვაუსაფრთხოება
ძნელი წარმოსადგენია, რომ საფრთხე კოჭებამდე წყალში იმალება. არადა, სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია, ამიტომაც რამდენიმე მარტივი წესი დაიმახსოვრეთ.
 . ვიდრე პაწიას წყალში ჩასვამთ, გულდასმით შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. ამერიკელი პედიატრები გვირჩევენ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად წყლის გამაცხელებელი შედარებით ნაკლებ (49ºC) ტემპერატურაზე დავაყენოთ.
. თუ ბავშვის გასაკაჟებლად წყლის გაცივება განიზრახეთ, ცივი წყლის ონკანი პირდაპირ აბაზანაში ჩაუშვით, ისე, რომ პაწია წყლიდან არ ამოიყვანოთ. პირველ ჯერზე წყალს მეტისმეტად ნუ გააგრილებთ, მხოლოდ 2-3 გრადუსი “მოპარეთ” (34 გრადუსზე ნაკლები ნუ იქნება). პირიქით მოქცევა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ცხელი წყლის დამატებისას ბავშვი წყლიდან აუცილებლად ამოიყვანეთ.
. წყლის სიღრმე აბაზანაში 8-10 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვმა აბაზანის კიდეზე ხელის მოჭიდება არ ისწავლოს. თუ პატარამ საყრდენს მიაგნო, შესაძლოა, ფეხზე დადგომაც გაბედოს, ქანაობა დაიწყოს და აბაზანა გადმოაყირაოს. ამაში სათამაშოები დაგეხმარებათ – პატარას ართობს და ფეხზე წამოდგომის სურვილს მეტ-ნაკლებად უკარგავს.
. საპონი, ნეჭა და სხვა საბანი საშუალებები ბავშვისგან მოშორებით დააწყვეთ, – გამორიცხული არ არის, პატარა ონავარმა ხელი სტაცოს და პირისკენ წაიღოს, – ოღონდ ისე, რომ თქვენ ადვილად მისწვდეთ.
. რაც არ უნდა მყარად იჯდეს ბავშვი აბაზანაში, არამც და არამც არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ. თუ სააბაზანოს დატოვება მოგიხდათ, პაწია პირსახოცში გაახვიეთ და თან წაიყვანეთ.

ერიდეთ მხურვალე ქალბატონს
რა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ მზე რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ ისიც დაიხსომეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ჩრდილშიც საკმარისია. მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულებში ოზონის ხვრელების გამო ულტრაიისფერმა გამოსხივებამ საგრძნობლად მოიმატა. აუცილებლად მოარიდეთ ბავშვი შუადღის ხვატს, მაგრამ დილა-საღამოს ჩრდილში თამაშს ნუ დაუშლით. ნუ დაგავიწყდებათ სიფრთხილის ზომები. ამინდის შესაფერისად გამოაწყვეთ. არ დაგავიწყდეთ ქუდი (დაახურეთ პანამა და არა კეპი – ეს უკანასკნელი კეფას მზის სხივებისგან ვერ იცავს; ტილოსი და არა ჩალისა – ეს უკანასკნელი მზის სხივებს ვერ აკავებს), შიშველ ადგილებზე კი მზის საიმედო ფილტრის შემცველი კრემი გადაუსვით.
გარუჯვას ექიმები უკვე არც ერთ ასაკში აღარ მიესალმებიან, ბავშვობაში – მით უმეტეს. თანაც ჩვილის კანი გაცილებით ნაკლებ პიგმენტურ უჯრედს შეიცავს, მისი გარქოვანებული შრე კი ორჯერ უფრო თხელია, ამიტომ ულტრაიისფერი სხივები უფრო ღრმად აღწევს მასში. არ შეიძლება სველი კანით მზეზე მიფიცხება – წყლის წვეთები, არსებითად, პაწაწინა ლინზებია, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას ზრდის. ნამზეურზე უფრო საშიში კი მზით დამწვრობაა. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვობაში მზით დამწვრობის თუნდაც ერთი ძლიერი ეპიზოდი ზრდის ათწლეულების შემდეგ კანის ავთვისებიანი სიმსივნის – მელანომის განვითარების რისკს.

როგორ მოვუაროთ სიცხიან ბავშვს

რა მოვუხერხოთ სიცხეს
ჩვილის მშობლების ერთი ჩვეულებრივი ღამე: დედიკოს ბავშვის ბორგვა აღვიძებს. დაადებს თუ არა პაწიას შუბლზე ხელს, ყველაფერი ნათელი ხდება – 
ბავშვი გავარვარებულია. ამის შემდეგ ყველა მშობელი მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური სცენარით მოქმედებს: ზოგი ბაიას ძმრიან წინდებს აცმევს ფუმფულა ტერფებზე, ზოგი პარაცეტამოლის დოზის გამოთვლაში ათენებს, ზოგიც, თავგზააბნეული, ტელეფონს ეცემა, რომ დედას ან გამოცდილ მეგობარს დაურეკოს.
პირველი, რაც შეგვიძლია გითხრათ, ეს არის: დამშვიდდით, მაღალი ტემპერატურა ბავშვს არაფერს ავნებს. ეს სიმპტომი უმეტესად სულაც არ მიუთითებს მძიმე პათოლოგიაზე. მეტიც – სიცხე ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. ის იმის ნიშანია, რომ ორგანიზმმა ინფექციას ომი გამოუცხადა.
სხეულის ტემპერატურაზე პასუხს აგებს ჰიპოთალამუსი – თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ტვინის ნივთიერების ცენტრშია მოთავსებული. სწორედ ჰიპოთალამუსი ადევნებს თვალს, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსს არ ასცდეს, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმში ინფექცია შეიჭრას, რომ ტემპერატურის განმგებელი ეს პაწაწინა უბანი ორგანიზმს მაღალი ტემპერატურის რეჟიმზე გადართავს. თუმცა მხოლოდ ინფექციის შეჭრისას როდი ხდება ასე. ბავშვებში სიცხის აწევის მიზეზად შეიძლება იქცეს:
. აცრა;
. კბილების ამოჭრა;
. გადახურება (მეტისმეტად თბილად ჩაცმა ან ზომაზე მეტად დამთბარ ოთახში ყოფნა). ამ მიზეზით ტემპერატურა უმეტესად ახალშობილებს უწევთ, რადგან ტემპერატურის მარეგულირებელი ორგანო მოუმწიფებელი აქვთ.
დაიხსომეთ: სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ უმიზეზოდაც იმატებს. მაგალითად, შესაძლოა, დილით გაცილებით დაბალ ციფრებს აჩვენებდეს, ხოლო საღამოს – უფრო მაღალს. ტემპერატურამ ასევე შესაძლოა მოიმატოს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სირბილის, ვარჯიშის, თამაშის შემდეგ, დასვენებისას კი კვლავ მწყობრში ჩადგეს.

მხედველობაში მისაღები ციფრები
პედიატრები გვირჩევენ, სიცხის დამწევი მედიკამენტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. უკიდურესი შემთხვევა კი სამ თვემდე ასაკის ჩვილებში 38 გრადუსზე მეტი რექტალური (უკანა ტანიდან გაზომილი) ტემპერატურაა, ხოლო 3 თვეს გადაცილებულებში – 39 გრადუსი და მეტი.
მაღალი ტემპერატურა საშიში არ არის, თუ ბავშვი:
. აქტიურია და ხალისით თამაშობს;
. საკვებზე უარს არ ამბობს;
. დედიკოს უღიმის და საზოგადოდ, კარგ გუნებაზეა;
. აქვს კანის ჯანსაღი ფერი (კანი არ არის აჭრელებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი).
ნურც იმაზე იჯავრებთ, თუ ბავშვმა მაღალი სიცხის დროს მადა დაკარგა. საკმარისია, ტემპერატურა ნორმალურ ციფრებს დაუბრუნდეს, რომ პატარას მადა დაუბრუნდება და დანაკლისს იოლად აინაზღაურებს.

რა (და სად) არის ნორმა
განსაზღვრული მნიშვნელობა შუბლზე ხელისგულის მიდებით ნაგრძნობ ტემპერატურასაც ჰქონია. ამ მეთოდით დაფიქსირებული ტემპერატურისთვის  სამედიცინო ტერმინიც კი გამოუნახავთ – ტაქტილური. მეტი სიზუსტისთვის კი თერმომეტრს იშველიებენ. ითვლება, რომ ბავშვს სიცხე აქვს, თუკი თერმომეტრმა:
. რექტალური გაზომვით – 38 გრადუსი;
. პირში გაზომვით – 37,5 გრადუსი
. იღლიაში გაზომვით 37,2 გრადუსი აჩვენა. 
დაიხსომეთ: ციფრები არაფრისმთქმელია. მაღალი ტემპერატურა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მძიმედ არის ავად. ზოგჯერ ციფრების უმნიშვნელო მატება (სუბფებრილური ტემპერატურა) გაცილებით სერიოზული პრობლემის მაუწყებელია ან იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვის ორგანიზმს ბრძოლის უნარი აქვს დაქვეითებული.

ვირჩევთ თერმომეტრს
ვერცხლისწყლიანი შუშის თერმომეტრის ეპოქა აშშ-ში დიდი ხანია დასრულდა. ამერიკის პედიატრიის ასოციაციის განცხადებით, ამ ტიპის თერმომეტრის გამოყენება ვერცხლისწყლის ტოქსიკურობის გამო დაუშვებელია. აკრძალვის საბუთში ერთ-ერთ პუნქტად შავით თეთრზე წერია ასეთი რამ: თუ შინ ჯერ კიდევ გაქვთ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, არამც და არამც არ გადააგდოთ – გატყდება და ვერცხლისწყალი გარემოში დაიღვრება; ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის ლიკვიდაციისთვის ექიმს მიმართეთ, ის თერმომეტრის უსაფრთხო განადგურების წესებს გასწავლითო.
ვიდრე ამერიკელები ამ კანონზე მუშაობდნენ, მეცნიერები უსაფრთხო თერმომეტრს ქმნიდნენ. ამ შრომის ნაყოფია ციფრული თერმომეტრი, რომლის ცალი ბოლო სენსორით არის აღჭურვილი (სწორედ ეს დაბოლოება აღიქვამს ტემპერატურას), ხოლო ტემპერატურის მაჩვენებელი ციფრების სახით დისპლეიზე გამოსახება. დიგიტალური თერმომეტრი საკმაოდ ზუსტად ზომავს ტემპერატურას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც რექტალური, ისე ორალური (პირში) და აქსილარული (იღლიაში) გაზომვისთვის.
ბოლო ხანს პოპულარობით სარგებლობს საწოვარიანი თერმომეტრი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის – ჩვილებს ვერ აიძულებ, გაუნძრევლად ედოთ პირში საწოვარა, შესაძლოა გადმოაფურთხონ კიდეც, თანაც ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს რექტალური გაზომვით ვიღებთ, რასაც საწოვარიანი თერმომეტრით, დამეთანხმებით, ვერ მოვახერხებთ.
არსებობს შუბლზე მისადები პლასტიკური ფირფიტის თერმომეტრებიც, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებში ტემპერატურას არც ისე ზუსტად ზომავს.
ამრიგად, საუკეთესო არჩევანი მაინც დიგიტალური თერმომეტრია, რომლის გამოყენებაც დაბადებიდანვე შეიძლება. ამერიკელ პედიატრებს მიაჩნიათ, რომ სამ წლამდე რეკომენდებულია ტემპერატურის რექტალური გაზომვა, სიცხის იღლიაში გაზომვა მხოლოდ 4 წლიდან შეიძლება, პირში თერმომეტრის ჩადებაც მხოლოდ 4 წლიდან არის სასურველი, ისიც მაშინ, თუ პატარას არ ახველებს და ცხვირი გაჭედილი არ აქვს.

თურმე ამასაც ცოდნა სჭირდება
რა უნდა სიცხის გაზომვას? თითქოს არაფერი, მაგრამ სიზუსტისთვის მარტივი წესების დაცვა მაინც აუცილებელია.
რექტალური ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვუსვამთ ვაზელინს თერმომეტრის სენსორიან დაბოლოებას;
. პაწიას პირქვე ვაწვენთ და წელზე ხელისგულს ვაჭერთ ან ვაწვენთ გულაღმა, ტერფებზე ხელს ვკიდებთ და ფეხებს მაღლა ვუწევთ;
. თავისუფალი ხელით ვათავსებთ თერმომეტრს ანალურ ხვრელში 1-2 სმ-ის სიღრმეზე;
. ველოდებით ხმოვან სიგნალს და მისი გაგონებისთანავე ფრთხილად ვიღებთ თერმომეტრს.
ორალური  ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვზომავთ ტემპერატურას ჭამიდან არანაკლებ ნახევარი საათის შემდეგ;
. ვამოწმებთ, პატარას პირში ლუკმა ან კანფეტი ხომ არ უდევს, შემდეგ თერმომეტრის სენსორიან ბოლოს ენის ქვეშ ვუთავსებთ და ვთხოვთ, ტუჩები მოკუმოს;
. ვაკვირდებით ბავშვს, ხომ არ უჭირს ამ დროს ცხვირით სუნთქვა. ამ შემთხვევაში ტემპერატურის ორალურად გაზომვა რეკომენდებული არ არის.
აქსილარული  ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვხდით ბავშვს ტანსაცმელს;
. თუ მთლიანად ვერ გავაშიშვლეთ, ვაკვირდებით, რომ თერმომეტრი იღლიის კანს ეხებოდეს და არა ტანსაცმელს;
. თერმომეტრის უკეთესი ფიქსაციისთვის ბავშვს ხელს გულმკერდზე ჩვენივე ხელით ვუფიქსირებთ.
არასოდეს გაუზომოთ ბავშვს სხეულის ტემპერატურა აბაზანის მიღებისთანავე!

ვებრძვით მაღალ ციფრებს
სიცხესთან ბრძოლის მარტივი ტაქტიკა საკუთარი ბავშვობიდანაც გვახსოვს, თუმცა მაინც შეგახსენებთ.
უკეთესი ეფექტისთვის ჯობს ასე მოიქცეთ:
. მიეცით პატარას სიცხის დამწევი (პარაცეტამოლის შემცველი) მედიკამენტი, ოღონდ ზუსტი დოზით. ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დოზა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შერჩეული (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ პედიატრებს). ამდენად, ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტის მიცემას არ გირჩევთ.
. არამც და არამც არ მისცეთ ასპირინი! ეს მედიკამენტი მცირე ასაკში ფატალური შედეგის მქონე გართულებას – რეიეს სინდრომს იწვევს. მართალია, ეს გართულება ძალზე იშვიათია, მაგრამ გარისკვა არ ღირს.
. დაზილეთ წყლით. კანზე ფაქიზად წაუსვით თბილ წყალში დასველებული ღრუბელი. არ შეიძლება ტემპერატურის დასაწევად ცივი წყლით დაზელა ან ყინულის ღრუბლის დადება. არც სპირტით დაზელა იქნება გონივრული საქციელი – ალკოჰოლი კანში იოლად შეიწოვება და შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
. ბავშვს თხლად ჩააცვით და თხელი პლედი დაახურეთ. ჩაფუთნული სხეული სითბოს არ გასცემს, ორგანიზმი უფრო მეტად ხურდება და ტემპერატურაც მაღლა იწევს.
. ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურას – ის არც მაღალი უნდა იყოს და, მით უმეტეს, არც მეტისმეტად დაბალი.
. ბავშვს უხვად მიეცით სითხე. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი სითხეს ინტენსიურად კარგავს, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება) გამოიწვიოს. კარგია ბაცი ჩაი ლიმონითა და ჟოლოთი, წვნიანი კერძები, უბრალო წყალი. ერიდეთ კოფეინის შემცველი სასმელების (კოკა-კოლას, ყავის, მაგარი ჩაის) მიცემას – მათ შარდმდენი მოქმედება აქვთ და გაუწყლოებას უფრო მეტად შეუწყობენ ხელს.
. თუ სიცხეს ღებინება და ფაღარათიც ერთვის, ბავშვს ელექტროლიტების შემცველი სითხე  (რეჰიდრონი) ასვით, მოარიდეთ ხილის (ვაშლის) წვენს.
. სიცხიანი ბავშვი შინ დატოვეთ. საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ეზოში მხოლოდ მას შემდეგ გაუშვით, რაც დარწმუნდებით, რომ ტემპერატურა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ნორმალური აქვს. საზოგადოდ კი სასურველია, სიცხიანი პატარა ისვენებდეს, უმეტესად იწვეს.

როდის ვუხმოთ ექიმს
ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ სამ თვემდე ასაკის ჩვილის სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტია, ხოლო შედარებით მოზრდილისა – 39 და მეტი.
გარდა ამისა, ექიმს უხმეთ, თუ:
. ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
. აქვს ძლიერი ფაღარათი და ხშირი ღებინება;
. ავლენს დეჰიდრატაციის ნიშნებს: იშვიათად შარდავს, ტირილის დროს ცრემლი არ მოსდის, ნაკლებად აქტიურია;
. აქვს კონკრეტული ჩივილი, მაგალითად, სტკივა ყელი ან ყური;
. მიუხედავად მკურნალობისა, სიცხე არ იკლებს: ორ წლამდე ასაკის ბავშვებში – 24 საათის განმავლობაში, 2 წლის შემდეგ – 72 საათის განმავლობაში;
. დღისით ტემპერატურა იწევს, საღამოს კი კვლავ მაღალ ციფრებს უბრუნდება;
. ბავშვს აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად, გულის პათოლოგია, წითელი მგლურა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
. კანზე გამოაყარა;
. მოშარდვის დროს ტკივილს უჩივის.

სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი, თუ:
. ბავშვი მივარდნილია და ფეხზე ვერ დგება;
. ძლიერ გაღიზიანებულია და უმიზეზოდ ტირის;
. გამონაყარს, რომელიც სიცხის აწევისთანავე გაუჩნდა, იისფერი დაჰკრავს;
. ტუჩები და ფრჩხილები გაულურჯდა;
. კისრის კუნთები ისე გაუმაგრდა, რომ თავს ვეღარ ანძრევს;
. აუტანლად სტკივა თავი, იტკივებს მუცელს.
. სუნთქვა ცხვირის მოხოცვის შემდეგაც კი უჭირს.       

როგორ შევარჩიოთ საწოვარა

“მატყუარა” მეგობრის ამბავი
ალბათ, გინახავთ პაწია, რომელიც ენერგიულად წოვს მატყუარას და ამავე დროს ორივე ხელში ასეთივე საწოვარები აქვს ჩაბღუჯული. ნუთუ ასეთი გემრიელია დედიკოს ძუძუს ეს ხელოვნური ანალოგი?  ფაქტი ჯიუტია: ზოგიერთი პატარა “ამქვეყნად ყველაზე საყვარელ და გემრიელ ნივთს”, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, “ატყუებს” კიდეც, სკოლის მერხამდე ვერ ელევა.

კომფორტული ტრაპეზი
მას შემდეგ, რაც პაწაწინა სამშობიარო სახლიდან თბილსა და მყუდრო შინაურ გარემოში გადმოინაცვლებს, მშობელთა გაფართოებულ საბჭოს თავსატეხი უჩნდება: სად დადგან ახალშობილის საწოლი? კომბოსტოსავით გაახვიონ თუ საცოცავის ამარა დატოვონ? დაბოლოს, რამდენი ათეული ბოთლი და საწოვარა შეუძინონ, რომ ბავშვი შიმშილით არ მოკვდეს?
ამ კითხვებს, რომლებიც პატარას დაბადებისთანავე ყველა ოჯახში ჩნდება, პედიატრებმა დიდი ხანია გასცეს პასუხი. მაგალითად, ასეთი: ხელოვნურ 
კვებაზე მყოფი ბავშვი რომ დაანაყროთ, 5 დიდი და 3 პატარა ბოთლი სავსებით საკმარისია.
ამჟამად მაღაზიებსა და აფთიაქებში სხვადასხვა ფორმისა და მასალის (შუშის, პლასტმასის) ბოთლები იყიდება. ტექნიკა იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთ მათგანში სპეციალური მოწყობილობაც კია ჩამონტაჟებული, რომელიც რძის ნაკადის სისწრაფეს არეგულირებს და სარქვლის საშუალებით ჰაერს პაწიას პირისკენ არ უშვებს. ხომ შესანიშნავი საშუალებაა მუცლის ჭვალის (კოლიკის) პროფილაქტიკისთვის?!
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბოთლზე წამოსაცმელი მატყუარას სწორ შერჩევას. ის უმთავრესად ორი მასალისგან მზადდება: ლატექსისგან – უფრო რბილია და ღია ყავისფერი შეფერილობა აქვს – და სილიკონისგან, რომელიც გაცილებით მკვრივი და გამჭვირვალე გახლავთ.
საწოვარა მრავალნაირია: საგანგებოდ ახალშობილებისთვის განკუთვნილი, მინი (დღენაკლულებისთვის), ანატომიური (ორთოდონტური), რომელიც შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და თანკბილვის დარღვევის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს, სარქვლიანი – ნაკადის მარეგულირებელი სისტემით და ა.შ. 
ასეთმა მრავალფეროვნებამ მშობლები შეიძლება გვარიანად დააბნიოს, ამიტომ გირჩევთ:
. ახალშობილისთვის მეტად მოხერხებულია თავწაკვეთილი საწოვარა. ის პირის ღრუში მოხერხებულად თავსდება, თანაც მის ირიბად გადაჭრილ თავს რძე მთლიანად ავსებს და წოვის დროს პატარას ნაკლები ჰაერი ეყლაპება.
. ბოთლზე წამოსაცმელი საწოვარას შერჩევის დროს უთუოდ გაითვალისწინეთ, როგორი კონსისტენციის ფიას მიირთმევს პატარა ღორმუცელა. მეტად თხევადი შიგთავსისთვის, მაგალითად, ჩაისთვის, წვენისა და ნახარშებისთვის, წვრილნასვრეტიანი საწოვარა გამოგადგებათ. რძის პროდუქტების სმა პატარას საშუალო ზომის ნასვრეტიდან უფრო გაუადვილდება, ხოლო ფაფებითა და რბილობიანი წვენებით პირის ჩასატკბარუნებლად იდეალურია ფართონასვრეტიანი საწოვარა.

რა უნდა ვიცოდეთ საწოვარას შესახებ
ახალშეძენილი მატყუარა უთუოდ გამოხარშეთ. უკიდურეს შემთხვევაში, მდუღარე მაინც გადაავლეთ.
ახალშობილს უმჯობესია სილიკონის მკვრივი საწოვარა ჩაუდოთ პირში, რომელიც ხშირი გამოხარშვისა და წოვისგან ფორმას იოლად არ დაკარგავს. 
არანაკლებ მნიშვნელოვანია საწოვარაზე წამოცმული პლასტმასის სატუჩის ფორმა. მას ცალ მხარეს (ცხვირთან) ნაჭდევი უნდა ჰქონდეს, რომ პატარამ თავისუფლად ისუნთქოს.
თუკი ბავშვი საწოვარას ღამითაც არ იცილებს, სასურველია, სატუჩე უხეში პლასტმასისა კი არა, რბილი მასალისა ჰქონდეს.

bye-bye, საწოვარავ!
მატყუარასთან განშორება ბევრ ბავშვს ისევე უჭირს, როგორც დედიკოსთან და პაწია საწოვარას რომ გადააჩვიონ, მშობლებს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ომის გადახდა უწევთ.
პედიატრების აზრით, მატყუარასთან განშორებისთვის იდეალური ასაკი  1,5  წელია. ამაზე მეტხანს წოვა ხელს შეუშლის თანკბილვის განვითარებას.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საწოვარიანი ბოთლის დღენიადაგ პირში დება სასურველი არ არის – პირის ღრუში ბაქტერიები გროვდება და კარიესს აჩენს.

საფენისმიერი დერმატიტი

ნებიერას პრობლემები
როგორ არ უნდა ლოცავდე ადამიანს, რომელმაც პამპერსი გამოიგონა?! საბავშვო ჰიგიენურ საფენს სახელწოდებაც შესაფერისი აქვს: “პამპერ” განებივრებას ნიშნავს და საფენიც მარტო პაწიასი კი არა, დედიკოსა და მამიკოს კომფორტზეც ზრუნავს. ეს საყოველთაო ნებივრობის მიზეზი დღეს ჩვილის მოვლის
აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა ხშირად ისიც გვიჩენს პრობლემას, რომელსაც პედიატრები საფენისმიერ დერმატიტს უწოდებენ.
საფენისმიერი დერმატიტი ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესად მაინც სიცოცხლის პირველ წელს იჩენს ხოლმე თავს. ყველაფრისმცოდნე ამერიკელმა სტატისტიკოსებმა საფენისმიერი დერმატიტის პრობლემაც შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ პაწიას სათუთ კანს საფენი კვალს უმთავრესად 8-დან 10 თვემდე აჩნევს.
საფენისმიერ დერმატიტს ხელშემწყობი ფაქტორი არ აკლია. ყველაზე ხშირად თოთო კანი ღიზიანდება:
. ნაწლავთა მოქმედებისა და მოშარდვის შემდეგ, თუ დედიკომ საფენის გამოცვლა დააგვიანა. შესაბამისად, დერმატიტი უფრო ხშირად ვითარდება, როდესაც პაწიას ნაწლავთა მოქმედება გახშირებული აქვს.
. როდესაც პატარა ახალ საკვებს უსინჯავს გემოს. ამ დროს იცვლება განავლის შემადგენლობა, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს. ამის გამო საფენისმიერი დერმატიტი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს იმ პერიოდში, როდესაც ჩვილი შერეულ კვებაზე გადაჰყავთ. კანი მაშინაც ღიზიანდება, როცა დედიკო, რომელიც ჯერ კიდევ ძუძუს აწოვებს ჩვილს, რომელიმე აგრესიულ საკვებს შეჭამს. საფენისმიერი დერმატიტის მიზეზი ყველაზე ხშირად პომიდორი ყოფილა.
. კანის მოვლის ზოგიერთი საშუალების გამოყენებისას. საწმენდი ხელსახოცები, ლოსიონები, ზეთები და პუდრები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თოთო კანი გაღიზიანებისგან დაიცვას, მაგრამ მათი გამოყენებისას ზოგჯერ უკუეფექტს ვიღებთ. იგივე შეიძლება ითქვას საბავშვო სარეცხ ფხვნილებზე: მათ განსაკუთრებული შემადგენლობა აქვთ, ამიტომ მათში გარეცხილი სარეცხი არამც და არამც არ უნდა აღიზიანებდეს კანს, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება.
. ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციისგან. ბაქტერიები და სოკოები სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფრებული, საფენით დაფარულ მიდამოში კი განსაკუთრებით უხვად. ადვილი მისახვედრია, რატომ: თბილი და ნესტიანი გარემო ხომ იდეალურია მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. გაღიზიანებული კანი უფრო ადვილად ინფიცირდება.
. როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჩვილებს, რომელთაც ატოპიური (ალერგიული) დერმატიტი და ეგზემა აქვთ, უფრო ხშირად უვითარდებათ საფენისმიერი დერმატიტი.
. უხეში ზემოქმედებისგან. კანს აღიზიანებს მჭიდროდ შეკრული საფენი და ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის და ხეხავს. დერმატიტი შესაძლოა განვითარდეს მაშინაც, თუ სათუთ კანს პირსახოცით ან უხეში ნაჭრით ღონივრად გავამშრალებთ.
. ანტიბიოტიკებისგან. ამ ჯგუფის პრეპარატები ანადგურებენ ბაქტერიებს, მათ შორის – იმ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც მრავლად ბინადრობენ კანზე. მათი რიცხვის შემცირებასთან ერთად მრავლდება სოკო  და ვითარდება კანის სოკოვანი ინფექცია. ასეთივე ცვლილებებია მოსალოდნელი, როდესაც მეძუძური დედა ანტიბიოტიკს იღებს.

რამ შეგაწუხა, პაწია?
საფენისმიერი დერმატიტის ამოცნობა ადვილია: კანი გაღიზიანდება თუ არა, პაწია ჭირვეულობას იწყებს, შესაძლოა იტიროს კიდეც. საკმარისია, დედიკომ საფენი შეუხსნას, რომ ჩვილი სიამოვნებისგან იტრუნება, იღიმება... საფენით დაფარულ მიდამოში შესაძლოა კანის შეშუპება, შეწითლება შეამჩნიოთ. ხშირად გაღიზიანებული ადგილი წვრილი გამონაყარით იფარება.
საფენისმიერი დერმატიტი უპირატესად დუნდულებზე, ბარძაყებსა და სასქესო ორგანოებზე ჩნდება. არცთუ იშვიათად ნაოჭებამდეც აღწევს.
თუ ბავშვს საფენისმიერი დერმატიტი აქვს, შეგიძლიათ, ოდნავ დიდი ზომის საფენი ჩააცვათ – კანი უკეთ განიავდება, ჰაერი კი გაღიზიანებული კანის საუკეთესო მკურნალია.

უფრო გაანებივრეთ
პაწიას თოთო კანი რომ არ გაუღიზიანდეს, ასე მოიქეცით:
. საფენი ხშირად უცვალეთ (ვფიქრობთ, ამ რჩევას კომენტარი არ სჭირდება).
. საფენის ყოველი გამოცვლისას თბილი წყლით ჩაბანეთ ან ფაქიზად გაწმინდეთ რბილი, სველი ნაჭრით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკეცებს. თუ სველი ხელსახოცების გამოყენებას ამჯობინებთ, ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არც სურნელოვან დანამატს შეიცავს და, მით უმეტეს, არც სპირტს.
. დაბანის შემდეგ არამც და არამც არ გაამშრალოთ უხეში ნაჭრით ან პირსახოცით და, მით უმეტეს, არ გახეხოთ. უმჯობესია, აიღოთ რბილი ქსოვილის, მაგალითად, ბამბაზიის, ნაჭერი, სხეულზე დააფინოთ და დაელოდოთ, ვიდრე წყალს არ შეიწოვს.
. საფენს მჭიდროდ ნუ შეუკრავთ. ჩახუთულ გარემოში კანი იოლად ღიზიანდება და ბაქტერიებიც უკეთ მრავლდება.
. ხშირად მიაღებინეთ ჰაერის აბაზანა – შეხსენით საფენი, სიურპრიზისგან თავი რომ დაიზღვიოთ, პირსახოცზე დააწვინეთ და ორიოდე წუთს ასე დატოვეთ. შეგიძლიათ, ამ დროს ეთამაშოთ, ეღუღუნოთ...
. პაწიას სამოსი რეცხეთ მხოლოდ ჩვილებისთვის განკუთვნილი ფხვნილით. თუ პატარას საფენისმიერი დერმატიტი აქვს, ტანსაცმელი, რომელი ფხვნილითაც უნდა იყოს გარეცხილი, საგულდაგულოდ გაავლეთ სუფთა წყალში.
. თუ ბავშვს ხშირად უჩნდება საფენისმიერი დერმატიტი, გამოიყენეთ სპეციალური საცხი, რომელიც საფენის ქვეშ წასასამელად არის განკუთვნილი – ზეთოვანი ნივთიერება, რომელიც თუთიის ოქსიდს შეიცავს. ის აუცილებლად მშრალ და სუფთა კანზე წაუსვით!
. საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ.

ვაქრობთ სიწითლეს
საფენისგან გაღიზიანებული კანის მკურნალობა არც ისე ძნელია. სიწითლე და გამონაყარი, წესისამებრ, რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გაღიზიანებულ კანში ინფექცია შეიჭრას და პედიატრთან ვიზიტი დაგჭირდეთ.
პაწია უთუოდ აჩვენეთ ექიმს, თუ:
. სიცხე მისცა;
. კანი ბუშტუკებმა დაუფარა;
. გამონაყარი და სიწითლე საფენის არეს გასცდა.

თუ გაღიზიანებულ კანში ინფექციას ჯერ არ შეუღწევია, პრობლემასთან გამკლავებას დედიკო თავადაც მოახერხებს. უმთავრესი პრინციპი კანის სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნებაა. შესაძლოა, ექიმმა პატარას სოკოს საწინააღმდეგო (მაგალითად, ნისტატინის შემცველი) საშუალება ან მსუბუქი მოქმედების ჰიდროკორტიზონის მალამო დაუნიშნოს. ჰორმონის შემცველ ძლიერმოქმედ მალამოს აუცილებლობის გარეშე ნუ გამოიყენებთ.
წინათ გაღიზიანებული კანის დასაამებლად ტალკს იყენებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, თუმცა პედიატრები ტალკის გამოყენებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. მათი აზრით, ტალკის ნაწილაკებმა შესაძლოა პაწიას სასუნთქი გზები და ფილტვები გაუღიზიანოს.

« < 123 > »
ზემოთ