გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

28.11.2014
ავერსის ცენტრალური კლინიკა ექვსი წლისაა...

გამოკითხვა

როგორია მტრედი ბარათის ახალი სარეკლამო რგოლი?

სამედიცინო თემები -> ჰორმონების შესახებ

ჰიპერაქტიური ფარი

ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა. მისი ესა თუ ის პათოლოგია საქართველოს მოსახლეობის 30-40%-ს აღენიშნება. თქვენს ყურადღებას ამჯერად კლინიკურ სინდრომზე – ჰიპერთირეოზზე შევაჩერებთ, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის შედეგად ვითარდება. მის შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ “იუნონას” ექიმი ენდოკრინოლოგი ნარგიზ ბობოხიძე.
– ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (შემოკლებით – FT4), ტრიიოდთირონინს (FT3) და კალციტონინს. ეს ჰორმონები პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ.

ისინი შეიცავენ მიკროელემენტ იოდს, რომელიც ჰაერის, წყლისა და საკვების საშუალებით ხვდება ორგანიზმში და რომლის 60-80% ფარისებრ ჯირკვალში გროვდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ზრდისა და განვითარების პროცესებში, ზრდიან ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას, ქსოვილებისა და უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარებას. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში არეგულირებენ ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების წარმოქმნას, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს და სხვა, ხოლო კალციტონინი ძირითადად კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლში იოდის ნორმალურ კონცენტრაციაზე. იოდის სიჭარბისას ჰორმონებიც ჭარბად წარმოიქმნება, ნაკლებობისას კი – მცირე რაოდენობით, რაც პათოლოგიურ მდგომარეობებს იწვევს.
ჰიპოთალამუსის გავლენით ჰიპოფიზში (ორივე თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალია) გამომუშავდება თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომლის ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს წარმოქმნის.
ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-პერიფერიული ჯირკვლების სისტემა მყარია, მაგრამ მისი ნებისმიერი რგოლის გამოვრდნა ენდოკრინული დაავადებების განვითარებას იწვევს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების ანუ ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი აუტოიმუნური დაავადებებია. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომელთა ზემოქმედებითაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და ჭარბად გამოყოფს თირეოიდულ ჰორმონებს.
– გარდა აუტოიმუნური დაავადებებისა, რა შეიძლება იქცეს ჰიპერთირეოზის მიზეზად? 
– ხშირად ჰიპერთირეოზის მიზეზია შემდეგი დაავადებები და მდგომარეობები:
* დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვ-გრეივსის დაავადება);
* ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი (ადენომა);
* მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი;
* იოდის ქრონიკული დეფიციტის ფონზე განვითარებული კვანძოვანი ჩიყვის ზოგიერთი ფორმა, როცა კვანძები იძენენ ეგრეთ წოდებულ ფუნქციურ ავტონომიას ანუ იწყებენ ჰორმონის დამოუკიდებელ, უკონტროლო გამომუშავებას;
* ქვემწვავე თირეოიდიტი;
* უსიმპტომო თირეოიდიტი;
* საკვერცხეების ან სათესლე ჯირკვლების ზოგიერთი სიმსივნე;
* იოდინდუცირებული (იოდის პრეაპრატების შემცველი პრეაპრატების მიღებით გამოწვეული) თირეოტოქსიკოზი (ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ასაკში);
* იოდის გადაჭარბებული მიღება;
* თირეოიდული ჰორმონის გადაჭარბებული მიღება;
* ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესები (ვირუსული ინფექციის ან სხვა მიზეზის გამო).
თითოეულ მათგანს თავ-თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერთირეოზი?
– თორეოტოქსიკოზით დაავადებული უჩივის: ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, მადის გაძლიერებას, წონის კლებას, სიცხის აუტანლობას, გულის ფრიალს, გულისცემის აჩქარებას (ტაქიკარდია), გაძლიერებულ ოფლიანობას, კანკალს. კანი ნამიანი და ცხელი აქვს, აღენიშება კიდურის კუნთების ძლიერი სისუსტე (განსაკუთრებით – მხრისა და ბარძაყის კუნთებისა), ფაღარათისადმი მიდრეკილება, თვალის კაკლების წინ წამოწევა, ცრემლდენა, მენსტრუაციის გაქრობა, სუბფებრილიტეტი (სხეულის ტემპერატურა – 37.500 C-მდე), არტერიული წნევის მომატება, მამაკაცებს ეზრდებათ მკერდი.
– რა გართულება მოჰყვება ჰიპერთირეოზს?
– უწინარესად – თირეოიდული კრიზი, რომელსაც შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სტრესმა, ფსიქიკურმა ტრავმამ, ინფექციურმა დაავადებამ. კრიზის ნიშნებია: ცხელება, გონებრივი აქტიურობის დაქვეითება, მუცლის ტკივილი. ამ ნიშნების გაჩენისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სტაციონარული მკურნალობა.
ჰიპერთირეოზის სხვა გართულებებიდან უნდა დავასახელოთ ე.წ. “თირეოტოქსიკური გული” – გულის ძლიერი აჩქარება, გულის მდგრადი უკმარისობა, წინაგულების ციმციმი (ფიბრილაცია); ოფთალმოპათიის სხვადასხვა გამოვლინება; ენცეფალოპათიები.
ჰიპერთირეოზის ხანგრძლივი არსებობა ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი ქირურგიული გართულებებია: ნაწიბური ყელზე, ხმის ჩახლეჩა სახმო ნერვის დაზიანების გამო, სისხლში კალციუმის დონის შემცირება პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანების გამო.
ჰიპერთირეოზის გართულებად მოიაზრება ასევე რადიაქტიური იოდით მკურნალობის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზი.
ორსულობისას დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ხელს უწყობს მკვდრადშობადობას, ნაადრევ მშობიარობას, გართულებას სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, სპონტანურ (თავისთავად) აბორტს, ხოლო დეკომპენსირებული თირეოტოქსიკოზი – ახალშობილთა თანდაყოლილი მანკების განვითარებას.
– რით გამოირჩევა ჰიპერთირეოზი ორსულებსა და ბავშვებში?

– ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფიზიოლოგიურად ძლიერდება და თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა იმატებს. მეთორმეტე-მეთექვსმეტე კვირამდე ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, ამ ხნის შემდეგ კი ისიც ამოქმედდება. შედეგად თავისუფალი თიროქსინი ორსულთა დაახლოებით 0,5-3%-ში სცდება ნორმის ზედა ზღვარს, ხოლო თირეოტროპული ჰორმონი დათრგუნულია. ამ მდგომარეობას ტრანზიტული გესტაციური ჰიპერთირეოზი ეწოდება.
ტრანზიტორული გესტაციური თირეოტოქსიკოზი მკურნალობას არ მოითხოვს და ნაყოფის ზრდასთან ერთად თავისთავად გაივლის. ეს მდგომარეობა უნდა განვასხვაოთ გრეივსის ავადმყოფობისგან. რაც შეეხება ტოქსიკურ ჩიყვს, ის საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფსაც, ხოლო ამ დაავადების მკურნალობა ორსულობის დროს მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამ დროს აუცილებელია FT3-ის, FT4-ისა და TSH-ის განსაზღვრა.
დაავადების ეფექტური მართვა ორსულობის კეთილსასურველ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
ორსულთა 20%-ში გვხვდება მშობიარობის შემდგომი აუტოიმუნური თირეოიდიტი. რისკის ჯგუფის პირველ რიგს ანტითირეოიდული ანტისხეულების მატარებელ ქალებს მიაკუთვნებენ. მშობიარობიდან 8-14 კვირის შემდეგ ყალიბდება ტრანზიტორული თირეოტოქსიკოზი, მშობიარობიდან 19 კვირის შემდეგ – ჰიპოთირეოზი.
თირეოტოქსიკური ფაზაში გამოხატული კლინიკური ნიშნების დროს ნაჩვენებია β-ადრენობლოკატორების დანიშვნა.
პუბერტატულ პერიოდში (11-დან 18 წლამდე ასაკი) ჰიპერთირეოზის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. პათოლოგიური მდგომარეობა გამოიხატება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, სუბფებრილური სიცხეებით, ოფლიანობით, ადვილად აღგზნებადობითა და გაღიზიანებით. გოგონებში შეიმჩნევა მენსტრუალური ციკლის ნაადრევი (12 წლამდე) დაწყება, საკვერცხეების მეორეული პოლიკისტოზი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმში ანთების ქრონიკული კერების გამოვლენასა და ანტიბაქტერიული პრეპარატებით დროულ მკურნალობას. ჰიპერთირეოზის დიაგნოზის დასადატურებლად ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი და ექოსკოპიური გამოკვლევა. – რას იკვლევენ ჰიპერთირეოზის დასადგენად და, საზოგადოდ, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოსარკვევად?
– ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესასწავლად ტარდება შემდეგი გამოკვლევები:
* ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თირეოტროპული ჰორმონის, ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის – განსაზღვრა სისხლში;
* ანტითირეოიდული ანტისხეულების (ანტი-TPO) განსაზღვრა, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ჩიყვი სწორედ მათი მატებით არის გამოწვეული;
* ფარისებრი ჯირკვლის ექოსკანირება – მისი დახმარებით განვსაზღვრავთ ჯირკვლის ფორმას, ზომებს, ქსოვილის სტრუქტურას;
* კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ენდოკრინული ოფთალმოპათიების დროს ჰიპოფიზის დაავადებების გამოსავლენად;
* ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია.
– როგორ მკურნალობენ ჰიპერთირეოზს? 
– ჰიპერთირეოზს მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას ან, განსაზღვრულ შემთხვევებში, უჯრედების ფუნქციის აღმდგენი საშუალებებით – ე.წ. თირეოსტატიკებით (თიროზოლით ან პროპილთიოურაცილის ჯგუფის პრეპარატებით). მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით შეიძლება. თირეოტოქსიკური კრიზის დროს საკმაოდ ეფექტურია პროპრანოლოლი (ანაპრილინი), რომელიც ამცირებს ტაქიკარდიას, სხეულის ტემპერატურას. ანთების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ინიშნება კორტიკოსტეროიდები და ანტიბიოტიკები. თირეოტოქსიკოზის დროს მედიკამენტური მკურნალობა ძალზე ეფექტურია. ეფექტი მკურნალობის პირველივე კვირებში ხდება შესამჩნევი, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობის გაუმჯობესება განკურნებად არ უნდა იქნეს მიჩნეული და პაციენტმა ექიმთან შეთანხმების გარეშე არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტისას ხშირად ვითარდება დაავადების რეციდივი და საჭირო ხდება მკურნალობის თავიდან დაწყება. 
ოპერაციული ქირურგიული ჩარევა ხდება ავთვისებიანი სისმსივნეების, დიდი ზომის ფარისებრი ჯირკვლის მზარდი კვანძების, მორეციდივე გრეივსის დაავადების, თირეოტოქსიკური ადენომის შემთხვევაში (ჰიპერთირეოზის მოხსნის შემდეგ). 
თირეოტოქსიკოზის დროს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში, ინიშნება რადიაქტიური იოდით მკურნალობა, რომელიც სპეციალიზებულ განყოფილებაში ტარდება. რადიაქტიური იოდი შლის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ნაწილს, რითაც აფერხებს ჰორმონების ჭარბ წარმოქმნას.
ქირურგიული და რადიაქტიური იოდით მკურნალობის შედეგად ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ზომაზე მეტად ქვეითდება. არის შემთხვევებიც, როდესაც თირეოტოქსიკოზი ხელახლა ვითარდება ოპერაციიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ ოპერაციის ან რადიაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ პაციენტებმა პერიოდულად (წელიწადში 1-2-ჯერ მაინც) უნდა მიმართონ საკონსულტაციოდ ექიმ ენდოკრინოლოგს.
ყოველ ავადმყოფს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ღონისძიებებს ინდივიდუალურად ურჩევს სპეციალისტი – ექიმი ენდოკრინოლოგი. ნუ “დაინიშნავთ” თვითონ გამოკვლევებსა და მკურნალობას – ეს არა მხოლოდ უეფექტო, შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.
– შესაძლებელია თუ არა ჰიპერთირეოზის თავიდან აცილება? 
– ჰიპერთირეოზის თავიდან აცილების პირდაპირი გზები არ არსებობს. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას უკუნაჩვენებია იოდშემცვლელი საშუალებების მიღება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. ერიდეთ ნერვულ სტრესს, დაიცავით კვებისა და დასვენების რეჟიმი, მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თევზეული და ხორცი. პერიოდულად ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზედმეტი ინსოლაცია (გარუჯვა) არასასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს.
სამახსოვრო
ნუ დატოვებთ ჰიპერთირეოზს უყურადღებოდ, აუცილებლად იმკურნალეთ. არანამკურნალები ჰიპერთირეოზი ყოველთვის პროგრესირებს და მრავალ გართულებას იწვევს. მიმართეთ ენდოკრინოლოგს, თუ:
. გადიდებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვალი;
. ამჩნევთ ჰიპერთირეოზის აშკარა ნიშნებს;
. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს. 
დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ ჰიპერთირეოზის მკურნალობისას შეამჩნიეთ ჰიპოთირეოზის ნიშნები:
. დეპრესია;
. ცნობიერების, ფიზიკური მოქმედებების შენელება;
. წონის მატება.

შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტს ან ვაკონტროლებთ, ან გვაკონტროლებს. მოიპოვე უპირატესობა!
ნინო გაბიძაშვილი
ენდოკრინოლოგი
“ავერსის კლინიკა”

ქმედების დროა
რა ვიცით შაქრიანი დიაბეტის შესახებ? თითქოს ყველაფერი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, არც მის მასშტაბებზე გვაქვს წარმოდგენა, არც საფრთხეზე და არც დიაგნოსტიკისა და კონტროლის თანამედროვე საშუალებებზე. ეს მაშინ, როცა დაავადება ეპიდემიად მოედო მსოფლიოს და მრავალი ქვეყნის სამედიცინო და სამთავრობო სტრუქტურებს თავსატეხი გაუჩინა. 1991 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია დიაბეტის მსოფლიო დღესაც აღნიშნავენ, ორი წლის წინ კი მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც შეუერთდა. იქნებ ამის ცოდნა მაინც დაგვეხმაროს, პრობლემაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. “ქმედების დროა” – ასეთი სახელწოდება აქვს მსოფლიო ანტიდიაბეტურ კამპანიას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ოთხ უმნიშვნელოვანეს გზავნილს გადასცემს:

1. უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს - ყოველწლიურად 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილი შაქრიან დიაბეტთან არის დაკავშირებული.
- 35-დან 64 წლამდე ასაკის ათი გარდაცვლილიდან ერთის სიკვდილის მიზეზი მაინც შაქრიანი დიაბეტია.
- 35 წლამდე გარდაცვლილ დიაბეტიანთა სამი მეოთხედის სიკვდილი ამ დაავადებასა და მის არასათანადო კონტროლთან არის დაკავშირებული.
- შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობდა.
- შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა ნახევარი 70 წელზე ნაკლები ასაკისაა, 55% ქალია.

2. შაქრიანი დიაბეტი მეტისმეტად არის გავრცელებული და დღითი დღე ხშირდება
- მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე, 220 მილიონ კაცს აქვს. თუ სასწრაფოდ რამე არ ვიღონეთ, 
მოსალოდნელია, ეს რიცხვი 2030 წლისთვის 2-ჯერ და მეტად გაიზარდოს.
- განვითარებულ ქვეყნებში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 150%-ით გაიზრდება.
- დაავადების გლობალური მატება მსოფლიოს მოსახლეობისა და ხანდაზმულთა წილის მატების, სიმსუქნის, არაჯანსაღი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამოა მოსალოდნელი.

3. შაქრიანი დიაბეტი ხელს არ უშლის სისხლსავსე და ჯანსაღ ცხოვრებას
- გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სათანადო მართვა თავიდან გვაცილებს შაქრიანი დიაბეტის გართულებათა უმეტესობას, უკიდურეს შემთხვევაში, ახანგრძლივებს პერიოდს მათ გამომჟღავნებამდე.
- ეფექტური მართვა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას: ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, წონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას და მოწევაზე უარის თქმას.
- მედიკამენტები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახელდობრ, სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების სათანადო დონის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის კონტროლში.
- ექიმთან ოპტიმალური თანამშრომლობისას შაქრიანი დიაბეტის გართულებათა რისკი არსებითად იკლებს.
- სისხლსავსე და ჯანსაღი ცხოვრებისთვის უმთავრესია, დავეხმაროთ ადამიანებს, აითვისონ თავიანთი მდგომარეობის მართვისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.

4. შაქრიანი დიაბეტის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია
. I ტიპის დიაბეტის თავიდან აცილების გზა ჯერჯერობით უცნობია. ეს მეცნიერების სამომავლო გამოწვევად რჩება. II ტიპის პრევენცია კი შესაძლებელია და მოითხოვს, რომ ყველამ ერთად ახლავე დავიწყოთ მოქმედება.
- მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მდგრადი ცვლილებები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ამცირებს.
- მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკვლევის მიხედვით, დიაბეტის განვითარების თავიდან აცილების კუთხით ცხოვრების წესის შეცვლა უფრო შედეგიანია, ვიდრე რომელიმე მედიკამენტი.
- პრობლემის მასშტაბი მოითხოვს მთელ მოსახლეობაზე გათვლილ ჩარევას ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და უმოძრაობის დონის შესამცირებლად.
- ტრანსპორტის, ქალაქის დაგეგმარების, პროდუქტების ღირებულებისა და რეკლამის დასარეგულირებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციაში.

რა ატკბობს სენს
ხალხი შაქრიან დიაბეტს ხშირად უბრალოდ შაქარს უწოდებს და მაინცდამაინც არც ცდება: ეს დიაგნოზი მართლაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სისხლში შაქრის (კერძოდ, გლუკოზის) შემცველობა მეტისმეტად მაღალი აქვს. განსაზღვრული რაოდენობით სისხლში გლუკოზა ყოველთვის არის და კიდეც უნდა  იყოს. იმ საკვების დიდი ნაწილი, რომელსაც მივირთმევთ, საბოლოოდ გლუკოზამდე იშლება. თუ საწვავი გარედან არ მივაწოდეთ, ჩვენი ღვიძლი და კუნთები მას არსებული მარაგიდან მოიხმარენ. პრაქტიკულად ყველა უჯრედს, ქსოვილსა და ორგანოს სწორედ ეს უმარტივესი ნახშირწყალი აძლევს საჭირო ენერგიას თავ-თავის საქმის საკეთებლად. თუმცა საჭირო რაოდენობის გლუკოზა უჯრედში რომ მოხვდეს, ჭარბმა კი სარეზერვო ფონდში გადაინაცვლოს, უმნიშვნელოვანესი ჰორმონი – ინსულინია საჭირო. ინსულინმწარმოებელი ქარხანა კუჭქვეშა ჯირკვალშია მოწყობილი. ამ ჯირკვალს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ორგანიზმს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით ამარაგებს, უჯრედების მეორე ჯგუფი, ე.წ. ბეტა უჯრედები, კი ინსულინის წარმოებით არის დაკავებული, რომელსაც პირდაპირ სისხლში გამოყოფს.
შაქრიანი დიაბეტი ორ შემთხვევაში ვითარდება: ან პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან არსებულ ჰორმონს ორგანიზმი ეფექტურად ვერ მოიხმარს. ორივე შემთხვევაში ორგანოები ენერგიის წყაროს დეფიციტს განიცდიან, სისხლძარღვში დაგროვილი გლუკოზა კი სისხლძარღვის კედელს აზიანებს, რასაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა მოჰყვება.
განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს პანკრეასის ინსულინწარმოქმნელ უჯრედებს ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემა გაურკვეველი მიზეზით უცხოდ აღიქვამს და ანადგურებს. ასეთი აუტოიმუნური დესტრუქცია კი ორგანიზმში ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარებას იწვევს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ინსულინის მიმართ ორგანოების მგრძნობელობა ქვეითდება. ორგანიზმში ინსულინი წარმოიქმნება, მაგრამ თავის ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. ამ მდგომარეობას ექიმები ინსულინრეზისტენტობას ვუწოდებთ. შაქრიანი დიაბეტის იშვიათი ფორმებიც არსებობს მაგრამ მათ შესახებ ამჯერად სიტყვას არ გავაგრძელებთ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 პრაქტიკულად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა და ექიმისა და ავადმყოფისგანაც სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს. რაკი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევათა 90-95% ტიპი 2-ის წილად მოდის, ძირითადად მასზე ვისაუბრებთ, ტიპ 1-ზე კი მხოლოდ ერთს ვიტყვით: დაავადების ეს ტიპი პრაქტიკულად არ არის ასოცირებული სიმსუქნესა და ლიპიდური ცვლის დარღვევასთან, ამიტომ პაციენტისთვის ჰიპოკალორიული დიეტის დანიშვნა და ცხოველური წარმოშობის ცხიმების შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის. პრინციპში, ტერმინი “დიეტა” არც კი უნდა გამოვიყენოთ, რადგან პაციენტებს პრაქტიკულად არც ერთი საკვები არ ეკრძალებათ. რაკი სისხლში გლუკოზის დონეზე პრაქტიკულად მხოლოდ ნახშირწყლები ახდენს გავლენას, ამიტომ დაავადებულმა პირველ რიგში ის უნდა ისწავლოს, რომელი საკვები შეიცავს ნახშირწყლებს და როგორ დათვალოს საკვებში მათი რაოდენობა, ასევე – როგორ გამოთვალოს ინსულინის დოზა იმისდა მიხედვით, რის შეჭმას აპირებს. არც მუდამ ერთსა და იმავე დროს კვება მოეთხოვება. ასეთია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის თანამედროვე სქემა, რომელზეც, ისევე როგორც საზოგადოდ პირველი ტიპის დიაბეტზე, უახლოეს მომავალში დაწვრილებით ვისაუბრებთ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებამდე შემთხვევათა უმრავლესობაში გამოხატულია პრედიაბეტური (წინარედიაბეტური) მდგომარეობა, როდესაც ინსულინრეზისტენტობის გადასაფარად ინსულინის პროდუქცია ორგანიზმში ჭარბად მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. ზედმეტი დატვირთვით მუშაობა ხელს უწყობს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვას და, ამის კვალობაზე, შაქრიანი დიაბეტის კლინიკურ გამოვლენას. ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, პრედიაბეტის მქონეთა 11%-ს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ემართება, სხვა გამოკვლევები კი მიუთითებს რომ პრედიაბეტის მქონეთა უმრავლესობას ათი წლის განმავლობაში დაავადების მანიფესტური ფორმა უვითარდება.
უზმოზე დარღვეული გლიკემიისა თუ გლუკოზისადმი დარღვეული ტოლერანტობის საერთო სახელით – პრედიაბეტით გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენას გვიქმნის, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა საფრთხე გვემუქრება. გარდა იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტის ზღუბლთან ვდგავართ, გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი უკვე პრედიაბეტური მდგომარეობიდანვე 1.5-ჯერ იმატებს.
რომელი ტიპის დიაბეტზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პაციენტისათვის საკუთარი დაავადების მართვის სწავლება შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვის განუყოფელი ნაწილია. უამისოდ დაავადების კომპენსაციის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახლავთ.

ასაწონ-გასარკვევი სიტკბო
წინა გვერდების წაკითხვის შემდეგ თავადაც მიხვდებოდით: დაავადების დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის ეფექტური შეფასებისთვის სისხლში გლუკოზის დონის კონტროლია საჭირო.
იმისდა მიხედვით, მშიერი ვართ, ერთი საათის ნაჭამ-ნასვამი, ორისა თუ სამისა, გლუკოზის დონე საკმაოდ მერყეობს. ნორმაზე წარმოდგენაც სამედიცინო ცოდნის დაგროვებასთან ერთად იცვლება. ასე, მაგალითად: ჯერ კიდევ ათი წლის წინ მშიერზე ნორმად ითვლებოდა <110 მგ/დლ (< 6,1 მმოლ/ლ), შვიდი წლის წინ კი ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაციამ (American Diabetes Association (ADA)  მოგვიწოდა, უზმოზე ნორმად სისხლში გლუკოზის 100 მგ/დლ (5,6 მმოლ/ლ)-ზე ნაკლები მაჩვენებელი ჩავთალოთ. 100 მგ/დლ-სა და 125 მგ/დლ-ს (5,6-6,9 მმოლ/ლ) შორის მაჩვენებელს უზმოზე დარღვეულ გლიკემიას ვუწოდებთ და პრედიაბეტურ მდგომარეობებს მივაკუთვნებთ. ასეთივე მდგომარეობებს მიეკუთვნება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა. საქმე ის არის, რომ ნახშირწყლოვანი საკვების მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე იმატებს, ოღონდ გარკვეულ ფარგლებში, და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ ნორმას უბრუნდება, ზემოხსენებული მდგომარეობის დროს კი მატება გაცილებით მკვეთრია.
ტოლერანტობის განსასაზაღვრად სტანდარტული (ე.წ. ორალური გლუკოზატოლერანტული) ტესტია შემუშავებული: სულ მცირე, 8-საათიანი შიმშილის შემდეგ სისხლს გიღებენ და გლუკოზის დონეს განსაზღვრავენ, ამის შემდეგ კი გლუკოზის ასევე სტანდარტულ ხსნარს სვამთ (ჩვეულებრივ, 75გ გლუკოზას შეიცავს). უზმოზე გლუკოზის მაჩვენებლებზე უკვე ვისაუბრეთ. 75 გ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია არ აღემატება 140 მგ/დლ-ს (7,8 მმოლ/ლ). თუ ანალიზმა 140 მგ/დლ-იდან (7,8 მმოლ/ლ) 200 მგ/დლ-ამდე  (11,1 მმოლ/ლ) გლუკოზა დააფიქსირა, ამას გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევას ვუწოდებთ. უზმოზე _ 126 მგ/დლ-ის (7.0 მმოლ/ლ), ნებისმიერ სხვა დროს კი 200 მგ/დლ (11.1 მმოლ/ლ)-ის ტოლი ან მეტი მაჩვენებელი კი შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს.
ციფრებმა რომ არ დაგაბნიოთ, ცხრილს შემოგთავაზებთ.

ორალური გლუკოზატოლერანტული ტესტი ძალიან ზუსტ მონაცემებს გვაძლევს, თუმცა ადვილად ჩასაბარებელი არ არის. ჯერ ერთი, 8-საათიანი შიმშილი სჭირდება, გლუკოზაც საკმაოდ უსიამოვნო დასალევია, თანაც ამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფრის შეჭმა და დალევა (საღეჭი რეზინის დაღეჭვაც კი) არ შეიძლება. აღარფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს 2 საათი ან კლინიკაშივე უნდა გაატაროთ, ან განმეორებით მიბრძანდეთ.
სკრინიგისთვის ანუ რისკფაქტორების მქონე ადამიანებში პრედიაბეტისა და დიაბეტის გამოსავლენად ეს ტესტი ცოტა არ იყოს მოუხერხებელია, ამიტომ ADA-მ ალტერნატივა გამოძებნა, რომელიც მართლაც იმსახურებს, რომ ოქროს ასოებით ჩაიწეროს დიაბეტთან დაკავშირებული აღმოჩენების სიაში. გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1C) ბოლო 3 თვის განმავლობაში სისხლში შაქრის საშუალო შემცველობას ასახავს. მის გამოსავლენად მნიშვნელობა არ აქვს, ცოტა ხნის წინ რა მიირთვა ადამიანმა. ამ ტესტს უკვე კარგა ხანია იყენებენ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, ანუ იმის გასარკვევად, რამდენად კარგად ახერხებს პაციენტი სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას. როგორც უკვე გითხარით, ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ მისი გამოყენება ახლა უკვე შაქრიანი დიაბეტისა და პრედიაბეტური მდგომარეობების სკრინინგის მიზნითაც გვირჩია.
როცა გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 6,5%-ის ტოლი ან ამაზე მეტია, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს სვამენ. ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში გლიკოზირებული ჰემოგლობინი 5%-ზე ნაკლებია. 5,7%-იდან 6,4%-ამდე მაჩვენებელი კი ე.წ. ნაცრისფერ ზონას მიეკუთვნება და პრედიაბეტურ მდგომარეობას შეესაბამება.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

“ჩვენ სამნი ვართ – მე, შენ და შენი სენი. ორნი ერთს მოვერევით, მარტო კი ვერაფერს გავაწყობ”, – ასე მოძღვრავდა ავიცენა პაციენტებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეები გავიდა, სათქმელს უკეთესად ვერც თანამედროვე ექიმი ჩამოაყალიბებს.

როცა მკურნალობაზე ვსაუბრობთ, უწინარესად ტაბლეტები, შპრიცები, ამპულები გვახსენდება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დასამარცხებლად კი არამედიკამენტური მეთოდები, მეტი რომ არ ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
არამედიკამენტური მეთოდები განსაკუთრებულს არაფერს გულისხმობს: ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობაა. ამ ორი უძლიერესი იარაღით, რომლებიც თავისთავად ხელს უშლის ჭარბი წონის შეძენას, შეგვიძლია, შაქრიანი დიაბეტიც და პრედიაბეტური მდგომარეობაც თავიდან ავიცილოთ.
პრედიაბეტური მდგომარეობის დროსაც შესაძლებელია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას მხოლოდ ცხოვრების წესის მოდიფიკაციით დავაღწიოთ თავი. ვგულისხმობ დიეტათერაპიასა და ფიზიკური აქტივობის გაზრდას. კვებით რაციონში მაქსიმალურად ვზღუდავთ ცხოველური წარმოშვების ცხიმებისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების (მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების) შემცველობას. ნაცვლად ამისა, რაციონს ვამდიდრებთ უჯრედისით, ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლებითა და ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტებით. წონის კლება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, საგრძნობლად აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, აადვილებს არტერიული წნევის მაჩვენებლების დარეგულირებას, ამცირებს  ღვიძლში ცხიმოვან ჩანართებს.
რაც უფრო მეტად მოინდომებს პაციენტი და სხეულის მასის ინდექსის ნორმასთან მიახლოებას შეძლებს, მით მეტად მცირდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობაც. პატარ-პატარა ნაბიჯებიც, ვთქვათ, წონის 5-7%-ით შემცირება (ოთხმოცი კილოგრამი წონის მქონე ადამიანისთვის ეს სულ რაღაც 4-6 კგ-ია) და კვირაში 5-ჯერ ნახევარსაათიანი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვაც, რისკს საგრძნობლად ამცირებს. წონის სწრაფ კლებასა და ისევ მატებას კი ჯანმრთელობისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჯანსაღი ცვლილებები ცხოვრების წესში სამუდამოდ შეგვაქვს და არა მოკლე ხნით.
ცხოვრების წესის გაჯანსაღებას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობაში. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მკურნალობის ეფექტიანობა 70%-ით სწორედ დიეტასა და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. წამლებზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, თუმცა სამივე კომპონენტში ცვლილებები დროულად რომ შევიტანოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ღონისძიებები, რომლებიც უკვე გავატარეთ. მკურნალობის ეფექტს გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის ცვლილებათა მიხედვით ვაფასებთ. თუ გატარებული ღონისძიებებით სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოვახერხეთ, საჭიროა მკურნალობის გაძლიერება.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლების შესახებ სხვადასხვა პროფესიულ საზოგადოებას განსხვავებული შეხედულება აქვს, – შეგიძლიათ, ეს ცხრილშიც ნახოთ, – თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: რაც უფრო ახლოს არის ნებისმიერი პარამეტრი დიაბეტის არმქონე ადამიანების მაჩვენებლებთან, მით უფრო ნაკლებია ქრონიკულ გართულებათა განვითარების ალბათობა.

დიაბეტით დაავადებულმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე დონეც და ამჟამინდელი მაჩვენებელიც. თანამედროვე შეხედულებით, გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სამ თვეში ერთხელ არის საჭირო. რაც შეეხება გლიკემიას, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში თვეში ერთხელ, თუნდაც კვირაში ერთხელ მისი განსაზღვრა მიახლოებით წარმოდგენასაც არ გვაძლევს იმის თაობაზე, როგორ ვახერხებთ დაავადების კონტროლს. კომპენსაციას რომ მივაღწიოთ, პაციენტმა თავადაც რეგულარულად უნდა იკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე. სიხშირეს დანიშნული მკურნალობის მიხედვით ვადგენთ. გლიკემიის თვითკონტროლი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს რეკომენდებულია ან ყოველდღიურად, ან კვირაში სამჯერ მაინც უზმოზე, კვებიდან 2 საათის შემდეგ და ძილის წინ. ინსულინთერაპიის ერთ-ერთი (ე.წ. ბაზის-ბოლუსური) სქემის დროს კი დღეში ოთხჯერ და მეტჯერაც არის აუცილებელი.

ნუ გავართულებთ
განვითარებული ქვეყნები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ შაქრიანი დიაბეტი სერიოზული პრობლემაა, ჩვენთან, პირიქით, შაქრიანი დიაბეტისა განაჩენივით ეშინიათ, თუმცა საბოლოოდ ორივე დამოკიდებულება ერთსა და იმავეს – უმოქმედობას იწვევს და შაქრიანი დიაბეტის გართულებებს უნთებს მწვანე შუქს.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შრომის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. არადა, ეს სულაც არ არის გარდაუვალი აუცილებლობა.
იცით თუ არა, რომ:
შაქრიანი დიაბეტის დროს
- 6-ჯერ მეტია გულის მკვებავი არტერიების დაზიანების საფრთხე;
- 10-20-ჯერ იმატებს მხედველობის დაკარგვის ალბათობა;
- გაცილებით ხშირია თირკმლის უკმარისობა და სწორედ ის არის შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 10-20%-ის სიკვდილის მიზეზი;
- 20-40-ჯერ უფრო ხშირია ფეხის ამპუტაცია. ქვედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანების გამო შესაძლოა წყლულები გაჩნდეს და თუ სამედიცინო ჩარევა დაგვიანდა, ექიმებმა ფეხის გადარჩენა ვერ მოახერხონ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ძალიან ხშირად სისხლში შაქრის მაღალი დონით გამოწვეული სიმპტომებით კი არა, პირდაპირ გართულებებით ვლინდება, ამიტომაც დიაგნოზის დასმისთანავე უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების სკრინინგი. დავაზუსტებთ: ქვემოთ მოყვანილი ჯერადობები მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როცა პროფილაქტიკური გამოკვლევისას დარღვევას ვერ აღმოაჩენენ. როცა დაზიანება დაწყებულია, მკურნალობასაც და განმეორებითი ვიზიტის დროსაც თქვენი ექიმი შეგირჩევთ.

გული
დიაბეტის დროს გულის დასაცავად ამერიკელები ანბანს მიმართავენ. ანბანური რიგის დაცვით თარგმნა ძნელია, ამიტომ მოდი, ინგლისური და გულის დაცვა ერთად ვისწავლოთ:
A  A1c – გლიკოზირებული ჰემოგლობინი (3 თვეში ერთხელ)
B blood pressure – არტერიული წნევის რეგულარული თვითკონტროლი
C cholesterole – ქოლესტეროლისა და მისი ფრაქციების განსაზღვრა, ანუ სისხლის ლიპიდური პროფილი
სამივე მაჩვენებლის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება დიაბეტის კარგი კონტროლის პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობასაც შეამცირებს.

თვალი
ოფთალმოლოგის კონსულტაცია და თვალის ფსკერის დათვალიერება (წელიწადში ერთხელ)

თირკმელი
. მიკროალბუმინურია (შარდის ანალიზი ცილის უმცირესი რაოდენობის აღმოსაჩენად, რათა რაც შეიძლება ადრე დავადგინოთ თირკმლის დაზიანების დასაწყისი) – წელიწადში ერთხელ
. კრეატინინის განსაზღვრა სისხლში (სისხლის ანალიზი თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად)

ქვედა კიდურები
. ნევროლოგის კონსულტაცია და მგრძნობელობის შემოწმება (წელიწადში ერთხელ)
. ანგიოლოგის კონსულტაცია და ქვედა კიდურების არტერიების გამავლობის შემოწმება (წელიწადში ერთხელ)

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა

მეშვიდე წელია, ამა თუ იმ დაავადებაზე საუბარს სწორედ აქ ვწყვეტდით – მედიკამენტური თერაპია, თუ საქმე ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს არ ეხება, იმდენად რთული და კომპლექსური საკითხია, რომ სცილდება პოპულარული სამედიცინო პუბლიცისტიკის კომპეტენციას. ამჯერად კი გადავწყვიტეთ, შაქრის დამწევ მედიკამენტთა ჯგუფებზე გიამბოთ. ამთავითვე დავაზუსტებთ: ერთი სტატია ვერ შეცვლის სამედიცინო უნივერსიტეტში თუ კლინიკური პრაქტიკის დროს შეძენილ ცოდნას. რა შთაბეჭდილებაც არ უნდა დაგრჩეთ, არავითარ შემთხვევაში არ 
გაქვთ უფლება, შეცვალოთ ექიმის მიერ დანიშნული წამალი. სამაგიეროდ, უფლება გაქვთ იცოდეთ, როგორია თანამედროვე სამედიცინო საზოგადოების მიდგომა თქვენი დაავადების მკურნალობისადმი, უფლება გაქვთ, ექიმს იმის ახსნა სთხოვოთ, რატომ მიაჩნია უმჯობესად ეს (და არა სხვა) სქემა. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია კი, ვფიქრობთ, ასეთი საუბრის წარმართვაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი ზოგადი განმარტება: ნებისმიერ წამალს კომერციულ სახელთან (ბრენდთან) ერთად საერთაშორისო სახელი – ე.წ ჯენერიკიც აქვს. ვინაიდან ბრენდი ძალიან ბევრია, შეფუთვაზე ყოველთვის არის მითითებული მედიკამენტის ჯენერიული დასახელებაც. ასე, მაგალითად: სიორალის კოლოფზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჯენერიკიმეტფორმინი. ქვემოთ წამლების მხოლოდ საერთაშორისო დასახელებებს შევეხებით.
შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაციისთანავე ცხოვრების წესის გაჯანსაღებასთან ერთად (დიეტა და მეტი ფიზიკური აქტივობა) ინიშნება მედიკამენტური თერაპია, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, არჩევანი მეტფორმინის სასარგებლოდ კეთდება. ეს პრეპარატი აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, ხელს უწყობს პერიფერიულ ქსოვილებს, უპირველეს ყოვლისა – კუნთებს, გლუკოზა შეითვისონ; ხელს უშლის ღვიძლში არსებული მარაგიდან გლუკოზის გამოთავისუფლებას, რაც უზმოზე სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზაციას უწყობს ხელს; ააქტიურებს გლუკოზის ჟანგბადის გარეშე დაშლას და ამცირებს წვრილ ნაწლავში მის შეწოვას. ამავე დროს მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის პროდუქციას პანკრეასის β უჯრედების მიერ; ამ პრეპარატის მიღების ფონზე გლუკოზის დონე ნორმაზე მეტად არ მცირდება. პრეპარატი არც წონის მატებას უწყობს ხელს.
მეტფორმინით მკურნალობა ასევე ხელს უწყობს ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას, რის გამოც დადებით ეფექტს ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე.
თუ ასეთი მკურნალობით გლუკოზის დონისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლებს ვერ მივაღწიეთ, მკურნალობის გაძლიერება გვიხდება. ცხოვრების სტილის მოდიფიკაციასა და მეტფორმინს სხვა –  ჩვეულებრივ, სულფანილშარდოვანას ჯგუფის – პრეპარატს ვუმატებთ. სულფანილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები აძლიერებენ პანკრეასის β უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას. მათ საკმაოდ გამოხატული შაქარდამწევი ეფექტი აქვთ და შესწევთ უნარი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი საშუალოდ 1,5%-ით დააქვეითონ. მაგრამ სულფანილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის ფონზე მიღწეული ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციის ხანგრძლივობა შედარებით დაბალია. ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება მეტ-ნაკლებად უკავშირდება წონის მატებას (დაახლოებით 2 კგ-ით) და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის ნორმაზე მეტად დაწევის) ეპიზოდების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პანკრეასის β უჯრედების ქრონიკული სტიმულაცია ხელს უწყობს მათ თანდათანობით გამოფიტვას და რამდენიმე წლის შემდეგ გამოხატული ინსულინდეფიციტის განვითარების საფრთხეს ქმნის.
არსებობს ალტერნატივაც: სულფანილშარდოვანას პრეპარატის ნაცვლად ცხოვრების სტილის მოდიფიკაციასა და მეტფორმინს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ინექციები დავამატოთ. ხაზს ვუსვამ: არ არის მართებული, გართულებების ჩამოყალიბებას დაველოდოთ და ინსულინი მაშინღა დავნიშნოთ, როცა სხვა ყველა გზა ამოწურულია. სავსებით გასაგებია, რომ მრავალ პაციენტს ინექციას აბი ურჩევნია, მაგრამ შიში ამ პრეპარატის წინაშე სრულიად უსაფუძვლოა. არის შემთხვევები, როდესაც დაავადების დადგენისთანავე ინსულინთერაპიის დანიშვნა ჯობს. მაგალითად, მაშინ, როცა გლიკოზირებული ჰემოგლობინი 10%-ზე მეტია, პლაზმური გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 250 მგ/დლ-ს (13,9 მმოლ/ლ-ს) აღემატება ან პაციენტმა უმიზეზოდ დაიკლო წონა.
მეტფორმინიც, სულფანილშარდოვანას პრეპარატებიც და ინსულინიც დროის მიერ არის გამოცდილი, მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ მეტი ვიცით და ამიტომაც გვირჩევენ ექსპერტები, არჩევანი პირველ რიგში მათზე შევაჩეროთ. ამავე დროს ბაზარზე გამუდმებით შემოდის ახალი პრეპარატები, ექიმები გამუდმებით ვეძიებთ მკურნალობის უკეთეს მეთოდებს, მაგრამ ძველზე უარს მხოლდ მაშინ ვამბობთ, როცა დამტკიცდება, რომ ნოვაცია ნამდვილად უკეთესია. ამ ერთგვარ კონსერვატიზმს სწორედ უკეთესის მიგნებისა და პაციენტთა კეთილდღეობის სურვილი უდევს საფუძვლად.
შედარებით ახალი პრეპარატებია გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 ანალოგების (ინკრეტინების) ჯგუფი. ეს მედიკამენტები პანკრეასის β უჯრედებს გლუკოზის დონის მომატებისას ინსულინის გამოყოფაში ეხმარება. გლიკემიის კონტროლთან ერთად ინკრეტინები ხელს უწყობენ წონის კლებას, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას, არტერიული წნევის დაქვეითებს და, სავარაუდოდ, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს. ინკრეტინები კი არ ფიტავენ პანკრეასის β უჯრედებს, არამედ პირიქით, ხელს უწყობენ მათ შენარჩუნებას, ისევე როგორც ღვიძლის ცხიმოვანი დაზიანების უკუგანვითარებას. მოქმედების ნატიფი მექანიზმის წყალობით ინკრეტინებით მკურნალობის ფონზე ჰიპოგლიკემიის განვითარების (შაქრის დონის დაცემის) რისკი ძალიან დაბალია.
მიუხედავად ესოდენ სახარბიელო წინასწარი მონაცემებისა, წლებია საჭირო, რომ გამოცდილება დაგროვდეს და საბოლოო დასკვნის გაკეთება შევძლოთ. პრეპარატთა ეს ჯგუფი საქართველოში რეგისტრირებული არ არის.
დიდი შეცდომაა, რომ როცა ვერ აღწევენ გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლებს, მკურნალობის სქემაში საჭირო კორექტივები დროულად არ შეაქვთ. თუ პრეპარატების დანიშნული კომბინაციით სათანადო შედეგი ვერ მიიღწევა, მკურნალობის კორექცია დაახლოებით 3 თვეში უნდა მოხდეს. ინსულინთერაპიის დროული დანიშვნა პაციენტს შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების განვითარებისგან იცავს.

ყველაფერი კარგად იქნება
“მე დამოკიდებული ვარ დიაბეტზე, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი ვარ ცხოვრებაში”, – ხშირად ამბობენ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები,  რომელთა შორის ბევრი სიცოცხლით სავსე და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი სტუმარი ბექა გიორგაძე გახლავთ.
15 წლამდე თანატოლებივით ცხოვრობდა –  სკოლაში დადიოდა, კალათბურთს თამაშობდა... ერთ ზამთარს კი მადა დაკარგა და გახდა. მხოლოდ წყალს ეძალებოდა. ექიმთან მიიყვანეს. ანალიზებმა შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა – 312 აჩვენა...
ბექამ იოლად შეეგუა იმ აზრს, რომ მისი დიაგნოზი – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – სამუდამო დიეტას, ნემსებს და ცხოვრების სრულიად ახალ რეჟიმს ნიშნავდა. პროფესიულ სპორტს თავი დაანება (ეს ნაბიჯიც შეგნებულად და მშვიდად გადადგა), თუმცა აქტიურ ცხოვრებაზე უარი არ უთქვამს –  ცურავდა, დარბოდა. “არავითარი დეპრესია, კომპლექსი, იმედგაცრუება... დიაბეტი წარმოვიდგინე ცხოვრების ჩვეულებრივ, თუმცა ადრინდელისგან ოდნავ განსხვავებულ, უფრო ჯანსაღ წესად, რომელიც საკუთარი თავის მიმართ მეტ ყურადღებას, მეტ მზრუნველობას მოითხოვს”.
შემდეგ ინსულინთერაპია დაუნიშნეს. ინსულინის წყალობით მადაც მოემატა. თავდაპირველად ჰორმონის დიდ დოზას იღებდა, შემდეგ შეუმცირეს.
დიაბეტი რომ აღმოაჩნდა, დედაც მალევე გარდაეცვალა. ვეკითხები: “არ გაგიჭირდა დამოუკიდებლობას მიუჩვეველს, ჯერ კიდევ ბავშვს, ამ რთული  რეჟიმის დაცვა?” მპასუხობს: “თავადაც ძალიან მონდომებული ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა სასწაული ჩაიდინა –  იყიდა უამრავი რვეული, სადაც დაწვრილებით იწერდა ჩემს მონაცემებს. ინსულინის გაკეთებისა და კვების საათებს ლამის წამებში აკონტროლებდა. ბებიამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. გავიზარდე და მამაჩემიც შედარებით დამშვიდდა, ძველებურად აღარ დამკანკალებს თავს, მაგრამ ბებია  დღემდე ძალიან ბევრს აკეთებს ჩემი ჯანმრთელობისთვის. დღეში რამდენჯერმე მირეკავს, ჭამისა და წამლის გაკეთების დროს მახსენებს, საჭმელს მიმზადებს, თან მყვება”.
ამასობაში დაამთავრა სკოლა, პირველსავე წელს ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. დაამთავრა მაგისტრატურაც. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, როგორც თვითონ მითხრა, მუშაობს და მუშაობს. ახლა 26 წლისაა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი შპს-ის იურისტია.
სიტყვამ მოიტანა და ერთ კურიოზსაც მომიყვა ღიმილით: “შპრიცი, რომლითაც ინსულინს ვიკეთებ, კალამს ჰგავს, ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ შპრიცია, მაგრამ ადრე, სანამ ასეთი კალმები შემოვიდოდა, ჩვეულებრივ ინსულინის შპრიცს ვხმარობდი. ერთხელ სტადიონზე ვიყავი. ნემსის გაკეთების დრო რომ მომივიდა, ავდექი და გამოვედი, კიბესთან გავჩერდი და ნემსი ამოვიღე. გასაკეთებლად მოვემზადე და მეცნენ კიდეც ფორმიანები –  რას შვრებიო. ინსულინის ვიკეთებ-მეთქი. ვიცით, ვიცით, რა ინსულინიც არისო, ირონიულად მიპასუხეს. ჩემდა ბედად, ერთ-ერთმა მათგანმა წამლის სახელწოდება წაიკითხა და სიმართლეც გაირკვა. დიდი ბოდიშები მიხადეს და თავი დამანებეს. ერთი კი ვუთხარი – თქვე კაი ხალხო, ნარკოტიკის გაკეთება რომ მინდოდეს, სამოცი ათასი კაცის თვალწინ გავიკეთებდი-მეთქი?!”
თურმე ათი წელი იცვლიდა ექიმებს, მაგრამ შაქარი ვერც ერთმა ვერ დაურეგულირა. ”ამას ფიზიკურადაც ვგრძნობდი – დაღლილობა, სისუსტე, უხასიათობა დამჩემდა. დავდიოდი ასე,  ერთი ექიმისგან მეორესთან და ბოლოს ნინო ექიმმა მომცა ის, რაც ჩემს ჯანმრთელობას სჭირდებოდა”.
“ნინო ექიმი” “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი გახლავთ. ბექა მასთან საკუთარი დის რჩევით მოხვდა. “ჩემი და, გვანცა, “ავერსის კლინიკის” ნევროლოგია. ნინოზე მითხრა, ძალიან კარგი სპეციალისტიაო. მეც მივედი და არც მინანია. ახალი და უფრო ეფექტური მკურნალობა დამინიშნა და შაქარი თვალის დახამხამებაში მომიწესრიგა. თვითონვე ვატყობ, რომ უკეთ ვარ. რაც მთავარია, არავითარი საკვები არ მეკრძალება. წამლის დოზას პურის ერთეულების (საკვებში ნახშირწყლების რაოდენობის დათვლის მოხერხებული და მარტივი სისტემის) მიხედვით ვსაზღვრავ. მაქვს შაქრის საზომი აპარატი, რომელსაც სულ თან ვატარებ, დღეში ოთხჯერ თავად ვიზომავ შაქარს და ვიკეთებ ინსულინს. ამ პროცედურას მაქსიმუმ სამი წუთი მიაქვს. ასეთმა რეჟიმმა ენერგიაც შემმატა. თვეში ათ დღეს სპორტს ვუთმობ. ზედმეტი წონა მქონდა, მაგრამ რაც ინსულინის დოზები დავარეგულირეთ, წონაც ნორმაში ჩადგა.
ბედმა გამიღიმა, რომ ასეთი ექიმი შემხვდა. ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, საოცრად თბილი, დახვეწილი. ამდენი ექიმი გამოვიცვალე, მაგრამ თურმე ისიც არ მცოდნია, რა მჭირდა, ნინომ კი პირველსავე კონსულტაციაზე მარტივად და გასაგებად ამიხსნა, რა არის დიაბეტი. დამაჯერა, რომ ეს უკეთესი, მოწესრიგებული და ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
მკურნალობა რომ დავიწყეთ, დღეში სამ-ოთხჯერ ვურეკავდი; მე თუ არ დავურეკავდი, თვითონ მეხმიანებოდა. უცხოეთში, კონფერენციაზე რომ იყო, მაშინაც კი პოულობდა დროს, მიკავშირდებოდა და რჩევებს მაძლევდა. ყველაფერი გააკეთა ჩემი ჯანმრთელობისთვის. რასაც შემპირდა, შეასრულა... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – რაც ნინოსთან დავიწყე მკურნალობა, თითქოს ჩემი ცხოვრებაც უფრო და უფრო უკეთ წარიმართა.
დიაბეტით დაავადებულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც დიაგნოზი ახლახან დაუსვეს, მინდა ერთი რამ ვუთხრა: მიიღეთ დიაგნოზი როგორც ცხოვრების მორიგი გამოწვევა და არა როგორც განაჩენი. თუ ნებისყოფას მოიკრებთ, დაავადებას კარგად გაიცნობთ და მის მართვას ისწავლით, დიაბეტი თქვენს ცხოვრებისეულ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. უკვე აქტიური სპორტისთვის თავის დანებებაც აღარ არის აუცილებელი. ის კი არა, დიაბეტით დაავადებულები ოლიმპიადებშიც იმარჯვებენ... ერთი სიტყვით, ნუ შეშინდებით. ყველაფერი კარგად იქნება”.

ორსულობა და ფარისებრი ჯირკვალი

მწყობრიდან გამოსულმა ფარისებრმა ჯირკვალმა უამრავ პრობლემას შეიძლება დაუდოს სათავე, ინტელექტუალური პოტენციალის შემცირებიდანდაწყებული, ბავშვისა და თვით დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნით დამთავრებული. როგორ გამოვავლინოთ ხინჯი მის მუშაობაში? როგორ ვაიძულოთ, თავისი ფუნქცია უზადოდ შეასრულოს? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი.

– ქალბატონო ნინო, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ორსულობისას? რომელი მათგანი გვხვდება ყველაზე ხშირად და სასწრაფო დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს?
– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ქალებში ძალიან ხშირია, თანაც ორსულობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, რაც ფარულად მიმდინარე პათოლოგიის გამომჟღავნებას ანდა უკვე არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ხაზს სიხშირისა და მძიმე გართულებების გამო ჰიპოთირეოზს  (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას) გავუსვამდი. მის ფონზე მიმდინარე ორსულობისას საკმაოდ მაღალია ისეთ გართულებათა განვითარების რისკი, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის წნევის მომატება), ანემია (სისხლნაკლებობა), სპონტანური აბორტი, პლაცენტის აშრევება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენები. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვება ჰიპოთირეოზს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ვიდრე ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყოს. კლინიკური გამოკვლევების თანახმად, თუ ჰიპოთირეოზის მქონე ორსულები არ იტარებდნენ ან არასათანადო დოზით იტარებდნენ თერაპიას თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებით, მოსალოდნელია, მათ შვილებს თანატოლებთან შედარებით 7 ქულით დაბალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ჰქონდეთ და სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდეთ სწავლის პრობლემები. ასე რომ, დარღვევის დროული გამოვლინება და მკურნალობა დიდ მნიშვნელობას იძენს. – რა იწვევს ჰიპოთირეოზს და რამდენად ხშირად გვხვდება ორსულებში?
– ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი იწვევს. ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის. სტატისტიკის თანახმად, თირეოიდული აუტოანტისხეულები რეპროდუქციული ასაკის ქალების 5-15%-ს აქვს. დადგენილია, რომ ჰიპოთირეოზი ხელს უშლის ჩასახვას, თუმცა ორსულობათა 2-3% – სუბკლინიკური, 0.3-0.5% კი გამოხატული ჰიპოთირეოზის ფონზე ვითარდება. 
– გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველა ორსულმა ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს? თუ არსებობს შედარებით მარტივი გამოკვლევა, რომელიც ორსულს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციობს და არც მას და არც მის მომავალ შვილს საფრთხე არ ემუქრებათ?
– ყველა ორსულის ენდოკრინოლოგთან რეფერალი საჭირო არ არის. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ოჯახის ექიმმა და გინეკოლოგმაც შეიძლება გამოავლინონ და მხოლოდ მათი დადასტურების შემდეგ, დიაგნოზის შემდგომი დაზუსტებისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, ურჩიონ ქალს ენდოკრინოლოგთან მისვლა.
ძირითადი ორიენტირი და ობიექტური კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონეა. მას თავის ტვინში არსებული ჯირკვალი ჰიპოფიზი გამომიმუშავებს. TSH არეგულირებს ფარისებრი 
ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. თირეოიდული ჰორმონების დონის შემცირებისას TSH-ის რაოდენობა იმატებს, ხოლო მომატებისას, პირიქით, იკლებს. ოღონდ ლაბორატორიული კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას სიფრთხილეა საჭირო. საერთო პოპულაციისთვის მიღებული ნორმა, 0.4-4 მმოლლ, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს პაციენტთა ნაწილს ჰიპერთირეოზის დიაგნოზს უსვამს, ჰიპოთირეოზის შემთხვევათა ნაწილი კი ყურადღების მიღმა რჩება. ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის  ბოლო რეკომენდაციით, ორსულობის I და II ტრიმესტრებში TSH 0.03-2.5 მმოლლ-ის დიაპაზონში უნდა მერყეობდეს, ხოლო III ტრიმესტრში – 0.13-3 მმოლლ-ის დიაპაზონში. ორსულობის მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექიმებს ვურჩევდი, ყველა პაციენტს ორსულობის დადგენისთანავე ჩაუტარონ TSH-ის სკრინინგი და თუ მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს სცილდება, დაუყოვნებლივ ენდოკრინოლოგთან მისვლა ურჩიონ. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში კი სავსებით საკმარისია, მომავალი დედის ორგანიზმი მთელი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უზრუნველვყოთ საკმარისი რაოდენობის იოდით.

– რატომ აქვს იოდის საკმარისი რაოდენობით მიღებას ასეთი დიდი მნიშვნელობა?
– იოდი გახლავთ სუბსტრატი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად. ნაყოფის ნელ-ნელა განვითარებადი ფარისებრი ჯირკვლისთვის ეს ელემენტი აუცილებელია. ადეკვატური კორექციის გარეშე დატოვებული იოდის მძიმე დეფიციტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნევროლოგიური დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ.
– იოდი მედიკამენტური სახით ყველა ორსულმა უნდა მიიღოს?
– რამდენიმე წლის წინ მართლაც ყველა ორსულს უნიშნავდნენ 200 მკგ იოდს. დღეისთვის ეს შეხედულება გადაიხედა. გადაწყვეტილებას უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ვიღებთ. უნდა გავითვალისწინოთ, ითვლება თუ არა იოდდეფიციტურად რეგიონი და რამდენად აქტიურად მოქმედებს მარილის უნივერსალური იოდირების პროგრამა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი მარილი, რომელიც კი ქვეყანაში შემოდის და იყიდება, იოდირებულია. ამ შემთხვევაში რეგიონი მძიმე იოდდეფიციტის ზონად აღარ ჩაითვლება. რა გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, მარილის უნივერსალური იოდირება მიღწეულია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას. თუ TSH ნორმის ფარგლებშია, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმმა მხოლოდ პაციენტის კვების თავისებურებანი უნდა გაარკვიოს (ანუ რამდენად ხშირად მიირთმევს თევზს, კივის – იოდით ბუნებრივად მდიდარ პროდუქტებს) და თუ უარყოფითი პასუხი მიიღო, დაუნიშნოს ქალს იოდის შემცველი პრეპარატი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის შემთხვევაში კი იოდის დანიშვნის საკითხს მხოლოდ ენდოკრინოლოგი წყვეტს.
– თუ TSH-ის სკრინინგმა ჰიპოთირეოზი გამოავლინა, აქვს თუ არა დედას საფუძველი, დარწმუნებული იყოს, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში მისი შვილის ინტელექტუალურ პოტენციალს შემცირების საფრთხე არ დაემუქრება? ბევრ ქალს ჰორმონების მიღებისა ეშინია – რატომღაც ჰგონია, რომ ეს მისთვისაც და ნაყოფისთვისაც სახიფათოა.
– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საფრთხეს ქმნის სწორედ ჰორმონის დეფიციტი. თუ დეფიციტი სრულყოფილად შევავსეთ, ყოველგვარი გართულების რისკი საშუალო პოპულაციურს გაუტოლდება. ბუნებრივია, რაც უფრო მალე მოვახერხებთ ჰიპოთირეოზის კორექციას, მით უკეთესი. იდეალურ შემთხვევაში სჯობს ჰიპოთირეოზის მქონე ქალმა ექიმს ორსულობის დაგეგმვამდე მიმართოს და დაავადების მართვა ისე მოხერხდეს რომ ჩასახვის მომენტისთვის TSH-ის დონე არ აღემატებოდეს 2,5 მმოლლ-ს. ორსულობის დადასტურებისთანავე უნდა შემოწმდეს TSH და ჩატარდეს დოზის კორექცია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სანამ ნაყოფს თავისი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყონ. ჩვეულებრივ, ორსულობისას თიროქსინის დოზის გაზრდა 30-50%-ით არის საჭირო. თუ დაორსულება ჰიპოთირეოზის ფონზე მოხდა, თიროქსინი დიაგნოზის დადასტურებისთანავე უნდა დაინიშნოს, განურჩევლად იმისა, ორსულობის რომელ ვადაზე თუ ტრიმესტრში მოხერხდება ეს. 
– როგორია ექიმის ტაქტიკა საპირისპირო შემთხვევაში, როცა ჰორმონის დეფიციტი კი არა, პირიქით, სიჭარბე შეინიშნება?
– როგორც გითხარით, TSH-ის ნორმის ქვედა ზღვარი ორსულებს ზოგად პოპულაციასთან შედარებით დაბალი აქვთ. ორსულობის დროს მაღალია ქორიონული გონადოტროპინის დონე, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს. ამის გამო ორსულობისას (განსაკუთრებით – მის პირველ ტრიმესტრში) TSH-ის ფიზიოლოგიურ სუპრესიას (დაქვეითებას) ვხვდებით. ამიტომ ამ ჰორმონის დაბალი კონცენტრაციის დადგენისას აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ზემოხსენებულ ფიზიოლოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე თუ თირეოტოქსიკოზით (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სიჭარბით) მიმდინარე რომელიმე დაავადებასთან, უკანასკნელ შემთხვევაში კი კონკრეტული დიაგნოზის დასმაა საჭირო. თირეოტოქსიკოზის მიზეზი შესაძლოა იყოს გრეივსის დაავადება, კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი ან რომელიმე დესტრუქციული თირეოიდიტის თირეოტოქსიკური ფაზა. 
გრეივსის დაავადება აუტოიმუნური დაავადებაა, რომელის მიზეზიც გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის (ხშირად – თვალბუდის სტრუქტურებისაც) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა. ეს ანტისხეულები პლაცენტაშიც გადიან, ამიტომ თუ დედას გრეივსის დაავადება აქტიურ ფაზაში აქვს, შესაძლოა, ბავშვს დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი განუვითარდეს, მაგრამ ენდოკრინული ოფთალმოპათია, დღემდე დაუდგენელი მიზეზით, ბავშვს არ უვითარდება.
– თუ აქვს რაიმე თავისებურება გრეივსის დაავადების მკურნალობას ორსულებში?
– დაავადების სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის მაბლოკირებელი პრეპარატებია მოწოდებული. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთი მედიკამენტი პლაცენტურ ბარიერს გადის, ამიტომ ნაყოფისთვის უვნებელი წამალი უნდა შეირჩეს. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დოზის შერჩევას, რომ დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და ნაყოფი ჰიპოთირეოზისგან დავიცვათ. თუ ქალი გრეივსის დაავადების საწინააღმდეგო კონსერვატიულ მკურნალობას დაორსულებამდე იტარებდა, შესაძლოა, პრეპარატის შეცვლა გახდეს აუცილებელი.
თუ გრეივსის დაავადების დიაგნოზი დაორსულებამდე დაისვა, განსაკუთრებით – მორეციდივე და აგრესიული მიმდინარეობისას, სჯობს, ქალმა ჩასახვა მკურნალობის დასრულებამდე გადადოს. ამ შემთხვევაში მკურნალობა მდგომარეობის დასტაბილურებას და შემდგომ ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჰიპოთირეოზი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებას მოითხოვს, ასეთი მკურნალობის ფონზე კი ქალს თავისთვის ან ნაყოფისთვის რისკის გარეშე შეუძლია, შთამომავლობის გაგრძელებაზე იფიქროს.
– ახდენს თუ არა ორსულობა გავლენას ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვან წარმონაქმნებზე? თუ ახდენს, რას ურჩევდით ორსულებს ამ გავლენისგან თავის დასაღწევად?
– თუმცა ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის, რამდენიმე გამოკვლევამ ცხადყო, რომ ასიდან 60 შემთხვევაში ორსულობამდე არსებული კვანძები ორსულობისას ზომაში იმატებს, 20 შემთხევვაში კი ახალი ჩნდება. ამავე დროს, როგორც ჩანს, ორსულობა არ ახდენს არასასურველ გავლენას ფარისებრ ჯირკვალში ავთვისებიანი პროცესების განვითარებაზე.
თუ კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოზი ორსულობის დროს დაისვა, მისი მონიტორინგი ნაყოფისთვის უვნებელი ულტრაბგერითი გამოკვლევით უნდა მოხდეს. თუ კვანძი სწრაფად იზრდება და არსებობს ეჭვი მის ავთვისებიან ბუნებაზე, ორსულობა არ არის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსიის წინააღმდეგჩვენება, ოღონდ ეს გამოკვლევა ორსულობის მეორე ტრიმესტრში უნდა მოხდეს, როცა ბავშვის ორგანოების ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია. ამავე ვადაზე სჯობს ოპერაციული მკურნალობის ჩატარებაც, თუმცაღა, არსებული მონაცემებით, ნელა მზარდი ავთვისებიანი კვანძების ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე თვით გადადება პროგნოზს არ აუარესებს. გადაწყვეტილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ.
– სახიფათო ხომ არ არის იოდის მიღება, როცა ქალს ფარისებრი ჯირკვლის კვანძები აქვს?
– იოდის ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა კვანძი ფუნქციურად აქტიური გახადოს, ამიტომ იოდის დანიშვნის საკითხი ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ენდოკრინოლოგმა. სწორედ ამის გამო ვართ იოდის მასობრივად დანიშვნის წინააღმდეგნი. ჯობს, პრეპარატის დანიშვნას წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის პალპაციით ან ულტრაბგერით გამოკვლევა და TSH-ის განსაზღვრა.

ქალური ჰორმონები

წმინდა ჰორმონული ბალანსი
ბოროტ (ან არც ისე ბოროტ) ენებს თუ დავუჯერებთ, სამყაროს ჰორმონები მართავენ – სწორედ ისინი განაგებენ ადამიანის ქმედებებს, ზრახვებსა და მისწრაფებებს. თუ ამ მოსაზრებაში იოტისოდენა სიმართლე მაინც არის, მაშინ იოლი ასახსნელია, რატომ იქცევიან ქალები ალოგიკურად. იტყვით, მდედრები ჰორმონებს ემონებიან – საითაც ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უბიძგებენ, იქით მიილტვიანო. სინამდვილეში ჰორმონებს გაცილებით მეტი შეუძლიათ!

ყველაზე ქალური ჰორმონი
ეს ესტროგენები გახლავთ. სწორედ მათი დამსახურებაა, სუსტი სქესის წარმომადგენელი მიმზიდველი და “ქალური” რომ არის. ესტროგენები (ესტრადიოლი და ესტრიოლი) ძირითადად საკვერცხეებში, უფრო ზუსტად, მომწიფებულ ფოლიკულებში სინთეზდება, თუმცა ცოტაოდენს თირკმელზედა ჯირკვალიც წარმოქმნის. ეს ორი ჰორმონი ქალის რეპროდუქციული (გამრავლების) ფუნქციის მთავარი ელემენტია და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს. მათ შორის უფრო აქტიური ესტრადიოლია, თუმცა ორსულობის დროს მთავარ როლს მაინც ესტრიოლი ასრულებს (მისი სიმცირე ზოგჯერ ნაყოფის განვითარების დეფექტზე მიუთითებს).
სწორედ ესტროგენებს უნდა ვუმადლოდეთ  ქალურ ფორმებს, სინაზესა და სინარნარეს, ემოციურობას, თვინიერებას, რბილ და დამყოლ ხასიათს. ესტროგენები უჯრედთა განახლებას აძლევენ ბიძგს, რისი წყალობითაც კანი ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს, თმა კი ბზინვარებას.
თუ ესტროგენების ლიმიტი ამოიწურა, ხელებსა და სახეზე თმა აბიბინდება, ხოლო სიჭარბისას სხეული მეტისმეტად ჩამრგვალდება, ცხიმი უპირატესად თეძოებისა და მუცლის არეში ჩალაგდება. ამდენად, ქალური მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად ესტროგენების ნორმალური დონე აუცილებელი პირობაა.
ესტრიოლისა და ესტრადიოლის სიჭარბის მიზეზი შესაძლოა საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე იყოს. ხშირია მათი ჰიპერპროდუქცია ჭარბი წონის დროსაც.
ესტროგენების დეფიციტს უმეტესად ოვულაციის (მწიფე კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გადმოსროლის) არარსებობა განაპირობებს. ამ დროს ირღვევა მენსტრუაციულ ციკლი, ყალიბდება უნაყოფობა, შეიმჩნევა ლორწოვანი გარსების სიმშრალე (მათ შორის – საშოს ლორწოვანი გარსისაც), დეპრესია, შრომის უნარის დაქვეითება.

პროგესტერონის შესაძლებლობები
როგორც ესტროგენები, პროგესტერონიც ძირითადად საკვერცხეებში (ყვითელ სხეულში) გამომუშავდება, ძალიან ცოტა – თირკმელზედა ჯირკვლებში,  ხოლო ორსულობის მე-16 კვირიდან მის სინთეზს პლაცენტა იწყებს.
პროგესტერონს სამართლიანად უწოდებენ ორსულობის ჰორმონს: ის ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (ჩანერგვისთვის), შემდეგ კი ენდომეტრიუმს (საშვილოსნოს ამომფენ ლორწოვან გარსს) აშრევებაში უშლის ხელს, ამცირებს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარს, ხელს უწყობს საშვილოსნოს ზრდას...
პროგესტერონის დეფიციტი იწვევს უნაყოფობას, ზრდის სპონტანური აბორტის საფრთხეს, არღვევს მენსტრუაციულ ციკლს.
ამ ჰორმონის დონის მატება ჩვეულებრივ თუ პათოლოგიაა, ორსულობის დროს ნორმად ითვლება.

მჰ და ფმჰ
ანუ მალუთეინიზებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონები, რომლებიც თავის ტვინის ერთ-ერთ ჯირკვლოვან უბანში – ჰიპოფიზში წარმოიქმნება. ფმჰ ფოლიკულების ზრდა-განვითარებას განაგებს, ხოლო მჰ საკვერცხეებზე ზემოქმედებს და ესტროგენების პროდუქციას ასტიმულირებს.
მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის მომატების მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, შეიძლება იყოს საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპოფიზის სიმსივნე. ნაკლებად საშიში მიზეზებიდან აღსანიშნავია სტრესი, მკაცრი (შიმშილობამდე მისული!) დიეტა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის – ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში.
ჰორმონის დონე იკლებს ჭარბი წონის დროს (შესაძლოა, პირიქითაც მოხედს – სიმსუქნე თავად მჰ-ის დეფიციტმა გამოიწვიოს), ასევე – ისეთი გენეტიკური პათოლოგიების შემთხვევაში, როგორიც არის კლაინფელტერის, შერეშევსკი-ტერნერის და სხვა სინდრომები. მჰ-ის დონე ორსულობის დროსაც მცირდება, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია.
ვინაიდან მალუთეინიზებელი ჰორმონი ოვულაციაზე მოქმედებს, მისი სიმცირის დროს უნაყოფობის პრობლემა იჩენს თავს.
ფმჰ-ის სიჭარბეს ჰიპოფიზის სიმსივნე და საკვერცხეების ფუნქციის ნაკლოვანება იწვევს. გარდა ამისა, დადასტურებულია ამ ჰორმონის დონის მატება ალკოჰოლის ჭარბი მიღების, რენტგენის სხივების ზემოქმედების შემდეგ. მენოპაუზის დროს კი ფმჰ-ის სიჭარბე ნორმად ითვლება.
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დეფიციტი ჭარბი წონისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ვითარდება. ამ დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი – როგორც წესი, ვითარდება ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა).

ჰორმონი რძისთვის
პროლაქტინი ჰიპოფიზში წარმოიქმნება. მისი ზეგავლენით ვითარდება და იზრდება სარძევე ჯირკვლები და, რაც მთავარია, წარმოიქმნება რძე. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამ ჰორმონის დონე იმატებს, რაც ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში კი მისი სიჭარბე პათოლოგიად მიიჩნევა. მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა (ხშირად – სიმსივნის გამო), ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაკნინება), საკვერცხეების პოლიკისტოზი, აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა), ვიტამინ B6-ის დეფიციტი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი.
პროლაქტინის დონის მატების ერთ-ერთი ნიშანი ძუძუდან რძის ან ხსენის ჟონვაა. ხშირია აგრეთვე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, სრული გაქრობაც კი, და უნაყოფობა.

არის ქალში რაღაც... მამაკაცური!
და ეს ანდროგენები ანუ მამაკაცური ჰორმონები ყოფილა, რომლებიც, თუმცა არცთუ ისე დიდი ოდენობით, თირკმელზედა ჯირკვალში წარმოიქმნება.
ერთი შეხედვით, რაში უნდა სჭირდებოდეს მდედრს მამრის ჰორმონი? რეალურად კი ანდროგენების გარეშე (რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური  ტესტოსტერონია) ქალის არსებობა წარმოუდგენელი ყოფილა: თურმე სწორედ მათი წყალობით აღეძვრება ქალს ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ; გარდა ამისა, ანდროგენები  განსაზღვრულ გავლენას ახდენენ თავის ტვინის, ძვალკუნთოვანი სისტემის, ცხიმის ჯირკვლების მუშაობაზე; დაბოლოს, ზოგიერთი ქალური ჰორმონი სწორედ ტესტოსტერონისგან სინთეზდება.
ტესტოსტერონის დონის მატებას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ან ჰიპოფიზის ჰორმონების ზეგავლენით მათი ჰიპერფუნქცია, საკვერცხეების სიმსივნური გადაგვარება, პოლიკისტოზი. ანდროგენების დეფიციტი უფრო იშვიათია. მისი მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება, ჭარბი წონა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეგეტარიანული კვებაც კი.
როდესაც ორგანიზმში ანდროგენების დონე იმატებს, ქალს სხეულზე ჭარბად ეზრდება თმა, სახეზე აკნე გამოეფინება, აგრესიული ხდება, ხოლო თუ ტესტოსტერონის ჰიპერპროდუქცია დიდხანს გაგრძელდა, ქალური ფორმები იკარგება და მდედრის სხეული მამაკაცისას ემსგავსება: ვიწრო მენჯები, განიერი მხრები, კარგად გავითარებული კუნთები...
რაც შეეხება ანდროგენების დეფიციტს, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც ამ დროს იჩენს თავს, ლიბიდოს შესუსტებაა.

ქალურობის კიდევ რამდენიმე მიზეზი
ოქსიტოცინიც თირკმელზედა ჯირკვალში სინთეზდება. სწორედ მისი წყალობით არის ქალი ასეთი ნაზი და მზრუნველი. განსაკუთრებით უხვად ოქსიტოცინი მშობიარობის შემდეგ წარმოიქმნება – გარდა იმისა, რომ საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს, დედას შვილისადმი სათუთი გრძნობების გამომუშავებაშიც ეხმარება.
თიროქსინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს და, ამდენად, ჰაერივით სჭირდება ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ტვინს. ქალები, რომლებსაც თიროქსინი ნორმაში აქვთ, საზრიანები და ჭკვიანები არიან. საკმარისია, მისმა ოდენობამ მოიმატოს, წონა კლებას იწყებს, მასთან ერთად კი იკლებს... აზროვნების უნარიც!
თიროქსინის დეფიციტის დროს წონის მატება შეინიშნება, მაგრამ, აი, ჭკუისა – არა. აზროვნების უნარი ამ შემთხვევაშიც ქვეითდება.
ნორადრენალინი უხვად გამომუშავდება სტრესის დროს. სწორედ მისი წყალობით ახერხებენ ქალები ძალების მობილიზებას და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ჟინით ივსებიან. ნორადრენალინის ზემოქმედებით ფართოვდება სისხლძარღვები, რაც ორგანოთა სისხლმომარაგების გაუმჯობესებას იწვევს. თავისთავად, სისხლი ტვინშიც ჭარბად მიედინება. შედეგად ქალი აზროვნებს, როგორც არასდროს, ებადება გენიალური იდეები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღამით მშვიდად სძინავს.
ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება და ნახშირწყლებს გლუკოზად შლის. სწორედ ამის წყალობით მიეწოდება ტვინს აზროვნებისთვის საჭირო სიტკბო და მდედრიც “ინტელექტუალური ლედის” იარლიყს ირგებს.
ამ ჰორმონის დეფიციტი მძიმე პათოლოგიას – შაქრიან დიაბეტს იწვევს.
სომატოტროპინი, სხვაგვარად – ზრდის ჰორმონი, ჰიპოფიზში წარმოიქმნება. მისი წყალობით იზრდება ძვლები, მყესები, იოგები და კუნთები ძალასა და ელასტიკურობას იძენს. ალბათ იტყვით, ეს ჰორმონი ქალებს დიდად არაფრად სჭირდებათო, მაგრამ ასე არ არის. შეკრული სხეული მდედრს ნამდვილად შვენის. რაც მთავარია, მკვრივი მკერდიც სომატოტროპინის დამსახურებაა – ეს ჰორმონი ამაგრებს მკერდის კუნთს, რაც ძუძუს ქსოვილს სათანადო ფორმას უნარჩუნებს.
თუ აქტიური ზრდის პერიოდში სომატოტროპინი ჭარბად წარმოიქმნა, გოგონა ძალიან მაღალი გაიზრდება, ზრდასრულ ქალებს კი ჰორმონის სიჭარბისას ეზრდებათ ნიკაპი, ცხვირი, თითები...
ლოგიკურად, სომატოტროპინის დეფიციტი ზრდის შეფერხებას იწვევს. მისი გამომუშავება ფერხდება გადაღლილობისა და უძილობის შედეგად. 

გაშიფრე, გააანალიზე

დღეს ექიმი ჰორმონების გამოკვლევას ლამის თავის ტკივილის დროსაც კი გვირჩევს. ასეა თუ ისე, მათი დონის შეფასებით სპეციალისტი დიაგნოზის დასმას ახერხებს. ანალიზის გაკეთების თავისებურებაზე ექიმი უთუოდ გაგესაუბრებათ, მაგრამ ზოგად წესებს მაინც გააგცნობთ:
ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის აღება უზმოზე ხდება. წინა დღეს კი არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. სასურველია, შეიზღუდოს სიგარეტის წევა, სქესობრივი კავშირი, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვა და სტრესი.
ანალიზის პასუხზე გავლენას ახდენს მიღებული მედიკამენტიც, განსაკუთრებით – ჰორმონული შემადგენლობისა. ასე რომ, თუ ასეთ წამალს სვამთ, უთუოდ შეატყობინეთ ექიმს.
სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთებული ანალიზის პასუხები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, რადგან გამოსაკვლევად სხვადასხვა რეაქტივს იყენებენ. პასუხი იმაზეც არის დამოკიდებული, მენსტრუაციული ციკლის რომელ დღეს ხდება გამოკვლევა, ორსულად არის ქალი თუ არა, ახალგაზრდაა თუ მენოპაუზის ასაკს მიუკაკუნა.
სხვადასხვა ჰორმონის გამოკვლევა ციკლის სხვადასხვა პერიოდში წარმოებს, კერძოდ:
. ფმჰ-ს, მჰ-სა და პროლაქტინს ციკლის მე-3-5 დღეს იკვლევენ. მჰ-ზე სისხლის აღება შესაძლოა ქალს ერთი ციკლის განმავლობაში რამდენჯერმეც მოუხდეს.
. ტესტოსტერონის კვლევა მე-8-10 დღეს ხდება, იშვიათად – მე-3-5 დღეს.
. პროგესტერონისა და ესტრადიოლის გამოსაკვლევად სისხლის აღებას 21-22-ე დღეს გირჩევენ.

ჰორმონული ასაკი
შესაძლოა იფიქროთ, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიებებები მდედრს მხოლოდ სქესობრივი სიმწიფის დასაწყისიდან მენოპაუზამდე სჭირდება, ანუ მხოლოდ მანამდე, ვიდრე შვილოსნობის უნარი აქვს. ასე არ არის – ჰორმონული ასაკი ქალის დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მოკლედ, დავიწყოთ თავიდან.
არიან ახალშობილები, რომელთა ორგანიზმში ესტროგენები დაბადებისთანავე ჩქეფს. ამის მიზეზი დედიკოა, რომელიც ამ ჰორმონს თავის პაწიას მუცლადყოფნის პერიოდში უწილადებს. ამ დროს ბავშვი შებერილი სარძევე ჯირკვლებით იბადება, საიდანაც რძე ჟონავს. ეს უცნაური მოვლენა იშვიათია, თანაც მალე თავისთავად გაივლის ხოლმე.
ნამდვილი ჰორმონული ქარიშხალი იწყება გარდატეხის ასაკში. გოგონას სხეული ქალურ ფორმებს იღებს, ადგილ-ადგილ თმით იფარება, აქტიურად იზრდება. რაც მთავარია, იწყება მენსტრუაციული ციკლი. სქესობრივი მომწიფება დაახლოებით 4 წელიწადს გასტანს, მერე აფორიაქებული ჰორმონები მშვიდდებიან.
ჰორმონების მომდევნო რია-რია ორსულობის დროს იწყება. უპირველეს ყოვლისა, საქმეში ერთვებიან ესტროგენები და პროგესტერონი, თუმცა თავდაპირველად ყველაზე მეტად ქორიონის გონადოტროპული ჰორმონი (ქგჰ) აქტიურობს. ორსულობის ტესტი შარდში სწორედ ამ ჰორმონის აღმოჩენას ეფუძნება.
საკმარისია, ქალმა იმშობიაროს, რომ ორსულობისას გააქტიურებული ჰორმონების დონე უმალვე იკლებს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰორმონების დონის სწორედ ამ მკვეთრ ვარდნას უკავშირდება.
დაბოლოს, მენოპაუზა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში ქალური ჰორმონების ლიმიტი ნელ-ნელა იწურება. თუ ამის გამო ორგანოები “ჰორმონულ შიმშილს” განიცდიან და მათი ფუნქცია ირღვევა, ექიმი ქალს ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას ურჩევს.

ეფექტური ჩანაცვლება

ჰორმონშემცველი მედიკამენტების მიღება ქალებს აშინებთ, ჰორმონის გარეშე დარჩენილი ორგანიზმი კი განგაშის რეჟიმში მუშაობს. თავად განსაჯეთ: ჰორმონები მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეაქციას არეგულირებენ. საკმარისია, მათმა რაოდენობამ იკლოს, რომ ორგანიზმში ერთგვარი წითელი ნათურა ინთება, რომელიც მარაგის დაუყოვნებლივ შევსებისკენ მოგვიწოდებს. აბა, უცებ წარმოიდგინეთ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანი, რომელმაც ინსულინის დეფიციტი დროულად ვერ შეივსო... სწორედ ასეთი ან დაახლოებით ასეთი ოპერატიულობით სჭირდება შევსება სასქესო ჰორმონების მარაგს, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება, ხოლო მენოპაუზის პერიოდში სულ მთლად ილევა.

მენოპაუზა სხვა არაფერია, თუ არა ქალის რეპროდუქციული უნარის შეუქცევადი დასასრული, რასაც ქალური ჰორმონების სინთეზის მკვეთრი შემცირება და კვერცხუჯრედის გამომუშავების შეწყვეტა იწვევს.
მენოპაუზა ერთბაშად როდი დგება. ვიდრე მენსტრუაცია ქალს საბოლოოდ შეაქცევდეს ზურგს, ჩნდება  უჩვეულო სიმპტომები, მაგალითად, წამოხურება (ალები), რაც ჰორმონული დისბალანსის ბრალია. ამ პერიოდს მენოპაუზის გარდამავალი ეტაპი, სხვაგვარად – პერიმენოპაუზა ეწოდება. ის მოიცავს რამდენიმე წელიწადს უკანასკნელ მენსტრუაციამდე და კიდევ ერთ წელს მის შემდეგ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მენსტრუაცია შეგიწყდათ, მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა და მასზე დაბეჯითებით საუბარი მენსტრუაციული ციკლის გაქრობიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ მენსტრუაციის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში, ანუ “ნამდვილი” მენოპაუზის დადგომამდე, ქალს განაყოფიერების უნარი შენარჩუნებული აქვს და არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა უთუოდ მოუწევს.
მენოპაუზის შემდეგ (ამ დროს კლიმაქტერიული სინდრომი ყალიბდება) დგება პოსტმენოპაუზის პერიოდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს.
მენოპაუზისთვის საშუალო ასაკი 50 წელია, თუმცა ბევრს მენსტრუაციულ ციკლთან გამოთხოვება გაცილებით ადრე – 40 წლისას – ან გვიან, 60 წელს მიახლოებულს უხდება. იშვიათად მენოპაუზა 40 წლამდეც კი დგება.
განსაზღვრული, ძალზე სერიოზული მიზეზების გამო ზოგჯერ საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. ჰისტერექტომია, თავისთავად ცხადია, მენსტრუაციის შეწყვეტასაც იწვევს. ამ შემთხვევაში მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლებსაც კლიმაქტერიულ სინდრომად იხსენიებენ, არ ვითარდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ხელუხლებელი საკვერცხეები ჰორმონების სინთეზს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
არის შემთხვევები, როდესაც ქალს საკვერცხეებთან გამომშვიდობებაც უხდება. ამ შემთხვევაში წამოხურება, ძილის დარღვევა და სხვა უჩვეულო სიმპტომები ოპერაციის შემდეგ უმალვე იჩენს თავს.
გარდა ოპერაციული მენოპაუზისა (ასე უწოდებენ მენსტრუაციის შეწყვეტას საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ), არსებობს მედიკამენტურიც. ის არც ისე ხშირია და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღების შედეგად ვითარდება.
რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული მენოპაუზა და, შესაბამისად, სასქესო ჰორმონების დეფიციტი, მათი მარაგის შევსება აუცილებელია. სწორედ ამ დროს მიმართავენ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას.

რა გვაწუხებს
საკმარისია, ესტროგენისა და პროგესტერონის დონემ იკლოს, რომ ორგანიზმში ცვლილებები იჩენს თავს.
მენოპაუზის მოახლოებაზე მიგვანიშნებს:
I – მენსტრუაციული ციკლის ცვლილება, კერძოდ:
• ციკლის შემოკლება;
• უხვი ან, პირიქით, შემცირებული სისხლდენა მენსტრუაციის დროს;
• გამონადენი მენსტრუაციებს შორის;
• მენსტრუაციული სისხლდენის გახანგრძლივება, ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელება. 
II – ალები. სახისა და კისრის არეში წამოხურებას და  კანის დაფოთვლას უამრავი ქალი უჩივის. ალები ქალს ღამღამობითაც უტევს. ამ დროს ქალი ოფლად გაღვრილი იღვიძებს. წამოხურება ნახევრიდან 10 წუთამდე გასტანს.
III – ძილის პრობლემები. გარდა ალებით გამოწვეული დისკომფორტისა, ძილის დარღვევას შფოთვაც იწვევს. ქალს უჭირს ჩაძინება, იოლად ეღვიძება, უეცარი გამოღვიძების შემთხვევაში ხელახლა ჩაძინება სატანჯველად ექცევა.
IV – ხასიათის ცვლილება. მოჭარბებული შფოთვა, ნერვიულობა, ჭირვეულობა, გაღიზიანება, დეპრესია და იოლად დაღლა კლიმაქტერიულ სინდრომს თითქმის ყოველთვის ახლავს თან.
V – შარდსასქესო სისტემის ცვლილებები. ესტროგენის დონის დაქვეითება საშოს აშრობს და ლორწოვან გარსს ათხელებს, ამიტომ სქესობრივი კონტაქტი დისკომფორტს იწვევს. იმატებს ინფიცირების რისკიც. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მენოპაუზის დროს იჩენს თავს, შარდის შეუკავებლობაა – შარდი დახველების, დაცემინების, ვარჯიშის, სირბილის, მძიმე ტვირთის აწევისა და სიცილის დროსაც კი გამოიყოფა.
გარდა ამისა, მენოპაუზის დროს ზოგიერთი ქალი უჩივის:
• წონის მატებას;
• ძვლებისა და სახსრების ტკივილს;
• მეხსიერების დაქვეითებას;
• თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს;
• თავზე თმის ცვენას და ამავე დროს თმიანობას უჩვეულო ადგილას, მაგალითად, ნიკაპის მიდამოში.
ამრიგად, ამ პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ შევთანხმდეთ: ისევე, როგორც სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობისას, კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობის დროსაც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. სტატისტიკის თანახმად, მართებულად შერჩეული ჰორმონული თერაპია 50%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, 40%-ით – ინსულტისას, 50%-ით – ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას, 70%-ით – ხერხემლის მოტეხილობისას და 40%-ით – ალცჰაიმერის დაავადებისას. ამ მძიმე პათოლოგიურ მდგომარეობებს რომ თავი დავანებოთ, ორად ორი ჰორმონის მცირე დოზით მიღებაც კი საკმარისია, რომ ქალი კლიმაქტერული სინდრომის ტყვეობიდან განთავისუფლდეს.

შვება ძვლებისთვის
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზით უკვე 200 მილიონი ადამიანია ავად.  50 წელს გადაცილებულთა შორის ის სამიდან ერთ ქალს აღენიშნება. ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის  სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი.
ქალებს ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალი აქვთ პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ოდენობა მცირდება. დადგენილია, რომ სასქესო ჰორმონები ძვლოვანი სისტემის პროტექტორებს წარმოადგენენ. ყოველგვარი ჰორმონული დისბალანსი ძვლის სიმტკიცის შემცირებას იწვევს.
გარდა მენოპაუზისა, ქალებს სიცოცხლის მანძილზე აქვთ ისეთი კრიტიკული პერიოდებიც, როგორიც არის ორსულობა და ლაქტაცია, როდესაც ძვლოვანი მასის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ოსტეოპოროზი ერთბაშად როდი ვითარდება. 
თავდაპირველად თავს იჩენს ოსტეოპენია – ამ დროს ძვლოვანი მასა შემცირებულია, მაგრამ ოსტეოპოროზი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში სათანადო მკურნალობის დროულ დაწყებას შეუძლია, დაავადება თავიდან აგვაცილოს.
თუ ძვლოვანი მასის შემცირება გასცდა გარკვეულ ზღურბლს, რომელიც მოტეხილობის მაღალ რისკს უკავშირდება, უკვე ოსტეოპოროზთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ ოსტეოპოროზს მოტეხილობა ერთვის, დაავადების მძიმე ფორმაზე ლაპარაკობენ.
ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს, ტანადობის შეცვლას, სიმაღლის დაკლებას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზეც. ხშირია წონის კლება, უარესდება ცხოვრების ხარისხი, ადამიანი ანალგეტიკებზე ხდება დამოკიდებული, ეწყება დეპრესია. მოსალოდნელია გაფანტული ტკივილი პერიფერიულ ძვლებში.
ოსტეოდენსიტომეტრიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, ძვლის სიმკვრივის შემცირება ადრეულ ეტაპზევე იქნეს შემჩნეული და დაიწყოს პროფილაქტიკა, მათ შორის – ჰორმონული პრეპარატების გამოყენება. ამ მეთოდის საშუალებით მაქსიმალური სიზუსტით ფასდება ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მისი მინერალიზაციის ხარისხი და მოტეხილობის რისკი.
ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DEXA) მიიჩნევა. ეს ძალიან მგრძნობიარე და ზუსტი დენსიტომეტრიული მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს ძვალში ფართობის ერთეულზე მინერალის შემცველობას არა მხოლოდ ჩონჩხის პერიფერიულ ნაწილებში, არამედ ხერხემალშიც. ამ მეთოდის საშუალებით ძვლის სიმკვრივე განისაზღვრება ბარძაყისა და წინამხრის ძვლებშიც – იმ ადგილებში, რომლებიც ოსტრეოპოროზის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება.
ზემოაღნიშნულ კვლევასთან ერთად ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკური კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს: კალციუმისა და კალციუმის ცვლაში მონაწილე ჰორმონების, აგრეთვე – ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების განსაზღვრას, რის საფუძველზეც შეირჩევა მკურნალობა.
ქალებში გულის დაავადებათა განვითარების რისკი მენოპაუზის დადგომისთანავე მკვეთრად – 2-3-ჯერ მაინც იზრდება. 45 წლის ქალბატონებს სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონე უფრო ხშირად აქვთ ნორმაზე მაღალი, ვიდრე მამაკაცებს. გულის შეტევა ყოველწლიურად 45-დან 64 წლამდე ასაკის 88 000 ამერიკელ ქალს ემართება. სტატისტიკის წყალობით ცნობილი გახდა, რომ იქაური ქალბატონების მკვლელი #1 გულის დაავადებები ყოფილა. 

მაშ, რა გზით და რამდენი?

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ესტროგენისა და პროგესტერონის საშუალებით ტარდება. თუ ქალს ჰისტერექტომია ჩაუტარდა, პროგესტერონის მიღება საჭირო აღარ არის, რადგან ეს ჰორმონი საშვილოსნოში განსაზღვრული უჯრედების ზრდას აფერხებს და ამით ერთგვარად ამცირებს კიდეც ამ ღრუ ორგანოში ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. ლოგიკურად, თუ საშვილოსნო აღარ არსებობს, ამ პროცესის მარეგულირებელი ჰორმონის მიღებაც აზრს კარგავს.
საზოგადოდ, ჰორმონული მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც ყოველდღიურად, ისე თვის განსაზღვრულ დღეებში. ისიც შეიძლება, მედიკამენტი სხვადასხვა (ტაბლეტის, ადგილობრივად კრემის ან საშვილოსნოსშიდა სპირალის) სახით მიიღოს ორგანიზმმა. მიღების გზა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რა ძირითადი პრობლემა აწუხებს ქალს. მაგალითად, თუ საშოს სიმშრალე ძალიან მძაფრად არის გამოხატული, ექიმი პაციენტს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონისშემცველ საშუალებას ურჩევს. 
ჰორმონული თერაპია უკვალოდ ყოველთვის არ ჩაივლის. ქალი შესაძლოა შეაწუხოს სისხლდენამ, სარძევე ჯირკვლების შეშუპებამ და შემკვრივებამ, თავის ტკივილმა, გულისრევამ, ხასიათის ცვლილებამ.

მენიუც მნიშვნელოვანია
იმისთვის, რომ მენოპაუზის პერიოდში თავი კომფორტულად იგრძნოთ, გირჩევთ, კვების რაციონს გადახედოთ. უპირატესობა მიანიჭეთ:
• ახალ ხილსა და ბოსტნეულს (თუ შეძლებთ, კარგი იქნება, ყოველდღე 3 სახეობის ხილი და 4-5 სახეობის ბოსტნეული მიირთვათ);
• დაცეხვილი ხორბლისა და ჭვავის პურს, ქატოს, ბრინჯს, პარკოსნებს;
• დაბალცხიმიან რძეს, ყველს, ხაჭოს, მაწონს, იოგურტს;
• ქათმის მჭლე ხორცსა და უცხიმო თევზს.
ერიდეთ:
• მეტისმეტად ცხიმიან საკვებს (ნაღების კარაქს, ქონის შემცველ ხორცს და ა. შ.);
• სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ პროდუქციას, ე.წ. ფასტ-ფუდს;
• კოფეინის შემცველ სასმელებს;
• შაქარს და მარილს. 
კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მცენარეული ესტროგენების შემცველი პროდუქტი მიიღოთ. ასეთია სოია, ქატო და პარკოსნები.

წონის კლების პრინციპები

გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი:
– თანამედროვე სამყაროში ყველამ იცის, რომ ჭარბი წონა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. სიმსუქნე უამრავ რისკთან ასოცირდება. ამ დროსმნიშვნელოვნად იმატებს შაქრიანი დიაბეტისა და ლიპიდური ცვლის დარღვევის (დისლიპიდემიის) რისკი, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებს შესაძლოა შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ, რადგან სიმსუქნე და ინსულინრეზისტენტობა პოლიცისტოზური საკვერცხეების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჭარბი წონა ძალიან დიდ დატვირთვას აყენებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ხერხემლის, სახსრების დაზიანების მიზეზად იქცევა. ასე რომ, წონის მოწესრიგება ვიზუალურ ეფექტთან ერთად უამრავი დაავადების თავიდან აცილებასაც ნიშნავს. – რას გულისხმობს ნორმალური წონის ცნება?
– ის ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურად, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით გამოითვლება. საამისოდ უნდა განვსაზღვროთ სხეულის მასის ინდექსი (სმი): 
სმი = წონა (კილოგრამებში)/[სიმაღლე (მეტრებში)]2 
როდესაც სმი 18-25-ია, ეს ნორმად ითვლება და არავითარ ჩარევას არ მოითხოვს, 25-ზე მეტი ჭარბ წონაზე მიუთითებს, 30-ზე მეტი კი სიმსუქნეს აღნიშნავს. ამ პრინციპით, 170 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ნორმად ითვლება 55 კგ-იც და 72 კგ-იც. ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე კილოგრამის მომატება ან მოკლება მოისურვოს, თუმცა ამ ფარგლებში წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ ქმნის.
– შესაძლებელი თუა ჭარბ წონასთან დამოუკიდებლად გამკლავება? როდის არის აუცილებელი, სპეციალისტს მივმართოთ და კონკრეტულად რომელს – დიეტოლოგს, ენდოკრინოლოგს თუ ოჯახის ექიმს?
– შესაძლოა, ერთგვარი არაკომერციული ჟესტი გამომივიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, განათლებული, ერუდირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხარისხიანი სამედიცინო ინფორმაციის მოპოვება (ყვითელ პრესასა და ბულვარულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ ათასგვარ დიეტას არ ვგულისხმობ), ნორმალური წონის შენარჩუნებას ან მის კორექციას თავადაც მოახერხებს. საიდუმლო არავისთვის არის, რომ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ ცხიმებს, ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს (ტკბილეულს), რომ საჭიროა ფიზიკური დატვირთვის გაზრდა, რომ საკვების ძირითადი ნაწილი სჯობს დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. ხშირად საკონსულტაციოდ მოდიან გოგონები, რომელთაც ნორმალური სმი აქვთ, მაგრამ სურთ, რამდენიმე კილოგრამი კიდევ დაიკლონ. მე ასეთ პაციენტებს არ ვიღებ, მიმაჩნია, რომ მათ დიეტოლოგის ან მით უმეტეს ენდოკრინოლოგის დახმარება არ სჭირდებათ, ფიზიკური დატვირთვის გაზრდით, უფრო მსუბუქი კვებით ან გვიანი ვახშმისთვის თავის არიდებით წონის დაკლება თავადაც შეუძლიათ, დიეტურ რეკომენდაციებს კი, ბუნებრივია, ოჯახის ექიმიც მისცემს, დიეტოლოგიც და ენდოკრინოლოგიც. სიმსუქნისას კი, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით დამძიმებული მემკვიდრეობის შემთხვევაში კი ექიმთან მისვლა აუცილებელია. პირველ კონსულტაციაზე უნდა გაირკვეს, ჭარბმა წონამ უკვე ხომ არ გამოიწვია რომელიმე ასოცირებული პათოლოგია – ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა შესაძლოა არაფრით გამოვლინდეს. ამავე დროს უნდა დავადგინოთ, სიმსუქნე პირველადია, არასწორი ცხოვრების წესით, უმოძრაობითა და ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული, თუ რომელიმე ენდოკრინულ პათოლოგიას მიუძღვის ბრალი. წონის მომატება ხშირად თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ამ დროს ადამიანი რაც არ უნდა სწორად იკვებებოდეს, წონას მაინც მოიმატებს. იგივე შეიძლება ითქვას  თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებზე, რომლებიც ჰიპერკორტიციზმით (კორტიზოლის სიჭარბით) მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში გამოკვლევის შედეგებს მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინსულირეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია დიეტოთერაპიასთან ერთად მედიკამენტურ ჩარევასაც მოითხოვს, ენდოკრინული პათოლოგიის შემთხვევაში კი წონის დასარეგულირებლად ძირითადი დაავადების მკურნალობაა აუცილებელი.
მაღალი ხარისხის სიმსუქნისა და ასოცირებული რისკების დროს შესაძლოა უფრო აგრესიული მიდგომა გახდეს საჭირო, რაც კვების მენეჯმენტთან ერთად მედიკამენტურ თერაპიასაც გულისხმობს.
რაკი მედიკამენტური ჩარევა ვახსენე, მინდა, ერთი რამ გითხრათ, თუმცა ეს არ არის ჩემი მოსაზრება – იგი ემყარება კვლევითი ობიექტური მედიცინის მონაცემებსა და გაიდლაინებს: მხოლოდ სიმსუქნის შემთხვევაში მკურნალობის პირველსავე ეტაპზე წონის საკორექციო მედიკამენტების ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. თუ ორგანიზმს შესწევს უნარი, დიეტისა და   ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე მიაღწიოს სასურველ შედეგს, წამალი აღარ უნდა დაინიშნოს. წამალი ერთგვარი დამხმარე ძალაა იმ შემთხვევისთვის, როცა დიეტოთერაპია საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდება. III ხარისხის სიმსუქნის დროს კი ენდოკრინოლოგმა წამლის დანიშვნა შესაძლოა თავიდანვე საჭიროდ მიიჩნიოს.
– არსებობს გასახდომი აბები? თუ არსებობს, როდის არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება?
– გასახდომი აბებიდან მხოლოდ ორს აქვს FDA-ს (აშშ-ის წამლისა და პროდუქტების ადმინისტრაციის) სერთიფიკატი და, შესაბამისად, ოფიციალური ადგილი უჭირავს სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესენია ორლისტატი, რომელიც ცხიმის შეწოვას უშლის ხელს და სიბუტრამინი, რომელიც მადას თრგუნავს. საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატების მიღებას არავის ვურჩევ. ბევრი მათი მიღებისას წონას იმატებს კიდეც – ჰგონიათ, რომ მათ ფონზე დიეტის დაცვა საჭირო აღარ არის და აბების იმედად მაღალკალორიულ, დაუბალანსებელ საკვებს მიირთმევენ, ამას კი ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. აბი დამხმარე საშუალებაა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც, როცა დიეტას და შაქარდამწევ პრეპარატს ვუნიშნავ, ვეუბნები: “პირველი ადგილი თქვენს თერაპიაში დიეტას უკავია, წამალს კი მხოლოდ მეორე”. სამკურნალო ეფექტის 70% დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის წილად მოდის. სიმსუქნეზეც იმავეს ვიტყოდი. აბების მიღება დიეტასა და სწორ რეჟიმს უნდა შევუთავსოთ, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია.
– რამდენად ეფექტიანია შიმშილობა, უმკაცრესი და ათასგვარი სამ, ხუთ თუ თხუთმეტდღიანი დიეტები?
– ამ მიდგომებიდან არც ერთი არ არის სწორი. ორგანიზმს ისტორიულად გამოუმუშავდა უნარი, რომ შიმშილის დროს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია გასცეს. ჩვენი წინაპრებს არა წონის დასაკლებად, არამედ მოუსავლიანობის, ომების თუ სხვა მიზეზით უწევდათ შიმშილი, ორგანიზმმა კი მძიმე პერიოდის გადატანის ასეთი მექანიზმი გამოიმუშავა. როგორც კი საკვების რაოდენობას მკვეთრად შევამცირებთ, ორგანიზმი ენერგიის ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმზე გადავა, მცირე საკვებიდან კი შეეცდება რაც შეიძლება მეტი შეირგოს და შეითვისოს.
სიმსუქნე არ გახლავთ მწვავე დაავადება, როგორიც არის, ვთქვათ, გრიპი, რომლისგანაც შეიძლება განვიკურნოთ და დავივიწყოთ. სიმსუქნეს ნებისმიერი სახელმძღვანელო ქრონიკულ მორეციდივე დაავადებად განიხილავს. დაავადებულს ჭარბი წონისადმი მიდრეკილება ზედმეტ კილოგრამებთან განშორების შემდეგაც რჩება. სწრაფი დაკლებით კი დიეტის დასრულების შემდეგ ორი იმდენის მომატების რისკს ვზრდით. გარდა ამისა, სწრაფი კლებით ორგანიზმს სტრესის ქვეშ ვაყენებთ. ამ დროს იმატებს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წონის კლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო რთულდება. გამოსავალი ერთია: მკურნალობისას შეძენილი უნარ-ჩვევები მთელი სიცოცხლე უნდა გაგვყვეს. დიეტა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამთრგუნველი. დიეტაზე მყოფს არც შიმშილი უნდა აწუხებდეს, არც სისუსტე და მისი ერთადერთი სურვილი დიეტის დამთავრება არ უნდა იყოს. არც სწრაფი დაკლებაა სასურველი – თვეში საშუალოდ 5-7 კგ-ს უნდა გამოვეთხოვოთ. დიეტის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანმა ცხოვრების წესი, აზროვნება, ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა შეიცვალოს. ჩემთვის სიტყვა “დიეტაც” კი მიუღებელია – ეს ცხოვრების წესია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მოტივაციას – პაციენტი ჩვენივე პარტნიორი უნდა გახდეს. ექიმმა ის არ უნდა აღიქვას ქვემდგომად, რომელსაც რაღაც დირექტივებს აძლევს. პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები ბრმად კი არ უნდა შეასრულოს, არამედ უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს მკურნალობის აზრი და პრინციპი. ეს მისი ცხოვრებაა, მისი ორგანიზმია. პარტნიორული ურთიერთობა უმთავრესია. ადამიანისთვის ოპერაციაზე დათანხმება უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების წესის შეცვლა. შეუძლებელია, ცხოვრების წესის შეცვლა ისე უბრძანო, რომ მიზეზი არ აუხსნა და ბრმად მოგყვეს, ან განმარტებისთვის მხოლოდ 15-20 წუთი იმყოფინო. 

მითები ჯანმრთელობის შესახებ

ჰორმონული გაურკვევლობა
ყველაზე მეტი შეკითხვა ყოველთვის ჰორმონებთან დაკავშირებით ჩნდება. ასეთი პატივი არც ანტიბიოტიკებს რგებიათ და არც ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ნუთუ ასეთი საშიშია ჰორმონოთერაპია? ეგებ მედიცინამ ჰორმონების შესახებ ბოროტი ხმები უკვე გააბათილა? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი:
 ქალბატონო ნინო, ჰორმონული მედიკამენტების ხსენება ბევრს აფრთხობს. მართლა სარისკოა თუ არა მათი მიღება?

 – ჰორმონული პრეპარატები მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა მათ, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ძირითადთან ერთად გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. ჰორმონული პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკუჩვენება არ არსებობს და მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ წამლის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე უარის თქმით გამოწვეულ რისკს.
 არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა,  ბევრი ალტერნატიულ გზებს ეძებს – ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას... რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?
– მართლაც არსებობს დაავადებები, როდესაც საჭიროა, ენდოგენურად პროდუცირებადი ჰორმონის დეფიციტი ეგზოგენურად, ჰორმონული პრეპარატის 
მეშვეობით შევავსოთ, ანუ ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირებული ნივთიერების უკმარისობისას მისი ანალოგი გარედან შევიყვანოთ. ერთ-ერთი ასეთი პათოლოგიაა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული პირველადი ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლოვანება. აი, რა ხდება ამ დროს: ფარისებრი ჯირკვალი ორგანოსპეციფიკური ანტისხეულებით ზიანდება, რის შედეგადაც თიროქსინის წარმომქმნელი უჯრედები, თირეოციტები, იშლება და არააქტიურ ფიბროზულ ქსოვილად გარდაიქმნება. ამის შედეგად მცირდება ორგანიზმში ჰორმონ თიროქსინის გამომუშავება, რაც ჰიპოთირეოზს იწვევს. ამ შემთხვევაში პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს პრეპარატი, რომელიც ჰორმონ თიროქსინის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს.
ბევრი მთელი სიცოცხლე ჰორმონული მედიკამენტების სმას ამა თუ იმ ფიტოპრეპარატის მიღებას ამჯობინებს. არჩევანს უმეტესად იოდის შემცველი მცენარეული მედიკამენტების სასარგებლოდ აკეთებენ. იოდი მართლაც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სუსტდება არა იმიტომ, რომ მას იოდი არ ჰყოფნის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხდება იმ უჯრედების დესტრუქცია, რომლებიც თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ დროს ფარისებრი ჯირკვლისთვის იოდის მიწოდებას აზრი არ აქვს. თიროქსინის დეფიციტი სინთეზური გზით მიღებული ანალოგით უნდა შეივსოს. მეტსაც გეტყვით: უკანასკნელი მონაცემებით, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად განვითარებული ჰიპოთირეოზის დროს იოდის ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უფრო სწრაფ დაქვეითებას.
ყველაზე გავრცელებული მაგალითი მოვიყვანე, თუმცა მსგავსი სიტუაცია ნებისმიერი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს შეიძლება შეიქმნას.
 კლიმაქტერიული სინდრომის სამკურნალოდ ბევრი ენდოკრინოლოგი ქალს ჰორმონული პრეპარატების მიღებას ურჩევს. რამდენად ეფექტიანია ასეთი  თერაპია? ეგებ ამ სინდრომთან ბრძოლის უფრო მარტივი გზებიც არსებობს?
– მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში წყდება ესტროგენებისა და პროგესტერონის სეკრეცია. ესტროგენები გავლენას ახდენს მრავალ ორგანოზე: თავის ტვინზე,  სისხლძარღვებზე, გულზე, ძვლებზე, სარძევე ჯირკვლებზე, კანზე... ამ ჰორმონების დეფიციტი კი ისეთი ჩივილების მიზეზად იქცევა, როგორიც არის ალები, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამ ჩივილების აღკვეთის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა. ის ზოგჯერ მხოლოდ ესტროგენებით ხორციელდება, ზოგჯერ – ესტროგენებისა და პროგესტერონის კომბინაციით.
ჩანაცვლებითი ესტროგენული ან ესტროგენ- გესტაგენური თერაპიის დანიშვნისას მხედველობაში მრავალი ფაქტორია მისაღები. გარდა ამისა, ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თერაპიისგან მიღებული სარგებელი გადაწონის მასთან ასოცირებულ რისკს.
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, გარდა იმისა, რომ ეფექტურად ხსნის მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, დიდ როლს ასრულებს ოსტეოპოროზისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაშიც, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ესტროგენებით წარმოებული ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპია ზრდის საშვილოსნოს კიბოსა და ინსულტის განვითარების ალბათობას, ხოლო ხანგრძლივი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია – ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს. არსებობს არაერთგვაროვანი მონაცემები იმის თაობაზე, რა გავლენას ახდენს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მონაცემების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ჩანაცვლებითი ესტროგენ-გესტაგენური თერაპია არ ამცირებს და, შესაძლოა, ზრდიდეს კიდეც კარდიოვასკულურ დაავადებათა რისკს. ყველა ეს მოსაზრება ეფუძნება ფართომასშტაბიანი გამოკვლევების, WHI-სა და HERS-ის, მონაცემებს.
ამრიგად, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის უმთავრესი ჩვენებაა მენოპაუზასთან დაკავშირებული აშკარა ჩივილები, ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პრევენციისთვის კი შეგვიძლია, სხვა მეთოდებს მივმართოთ. მაგალითად, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ ვიყენებთ კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებს, პაციენტს ვურჩევთ, მეტი იაქტიუროს ფიზიკურად. კარდიოვასკულურ დაავადებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, ცხოველური ცხიმის შეზღუდვა, საჭიროების შემთხვევაში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენება.
მენოპაუზური ასაკის ქალებს ხშირად აწუხებთ საშოს სიმშრალე, რომლის დროსაც ეფექტურია ადგილობრივი დამატენიანებელი საშუალებები და ადგილობრივი ესტროგენები (იყიდება ვაგინალური კრემების, ვაგინალური ტაბლეტების, ვაგინალური ესტროგენული რგოლების სახით).
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა უკუჩვენებათა გამოსავლენად –  მამოგრაფია, ულტრაბგერითი გინეკოლოგიური გამოკვლევა, კოაგულოგრაფია, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ანამნეზი და თანმხლები დაავადებები.
 კიდევ ერთი მითი, რომელიც ჰორმონულ მედიკამენტებს უკავშირდება, ის არის, რომ შესაძლოა,. ჰორმონის მიღებამ უადგილო ადგილას თმის ზრდა და წონის მატება გამოიწვიოს.
– ეს შეხედულება აბსოლუტურად მცდარია. ნება მომეცით განვმარტო: “ჰორმონული პრეპარატები” ძალიან ფართო ცნებაა. სხვადასხვა ჰორმონულ პრეპარატს სხვადასხვა მოქმედება და გვერდითი ეფექტები ახასიათებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონ თიროქსინის სინთეზური ანალოგი, რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არც წონის მატება და არც ჭარბი გათმოვანება. პირიქით, სწორედ თიროქსინის დეფიციტია წონის მატების ერთ-ერთი მიზეზი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სამკურნალოდ, ხოლო რიგ შემთხვევაში – ტიპი 2-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროსაც, როდესაც პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვის შედეგად ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, მოგეხსენებათ, საჭიროა ინსულინის დანიშვნა. ინსულინი ანაბოლური ჰორმონია და შესაძლოა, წონის მატებას ხელი მართლაც შეუწყოს, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ. ამ დროს დიაბეტიანს ვურჩევთ, აკონტროლოს კვების რაციონი, რათა თავიდან აიცილოს წონის მატება. ასევე არ ასუქებს ესტროგენული პრეპარატები. პირიქით, წონის მატებას სწორედ ესტროგენების დეფიციტი უწყობს ხელს, რითაც აიხსნება წონის მატებისაკენ მიდრეკილება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის დროს. ზოგჯერ პაციენტები ჩივიან, რომ ესტროგენებით ან ესტროგენ-გესტაგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე წონა მოიმატეს, თუმცა ეს მოვლენა შესწავლილი არ არის. შესაძლოა, ქალის სასქესო ჰორმონების ანალოგები მადაზე მოქმედებდნენ. რაც შეეხება გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, კორტეფი, მედროლი და სხვა), რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის დროს ინიშნება და ასევე ფართოდ გამოიყენება რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, მათი მიღებისას ნამდვილად არის მოსალოდნელი წონის მატება და`ან ჭარბი გათმოვანება. არსებობს სხვა სირთულეებიც, მაგრამ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას, ისევე როგორც რიგი სხვა დაავადების დროს, გლუკოკორტიკოიდების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გვერდითი ეფექტების შიშით პრეპარატზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ სასურველია, მისი დოზა და მისი მიღების სქემა ისე იყოს შერჩეული, რომ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. საზოგადოდ, გლუკოკორტიკოიდების მიღების პერიოდში პაციენტი ექიმის დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
 დაბოლოს, რამდენად სარისკოა ჰორმონული მედიკამენტების თვითნებური მიღება? 
– ჰორმონული პრეპარატების თვითნებური მიღება დაუშვებელია. ისინი უნდა დანიშნოს ექიმმა, ისიც მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში.

ჰორმონები

ადამიანის ორგანიზმს სასამართლო რომ მოვუწყოთ, დამნაშავეთა შორის უალტერნატივო ლიდერები ჰორმონები აღმოჩნდებიან. მართლაც, მათ “განწყობაზეა” დამოკიდებული ჩვენი ხასიათი. მეტიც: მრავალი დაავადება სწორედ ჰორმონული დისბალანსის შედეგია.
ჰორმონს სქესი რომ ჰქონდეს, უთუოდ მდედრობითი იქნებოდა: რთული შემადგენლობის, ნატიფი ქიმიური ფორმულის მქონე ნივთიერება მეტისმეტად იოლად იცვლის ნირს – ხან ჭარბად გამომუშავდება, ხან უკვალოდ ქრება. ხშირად ეს უცნაური ქცევა არაფრით გახლავთ პირობადებული (ყოველ შემთხვევაში, მიზეზის მიგნება ვერ ხერხდება). ისეც ხდება, რომ ჰორმონების დონე, უბრალოდ, ამინდის კვალობაზე იცვლება.

დამნაშავის კვალდაკვალ
“არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს”, – ალბათ, ეს ფრაზა არაერთხელ გსმენიათ. ჰოდა, ჰორმონების 
საქმეც ზუსტად ასეა: ისინი ისეთ რთულ სამუშაოს ასრულებენ, არც არის გასაკვირი, ასე ხშირად რომ “იღლებიან” და მწყობრიდან გამოდიან.
ვიდრე გამრჯე ჰორმონების დანაშაულებრივ დოსიეს გაგაცნობდეთ, მოდი, მათ ყოველდღიურ საქმიანობას გადავავლოთ თვალი.
ჰორმონი (ბერძნულად Hormao აგზნებას ნიშნავს) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურ (ენდოკრინული ორგანოების) უჯრედებში გამომუშავდება და ორგანოებსა და ქსოვილებზე მიზანმიმართულ ზეგავლენას ახდენს. ჰორმონები მონაწილეობენ თითქმის ყველა პროცესში: ზრდაში, განვითარებაში, გამრავლებასა და ნივთიერებათა ცვლაში.
ჰორმონების სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს. ისინი შეიძლება დავაჯგუფოთ ანატომიური ნიშნით (ესე იგი, იმ ორგანოების მიხედვით, სადაც გამომუშავდება), ქიმიური შემადგენლობის მიხედვით და ა. შ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, დამეთანხმებით, ის კლასიფიკაციაა, რომელიც ჰორმონებს ფუნქციათა მიხედვით აჯგუფებს. მართლაც, ჰორმონების ნაწილი (ინსულინი, გლუკაგონი) ნახშირწყლოვან ცვლას არეგულირებს, ნაწილი (მათ შორის – ანდროგენები, ესტროგენები, ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუთეინიზირებელი ჰორმონები) – რეპროდუქციულს, ზოგიერთი (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი, თირეოტროპული ჰორმონი) ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებაზე აგებს პასუხს...
იერარქია ენდოკრინულ სისტემაშიც მოქმედებს. არსებობს ჰორმონები, რომლებიც სხვა ჰორმონებს აკონტროლებენ, ეს უკანასკნელნი კი “ბრძანებებს” ასრულებენ და სამიზნე ორგანოებზე ზემოქმედებენ.
ისევე, როგორც ყოველივე გენიალური, მთავარი ჰორმონები თავის ტვინში (ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში) იბადებიან. სწორედ ისინი განაგებენ ორგანიზმში სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქცევას.

ჰორმონულ დისბალანსში “დამნაშავეა”:
. მემკვიდრეობა;
. სტრესები და დეპრესია;
. სიგარეტის წევა;
. რადიკალური დიეტა – წონის სწრაფი და მკვეთრი დაკლების შედეგად საკვერცხეები “იბუტებიან” და ფუნქციონირებაზე უარს აცხადებენ.

ჰორმონები ქალებისა და მამაკაცებისთვის
ქალურობაზე, ისევე, როგორც მამაკაცურ თვისებებზე, მათი უდიდებულესობა ჰორმონები აგებენ პასუხს. ქალების სისხლში ქალური ჰორმონები ჩქეფს, მამაკაცებისაში – მამაკაცური.
ქალური ჰორმონებია ესტროგენი, პროგესტერონი და პროლაქტინი.
ესტროგენი ქალურ ჰორმონებს შორის ჭეშმარიტი ლიდერია. იგი საკვერცხეში გამომუშავდება. სწორედ ესტროგენი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, მეორეული სასქესო ნიშნების (სარძევე ჯირკვლების, ბოქვენისა და იღლიის თმის, მენჯის ქალური ფორმის) ჩამოყალიბებას. საზოგადოდ, ქალი, რომელსაც ეს ჰორმონი ორგანიზმში ნორმის ფარგლებში აქვს, თავს ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გრძნობს. ეს გასაგებიცაა: მენოპაუზის დროს, როდესაც საკვერცხის ფუნქცია კნინდება, იქმნება ესტროგენული დეფიციტი, რასაც კლიმაქსური სინდრომის ჩამოყალიბება, მეხსიერების დაქვეითება და ახალგაზრდული მომხიბლაობის უკვალოდ გაქრობა მოჰყვება.
ესტროგენს უნდა ვუმადლოდეთ იმასაც, რომ ჭარბი კილოგრამები არ გვემუქრება. რაც მთავარია – ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება თურმე ნაყოფიერებაზეც აგებს პასუხს.
პროგესტერონს უმთავრესად ყვითელი სხეული გამოიმუშავებს. ის ორსულობის პერიოდს განაგებს, თუმცა ქალს არც პაწაწინას დაბადების შემდეგ ღალატობს: სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისთვის ამზადებს.
ერთ საინტერესო ფაქტს მოგახსენებთ: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საკმარისია, ქალმა პატარა ბავშვი დაინახოს ან ხელში ჩვილის სათამაშო დაიჭიროს, რომ ორგანიზმში პროგესტერონის დონე იმატებს. როგორც ჩანს, დედობრივი ინსტინქტის ჩამოყალიბებაში ამ ჰორმონის ხელი ურევია.
პროლაქტინი თავის ტვინში (კერძოდ, ჰიპოფიზში) გამომუშავდება. ის სარძევე ჯირკვლების ზრდას და რძის წარმოქმნას უზრუნველყოფს. მას სტრესჰორმონსაც უწოდებენ, ვინაიდან მისი დონე საგრძნნობლად იმატებს სტრესისა და გადაღლისას.
მამაკაცურ ჰორმონებს ანდროგენებს უწოდებენ. მათ შორის ყველაზე აქტიური ტესტოსტერონია. მამაკაცურ ხასიათსა და აგრესიულობას (რაღა თქმა უნდა, ზომიერს) სწორედ ამ ჰორმონს აბრალებენ. წვერი რომ ამოსდით, ხმის დაბალი ტემბრი და სქესობრივი ლტოლვა რომ გააჩნიათ, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ამასაც ტესტოსტერონს უნდა უმადლოდნენ. ამ ჰორმონის დონე 60 წლისთვის იკლებს. ამიტომაც არის, რომ მამაკაცები, რაც უფრო მეტად შედიან ხანში, მით უფრო ლმობიერნი და მოსიყვარულენი ხდებიან, უყვართ შინ ყოფნა, შვილებსა და შვილიშვილებთან მუსაიფი.

საერთო ჰორმონები
უნისექსი ახლა მოდურია. როგორც ჩანს, მოდის ამგვარი ტენდენციისადმი შინაგანი ლტოლვა გვაქვს, რაშიც ხელს ფიზიოლოგიაც გვიწყობს. ვერაფერს მიხვდით? განგიმარტავთ: ადამიანის ორგანიზმში, გარდა მისი სქესისთვის განკუთვნილი ჰორმონებისა, საპირისპირო სქესის ჰორმონებიც მოიპოვება, თუმცაღა ძალიან ცოტა.
ისეც ხდება, რომ ჰორმონები “ფორ მენ” ქალის ორგანიზმში საჭიროზე მეტი ოდენობით გამომუშავდება. სწორედ ამ დროს ირღვევა სასქესო ჰორმონების ბალანსი, რაც აშკარად აისახება გარეგნობაზე: უადგილო ადგილას – სახეზე, მუცლის შუა ხაზზე – თმიანობა აღინიშნება, კანის ცხიმიანობა იმატებს, სახესა და ზურგზე ფერიმჭამელები ჩნდება და, რაც მთავარია, ქალი ზედმეტ კილოგრამებს ისევე იკრებს, როგორც მამაკაცი (ცხიმი უმთავრესად მუცლის არეში იყრის თავს).
თუ ჰორმონთა ამგვარი დისბალანსი სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარდა, გოგონას მამაკაცური აღნაგობა უყალიბდება: ვიწრო მენჯი, განიერი მხრები...
მამაკაცური ჰორმონების სიჭარბის შესახებ ქალი მაშინ შეიტყობს ხოლმე, როდესაც მენსტრუაციული ციკლი ერღვევა ან უნაყოფობის გამო გინეკოლოგს მიმართავს. მკურნალობა და ჰორმონული ფონის მოწესრიგება რამდენიმე დღეში შეუძლებელია. ეს სამ თვეს მაინც მოითხოვს.

ჰორმონმოშიშთათვის
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონულ თერაპიას ლამის მთელი მსოფლიოს ექიმები აპიარებენ, მისდამი შიში ჯერაც არ ჩამცხრალა. აი, არგუმენტები, რომლებიც “ჰორმონმოშიშ” ქალბატონებს ყველაზე ხშირად მოჰყავთ:
. ჰორმონები ზედმეტ წონას შემძენს. მართლაც, ქალთა 2-12% ჰორმონოთერაპიის შემდეგ წონას იმატებს, მაგრამ ენდოკრინოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს არამც და არამც არ არის ჰორმონული მედიკამენტების უშუალო ზემოქმედების შედეგი. უბრალოდ, ზოგიერთი სამკურნალო ჰორმონი მადის მომატებას იწვევს, ისე რომ, თუ მკურნალობის პერიოდში კვებას გააკონტროლებთ, ჭარბი წონა არ დაგემუქრებათ. არის ისეთი ჰორმონებიც, რომლებიც ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ქალი გრძნობს, რომ დამძიმებული, შეშუპებული და მოსუქებულია. ეს შეგრძნებები ძალიან ჩამოჰგავს წინარემენსტრუაციულ სინდრომს.
. ჰორმონები სქესობრივ ლტოლვას აქვეითებს. ასეთ ზემოქმედებას ზოგიერთი ჰორმონული კონტრაცეპტივი მართლაც ავლენს, თუმცა იშვიათად. თუ ჰორმონული აბების მიღების შემდეგ სქესობრივი ცხოვრება აგერ-დაგერიათ, გირჩევთ, ადგილობრივი კონტრაცეფციული საშუალებანი (არაჰორმონული სანთლები ან პრეზერვატივი) გამოიყენოთ.
. ჰორმონები სარძევე ჯირკვლის კიბოს იწვევს. ამგვარ მოსაზრებას ერთხანს ამერიკელი მეცნიერების ნაწილიც ემხრობოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სიმსივნურ ცვლილებას ერთი კონკრეტული შემადგენლობის ჰორმონი იწვევდა, რომელიც აშშ-ში ხმარებიდან უმალვე ამოიღეს, ხოლო ევროპაში არც არასოდეს იყიდებოდა

« < 123 > »
ზემოთ