გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

15.09.2014
“ავერსის” მტრედი ბარათის მეექვსე გათამაშება...

გამოკითხვა

როგორია მტრედი ბარათის ახალი სარეკლამო რგოლი?

სამედიცინო თემები -> გინეკოლოგია

ქალური დაავადებები

რა უნდა ვიცოდეთ “ქალური” დაავადებების შესახებ
ვინ მოთვლის, რამდენი გამოცდა ელის მშვენიერ სქესს ცხოვრების გზაზე. მათ შორის – პათოლოგიების მთელი არსენალი, რომელთაც მარტივად ქალურიდაავადებების სახელით მოვიხსენიებთ.
ბევრი ჯეროვან ყურადღებას არც კი აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. ჰგონია, ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილში აღმოცენდება, თავისთავად გაივლის. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება... უყურადღებობის გამო ბანალური ანთების საფუძველზე ისეთი მძიმე გართულება ყალიბდება, როგორიც უნაყოფობაა. ამდენად, ნებისმიერი დისკომფორტი, რომელსაც ქალბატონები განიცდიან, მეტად საყურადღებოა.
მაინც რომელი გინეკოლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად? რა პრინციპით მკურნალობენ მათ? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ბესარიონ ტყეშელაშვილი.

. რომელი გინეკოლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად?
– გინეკოლოგიურ პრობლემებს შორის ყველაზე მეტად გახლავთ გავრცელებული:
. სასქესო ორგანოების  ინფექციური პათოლოგიები;
. მენსტრუაციული ციკლის დარღვევები (მათ შორის – ბავშვებში, რაც მენსტრუაციული ციკლის პათოლოგიების სახით იჩენს თავს); მრავლადაა ჰიპომენსტრუაციული ტიპის დარღვევა: სისხლდენის შემცირება, გაიშვიათება და გ

აქრობა;


. სიმსივნური (ჰიპერპლასტიური) პროცესები, რომლებიც საშვილოსნოს ყელზე, მის ტანსა და შიდა გარსზე ვითარდება. აქვე უნდა ვახსენოთ სარძევე ჯირკვლების პათოლოგიებიც – მოგეხსენებათ, ისინიც ქალის სასქესო ორგანო

თა რიცხვს ეკუთვნის.
გარდა ამ პრობლემებისა, ქალბატონები ხშირად უჩივიან უნაყოფობას და კლიმაქსურ პრობლემებს.
. სქესობრივად გადამდები უმთავრესად რომელი ინფექციებით ავადმყოფობენ ქალბატონები?
– სასქესო სფეროს უპირატესად ე.წ. უჯრედშიდა მიკროორგანიზმები აზიანებენ. ისინი იწვევენ ქლამიდიოზს, ურეაპლაზმოზს, მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ჰერპესს, პაპილომავირუსულ ინფექციას, მიკოზს, სხვადასხვა დისბაქტერიულ ცვლილებას.
ინფექციის უტყუარი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, უნიფიცირებული, რეფერენტული, ზუსტად განსაზღვრული მიდგომა ავირჩიოთ. მაგალითად, სისხლში ქლამიდიის აღმოჩენის იმუნოფერმენტული მეთოდი, რომელიც საქართველოში ფართოდ არის დანერგილი, ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ასევე შეუძლებელია ჩვეულებრივი ნაცხის აღებით პაპილომავირუსის აღმოჩენა. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის უთუოდ PAP-ტესტის გაკეთებაა საჭირო.

. ვიცით, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს…
– მკურნალობაც და დიაგნოსტირებაც უთუოდ პარალელურად უნდა წარიმართოს, თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ერთი თავისებურება: დაავადება შეიძლება იყოს ორგანიზმში, მაგრამ არ გამოვლინდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პათოლოგია აღმოაჩნდება პარტნიორს. ასეთ შემთხვევაში, რომელიმე დაავადება რომ არ გამოგვეპაროს, რამდენიმე კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ამრიგად, ეფექტური მკურნალობის უპირველესი პირობა მართებული დიაგნოზის დასმა გახლავთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელი პრეპარატებით და რამდენ ხანს მკურნალობდა ქალი. ყოველივე ამის გათვალისწინებით მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ხანგრძლივობის შერჩევა იოლია.
სამწუხაროდ, ამჟამად გავრცელებულია ტენდენცია, სასქესო ინფექციებისგან ერთდღიანი თერაპიით განკურნონ. თავისთავად ამგვარი ტაქტიკა მისაღებია, მაგრამ მხოლოდ მწვავე შემთხვევების დროს; პრაქტიკაში უმეტესად მაინც ქრონიკულ ინფექციურ პათოლოგიებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ხანგრძლივი, სულ მცირე, თოთხმეტ-ოცდღიანი თერაპიული კურსი სჭირდება.
. სასქესო ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიღებულია?
– საქართველოში ანტიბიოტიკებს მეტად არარაციონალურად იყენებენ. შედეგად ვიღებთ პრეპარატების მიმართ გამძლე ბაქტერიულ შტამებს, რომლებზეც შემდგომ დანიშნული ანტიბაქტერიული მედიკამენტები აღარ მოქმედებს. ამის გამო თერაპიას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამდენად, არაადეკვატური მკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც მთავარია, საჭიროა სქესობრივი პარტნიორების ე.წ. სარკისებრი მკურნალობა, რაც ორივესთვის ერთი და იმავე მედიკამენტების დანიშვნას გულისხმობს.  
. მეტად გახშირდა მენსტრუაციული ციკლის მოშლილობანი მოზარდ გოგონებს შორის. სახელდობრ, რომელი ტიპის დარღვევებია დამახასიათებელი ამ ასაკისთვის?
– მოზარდ გოგონას შეიძლება მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერი იმ ტიპის 
მოშლილობა აღენიშნებოდეს, რაც ზრდასრულ ქალბატონებს აწუხებს. პრობლემის გაახალგაზრდავებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – ძილ-ღვიძილის რიტმის, საზოგადოდ, ბიორიტმების დარღვევა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვებით კვება. თუკი ამას გენეტიკური წინასწარგანწყობაც დაერთო, პრობლემა ადრეულ ასაკში იჩენს თავს.
. მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს ხშირად ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობენ. გამართლებულია თუ არა პრობლემისადმი ამგვარი მიდგომა?
– მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს მართლაც ხშირად მკურნალობენ ჰორმონული კონტრაცეპტივებით, ისე, რომ პათოლოგიის აღმოცენების რეალურ მიზეზს არ შეისწავლიან. ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პათოლოგიას კიდევ უფრო აღრმავებს (ხშირად ანოვულაციასაც კი იწვევს) და საბოლოოდ უნაყოფობას განაპირობებს.
. რა პრინციპით მკურნალობენ მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს?
– ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკური თავისებურებანი, კვების ხასიათი, ცხოვრების რეჟიმი, სტრესების არსებობა... ყოველივე ამის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ვერიდებით ჰორმონული პრეპარატების დანიშვნას. 
. ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსივნური პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ სასქესო ორგანოების ახალწარმონაქმნებისგან დაზღვეული იყოს?
– სასქესო ორგანოების სიმსივნური პათოლოგიები თავიდან რომ ავიცილოთ, ყოველწლიურად უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური შემოწმება. გაცილებით ხშირი კონტროლი სჭირდება მას, ვისაც რომელიმე გინეკოლოგიური პათოლოგია აღენიშნება. 
. არსებობს თუ არა კლინიკური ნიშანი, რომელიც ქალს სასქესო ორგანოების  სიმსივნური პათოლოგიის არსებობას გვაფიქრებინებს?
– ადრეულ ეტაპზე ეჭვის საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ქალები როგორც წესი, სისხლდენის, ტკივილისა და მუცლის ზრდის გამო მოგვმართავენ, ეს სიმპტომები კი უკვე სიმსივნური პროცესის სიძველეზე მეტყველებს. გარდა ამისა, ქალი შეიძლება უჩიოდეს მეზობელი ორგანოების ფუნქციურ დარღვევებს და უნაყოფობას. 
. რომელი ასაკიდან არის მიზანშეწონილი პროფილაქტიკის მიზნით გინეკოლოგთან მისვლა?
– ნებისმიერ ასაკში, როცა კი ქალი ან მოზარდი გოგონა რაიმე საეჭვო ნიშანს შეამჩნევს, უთუოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. 
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოზარდ გოგონას ზრდასრული ქალის მსგავსად უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გინეკოლოგიური გამოკვლევა: სასქესო ორგანოების ექოსკოპია, PAP-ტექნოლოგიით გაკეთებული ნაცხის ანალიზი და კოლპოსკოპია.
. უამრავ ქალს აწუხებს საკვერცხეების ანთება. ხშირად საუბრობენ ისეთ პრობლემაზეც, როგორიც კვერცხსავალი მილების შეხორცება და ამით გამოწვეული უნაყოფობაა. მაინც რა იწვევს ამგვარ ცვლილებებს?
– შიგნითა  სასქესო ორგანოების ანთებით დაზიანებას უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. ყველაზე ხშირად – ტრიქომონა, შემდეგ – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ჩირქმბადი მიკროორგანიზმები ორგანიზმში უპირატესად გინეკოლოგიური მანიპულაციების (ხელოვნური აბორტის) და მშობიარობის დროს ხდება.
. სასქესო ორგანოების დაავადებათა ყველაზე არასასურველი, თუმცა ხშირი გართულებაა უნაყოფობა. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში?
– ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს, დღითიდღე ხშირდება. ამის კვალობაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ უნაყოფობაც მეტად აქტუალურია.
. როგორ მკურნალობენ გინეკოლოგიურ დაავადებებს?
– მკურნალობის ეფექტურობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, უწინარეს ყოვლისა, სწორი დიაგნოზი, დაავადების განვითარების მექანიზმისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, მათი ლიკვიდაციის რაციონალური ხერხებისა და საშუალებების შერჩევა, ეს ყოველივე კი ექიმის პროფესიონალიზმზე გახლავთ დამოკიდებული. მკურნალობის ზოგადი პრინციპი ასეთია: რაც შეიძლება ნაკლები წამალი ან მათი თანმიმდევრული გამოყენება აუცილებლობის მიხედვით. პრაქტიკაში ძნელია ასეთი მზა ფორმულების მოწოდება. მაგალითად იმავე ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობას მოვიხმობ. თუ პროლაქტინის დეფიციტი მისი მასინთეზებელი სიმსივნის არსებობით არ არის გამოწვეული, დროგამოშვებითი, ტრანზიტორული ხასიათისაა და ფუნქციური ჰიპერპროლაქტინემიის სახით ვლინდება, უპირატესობას ანიჭებენ არა ქიმიურ, არამედ ფიტოპრეპარატებს.
. დასასრულ, რას ურჩევდით ქალებს? 
– ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის ჩასახვისთანავე უნდა დავიწყოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონას აღზრდას, მის გათვითცნობიერებას გინეკოლოგიურ საკითხებში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაჟებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. მით უმეტეს, რომ ანდროლოგიური პრობლემები დღეს მრავალ მამაკაცს აწუხებს. 
ყველა ქალბატონმა უნდა გაითავისოს, რომ გინეკოლოგიური პათოლოგიების საუკეთესო მკურნალობა პროფილაქტიკაა. ურიგო არ იქნება, თუ დროდარო ექიმს ეწვევით და ზოგიერთი მეტად საჭირო გამოკვლევა ჩაიტარონ.
გარდა ამისა, გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ორალური კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სპირალის) მიმართ. მათ დანიშვნას და გამოყენებას  წესების მკაცრი დაცვა სჭირდება. ქალს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეურჩიოს.
დაბოლოს, მსურს, რჩევა მივცე კლიმაქსური ასაკის ქალბატონებს. მენოპაუზა ქალის ცხოვრების ისეთივე ფიზიოლოგიური პეროდია, როგორიც ბავშვობა, პუბერტატული (გარდატეხის) და რეპროდუქციული ასაკი. ამიტომ თუ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, ქალს ჰორმონული მედიკამენტებით ზედმეტი მკურნალობა არამც და არამც არ დასჭირდება. სამკურნალო პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ მაშინ გახლავთ გამართლებული, როდესაც ქალბატონს კლიმაქსთან დაკავშირებული რომელიმე პათოლოგიური სინდრომი აღენიშნება. 
---------------------------------


გასაძლისი ტკივილი თუ…
მცირე მენჯის ღრუს არეში ტკივილი რომელ ქალს არ გამოუცდია! დისკომფორტს ან საკვერცხეების ანთებას ვაბრალებთ ხოლმე, ან წინარემენსტრუაციულ სინდრომს. ტკივილი მეტწილად გასაძლისია და ამიტომ თავის ნებაზე გვყავს მიშვებული: ცოტა მეტკინება და გამივლისო.
რისი ბრალიც არ უნდა იყოს მცირე მენჯის ღრუში აღმოცენებული ტკივილი, ყურადღება და გინეკოლოგის კონსულტაცია უთუოდ საჭიროა, მაგრამ სანამ გამოკვლევისთვის სპეციალისტს მიმართავთ, მოდი, თვალი გადავავლოთ იმ პათოლოგიებს, რომლებიც შეიძლება “ქალური” ტკივილის მიზეზად იქცეს.

“უწყინარი” ტკივილი
დისკომფორტს, რომელსაც პერიოდულ ტკივილს უწოდებენ და რომელიც თვეში ერთხელ, თითქმის ერთსა და იმავე დროს (მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში) აღმოცენდება, ფიზიოლოგიური ბუნება აქვს. ის  ოვულაციას უკავშირდება, ამიტომ მტკივნეული ოვულაციის სახელითაც იხსენიებენ. ტკივილი შეიძლება რამდენიმე წუთს ან რამდენიმე საათს გაგრძელდეს და შემდეგ უკვალოდ გაქრეს.
მტკივნეული ოვულაცია არ უკავშირდება პათოლოგიურ პროცესს და, ამდენად, ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.

ტკივილი კრიტიკულ დღეებში
მუცლის ქვედა ნაწილში არცთუ იშვიათია ტკივილი და ქაჩვის შეგრძნება უშუალოდ მენსტრუაციის დროს ან რამდენიმე დღით ადრე. წინარემენსტრუაციულ მუცლის ტკივილს, როგორც წესი, თან სდევს სარძევე ჯირკვლების გადიდება, მუცლის შებერვა, უგუნებობა, მადის მომატება და ა.შ. ყველა ეს უსიამოვნება სპეციალისტებმა საერთო სახელწოდებით: წინარემენსტრუაციული სინდრომით – გააერთიანეს. მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ თუკი დისკომფორტი ძლიერია, უმჯობესია, გინეკოლოგს ესტუმროთ და ადეკვატური თერაპიული კურსი ჩაიტაროთ. 

ორგანული ტკივილი
როგორც სახელწოდებაც მიგანიშნებთ, ამ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი მცირე მენჯის ღრუს რომელიმე ორგანოს დაზიანება გახლავთ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს დანამატების ანთებითი ცვლილებებია.
სალპინგოოოფორიტის, იმავე დანამატების ანთების, მთავარი მიზეზი ინფექციაა, უპირატესად – განმეორებითი. ანთებითი პროცესის უყურადღებოდ დატოვება, აქაოდა თავისთავად გაივლისო, არამც და არამც არ შეიძლება. ანთების შედეგად ხშირად შეხორცებითი პროცესი ვითარდება, რაც საბოლოო ჯამში უნაყოფობას განაპირობებს.
“ქალური” ტკივილის კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ენდომეტრიოზია, რომლის დროსაც საშვილოსნოდან აშრევებული სისხლძარღვოვანი ქსოვილის ნაფლეთები (რომლებიც, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დროს გამოიდევნება ორგანიზმიდან), უადგილო ადგილას, მაგალითად კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებსა და მუცლის ღრუში გადაიტყორცნება. ტკივილი, როგორც წესი, მენსტრუაციის დროს აღმოცენდება.

ტკივილი ორსულობის დროს
ხშირად მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმვისა და ქაჩვის შეგრძნება საშვილოსნოს ტონუსის მატებაზე მიუთითებს, თუმცა დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის შედეგად შეიძლება. არცთუ იშვიათად ძლიერი ტკივილის მიზეზი სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა) გახლავთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე მენჯის ღრუს არეში ტკივილს (ამასთანავე – საკმაოდ ძლიერს) განაპირობებს, საშვილოსნოსგარე ორსულობაა, როდესაც კვერცხსავალი მილი სკდება და პერიტონიტის საშიშროება იქმნება. 

იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე
დედობა ქალისთვის უდიდესი მადლია, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ მედიცინის ისეთი დარგი, როგორიც რეპროდუქტოლოგიაა, დღესდღეობით მეტად პრიორიტეტული გახლავთ, მაგრამ ვიდრე სპეციალისტს მიმართავდეს, ქალმა თავადვე უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამისთვის რამდენიმე კანონზომიერების გათვალისწინება მოგიწევთ:
. რეპროდუქციულ (შვილოსნობის) ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება მწვავე და ქრონიკული ინფექციური პათოლოგიები, მათ შორის – ქრონიკული ტონზილიტი და გრიპით ხშირი ავადობა.
. მოერიდეთ გადაცივებას, განსაკუთრებით – მენსტრუაციის დროს. აუზში ან ზღვაში ცურვის შემდეგ სველი საცურაო კოსტიუმი მალევე გაიხადეთ, თორემ ადვილი შესაძლებელია, საშვილოსნოს დანამატების ანთებას გამოჰკრათ ხელი.
. მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციებს ვნებს მოჭერილი შარვლები – ისინი აწვება სისხლძარღვებს, რომლებიც ორგანოებს სისხლით ამარაგებს. უპირატესობა ბუნებრივი მასალის თეთრეულს მიანიჭეთ.
. არამც და არამც არ გირჩევთ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით – სათბურის დადებას ან ყურმოკრული მედიკამენტების მიღებას.
-------------------------------------

მეტად საპასუხისმგებლო ვიზიტი

ქალები გინეკოლოგს ორ შემთხვევაში მიმართავენ: ერთხელ – როდესაც ორსულობას ეჭვობენ, ხოლო მეორედ – როცა რომელიმე ქალური დაავადება აწუხებთ. როგორც გინეკოლოგები გვაფრთხილებენ, მრავალი ასეთი პათოლოგია ფარულად მიმდინარეობს და თავს მხოლოდ მაშინ იჩენს, როდესაც განკურნება უკვე მეტისმეტად რთულია. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ გინეკოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით დროდადრო მაინც შევივლით. სპეციალისტები გვირჩევენ, გინეკოლოგიური პრობლემებისგან თავის დაზღვევის მიზნით 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ქალი კოსულტაციისთვის წელიწადში ერთხელ მაინც ეწვიოს ექიმს.

არ გადადო 
მაშინაც კი, როცა სიმპტომები თვალსაჩინოა, ბევრი თავს არიდებს გინეკოლოგთან ვიზიტს. ისეთი შემაწუხებელი ნიშნებიც კი, როგორიც არის ძლიერი ტკივილი და დაქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, სხეულის ტემპერატურის მატება,  უხვი, სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი საშოდან,  გამონაყარი გარეთა სასქესო ორგანოებზე, ქავილისა და წვის შეგრძნება, – უყურადღებოდ რჩება. ზოგჯერ უსიამოვნო შეგრძნებები თავისთავად გაივლის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას თავი სამუდამოდ დავაღწიეთ – ვერაგი დაავადება ფარულად განაგრძობს არსებობას და ელის ხელსაყრელ წუთს, რათა ადრინდელზე მეტი აგრესიულობით შეგვახსენოს თავი.
გინეკოლოგთან ვიზიტი არამც და არამც არ გადადო, თუკი:
. გაწუხებს უხვი მძაფრსუნიანი გამონადენი საშოდან, რასაც ერთვის ქავილის შეგრძნება და წვა. დაგერღვა მენსტრუაციული ციკლი: გაქვს უხვი და ხანგრძლივი (7-10 დღეზე მეტი) მენსტრუაციული სისხლდენა; 
. სისხლდენა სხვა დღეებშიც იჩენს თავს ან საცვლებზე პერიოდულად სისხლის ლაქები ჩნდება;
. მენსტრუაციამ “დაიგვიანა” (არ აქვს მნიშვნელობა, გქონდა თუ არა სქესობრივი კავშირი);
. გარეთა სასქესო ორგანოებზე მცირე ზომის წანაზარდები შენიშნე, ლორწოვანი გარსი გაღიზიანებული და შეწითლებულია. 

გაითვალისწინე: მედიკამენტების (უპირატესად – ანტიბიოტიკების) არაადეკვატური მიღება დაავადებას არ სპობს, მაგრამ აქრობს, უჩინარს ხდის სიმპტომებს, რაც მეტად სახიფათოა – დროთა განმავლობაში, თითქოსდა სრულიად უმიზეზოდ, თავს წამოყოფს ისეთი მძიმე გართულება, როგორიც კვერცხსავალი მილების შეხორცებითი გადაგვარება და ამით განპირობებული უნაყოფობაა. 

ქალური გამოცდის წინ
გინეკოლოგთან ვიზიტი ერთგვარი ქალური გამოცდაა. ისევე, როგორც ყველა სხვა გამოცდის წინ, მომზადება არც ამ შემთხვევაში გაწყენდა. ამისთვის რამდენიმე რჩევა გაითვალისწინე:
. ვიზიტი მენსტრუაციის მომდევნო პერიოდისთვის დაგეგმე. კრიტიკულ დღეებში ექიმთან წასვლას არამც და არამც არ გირჩევ
. ზუსტად გაიხსენე უკანასკნელი მენსტრუაციის დაწყების თარიღი. ზოგჯერ ექიმი პირველი მენსტრუაციის დაწყების ასაკითაც ინტერესდება. 
. ექოსკოპიური გამოკვლევისას ზოგჯერ საშარდე ბუშტი დაცლილი უნდა იყოს. ამის თაობაზე სპეციალისტს წინასწარ ჰკითხე.
. ხშირად საჭიროა, ექიმთან პარტნიორთან ერთად მიხვიდე, გამოკვლევები ორივემ ჩაიტაროთ და, შესაბამისად, ორივემ იმკურნალოთ. ეს მაშინ, როცა ქალს სგგი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია) აქვს ან უნაყოფობას უჩივის. უკანასკნელ შემთხვევაში დამნაშავე ხშირად მამაკაცია. ამას ხშირად მას შემდეგ ხვდებიან, რაც ქალს ყველა ნაცადი მეთოდით უმკურნალებენ, მაგრამ შედეგს ვერ მიიღებენ. ასე რომ არ მოხდეს, თავიდანვე წყვილის გამოკვლევაა საჭირო.

***
და კიდევ: თუკი არასასურველი ორსულობისგან თავის დაზღვევას გადაწყვეტ, კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად უთუოდ გინეკოლოგს მიაკითხე. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, თავდაცვის რომელი საშუალება შეესატყვისება ყველაზე უკეთ შენ ასაკს.
--------------------

ვარჯიში დაზარალებული ორგანოებისთვის

დამეთანხმებით – გინეკოლოგიური მანიპულაცია ქალის სუსტი ორგანიზმისთვის მეტად დიდი დატვირთვაა, მით უმეტეს, როცა საქმე ქირურგიულ, თუნდაც უმნიშვნელო, ოპერაციას ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, ქირურგიული ჩარევა საკვერცხეებზე მოხდება თუ საშვილოსნოს ყელზე, – გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მოძლიერება, ხოლო მცირე მენჯის ღრუს “დაზარალებულ” ორგანოებს – სისხლით ადეკვატური მომარაგება. ამისთვის საუკეთესო გზა სპეციალური ვარჯიში გახლავთ.
გთავაზობთ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელთა შესრულება მარტივი გინეკოლოგიური ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება (მძიმე ოპერაციის შემდეგ, სასურველია, რამდენიმე კვირა არ ივარჯიშოთ). ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ სულ რაღაც ოც-ოცდახუთწუთიანი წავარჯიშება საკმარისია, რომ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგება აღდგეს, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციები ნორმას დაუბრუნდეს. ყველა ვარჯიში ზურგზე წოლისას სრულდება.

1.    ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და გამართეთ. ხელები სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ. გაჭიმული ხელები ნელა გადაიტანეთ თავს უკან და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ნელა დაუშვით სხეულის გასწვრივ და პირით ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
2.    ხელები მოხარეთ და მუშტებად შეკარით. ფეხები გაჭიმეთ, ტერფები წინ მიმართეთ. მუშტები გაშალეთ, პარალელურად ფეხები კოჭ-წვივის სახსარში მოხარეთ და ტერფები თქვენსკენ მიზიდეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში 5-6-ჯერ გაიმეორეთ.
3.    ფეხები გამართეთ, შემდეგ ნელა მოხარეთ მუხლის სახსარში, ისე, რომ ტერფები იატაკს არ ააცილოთ. რამდენიმე წამით ასე გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ვარჯიში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.
4.    ფეხები მაქსიმალურად მოხარეთ მუხლებში, ისე, რომ ტერფები სხეულთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს. ხელები ტანის გასწვრივ დაიწყვეთ და მენჯი რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ასწიეთ. რამდენიმე წამს ასე გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ვარჯიში ნელა გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
5.    ხელები ბოქლომად შეკარით და თავქვეშ ამოიდეთ, იდაყვები აქეთ-იქით მიმართეთ. ფეხები გამართეთ. ხელების დახმარებით თავი და მხრები ისე წამოსწიეთ, რომ ნიკაპი გულმკერდს შეეხოს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
6.    ხელები სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ. ფეხები ჯერ გამართეთ, შემდეგ მარჯვენა კიდური გვერდზე გასწიეთ, კვლავ საწყის მდებარეობას დაუბრუნეთ (მიატყუპეთ მეორეს) და იგივე მოძრაობა მარცხენა ფეხით შეასრულეთ. ვარჯიში 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

ამ ვარჯიშების შესრულება რეკომენდებული არ არის:
. მაღალი ტემპერატურის;
. საერთო სისუსტის;
. მწვავე ანთებითი პროცესის;
. საშვილოსნოდან სისხლდენის;
. თრომბოფლებიტის;
. ანემიის;
. სისხლის მიმოქცევის მოშლის;
. გულისრევისა და ღებინების შემთხვევაში

კლიმაქსის პრობლემები

ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია
მენოპაუზა, კლიმაქსი – ეს ტერმინები რატომღაც სიბერესთან ასოცირდება და შიშს იწვევს. რეალურად კლიმაქსი ქალის ცხოვრების გარდაუვალი მოვლენაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება: სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია, ამ ხნის 35-40% კი მენოპაუზის წილად მოდის.
მენოპაუზის თავისებურებებზე, კლიმაქსური სინდრომის პრობლემებსა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი მარინა მაჩაიძე:
– განსაზღვრული ასაკობრივი ცვლილებები ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ 35-დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციონირება წ

ყდება. ამით იწყება მენოპაუზა.
სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა საშუალოდ 51 წლის ასაკში დგება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, უფრო ადრე –  45 წლიდან ან ოდნავ მოგვიანებით – 55 წლისთვის დაიწყოს.
 რამდენად გახშირდა კლიმაქტერიული სინდრომი? გარდა ჩვეული ნიშნებისა, მაგალითად, ალებისა, რით შეიძლება გამოვლინდეს იგი?
– თავის ტვინში მდებარე განსაზღვრული ფუნქციის მქონე ცენტრები, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი, რომლებიც ჰორმონულ პროცესებს არეგულირებენ, დაკავშირებულნი არიან თავის ტვინის სხვა უბნებთან, მათ შორის – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებთან, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და სხეულის ტემპერატურის რეგულირება აკისრიათ, ასევე – ლიმბურ სისტემასთან, რომელიც “გრძნობათა ცენტრს” წარმოადგენს. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს.
უნდა ითქვას, რომ ეს დარღვევები ყოველთვის არ იჩენს თავს. მენოპაუზის პერიოდში ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის შემაწუხებელ მოვლენებს, მესამედს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი აღენიშნება, ხოლო მესამედს 

 

კლიმაქსი ყოველგვარი ცვლილების გარეშე გადააქვს.
ძნელი სათქმელია, რომელ ჯგუფში აღმოჩნდება ესა თუ ის ქალი, რადგან ეს სრულიად არ არის დამოკიდებული პიროვნულ თავისებურებებზე, თუმცა, მერწმუნეთ, უსიამოვნების დაძაბულ მოლოდინს კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტი დღეს გადაუჭრელ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
საზოგადოდ, როდესაც კლიმაქსურ გარდაქმნებს განვიხილავთ, ორი ტიპის ცვლილებები უნდა გამოვყოთ.

ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, შფოთვა, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ადგილას (პარესთეზია), ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის და კლიმაქსური გარდაქმნების დამთავრების შემდეგ თავისთავად ქრება.


გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიაკუთვნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ოსტეოპოროზს, შარდის ბუშტის პრობლემებს (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ამგვარი პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.
მეცნიერებმა ერთი საინტერესო მოვლენა შეამჩნიეს: იაპონელ, ჩინელ და სხვა აზიური ქვეყნების მკვიდრ ქალებს კლიმაქსის პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები, ძალიან იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. ამის მიზეზი ყოფილა მათი კვების რაციონი, რომელიც ცხიმის დაბალი შემცველობითა და მცენარეული ესტროგენებით მდიდარი სოიის პროდუქტების სიუხვით გამოირჩევა.
 შესაძლებელია თუ არა, კლიმაქსმა ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს?
– სავსებით შესაძლებელია, მენოპაუზის დროს მომხდარმა ცვლილებებმა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია  ფსიქიატრის ან ნევროლოგის კონსულტაცია.
 ხშირად ოსტეოპოროზს კლიმაქსთან ერთად იხსენიებენ. რა არის ოსტეოპოროზი და რატომ იჩენს თავს უპირატესად მენოპაუზის ასაკში?
– ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი მასის შემცირება, სიმყიფის მატება და მოტეხილობების გახშირება ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზის ცნება სათავეს XVIII საუკუნიდან იღებს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერები დაავადების საერთო დეფინიციაზე დღემდე ვერ შეთანხმებულან. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან წლების განმავლობაში ოსტეოპოროზი რენტგენოლოგიურ ფენომენს წარმოადგენდა. სწორედ კვლევის ამ მეთოდით ხდებოდა მისი ლოკალური, კეროვანი, რეგიონული თუ სისტემური ფორმების იდენტიფიკაცია. თანამედროვე წარმოდგენით, დაავადებაზე ლაპარაკი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება თუნდაც არაერთგვაროვანი, მაგრამ ჩონჩხის ყველა ფრაგმენტში არსებული მიკროსტრუქტურული ცვლილებებით. რაც შეეხება მენოპაუზასთან ოსტეოპოროზის კავშირს, საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს, კლიმაქსის შემდეგ კი სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია მცირდება, რასაც ძვლების კალციუმით გაღარიბება და ოსტეოპოროზის განვითარება მოჰყვება.
ოსტეოპოროზს ჩუმ მძარცველს უწოდებენ, ვინაიდან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ნელი ტემპით მიმდინარე ძვლების განლევა, რომელიც თავდაპირველად არაფრით ვლინდება და არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს.
ოსტეოპოროზის პირველი ნიშანი სიმკვრივედაკარგული მალების მიკროდაზიანებებით განპირობებული ტკივილებია. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმირდება. ეს ცვლილებები უფრო ხანდაზმული ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა – ბარძაყის თავის მოტეხილობა. 
 რას მიიჩნევენ ოსტეოპოროზის განვითარების რისკისფაქტორებად?
– ამ დაავადების ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის:
. გენეტიკური განწყობა;
. ნაადრევი მენოპაუზა;
. კალციუმის დეფიციტი;
.  თამბაქოს წევა;
. ალკოჰოლის ჭარბი მიღება (40 მლ-ზე მეტი სუფთა სპირტი დღეში);
. კოფეინის ჭარბი მიღება  (2 ფინჯან ყავაზე მეტი დღეში);
. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
. ჰიპოდინამია;
. დამწვრობა;
. ჰიპოტროფია. 
 შესაძლებელია თუა არა, ოსტეოპოროზით დაავადებულმა ტრავმები თავიდან აიცილოს?
– კლიმაქსური სინდრომის სამკურნალოდ ქალს სედაციური, ჰიპოტენზიური და სხვა ჯგუფის პრეპარატების მიღება უხდება, რომლებსაც უნარი შესწევთ, შეცვალონ ფსიქიკა, დააქვეითონ მხედველობა, მგრძნობელობა, დაარღვიონ ქვედა კიდურების ფუნქცია, ამიტომ მაღალია ტრავმის, დაცემის ალბათობა. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რისკის ფაქტორები მინიმუმამდე დავიყვანოთ: ოთახიდან მოვაშოროთ საგნები, რომლებიც ადამიანს გადაადგილებაში ხელს უშლის, დავაგოთ რბილი იატაკი, კიბეს გავუკეთოთ მოაჯირი, უზრუნველვყოთ ადეკვატური განათება.
 შესაძლებელია თუ არა, რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით დროულად შეფასდეს, რამდენად არის შეცვლილი ძვლის სიმკვრივე?
– ძვლის სიმკვრივეზე კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი არცთუ ისე ზუსტ წარმოდგენას იძლევა. ამ მიზნით უმთავრესად ვიყენებთ ერთფოტონურ და ორფოტონურ აბსორბციომეტრიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ახლახან შემუშავებულ იქნა ორენერგეციკული რენტგენოაბსორბციული მეთოდი (DEXA), რომელიც ძვლოვანი ქსოვილის მოცულობითი ვიზუალიზაციისა და ძვლის სიმკვრივის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას გვაწვდის.
 რა პრინციპით მკურნალობენ ოსტეოპოროზს?
– ოსტეოპოროზის მკურნალობა რთული ამოცანაა. თერაპიის მთავარი მიზანია: 
. ძვლოვანი მასის შენარჩუნება ან დანაკარგის შემცირება;
. ტკივილის სინდრომის შესუსტება;
. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება;
. მამოძრავებელი აქტივობის გაზრდა;
. ცხოვრების ხარისხის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესება.
ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატებიდან განსაკუთრებით ეფექტიანია:
. ნივთიერებები, რომლებიც ძვლის რეზორბციის პროცესს თრგუნავს: კალციუმი, D ვიტამინი, ესტროგენები, კალციტონინები, ბისფოსფონატები;
. ნივთიერებები, რომლებიც ძვლის ფორმირების აქტივაციას უწყობს ხელს: ფტორიდები, კალციტროილი, ანდროგენები, ზრდის ჰორმონი, პარათირეოიდული ჰორმონი. 
პირველი ჯგუფის პრეპარატები მაღალი ეფექტურობით  გამოირჩევა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, ამიტომ ფართოდ გამოიყენება ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. მეორე ჯგუფის პრეპარატები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და მათი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში ჯერჯერობით შეზღუდულია.
 არსებობს თუ არა კლიმაქტერული სინდრომისა და ოსტეოპოროზის პრევენციის საშუალება? აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხოვრების წესს, კვებას, ფიზიკურ დატვირთვას?
– მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:
. ჰორმონების დეფიციტის შევსება;
. ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
. საკმარისი ფიზიკური აქტივობა.
სწორედ ჰორმონების დეფიციტის შევსების შემდეგ იზრდება ძვლების სიმკვრივე და თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. შარდის ბუშტისა და საშოს პრობლემების მოგვარება კი ადგილობრივი მკურნალობითაც შესაძლებელია. ამ მიზნით ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები გამოიყენება.
ჯანსაღი და დაბალანსებული კვება კალციუმითა და ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას, ცხოველური ცხიმების და ცომეულის შეზღუდვას გულისხმობს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ დამაგრდება.
კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან ცხიმის ყოველი ზედმეტი კილოგრამი, რომელიც მუცლის არეში გროვდება, ზრდის მენჯის ფუძის კუნთებზე დატვირთვას და, შესაბამისად, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის ალბათობას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშებსაც იყენებენ.
გახსოვდეთ: ოსტეოპოროზის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა. იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში ოსტეოპოროზმა არ შეგაწუხოთ, მის თავიდან ასაცილებლად ზრუნვას ამთავითვე შეუდექით.
 დაბოლოს, რას ურჩევდით ქალბატონებს?
– ადეკვატური ჰორმონოთერაპიის საშუალებით ქალმა 50 წლის შემდეგაც შეიძლება შეინარჩუნოს მიმზიდველობა. გარდა ამისა, ქალს ამ ასაკში უფრო მეტად სცალია საკუთარი თავისთვის, შეუძლია, მეტი დრო დაუთმოს ფიზიკურ აქტივობას და გააკეთოს ყველაფერი ის, რისთვისაც მანამდე ვერ იცლიდა.

რა იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას

კრიტიკული მდგომარეობა
მენსტრუაციას ხშირად დისკომფორტი ახლავს თან, ზოგჯერ – იმდენად ძლიერი, რომ ქალს გაჩენის დღეს აწყევლინებს. როგორც ჩანს, ამიტომაც შეარქვეს თვის რამდენიმე გაუსაძლის დღეს კრიტიკული. 
კრიტიკული დღეების მოახლოებას ხშირად ოჯახის წევრებიც კი გრძნობენ – ქალს განწყობა რადიკალურად ეცვლება, კაპასობს, ჭირვეულობს, ზოგჯერ კი მენსტრუაცია იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცევა, რომ სპეციალისტსაც კი საგონებელში აგდებს. 
მაინც რა იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს? შესაძლებელია თუ არა პრობლემის თავიდან აცილება? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის გინეკოლოგი თეონა სალუქვაძე.

 ქალბატონო თეონა, რამდენად  ხშირია მენსტრუაციული ციკლის დარღვევა?
– მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ  პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს. 
 უპირატესად რომელი დარღვევის გამო მოგმართავენ ქალბატონები?
– არსებობს მენსტრუაციული ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი: შემცირებული მენსტრუაცია ანუ  ოლიგომენორეა – ამ დროს მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია; ხშირი მენსტრუაციები – პოლიმენორეა, როდესაც შუალედი 25 დღეზე ნაკლებია; არარეგულარული ციკლი – დისმენორეა; მენსტრუაციის არარსებობა  – ამენორეა; მტკივნეული მენსტრუაცია  – ალგოდისმენორეა; ჭარბი მენსტრუაცია  – ფაქტობრივად სისხლდენა ანუ მენორაგია. მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ზემოთ ჩამოთვლილი ტიპებიდან ყველაზე ხშირია ალგოდისმენორეა.
  შეიძლება თუ არა, ყოველგვარი დარღვევა პათოლოგიად ჩაითვალოს და მკურნალობა დაინიშნოს?
– არარეგულარული მენსტრუაცია მოზარდ გოგონებში პირველი მენსტრუაციიდან (მენარქედან) და კლიმაქსის დადგომამდე ორი წლის განმავლობაში არ 
ითვლება პათოლოგიად, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არ არის გამოხატული სისხლდენით. ამ შემთხვევაში მკურნალობა საჭირო არ არის. ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევების ჩატარება, მიზეზის დადგენა და დროული სათანადო მკურნალობა. ახალგაზრდა ქალები უყურადღებობამ შესაძლოა უშვილობამდე  მიიყვანოს.  
 რომელი ასაკის ქალებისთვის არის უფრო ჩვეული მენსტრუაციული ციკლის დარღვევა? ხშირია თუ არა ეს პრობლემა მოზარდ გოგონებში?
– მენსტრუაციული ციკლის დარღვევა ყველა ასაკში გვხვდება. ყველაზე  ხშირად, დაახლოებით 35-57%-ში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ალგოდისმენორეა აღინიშნება, ამ პათოლოგიას კი უპირატესად 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალები უჩივიან. 18-45%-ში ალგოდისმენორეა შერწყმულია უშვილობასთან, რაც ხშირად ენდომეტრიოზით არის გამოწვეული. დისფუნქციური ანუ იუვენილური სისხლდენები 12-დან 19 წლამდე ასაკში ასიდან 15 გოგონას აქვს და გამოწვეულია რეპროდუქციული სისტემაში  ჰორმონული ბალანსის დარღვევით, უფრო ზუსტად, ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვალ-საკვერცხეების სისტემაში ჩამოუყალიბებელი ჰორმონული ფონით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხშირი ინფექციური პროცესი, ძლიერი  ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვა.
რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში დისფუნქციური სისხლდენა და, საზოგადოდ, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა უფრო ხშირია  – ასიდან დაახლოებით 20 შემთხვევაში გვხვდება. ამ ასაკის ქალებს ხშირად აქვთ პათოლოგიური სისხლდენაც მენსტრუაციის შეფერხებიდან 1,5-6 თვის შემდეგ.  ამის მიზეზი ხშირად  ორგანული პათოლოგიაა, უმეტესად  – ენდომეტრიუმის პოლიპი და`ან  ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომა.
 ალბათ, სხვადასხვა ტიპის დარღვევას სხვადასხვა  მიზეზი და რისკის ფაქტორი აქვს. არის თუ არა ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცხოვრების რიტმი? კვება? კონტრაცეპტივების არასწორი მიღება?
– მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა,  ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური  ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე.  არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. 
რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენებს ზოგჯერ მათი მართებული მიღებაც იწვევს. ეს დარღვევა დროებითია და თავისთავად დგება მწყობრში, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ჰორმონების უფრო მაღალი შემცველობის მქონე კონტრაცეპტივზე გადასვლა. დაიხსომეთ: კონტრაცეპტივების არასწორი მიღება და ექიმის რჩევის გარეშე თავის დანებება მენსტრუაციის დარღვევას, ზოგჯერ სისხლდენასაც კი იწვევს.
 რამდენად საშიშია აღნიშნული პრობლემის უყურადღებოდ დატოვება ან თვითმკურნალობა? 
– თუ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გამოხატულია სისხლდენით, ეს გამოიწვევს ანემიას, ორგანიზმის დასუსტებას, საშვილოსნოს და მისი დანამატების ინფექციურ დაავადებებს, საბოლოოდ კი ჰემორაგიულ შოკს. სხვა სახის დარღვევებმა შესაძლოა უშვილობამდეც მიგვიყვანოს. თვითმკურნალობა,  მეგობრის  რჩევით ჰორმონული პრეპარატების მიღება დაუშვებელია. ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო დაამძიმოს, არადიაგნოსტირებული დარჩეს ისეთი ორგანული პათოლოგიები, როგორიც არის საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპი, ჰიპერპლაზია, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს სიმსივნე, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.
 როგორია მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები?
– მკურნალობა მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, ხშირად არაერთი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი (მენსტრუაციული ციკლის პირველ და მეორე ფაზაში), ჩატარდეს ფუნქციონალური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა (მცირე მენჯის ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის).  ამასთან ერთად ზოგჯერ საჭიროა ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის ჩარევა, თავის ტვინის რენტგენოგრაფია თურქული კეხის აღწერით და  კომპიუტერულ-რეზონანსული  ტომოგრაფია. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენეტიკური  ფაქტორებიდან  გამომდინარე. ზოგიერთი პათოლოგია ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს, ზოგიერთი კი ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობას. ავიტამინოზით, მასის დეფიციტით (ხანგრძლივი დიეტის შედეგად) გამოწვეულ ამენორეას კვების მოწესრიგებითა და ვიტამინებისა და საჭირო მიკროელემენტების შევსებით  მკურნალობენ.
 რას ურჩევდით ქალბატონებს? 
– ვურჩევდი, მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიემართათ გინეკოლოგისთვის. ეს თავიდან ააცილებს მრავალ გართულებას, მათ შორის – უშვილობას, ნაადრევ კლიმაქსს, ანემიას, ინფექციურ დაავადებებს, ოპერაციულ ჩარევას და ა.შ.

თავიდან აიცილეთ ძუძუს კიბო

ფაქტია, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იმდენად სწრაფად იხვეწება, ექიმებმა ლამის ყველა დაავადება ერთბაშად განკურნონ. მაშ, რა ხდება, რატომ იზრდება წლიდან წლამდე ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი? რატომ იტანჯება მილიონობით ადამიანი უკურნებელი სენისგან? ამ 
ავადსახსენებელ სენს მედიცინა ჯერ კიდევ ვერაფერს უხერხებს, თუმცა ექსპერტებმა გამოსავალი იპოვეს: მათი თქმით, კიბოსგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციას ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის – ძუძუს კიბოს – თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილეთაგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი 35%-ით ნაკლები ქალი გარდაიცვალა.
ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის მნიშვნელობაზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის გინეკოლოგი ლელა თანდაშვილი:


 ქალბატონო ლელა, რამდენად გახშირდა კიბოთი ავადობა? 
– მსოფლიოში სიკვდილის ათ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორის კიბოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2004 წელს  ავთვისებიანი სიმსივნით 7.4 მილიონი ადამიანი

 დაიღუპა. ასე თუ გაგრძელდა, 2015 წლისთვის კიბო 83 მილიონზე მეტ ადამიანს შეიწირავს.
 კონკრეტულად ძუძუს კიბოზე რას გვეტყოდით? იმატა თუ არა ამ დაავადების შემთხვევებმა? 
– ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველი ადგილი ძუძუს კიბოს უჭირავს. ახალგაზრდა ქალების სიკვდილიანობის შემთხვევათა 16% სწორედ მის წილად მოდის.

2005 წლის მონაცემებით, წლის მიწურულს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით აღრიცხვაზე  29241 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 54,1% ქალი. აქედან ლოკალიზაციის მიხედვით ავთვისებიან სიმსივნეთა ახალი შემთხვევების სტრუქტურაში 34,9%-ს – სარძევე ჯირკვლის, ხოლო  26,2%-ს სასქესო ორგანოთა სიმსივნეები შეადგენს. სამწუხაროდ, დიდია დაავადების უკვე დაგვიანებულ, IV სტადიაში გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი.
განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. ამის წყალობით ძუძუს კიბოს შემთხვევები წლიდან წლამდე მცირდება. საქართველოში კი ეს პრობლემა ჯერჯერობით საკმაოდ აქტუალურია. სასიხარულოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. საზღვარგარეთ ანალოგიური პროგრამის წყალობით ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოთი ავადობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. ვიმედოვნებთ, ჩვენშიც ასე მოხდება. 
 ცნობილია, რომ ძუძუს კიბოთი ავადობის შესამცირებლად ყველაზე მარტივი გზა თვითგასინჯვაა. რას გვეტყოდით ამის შესახებ? 
– გეთანხმებით. ძუძუს სიმსივნური პათოლოგია დროულად რომ აღმოაჩინოთ, ასე მოიქეცით: 
. ყოველთვიურად აწარმოეთ ძუძუს თვითგასინჯვა მენსტრუაციული ციკლის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში 
. პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით რეგულარულად ეწვიეთ მამოლოგს: 18-35 წლის ასაკში – სამ წელიწადში ერთხელ,  35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად.
. რეგულარულად ჩაიტარეთ ინსტრუმენტული გამოკვლევები. 35 წლამდე  ექოსკოპიური კვლევაა რეკომენდებული, 35 წლის შემდეგ – მამოგრაფიული.
. თუ თვითგასინჯვით ძუძუში პათოლოგიური ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს.
. ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც ძუძუს კიბოს განვითარებას უწყობს ხელს
. ყურადღებით მოეკიდეთ ძუძუში პათოლოგიური პროცესების განვითარების სასიგნალო ნიშნებს: ძუძუს ტკივილსა და გაზრდას მენსტრუაციის წინა პერიოდში, გამონადენს (განსაკუთრებით –  სისხლიანს) დვრილიდან, ძუძუს დეფორმაციას და სხვა.
თვითგასინჯვა კი ამგვარად აწარმოეთ:
სარკის წინ
. ხელები ჩამოუშვით.
. შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და  მკერდის კუნთები.
. ხელები გაშალეთ.
. ორივე ხელი კეფაზე შემოიჭდეთ.
თითოეულ პოზაში ყურადღებით დაითვალიერეთ მკერდი, დააკვირდით, ხომ არ აღინიშნება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია, ძუძუს ფორმის,  ზომის, კანის სტრუქტურის ან დვრილის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება). ბოლოს 90-ით დაიხარეთ და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.
შხაპის მიღების დროს:
. დაიდეთ მარცხენა ხელი კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითით (საჩვენებელი თითის, შუა თითის და არათითის) წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნები შეუმჩნეველი არ დაგრჩეთ.
იგივე გაიმეორეთ მეორე ძუძუზე.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:
დაწექით ზურგზე, ბეჭების ქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი თავქვეშ დაიდეთ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით მარცხენა ძუძუ გაისინჯეთ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზერელე ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი – ღრმად მდებარე.
გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო. 
 კიდევ ერთი პრობლემა, რომელთან გამკლავებასაც თქვენ მიერ ნახსენები უფასო პროგრამა ისახავს მიზნად, საშვილოსნოს ყელის კიბოა. რამდენად არის გავრცელებული ეს პათოლოგია?
– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელებით მეორე ადგილი უჭირავს. ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ყოველწლიურად 500 000-მდე ქალი იღუპება, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი რიცხვია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოში ქალის სასქესო ორგანოთა ავთვისებიან სიმსივნეებს მეორე ადგილი უჭირავს და კიბოთი საერთო ავადობის 26,2%-ს შეადგენს. აქედან 14.5% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის.
 რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა გამოკვლევა, რათა პათოლოგიური პროცესი არ გამოეპაროს?
– პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვა წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის ფონური და კიბოსწინარე დაავადებების მქონე პაციენტები ძირითადად არაფერს უჩივიან. დისკომფორტს ქალი მაშინ შეიგრძნობს, თუ ამ დაავადებებს სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესი დაერთო. სწორედ ამ უკანასკნელის გამო მოგვმართავენ ყველაზე ხშირად.
პროფილაქტიკური გასინჯვები განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან. რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: 
. ნაადრევი (12 წლამდე) მენარქე;
. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;
. სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი (18 წლამდე) დაწყება;
. მშობიარობა 20 წლამდე ასაკში და 40 წლის შემდეგ;
. ნაადრევი (45 წლამდე) მენოპაუზა;
. ანამნეზში რამდენიმე აბორტი;
. სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა;
. პაპილომავირუსი;
. თამბაქოს წევა;
. დამძიმებული გენეტიკა (საშვილოსნოს ყელის კიბო სისხლით ნათესავებში);
. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

 

 საჭიროა თუ არა მოსახლეობის განათლება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?
–  საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილი ტრაგედიაა, რადგანაც ის იმ იშვიათ კიბოთაგანია, რომელთა განვითარებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუ დროულად მიმართა ექიმს, საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აიცილებს. კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.  

ჰორმონული კონტრაცეპტივები – რჩევები მოზარდებს

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ოჯახის დაგეგმვაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კონტრაცეპტივები შობადობაზე ახდენდა გავლენას. დაკვირვებამ ნათელყო, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას არ აუარესებს. სამაგიეროდ, კონტრაცეპტივებზე უარის თქმა ხელოვნური აბორტის რიცხვის მატებას და მისი გართულებების (უნაყოფობის, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ტრავმული დაზიანების, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, დეპრესიის) გახშირებას  იწვევს. ამიტომ კონტრაცეფციული საშუალებების  სრულყოფა, ფართოდ დანერგვა და, რაც მთავარია, მათ შესახებ მოსახლეობისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება მედიკოსთა პრიორიტეტულ ამოცანად იქცა.
განსაკუთრებით აქტუალურია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ მართებული ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხშირად საკუთარი შეხედულებისამებრ ან არაკომპეტენტური მეგობრების რჩევით იძენენ კონტრაცეპტივებს.
ამჟამად ჩასახვის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება არსებობს. მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაზე, კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებზე, გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა სალუქვაძე:

– კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (შემოკლებით – კოკ), რომლებსაც უმეტესად ჰორმონული კონტრაცეპტივების სახელწოდებით იხსენიებენ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ოქროს სტანდარტია. თუ ქალი მიღების ყველა წესს დაიცავს, არასასურველი ორსულობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. სტატისტიკის თანახმად, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას წელიწადში ყოველი 1000 ქალიდან 60-80 ორსულდება. აქედან  მხოლოდ ერთი ორსულობაა გამოწვეული პრეპარატების არასაკმაო კონტრაცეფციული ეფექტით, დანარჩენი კოკ-ის არასწორი მიღების ბრალია. 
კოკ-ის მაღალი ეფექტურობა რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა რგოლზე ერთდროული ზემოქმედებით არის გამოწვეული. კონტრაცეფციული მოქმედების ძირითადი მექანიზმი  ოვულაციის ინჰიბირება ანუ დათრგუნვაა, რის შედეგადაც ფერხდება საკვერცხეში კვერცხუჯრედის  წარმოქმნა, ხოლო თუ განაყოფიერება მაინც მოხდა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები ხელს უშლის კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციას ( ჩანერგვას). 
 კოკ-ის კიდევ ერთი ეფექტი საშვილოსნოს მილების პერისტალტიკის დაქვეითება გახლავთ. ამის გამო კვერცხუჯრედი საშვილოსნოში  დაგვიანებით ხვდება, ხოლო ცერვიკალური არხის ლორწოს წებვადობა იმატებს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდებს საშვილოსნოსკენ სვლაში ხელი ეშლებათ.

 
კოკ-ები, პრაქტიკულად, ლიდერია ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ პრეპარატებს შორის, მაგრამ თუ მიღების წესების დარღვევის გამო ქალი მაინც დაორსულდა, ფეხმძიმობა ყოველგვარი გართულების გარეშე წარიმართება. დაორსულების შემთხვევაში ქალს ვურჩევთ, კონტრაცეპტივის მიღება შეწყვიტოს და ორსულობა შეინარჩუნოს.

პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის პირველი-მეხუთე დღიდან ან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტიდან (აბორტიდან) იმავე ხნის შემდეგ. თუ კოკ-ის მიღება პირველივე დღიდან არ დაიწყეთ, მაშინ პირველი ორი კვირის მანძილზე აუცილებელი ხდება დამატებითი კონტრაცეფციის, მაგალითად, კონდომის გამოყენება. ტაბლეტები სასურველია მიიღოთ თანმიმდევრულად, ერთსა და იმავე დროს, 3 კვირის განმავლობაში, 1 აბი დღეში. თუ ბლისტერზე  21 აბია,  მომდევნო 7 დღის მანძილზე შესვენებაა საჭირო, ხოლო თუ 28 აბია – მიღება პაუზის გარეშე უნდა გააგრძელოთ.
ყველაზე ტიპური შეცდომა, რომელსაც უშვებენ ქალები, ტაბლეტის გამოტოვებაა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია, გახსენებისთანავე მივიღოთ გამოტოვებული აბი და 2 კვირის მანძილზე დამატებით კონტრაცეფციას (მაგალითად, თავდაცვის ბარიერულ მეთოდს) მივმართოთ.
ჩასახვის შესაძლებლობა კოკ-ის მიღების შეწყვეტისთანავე აღდგება. ფერტილობა პოპულაციურ მნიშვნელობას (დაორსულების 85%-იანი ალბათობა 1 წლის მანძილზე) კოკ-ის მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ აღწევს.
ვინაიდან ფერტილობის აღსადგენად მეტწილად კოკ-ის შეწყვეტიდან 2-3 თვეა საჭირო, უმჯობესია, ამ ხნის მანძილზე ქალმა დაორსულებისგან თავი მაინც შეიკავოს.
პირველი 3-4 თვის მანძილზე, ადაპტაციის პერიოდში, ქალი შესაძლოა შეაწუხოს პერიოდულმა თავის ტკივილმა, გულისრევამ, თავბრუხვევამ, უგუნებობამ, მასტოდინიამ (მკერდის ტკივილმა). ამგვარი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პრეპარატი ძილის წინ მივიღოთ, ხოლო თუ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა უფრო მეტხანს გაგრძელდა, შედარებით მცირედოზიან პრეპარატზე გადავიდეთ ან საერთოდ შევწყვიტოთ მათი მიღება.
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს სისხლიანი გამონადენი. ასეთ შემთხვევაში ტაბლეტის ერთსა და იმავე  დროს მიღებაა რეკომენდებული, თუმცა არ არის გამორიცხული, გამონადენის მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია იყოს ან პრობლემა ესტროგენების უფრო მაღალი დოზის შემცველ კოკ-ზე გადასვლით მოიხსნას. არცთუ იშვიათად სისხლიანი გამონადენის მიზეზია ტაბლეტის გამოტოვება, აგრეთვე – ღებინება ან დიარეა, რის გამოც პრეპარატის შეთვისების პროცესი ირღვევა.
ქალმა უთუოდ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, თუ აწუხებს: მუდმივი და ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, მკერდის ძვლის უკან ან ქვედა კიდურებში, სუნთქვის გაძნელება, კანის საფარველის სიყვითლე ან ქავილი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, არტერიული წნევის მუდმივი მომატება.
კოკ-ი ოვულაციის ანუ კვერცხუჯრედის მომწიფების დათრგუნვას იწვევს. შედეგად სისხლში ჰორმონების დონის სტაბილიზაცია მიიღწევა. ამავე დროს ქვეითდება ესტროგენების სტიმულაცია და მათი გავლენა სამიზნე ორგანოებზე, ყოველივე ეს კი პროლიფერაციული პროცესების შეფერხებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს საკვერცხისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს. ასე, მაგალითად: კოკ-ის მიღების შემთხვევაში, გარდა კიბოსი (საკვერცხეების კიბოს განვითარების ალბათობა – 50%-ით, ხოლო საშვილოსნოს კიბოსი – 60%-ით მცირდება), საგრძნობლად იკლებს ზოგიერთი სხვა პათოლოგიის, კერძოდ: სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების, საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტის, ოსტეოპოროზის ჩამოყალიბების რისკი. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები სამკურნალოდ რეკომენდებულია საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების, საკვერცხეების პოლიკისტოზის, წინარემენსტრუაციული სინდრომის, ენდომეტრიოზული ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის, ჰიპერანდროგენული გამოვლინებათა (ცხიმიანი კანის, აკნეს, ჭარბთმიანობის) დროს. გარდა ამისა, კოკ-ი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს (ამცირებს მენსტრუაციული სისხლდენის ოდენობას, აწესრიგებს მენსტრუაციის დროს) და პოზიტიურად მოქმედებს რკინადეფიციტურ ანემიაზე.
დაავადებათა განვითარების რისკი კოკ-ის მიღებიდან 3-6 თვეში ვლინდება და ეს ეფექტი მიღების შეწყვეტიდან თითქმის 15 წლის მანძილზე გასტანს.
კოკ-ის მიღება დაუშვებელია აქტიურად მწეველი (15 ღერზე მეტი დღეში) ქალებისთვის, რომელთა ასაკი 35 წელზე მეტია, ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული  დაავადებები, სარძევე ჯირკვლის კიბო, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადებები, ღრმა ვენების თრომბოზი, შაკიკი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია ან გადატანილი აქვს ინსულტი, ეპილეფსია.
გართულებებისგან თავის დასაცავად, გირჩევთ, კონტრაცეპტივის გამოყენებამდე გინეკოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. დაიხსომეთ: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შერჩევა ქალის ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
გინეკოლოგთან საკონტროლო ვიზიტი კოკ-ის მიღების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ არის აუცილებელი. ამ ვიზიტის დროს გაუსინჯავენ სარძევე ჯირკვალს, მუცლის ღრუს ორგანოებს (მათ შორის – ღვიძლს), გაუზომავენ არტერიულ წნევას, ჩაუტარებენ გინეკოლოგიურ გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევას, ხოლო თუ ქალი 35 წელს არის გადაცილებული, სისხლში გლუკოზის, ჰემოსტაზისა და ცხიმოვანი ცვლის მაჩვენებლებსაც გამოიკვლევენ.

რა იწვევს უნაყოფობას


იმედის გადაწურვა არ ღირს – უნაყოფობას, თუ გნებავთ, უშვილობას (ასე უფრო ხშირად იხსენიებენ) თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკლავდება. მთავარია, მიზეზი მოიძებნოს. თუმცა მიზეზიც არის და მიზეზიც… გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თეონა სალუქვაძე:

მარტივად რომ ვთქვათ, უნაყოფობა მომწიფებული  ორგანიზმის ჩასახვის უნარის უქონლობაა. წყვილი უნაყოფოდ ითვლება, თუ ქალი ერთწლიანი რეგულარული, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოუყენებლად მიმდინარე სქესობრივი ცხოვრების შემდეგაც კი ვერ დაორსულდა.
უნაყოფობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ასიდან 15-20 წყვილი უშვილოა.
მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ უნაყოფო მხოლოდ ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც სინამდვილეს არამც და არამც არ შეესაბამება. ქალს  უნაყოფობის  დიაგნოზს ვუსვამთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც  მამაკაცის  უნაყოფობა გამოირიცხება.
უნაყოფობის მიზეზი უამრავია, თუმცა ბრალი უმთავრესად ქალის ან მამაკაცის  რეპროდუქციული  სისტემის  ანატომიურ ან ფუნქციურ დარღვევას ედება. ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ღრუსა და საშვილოსნოს მილში არსებული შეხორცება, რომელიც ხელს უშლის განაყოფიერებას (მის წილად უნაყოფობის შემთხვევათა 40-50% მოდის), ენდოკრინული დარღვევები (15-30%), ენდომეტრიოზი (20-30%). ასიდან 20-40 შემთხვევაში 
უნაყოფოა მამაკაცი, დანარჩენი 5-10% კი იდიოპათიური ანუ უცნობი მიზეზით განპირობებული შემთხვევების წილად მოდის. ძალიან იშვიათად უნაყოფობის მიზეზია საშვილოსნოს არარსებობა, საშვილოსნოს ღრუში არსებული შეხორცებები, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის) ბაზალური შრის ძლიერი დაზიანება. მცირე მენჯის ღრუში უხეში ანატომიური ცვლილებების ჩამოყალიბება ხშირად გენიტალური ტუბერკულოზით არის განპირობებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება უნაყოფობა დავაბრალოთ, იმუნოლოგიური ცვლილებები გახლავთ. ამგვარი დარღვევებით განპირობებული უნაყოფობა ასიდან 3 შემთხვევაში გვხვდება.
უნაყოფო ქალთა ნახევარზე მეტს 2-დან 5-მდე  ფაქტორის კომბინაცია აღენიშნება.
უნაყოფობის მიზეზის დასადგენად გამოკვლევათა მთელი წყებაა საჭირო. გამოკვლევები, წესისამებრ, იწყება საერთო სქემით, ხოლო შემდგომი გეგმა წინა გამოკვლევათა შედეგების გათვალისწინებით ისახება.
იმუნოლოგიური ფაქტორი, რომელსაც უნაყოფობამდე მივყავართ, ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნაა. ისინი 1945 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ არ ქრება ინტერესი რეპროდუქციის პროცესის დარღვევაში ანტისპერმული ანტისხეულების როლის მიმართ. სტატისტიკა კი ასეთი გახლავთ: ანტისპერმული ანტისხეულები უშვილო წყვილთა 9-36%-ს უვლინდება, მაშინ როცა შვილიან წყვილებს შორის ისინი შემთხვევათა მხოლოდ 0,9-4%-ში წარმოიქმნება.
ანტისპერმული ანტისხეულები გახლავთ იმუნოგლობულინები (IgG, IgA, IgM), რომლებიც მიმართულნი არიან სპერმატოზოიდების მემბრანის ანტიგენების წინააღმდეგ. ცნობილია ანტისხეულების მთელი ჯგუფი: YWK II, BE-20, rSMP-B, BS-63, BS-17, HED-2 და 75-kDa. ისინი წარმოიქმნებიან  მამაკაცის და`ან ქალის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა უბანში და სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის წინააღმდეგ არიან მიმართულნი.
თუ ქალს საშვილოსნოს ყელში ანტისპერმული ანტისხეულები აღმოაჩნდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ისინი რეპროდუქციული სისტემის  სხვა უბანშიც – საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილის სანათურშიც – იყოს.
ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი ანტისპერმული ანტისხეულები გავლენას ახდენენ არა მარტო  სპერმატოზოიდების მოძრაობაზე, არამედ   განაყოფიერების პროცესზეც.
ანტისპერმული ანტისხეულები მხოლოდ ქალის ორგანიზმში არ წარმოიქმნება. მათ მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებია ტრავმა, ვარიკოცელე (სათესლე პარკის წყალმანკი), შარდსასქესო სისტემის ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, კრიპტორქიზმი, ქირურგიული ოპერაციები, თესლგამომტანი გზების დახშობა. 
ანტისხეულების გავლენა მრავალმხრივია. სახელდობრ, მათი ზემოქმედების შედეგია:
სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს  ანტისხეულები სპერმატოზოიდის მემბრანას სხვადასხვა ადგილას ემაგრებიან, იწვევენ სპერმატოზოიდების აგლუტინაციას (შეწებებას) და აფერხებენ მათ მოძრაობას. რამდენად შეასუსტებენ ანტისხეულები სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, მათ რიცხვსა და ფიქსაციის ადგილზეა დამოკიდებული;
სპერმატოზოიდების მოძრაობის ბლოკადა ცერვიკალურ (საშვილოსნოს ყელის) ლორწოში. ლიტერატურაში აღწერილია ანტისპერმული ანტისხეულებით დაფარული სპერმატოზოიდების ადგილზე მოძრაობა, ეგრეთ წოდებული ციმციმი;
კვერცხუჯრედის მბრწყინავ გარსში სპერმატოზოიდების შეღწევის შეფერხება.
აქვე გეტყვით, რომ ანტისპერმული ანტისხეულები ნაყოფის ზრდა-განვითარებაზეც ახდენენ გავლენას.
ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას ვეჭვობთ, როდესაც:
. არსებობს რისკის ფაქტორები;
.  შეცვლილია სპერმოგრამის მაჩვენებლები;
. პოსტკოიტალური ტესტი ავლენს ცვლილებებს;
. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უშედეგო აღმოჩნდება;
. შეუძლებელია უნაყოფობის მიზეზის დადგენა.
პოსტკოიტალური ტესტი – ეს გახლავთ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური ლორწოს ურთიერთქმედების გამოკვლევა ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის შეფასება ცერვიკალურ არხში სქესობრივი აქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.    
ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ მეთოდები, რომლებსაც მათი განსაზღვრისთვის იყენებენ, ერთმანეთის დამატებას წარმოადგენს. ერთ-ერთი მათგანია პოსტკოიტალური ტესტი, რომლის ორი ვარიანტი არსებობს: 
ინ ვივო – ტარდება სქესობრივი აქტის (რომელიც ოვულაციის პერიოდს უნდა დაემთხვეს) შემდეგ 3-12 საათის განმავლობაში. ტესტი უარყოფითად ითვლება, როდესაც სპერმატოზოიდების მოძრაობა ქალის სასქესო ორგანოებში შენელებულია.
ინ ვიტრო – წყვილი გამოსაკვლევად ოვულაციის წინა დღეებში მოდის. მამაკაცი აბარებს სპერმას, ქალის საშვილოსნოს ყელიდან კი იღებენ  ასპირატს (ცერვიკალური ლორწოს წვეთს), რის შემდეგაც მიკროსკოპით აფასებენ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის ურთიერთქმედებას. ტესტი უარყოფითად ითვლება, როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში სპერმატოზოიდების წინსვლითი მოძრაობა შენელებულია.
პოსტკოიტალური ტესტის უარყოფითი პასუხის მიზეზი უმეტესად სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მამაკაცს უკავშირდება. არცთუ იშვიათად პრობლემა კომბინირებულია – ანტისხეულები ორივე პარტნიორს აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ უნაყოფობის სადიაგნოზოდ მიღებული მეთოდებიდან პოსტკოიტალური ტესტი ყველაზე ჭირვეულია, ამიტომ პარალელურად საჭიროა სხვა გამოკვლევების  ჩატარებაც. მათ შორის მნიშვნელოვანია MAR-ტესტი, Immunobead-ტესტი, ლატექს-აგლუტინაციის ტესტი და იმუნოფერმენტული მეთოდი (ELISA).
საზოგადოდ, მამაკაცის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უმჯობესია სპერმაში განისაზღვროს. გამონაკლისია აზოსპერმია – სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა. ამ შემთხვევაში ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ხდება.
ქალის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უნდა განისაზღვროს როგორც  ცერვიკალური სითხის ასპირატში, ისე  სისხლის პლაზმაში.
უნაყოფობის ამ ფორმის დროს მოწოდებულია მკურნალობის მრავალი სქემა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპზე სასურველია ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. ასეთია უროგენიტალური ინფექციები, ვარიკოცელე, თესლგამომტანი გზების დახშობა და სხვა.
წესისამებრ, მკურნალობას იწყებენ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (კონდომის) მუდმივი გამოყენებით 3-6 თვის განმავლობაში ან ექიმი ურჩევს წყვილს, კონდომის გარეშე სქესობრივი კონტაქტი  მხოლოდ ოვულაციის  დღეებში ჰქონდეთ. როცა სპერმა იშვიათად ხვდება ქალის საშოში, ეს ხელს უწყობს ანტისხეულების ტიტრის შემცირებას, რაც, თავისთავად, ზრდის დაორსულების შანსს. პარალელურად შესაძლოა დაინიშნოს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამათხელებელი  და ანტისხეულების ტიტრის დამაქვეითებელი, მაგალითად, ჰორმონული თერაპია. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში კი მოწოდებულია მეუღლის სპერმით ინსემინაციის (სპერმის ხელოვნურად შეყვანა ქალის საშვილოსნოს ღრუში) კურსი ან ინ ვიტრო განაყოფიერება.  

გენეტიკური პათოლოგიები

ავადმყოფობის ისტორია
პრეისტორიული ეპოქის ადამიანებმაც კი იეჭვეს, რომ ესა თუ ის ნიშან-თვისება თავისთავად კი არ ჩნდება, არამედ შთამომავლობას წინაპრებისგან გადაეცემა. ამას ადასტურებს ბაბილონში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები, რომლებზეც სხვადასხვა ჯიშის ცხენების შეჯვარებისას მიღებული შთამომავლობის სავარაუდო ვარიანტებია გამოსახული.
მემკვიდრეობითობის შესახებ პირველი მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრება ბერმა გრეგორი მენდელმა გამოთქვა (ჯერ კიდევ 1866 წელს!), რომელიც ექსპერიმენტს ბარდაზე ატარებდა. სწორედ მის სახელს ატარებს კანონი, რომელიც დამემკვიდრების თავისებურებებს აღწერს.
გენეტიკა (ბერძ. Genos – წარმოშობა) მეცნიერებაა, რომელიც ორგანიზმის მემკვიდრეობითობას და ამ პროცესების მართვას შეისწავლის. ტერმინი ინგლისელ მეცნიერს უილიამ ბეტსონს ეკუთვნის, ხოლო გენის ნათლია დანიელი ბოტანიკოსი ვილჰელმ იოჰანსენია.

დაავადებული მემკვიდრეობა
როგორც ჩანს, გენეტიკის მნიშვნელობას არც ჩვენში უარყოფდნენ: პატარძალს (თავისთავად ცხადია, არც სიძეს!) შინ არ შეუშვებდნენ, ვიდრე დაწვრილებით არ გაიკითხავდნენ, რას წარმოადგენდნენ მისი წინაპრები, მძიმე სენით ხომ არ იყო შეპყრობილი რომელიმე მათგანი ან მეტისმეტად უცნაური ხასიათი ხომ არ ჰქონდა.
მემკვიდრეობითი დაავადებები არც დღეს გახლავთ ინტერესმოკლებული. გენეტიკურ პათოლოგიებს დიდი ინტერესით იკვლევენ და დამნაშავე გენების სულ ახალ-ახალ ვარიანტებს ამხელენ.
მემკვიდრეობითი დაავადებების ჩამოყალიბებაში მხილებული გენები შეცვლილი სტრუქტურის მქონენი ანუ მუტაციური არიან. შესაძლოა, ცვლილება არა გენის, არამედ ქრომოსომის დონეზე მოხდეს (შეგახსენებთ, რომ უჯრედის ბირთვში ჩამალული ქრომოსომა გენებისგან არის “აწყობილი”). ამ მოვლენას ქრომოსომული მუტაცია ეწოდება.
საზოგადოდ, მემკვიდრეობითი დაავადებები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთ ჯგუფს მონოგენური პათოლოგიები შეადგენს, მეორეს – ქრომოსომული აბერაციები. მონოგენური პათოლოგიები რომელიმე ერთი გენის მუტაციის შედეგია, რომლის დამემკვიდრებაც სამი: აუტოსომურ-დომინანტური, აუტოსომურ-რეცესიული და სქესთან შეჭიდული – ტიპით წარმოებს. თუ მუტაციური გენი დომინირებს, გენეტიკური პათოლოგია გარდაუვალია, ხოლო რეცესიულის დომინირების შემთხვევაში – მას მხოლოდ მაშინ უნდა ველოდეთ, თუ პასიური გენი ინდივიდს მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან ერგო.
მონოგენური დაავადების მაგალითია ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა: მუტაციას განიცდის გენი, რომელიც ფერმენტების სინთეზზეა პასუხისმგებელი.
რაც შეეხება სქესთან შეჭიდულ მემკვიდრეობით პათოლოგიებს, მისი ერთ-ერთი ნიმუში ჰემოფილია გახლავთ. დაავადების გამომწვევი გენი სასქესო X ქრომოსომაშია მოთავსებული და, როგორც წესი, დედისგან 

ვაჟს გადაეცემა.
ქრომოსომული აბერაციები უმეტესად ჩასახვისას წარმოიშობა. ამ დროს ირღვევა ქრომოსომების სტრუქტურა და რაოდენობა. ამ ტიპის პათოლოგიებია დაუნის, კლაინ-ფელტერის, შერეშევსკი-ტერნერის, ედვარდსის სინდრომი.
ხშირად გენეტიკური პათოლოგიების ნუსხაში შეაქვთ თანდაყოლილი დაავადებები (მათ შორის – თანდაყოლილი მანკები). თავისთავად ცხადია, მემკვიდრეობითი პათოლოგიაც თანდაყოლილია (თუმცა შესაძლოა, გენის მუტაციის შედეგმა წლების შემდეგ იჩინოს თავი), მაგრამ ის, რასაც თანდაყოლილ დაავადებას ვუწოდებთ, გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე წინაპრებისგან მიღებული პათოლოგიურად შეცვლილი გენებისა. თანდაყოლილი პათოლოგიის ჩამოყალიბების რისკი იზრდება, თუ მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე ან განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე (ზიგოტაზე) ვირუსებმა, ტოქსინებმა ან რადიაციულმა გამოსხივებამ იმოქმედა.
აქვე უთუოდ უნდა შევეხოთ იმ დაავადებებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა გენეტიკურად ვიყოთ წინასწარგანწყობილნი.  შეცვლილი გენი თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოყოფს, თუ პათოლოგიის ჩამოყალიბებისთვის ხელის შემწყობი ფაქტორები ამუშავდა. საზოგადოდ, ითვლება, რომ ლამის ყველა დაავადება გენების “უწესო ქცევის” ბრალია, თუმცა ასეთი ქცევის სააშკარაოზე გამოტანა (ანუ დაავადების ჩამოყალიბება) ყოველთვის არ ხდება. ისეთი მძიმე პათოლოგიაც კი, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეა, გენეტიკოსთა აზრით, მემკვიდრეობითი ხასიათისაა. ასევე მშობლებს უნდა “ვუმადლოდეთ” შაქრიან დიაბეტს (ტიპ I-ს), შიზოფრენიას, ეპილეფსიას…

უფლისწულის ხვედრი
მემკვიდრეობითი დაავადებების ჩამოთვლას და, მით უმეტეს, მათ ნიშნებზე საუბარს ამჯერად არ მოვყვებით. თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ. ეს ჰემოფილიაა, რომელსაც ჭეშმარიტად მეფური პოპულარობა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის ისტორიამ შესძინა.
დაავადება, რომელიც სისხლის შედედების ფაქტორის დეფიციტით ვლინდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, ნიკოლოზ II-ის უმცროს ვაჟს დედისგან ერგო. ეს მემკვიდრეობითი პათოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ვაჟებს ემართებათ, ქალები კი (ისევე, როგორც პატარა ალექსეის დედა) პათოლოგიური გენის მატარებლები არიან.
ჰემოფილიის დროს სისხლჩაქცევები აღინიშნება სხეულის ნებისმიერ უბანზე: კანში, სახსრებში, კუნთებში, შინაგან ორგანოებში. ამდენად, მას ძალზე მძიმე შედეგები მოჰყვება: ძლიერი სისხლჩაქცევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში ლეტალურად სრულდება, სხვა შემთხვევაში კი ინვალიდობას იწვევს.
ჰემოფილიის მკურნალობის ერთადერთი გზა ჩანაცვლებითი თერაპიაა, რომელიც ორგანიზმში სისხლის შედედების (VIII ან IX) ფაქტორების შეყვანას გულისხმობს.
ჰემოფილია და, საზოგადოდ, მემკვიდრეობითი პათოლოგიები სამეფო საგვარეულოებში მეტად ხშირი გახლდათ. რომანოვების ოჯახში მუტაციური გენის შემომტანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი მეუღლე იმპერატრიცა ალექსანდრა იყო, რომელსაც “ჰემოფილური მემკვიდრეობა” დედისგან – პრინცესა ალისასგან ერგო, მან კი ის, ტრადიციულად, დედისგან – დედოფალი ვიქტორიასგან მიიღო.
დედოფალ ვიქტორიას ცხრა შვილი ჰყავდა. ჰემოფილია მის ვაჟს, პრინც ლეოპოლდს გამოაჩნდა, რომელიც ამ მძიმე სენით 31 წლისა გარდაიცვალა, ქალიშვილებიდან კი პათოლოგიური გენი ალისას და ბეატრისს ერგოთ.
ბეატრისის ოთხი ვაჟიდან მხოლოდ ორი დაავადდა ჰემოფილიით, ხოლო ქალიშვილმა, ვიქტორია-ევგენიამ, რომელიც ესპანეთის მეფეს გაჰყვა ცოლად, ჰემოფილიით სამი ვაჟიდან ორი “დაასაჩუქრა”. ესპანეთის მეფის კარზე ავადმყოფ უფლისწულებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ: ბავშვებს სპეციალური ტანსაცმელი შეუკერეს, რომელიც ბამბით იყო გამოტენილი და ონავრებს ტრავმებისგან იცავდა. ესეც არ იკმარეს და სასახლის ეზოში ხე

ებს ტოტები დააჭრეს – ასე ბიჭებს ნაკლები საფრთხე ელითო.
ალისას შვიდი ვაჟიდან ჰემოფილია ერთს დაემართა, რომელიც სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.
ესპანეთის მეფის არ იყოს, ნიკოლოზ რომანოვიც გულმოდგინედ ზრუნავდა პატარა ალექსეის ჯანმრთელობაზე: მძიმე სენით შეპყრობილ ბიჭუნას გული რომ არ დასწყვეტოდა, ოჯახის ყველა წევრი მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მათი ხშირი სტუმარი მხოლოდ კარის ექიმი გახლდათ.


როგორ ყალიბდება სქესი
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როდის და როგორ ხდება სქესის ფორმირება. ამას თვითონაც მიხვდებით, თუ განაყოფიერების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გადაავლებთ თვალს.

ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს – ქალის სასქესო უჯრედს – და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავის თავში ატარებს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაცია უწვრილეს ძაფებში – ქრომოსომებშია შეკრებილი. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე (გენები!) დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებების შესახებ. თავისთავად, განაყოფიერების დროს “საიდუმლო მასალები” ირევა, მდედრისა და მამრის გენეტიკური “ფაილები” სხვადასხვა კომბინაციას ქმნიან, რასაც საბოლოო ჯამში სრულიად ახალი (თუმცა მშობლების მსგავსი) ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ადამიანის უჯრედის ბირთვი 46 (23 წყვილ) ასეთ “ფაილს” – ქრომოსომას შეიცავს. აქედან 23 მამრობითია, 23 – მდედრობითი, ანუ ერთ “ქალურ” ქრომოსომას ერთი “მამაკაცური” შეესაბამება (როგორც ჩანს, დაწყვილებისკენ სწრაფვა სწორედ უჯრედის ბირთვის დონეზე ჩაისახება).
როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომით არის დაკომპლექტებული, თუმცა გამონაკლისიც არსებობს და ეს სასქესო უჯრედებია: სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი 23-23 ქრომოსომას შეიცავს. სწორედ მათი შერწყმით წარმოიქმნება დაწყვილებული 46 ქრომოსომა.
ახლა ქრომოსომების ფორმასაც შევეხოთ. 44 მათგანი ერთნაირია, უკანასკნელი წყვილი კი – განსხვავებული. მდედრ უჯრედში ორივე ქრომოსომა X-ს ჰგავს (ანუ XX კომბინაცია წარმოიქმნება), ხოლო მამრობითი სქესის უჯრედებში ერთი – X-ის, მეორე კი Y-ის მსგავსია.
თუ წარმოვიდგენთ, რომ კვერცხუჯრედებში ყველა ქრომოსომა X-ის ფორმისაა, ხოლო მამაკაცის სასქესო უჯრედებში ზოგიერთი – X-ით, ზოგი კი Y -ით არის დაკომპლექტებული, იოლად მივხვდებით, როგორ ყალიბდება მომავალი ინდივიდის სქესი. კერძოდ, თუკი კვერცხუჯრედს, რომელიც ყოველთვის X ქრომოსომის მატარებელია, შეხვდა სპერმატოზოიდი, რომელიც ასევე 23-ე X-ქრომოსომას შეიცავს და შეხვედრა Happy End-ით დასრულდა, გოგონა ჩაისახება, ხოლო თუ კვერცხუჯრედი Y-ის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას ბიჭუნა მოევლინება.


***
 დღეს ბევრისგან გაიგონებთ, რომ ნაყოფის ანომალიები საკმაოდ გახშირდა. როგორც აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის მთავარი მეანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა სინაურიძე ამბობს, ნაყოფის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადება ან გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ან ქრომოსომული პათოლოგიებით.


მკითხველისთვის ცნობილია, რომ ადამიანის ნებისმიერი უჯრედი 23 წყვილ ქრომოსმას შეიცავს, რომელთაგან ნახევარი დედის გენოტიპიდან არის გადმოსული, ხოლო ნახევარი – მამისგან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი რომელიმე გენეტიკური დაავადების მატარებელია, მაგრამ პათოლოგია კლინიკურად არ ვლინდება. შესაძლოა, ის არც წინაპრებსა თუ ახლო თაობის ნათესავებს შორის იყოს გამოვლენილი, მაგრამ საკმარისია, იგივე დაავადება მეუღლის გენოტიპშიც აღმოჩნდეს, რომ გენი გააქტიურდება, რეცესიულიდან დომინანტურ მდგომარეობაში გადავა და კლინიკურად გამომჟღავნდება. ამის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოში ინერგება ე.წ. გენეტიკური პასპორტის ცნება, რაც ოჯახის დაგეგმვისთვის მეტად მნიშვნელოვანია. კერძოდ, თუ ორივე პოტენციურ მშობელს რომელიმე იდენტური პათოლოგიის რეცესიული გენი აღმოაჩნდა, ეცოდინებათ, რომ მათ მომავალ შვილებს ამ დაავადების განვითარების დიდი ალბათობა აქვთ.
 შესაძლოა, ადამიანის გენოტიპში დაავადება არ იყოს, მაგრამ ახლო ნათესაური კავშირის შემთხვევაში ორი იდენტური გენის დაკავშირებამ რომელიმე პათოლოგია გამოიწვიოს, ამიტომაც რაც უფრო შორეული გენეტიკა ექნებათ მშობლებს, მით უკეთესია. ამ თვალსაზრისით არასასურველია ერის ჩაკეტვა.
სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში მძიმე გენეტიკური პათოლოგიების მქონე ადამიანები, ტრადიციისამებრ, ოჯახის შექმნას ერიდებიან.
ყველაზე მეტად ცნობილი გენეტიკური დაავადება ჰემოფილიაა, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება თალასემია, რომელიც საქართველოშიც საკმაოდ არის გავრცელებული.
საზოგადოდ,  თალასემიის თხუთმეტი ფორმაა ცნობილი, რომელთაც განსხვავებული სიმპტომატიკა აქვთ. ამ დაავადების დროს ორგანიზმი ზოგიერთი იმ ფერმენტის ნაკლებობას განიცდის, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების ცვლასა და განახლებას განაპირობებს. ამის კვალობაზე, თალასემია ხშირად ვლინდება ანემიით ან მისი საპირისპირო მდგომარეობით – ჰიპერჰემოგლობინემიით. სხვათა შორის, ეს პათოლოგია ხშირია აშკენაზ ებრაელებს შორის, ისევე, როგორც მეორე გენეტიკური დაავადება – ცისტოზური ფიბროზი, იგივე ცისტოფიბროზი.
გარდა გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი დაავადებებისა, არსებობს ქრომოსომული პათოლოგიები, რომლებიც ქრომოსომათა რაოდენობის შეცვლის ან მათი არასწორი შეერთების შედეგად ვითარდება.
ზოგადად, ქრომოსომულ პათოლოგიებს სხვადასხვა მიზეზი აქვს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისინი შესაძლოა ბანალურმა გაციებამაც კი გამოიწვიოს. უფრო დიდია მათი განვითარების ალბათობა ისეთი წინაპირობის შემთხვევაში, როგორიც არის გულის ორგანული მანკი და სხვა ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ორგანიზმს ფიტავს. მთავარი რისკფაქტორები კი ნარკომანია და ალკოჰოლიზმია, განურჩევლად იმისა, რომელი მშობლის ორგანიზმი განიცდის მუდმივ ინტოქსიკაციას – მამისა თუ დედის. ეს გახლავთ ქრომოსომული აბერაცია, რომელსაც გენეტიკურ დაავადებასთან საერთო არაფერი აქვს. იგი ერთი კონკრეტული შემთხვევაა, კონკრეტული სიტუაციის შედეგი, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე მომდევნო ორსულობისას აღარ გამეორდება.
ქრომოსომული ცვლილებისაგან არავინ არის დაზღვეული. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ვინაიდან მასზე დიდ გავლენას ახდენს მავნე გარემო – რადიაციული ფონის მომატება, ოზონის ხვრელის გაფართოება, ჩერნობილის ბირთვული ღრუბელი, შხამქიმიკატებითა და ემულგატორებით გაჯერებული საკვები და სხვა.
ქრომოსომათა რაოდენობრივი ცვლით განპირობებულ დაავადებებს შორის კარგად არის ცნობილი დაუნის სინდრომი. ამ შემთხვევაში აღინIშნება ე.წ ტრისომია – ქრომოსომათა 21-ე წყვილში ორის ნაცვლად სამი ქრომოსომაა.
ქრომოსომათა არასწორი გადაჯაჭვის – ქრომოსომული ტრანსფორმაციებისა და ტრანსლოკაციების – უამრავი ვარიანტი არსებობს. ყველაზე ხშირია ანენცეფალია, როდესაც ნაყოფს თავი არ აქვს, ასევე – ხერხემლის თიაქარი, ე.წ. სპინა ბიფიდა. დღეს მისი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია სიცოცხლესთან შეუთავსებელი, უმეტესად იგი ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება. პირადად მე რამდენიმე ქალი ვამშობიარე, რომლებსაც თავის დროზე სპინა ბიფიდა ჰქონდათ.
დაიხსომეთ: ქრომოსომული პათოლოგიების პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მათი ხელშემწყობი ფაქტორები და შევამციროთ ამ დაავადებათა განვითარების ალბათობა. ამისთვის არსებობს მეტად მარტივი საშუალება – ფოლიუმის მჟავა, რომელიც ცოლ-ქმარმა სავარაუდო ჩასახვამდე სამი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს (ერთი ხუთმილიგრამიანი ტაბლეტი დღე-ღამეში), ქალმა კი დაორსულების შემდეგაც, 12 კვირის განმავლობაში, უნდა სვას. ჩვენში ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი, ამიტომ ორსულობის დადგენისთანავე, მისი მე-12 კვირის ჩათვლით, ნებისმიერმა ქალმა  უპირობოდ უნდა მიიღოს ეს პროვიტამინი.
 არსებობს პათოლოგიები, რომელთა გამოსწორება ორსულობის პერიოდშივე შეიძლება. მაგალითად, თალასემიის ზოგიერთი ფორმის განკურნებისთვის სპეციალური დიეტის დაცვაც საკმარისია. გენეტიკურ კვლევას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე. მაგალითად, როდესაც სპინა ბიფიდას არსებობა ჩვენთვის უცნობია, ადვილი შესაძლებელია, მშობიარობის პროცესში თიაქარი გასკდეს და დაინფიცირდეს, რაც ბავშვის სიკვდილის მიზეზად იქცევა, ხოლო როდესაც მისი არსებობის შესახებ  ვიცით, ამ გართულებას თავიდან ვიცილებთ.
ნაყოფის გენეტიკური კვლევის პროცედურის დროს  უწინარეს ყოვლისა, ტარდება ამნიოცენტეზი – საშვილოსნოს ღრუდან სანაყოფე სითხის ამოღება, რაც მუცლის მხრიდან გრძელი ნემსით და ულტრაბგერითი კონტროლით ხორციელდება. შემდეგ ხდება ამ სითხიდან ნაყოფის უჯრედების გამოყოფა და გამოზრდა ანუ კულტივაცია. გაყოფის მომენტში უჯრედებს ვყინავთ და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, გენეტიკური და ქრომოსომული დალაგების მიხედვით ვამუშავებთ. ამ მეთოდის გამოყენებისას ცდომილება, ფატობრივად, არ არსებობს. მისი სიზუსტე 99.9%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ამნიოცენტეზის გართულების ალბათობა მეტად მცირეა – დაახლოებით 0.3%, რაც ნაადრევ მშობიარობაზე მოდის, მისი თავიდან აცილების მიზნით ტარდება სკრინინგი – გაცრა. არსებობს რისკჯგუფები, რომლებსაც 15 კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ. ეს კრიტერიუმები კონსულტაციის ყველა ექიმისთვის ცნობილია. მათ რიცხვში შედის წინა ნაყოფის პრობლემა, მძიმე გენეტიკური მემკვიდრეობა, წინა ორსულობის თვითნებური შეწყვეტა, ერთ-ერთი მშობლის მუდმივი ინტოქსიკაციის ქვეშ ყოფნა და სხვა. რისკის ჯგუფში მოხვედრილ ქალებს ორსულობის მე-14-16 კვირას უფასოდ უტარებენ სისხლის ანალიზს სამ ჰორმონზე: ალფა ფეტოპროტეინზე, ქორიოგონინსა და ესტრიოლზე. თუ მათი მაჩვენებლები მაღალი აღმოჩნდა, ტარდება გენეტიკური კონსულტაცია ან გადადიან გამოკვლევის ღრმა მეთოდზე – ამნიოცენტეზზე, რომლის ოპტიმალური ვადა მე-16-18 კვირაა.

საკვერცხის პოლიკისტოზი

ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის საკვერცხე ჯეროვნად ემზადება: გამოზრდის კვერცხუჯრედებს, მოამწიფებს, მერე ფოლიკული გასკდება და მიკროსკოპული უჯრედი მზად არის მეორე ნახევართან შესახვედრად. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. ამ პროცესს ხშირად უშლის ხელს შტეინ-ლევენტალის სინდრომი, მარტივად – პოლიკისტოზი, ზოგჯერ კი – საკვერცხის სხვა სახის კისტებიც.
ხსენებულ პათოლოგიებზე გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ოპერატიული გინეკოლოგიის განყოფილების უფროსი ირაკლი თოდუა.

საკვერცხეების პოლიკისტოზს შტეინ-ლევენტალის სინდრომი ეწოდება. 60 წლის წინ ამ ორმა მეცნიერმა აღწერა ტრიადა – სამი სიმპტომის ერთობლიობა, რომელიც გამოიხატებოდა ჭარბი წონით, ანდროგენული (მამაკაცური) ტიპის ჭარბთმიანობითა და უშვილობის გამომწვევი ამენორეით (ციკლის დარღვევით). ეს ყველაფერი ერთვოდა დიდი ზომის საკვერცხეებს, რომლებსაც გარედან – სქელი გარსი, შიგნით კი მრავალი კისტა ჰქონდა. იმ დროს არ არსებობდა არც ექოსკოპია, არც დახვეწილი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ ამ სინდრომს სადიაგნოსტიკო მუცელკვეთის – ლაპაროტომიის მეშვეობით ადგენდნენ.
დროთა განმავლობაში დიაგნოსტიკა დაიხვეწა, შტეინ-ლევენტალის სინდრომის კვლევაში ჩაერთო თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები და ექოსკოპია.
საკვერცხეების პოლიკისტოზის ჩამოყალიბების უამრავ მიზეზს ვარაუდობენ, მაგრამ ეს თეორიები ჯერ კიდევ ჰიპოთეზად რჩება. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პათოლოგია განპირობებულია არა ერთი გამომწვევი ფაქტორით, არამედ ფაქტორთა ვარიაციული კრებულით. სხვადასხვაგვარია მისი სიმპტომების კომბინაციაც. იშვიათია კლასიკური შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე  პაციენტს ყველა სიმპტომი აღენიშნება.
დაავადების სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად (ათიდან 7 შემთხვევაში) გვხვდება ჭარბთმიანობა გვხვდება. დაავადებულთა დაახლოებით 40%-ს ჭარბი წონა აღენიშნება, 40-50%-ს კი – ციკლის დარღვევა და უშვილობა. ციკლის დარღვევა გულისხმობს სპანიომენორეას – ძალზე იშვიათ მენსტრუაციას, რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ აღირიცხება, ან ამენორეას – მენსტრუაციის არარსებობას. ეს, ბუნებრივია, უშვილობას იწვევს, ვინაიდან საქმე გვაქვს ანოვულაციასთან – მდგომარეობასთან, როდესაც კვერცხუჯრედი საკვერცხის გარსიდან ვერ გამოდის.
საინტერესოა, რომ ჭარბი წონის პრობლემები უკავშირდება შტეინ-ლევენტალის სინდრომის კიდევ ერთ სიმპტომს, რომელიც ლაბორატორიულად ვლინდება. ეს გახლავთ ინსულინრეზისტენტობა.

შტეინ-ლევენტალის სინდრომის თანამედროვე დიაგნოსტიკა შემდეგი გზით ხდება: პირველ ყოვლისა, ექიმი ისმენს პაციენტის ჩივილს, თვალით და გასინჯვით აფასებს მის მდგომარეობას. თუ სიმპტომების ანალიზი

 ამ პათოლოგიის არსებობაში დააეჭვებს, პაციენტს ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნის. ჰორმონული კვლევები შტეინ-ლევენტალის სინდრომის დიაგნოსტიკის საფუძველია. მათი მეშვეობით განისაზღვრება, როგორია საკვერცხეების დაზიანების დონე, რამდენად არის გამოხატული სინდრომი, აღინიშნება თუ არა ანდროგენიზაცია, ნამდვილად შტეინ-ლევენტალის სინდრომთან გვაქვს საქმე თუ სხვა მსგავს პათოლოგიასთან, ხოლო მეორეული შტეინ-ლევენტალის სინდრომის შემთხვევაში დგინდება მისი პირველადი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემაში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და საკვერცხის სიმსივნეები, რომლებიც ანდროგენების გამომუშავებას და პაციენტის ვირილიზაციას  იწვევს.
დიაგნოსტიკის მესამე ბურჯია ექოსკოპია, რომელიც გვაჩვენებს საკვერცხეების სტრუქტურას, საშვილოსნოს მდგომარეობას და ა.შ.
პოლიკისტოზი სხვა კისტებისგან ექოსკოპიურადაც განსხვავდება: ამ დროს აღინიშნება მრავალი პატარა კისტა, რომელთა დიამეტრი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება; საკვერცხის პარენქიმის ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლებულია კისტების კრებულით, რომლებიც, თავის მხრივ, გაუმსკდარ ფოლიკულებს წარმოადგენს.
სხვა შემთხვევაში კისტა შეიძლება იყოს ფუნქციონალური, როგორიც არის ყვითელი სხეულის კისტა, ენდომეტრიომა, ცისტადენომა და მრავალი სხვა.
როდესაც კისტების დიფერენციაციაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ყურადსაღები. პირველ ყოვლისა, უნდა განვასხვაოთ ფუნქციონალური კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია და ოპერაციულ ჩარევას არ ითხოვს. ის რამდენიმე ხანში თავისთავად ან ხანმოკლე მკურნალობის შედეგად განიწოვება. ასეთ კისტას ვაკვირდებით: სამი თვის შემდეგ ექოსკოპიას ვიმეორებთ და ვხვდებით, გაიწოვება თუ არა ის თავისთავად.
ზოგ შემთხვევაში კისტა მასში წარმოქმნილი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდის შედეგია, ამიტომ მომდევნო საკითხი წარმონაქმნის ბუნების დადგენაა – უნდა გაირკვეს, არის თუ არა იგი პოტენციურად ავთვისებიანი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა იგი პაციენტს, მისი დატოვება, რაღა თქმა უნდა, დაუშვებელია. დასასრულ, განისაზღვრება, ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხე – ხომ არ გამოიწვევს მისი დატოვება კისტის რეციდივს, მის მოთესვას და ა.შ.
პოლიკისტოზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დიეტოლოგია დიდ შანსს აძლევს პაციენტს, ციკლიც მოუწესრიგდეს და შვილოსნობის უნარიც დაუბრუნდეს. დიეტა მიმართულია წონის კლებისკენ. პროგრამა-მინიმუმი სხეულის მასის 15%-ის მოცილებაა (ეს იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც შტეინ-ლევენტალის სინდრომი ჭარბი წონითაც არის გამოვლენილი).
თუ პაციენტს ანდროგენები არ აქვს მომატებული, ჰორმონული ბალანსის აღსადგენად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატს ვუნიშნავთ. ჰორმონული ბალანსის აღდგენა ციკლისა და ოვულაციის აღდგენასაც განაპირობებს. ანდროგენების სიჭარბისას, რასაც ჭარბი, მამაკაცური ტიპის თმიანობა და სხვა ნიშნები ავლენს, ინიშნება მათი დონის დამაქვეითებელი პრეპარატები. განსაკურნებლად ზოგჯერ დეზანდროგენიზაციაც საკმარისია.
XX საუკუნის 90-იან წლებამდე მეტად პოპულარული იყო საკვერცხის ე.წ. სოლისებრი ამოკვეთა. სხვათა შორის, ეს მეთოდი შედეგიანიც გახლდათ – პაციენტთა 65-70% იკურნებოდა, ციკლი აღდგებოდა (მართალია, დროებით, მაგრამ მაინც) და ქალს შვილოსნობის უნარი უბრუნდებოდა. თუმცა ამ ოპერაციას ნაკლიც ჰქონდა. ჯერ ერთი, მუცელკვეთით ტარდებოდა, მეორე – იწვევდა საკვერცხესთან ნაწლავების ძლიერ შეხორცებას.
მოგეხსენებათ, შტეინ-ლევენტალის სინდრომის დროს გასქელებულია საკვერცხის გარსი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ფოლიკული ოვულაციას ვერ ახერხებს. ლაპაროსკოპიის დროს ტარდება ელექტროკაუტერიზაცია – საკვერცხის გარსს ელექტროდით ჩხვლეტენ (კეთდება ოცამდე ნაჩვრეტი). დარღვეული გარსი შემდგომში აღარ ხორცდება და საკვერცხეს მუშაობის, ოვულაციის აღდგენის საშუალებას აძლევს.
ბოლო ხანს ლაპაროსკოპიამ მედიცინის მრავალ დარგში დაიმკვიდრა ადგილი. თანამედროვე გინეკოლოგია ხომ მის გარეშე წარმოუდგენელია. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, პაციენტს ბევრად უფრო იოლად გადავატანინოთ ქირურგიული ჩარევა, ვიდრე ეს ლაპაროტომიით ხერხდებოდა.

სოკოვანი ინფექცია

ყველგანმძრომი სოკოები
სოკოვან ინფექციას კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ. Candida albicans-ს, ამ პაწაწინა, პერიოდულ აგრესიულობაში შემჩნეულ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სად აღარ შეხვდებით: პირის ღრუში, კანზე, ნაწლავის სანათურში, საშოში... 
პატარა ფუნგუსი (მას ასეც უწოდებენ და დაავადებაც, რომელსაც ის იწვევს, ფუნგალური ინფექციის სახელითაც არის ცნობილი) სხვა უვნებელ 
მიკროორგანიზმების (ასეთი კი ჩვენს ორგანიზმში უამრავია) მეზობლად ცხოვრობს და დაავადებას მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი პირობების გაუარესების შემთხვევაში იწვევს. ასეა, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დასუსტებული, ანტიბიოტიკების, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და კორტიკოსტეროიდების უხვად მიღება უხდება. ასევე ხშირია კანდიდა ალბიკანსის გამრავლებისა და სოკოვანი ინფექციის შემთხვევები შაქრიანი დიაბეტის დროს.

კანდიდას ესა თუ ის სახეობა ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს შეიძლება აღმოვუჩინოთ. ამავე დროს კანდიდოზი ერთნაირად ერჩის როგორც მდედრებს, ისე მამრებს, თუმცა ვაგინალური კანდიდოზი, ლოგიკის თანახმად, მხოლოდ ქალებში გვხვდება. ის კი არა, თურმე სოკო ვაგინიტის მიზეზთა შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს.
სტატისტიკის თანახმად, სოკოვანი ინფექცია ყველაზე ხშირად მოხუცებულებს უჩნდებათ, თანაც უმეტესად მისი ორალური (პირის) ფორმა. ამიტომაც არის, რომ მოხუცები ხშირად უჩივიან სტომატიტს.
საზოგადოდ, სოკო ყველაზე ხშირად აზიანებს:
. პირის ღრუს და სტომატიტს იწვევს. ამ დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ენა შეწითლებულია და მოთეთრო, ნაფიფქის მსგავსი ნადებით არის დაფარული. გამონაყარი უმეტესად მტკივნეულია, ძალიან იშვიათად კი შესაძლოა დისკომფორტსაც არ იწვევდეს.
. საყლაპავს. ამ დროს ყლაპვა მტკივნეულია.
. კანს. ამ დროს კანზე, უპირატესად – ძუძუს ქვეშ, მუცელზე, საზარდულის არეში, შეწითლებული, დაცვარული უბნები ჩნდება, რომლებიც ხშირად  გარშემორტყმულია პატარა ბუშტუკებით – პუსტულებით. გამონაყარი ხშირად მქავანაა.
. საშოს კედლებს. სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
. ტერფებს. სოკოვანი ინფექციის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია. ამ დროს კანდიდა ძირითადად თითებს შორის კანს აზიანებს ან სულაც უკვე დაზიანებულ (დამსკდარ) კანზე იკიდებს ფეხს და ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც კანის ბანალური სოკოვანი ინფექცია.
სოკოვანი ინფექციისგან განკურნება არცთუ ისე ძნელია, პრევენცია კი უფრო იოლი: კანის ზედაპირი მშრალად და სუფთად შეინარჩუნეთ, დაიკელით წონა, დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე...
მკურნალობენ ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტებით. სადღეისოდ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ათასგვარი კრემი და ლოსიონი არსებობს, მაგალითად, მუსიტროლი.
მრავალი ექიმის მოსაზრებით (რომელთა უმეტესობაც ამერიკელია), როდესაც ქალს ვაგინალური კანდიდოზი აწუხებს, მის სქესობრივ პარტნიორს მკურნალობა ჩატარება არ სჭირდება, აი, ქალის მკურნალობის პერიოდში კი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებას უთუოდ ურჩევენ. 


უსიამოვნო ეპიზოდი

ერთობ მყუდროდ გრძნობენ თავს საშოს ბინადარი სოკოები. შესაძლოა, ეს წინადადება ოდნავ კომიკურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა. ვაგინალური კანდიდოზი 4-დან 3 ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოაჩნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის 75%-ის პრობლემაა. აი, ქალების 40-45%-ში კი დაავადება ორჯერ და მეტად იჩენს თავს.

საშოს სოკოვანი ინფექციის ნიშნებია:
 . ქავილის, დისკომფორტის შეგრძნება საშოს შესასვლელში ან მის სიღრმეში;
. წვისა და ტკივილის შეგრძნება, რომელიც მძაფრდება სქესობრივი აქტის ან მოშარდვის დროს;
. საშოს კედლების სიწითლე და შეშუპება;
. ხაჭოსებრი გამონადენი, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა კონსისტენციისა იყოს – თხელი ან შესქელებული. გამონადენი უმეტესად უსუნოა.

ყველაზე ხშირად ვაგინალური კანდიდოზი ემართებათ ქალებს, რომლებიც:

. ჭარბად იღებენ ანტიბიოტიკებს, რაც ვაგინალური ფლორისა და რეაქციის ცვლილებას იწვევს. უფრო კონკრეტულად, ამ ტიპის მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად საშოს ბინადარი ლაქტობაქტერიების (მათი არსებობა აუცილებელია!) რაოდენობა იკლებს და pH-იც  სოკოებისთვის ხელსაყრელი მიმართულებით იცვლება.
. ორსულად არიან. ამ დროს ესტროგენების დონე საგრძნობლად იმატებს, რაც დაავადების გამწვავებას იწვევს. ანალოგიური ცვლილებები იჩენს თავს მაშინაც, როდესაც ქალს ესტროგენების ჭარბად შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სმა ან ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება უხდება.
. აქვთ შაქრიანი დიაბეტი და უჭირთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
. ხშირად უხდებათ საშოს გამორეცხვა ან გაურკვეველი შემადგენლობის ჰიგიენური სპრეისა თუ ვაგინალური ლუბრიკანტის გამოყენება.
. იმუნიტეტის დაქვეითებას უჩივიან. ამ პრობლემის წინაშე, წესისამებრ, აღმოჩნდებიან ხოლმე ქალბატონები, რომლებიც რეგულარულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან აივ-ინფიცირებულები არიან.
. აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. მართალია, სპეციალისტებს უჭირთ, სოკოვანი ინფექცია სგგდ-ებს მიაკუთვნონ, მაგრამ რეალურად კანდიდოზით ინფიცირების ერთ-ერთ გზად მაინც რჩება სქესობრივი კონტაქტი.

ვაგინალური კანდიდოზს ხშირად ამწვავებს სტრესი, უძილობა, მენსტრუაცია, კვების დეფიციტი (მკაცრი დიეტის დაცვა) ან ტკბილეულის ჭარბი მიღება.   
გამოცდილი ექიმის თვალს ვაგინალური კანდიდოზი ნამდვილად არ გამოეპარება, მაგრამ მეტი სარწმუნოობისთვის შესაძლოა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და საშოს ნაცხის აღება მოგთხოვოთ.
თუ ექიმის ეჭვი ანალიზის პასუხმა დაადასტურა, ის მკურნალობას დაგინიშნავთ, რომელიც უმეტესად ადგილობრივი საშუალებების: სოკოს საწინააღმდეგო კრემების, ტაბლეტების, სანთლების, მალამოების – გამოყენებას გულისხმობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის მედიკამენტები პრეზერვატივზე, უფრო ზუსტად,  ლატექსზე ნეგატიურად მოქმედებს (ათხელებს!), გარდა ამისა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საშოს კედლების გაღიზიანებას, წვას იწვევს.
ადგილობრივი თერაპია უპირატესად მსუბუქი კანდიდოზის დროს ინიშნება. ამ შემთხვევაში ექიმი არცთუ იშვიათად დასალევ ტაბლეტსაც დაგინიშნავთ, რომლის მიღება ერთხელ თუ მოგიწევთ.
გართულებული კანდიდოზის დროს, ასევე – მძიმე იმუნოდეფიციტის (აივ-ინფქციის) და ფეხმძიმობის შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია.
ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები თურმე ამერიკელებსაც ხიბლავთ: ვაგინალური კანდიდოზის საწინააღმდეგოდ თურმე ხშირად იყენებენ ძმრით გამორეცხვას, ჩაის ხის ზეთისგან დამზადებულ კრემს, ნივრის ან ბორის მჟავის სანთლებს. მკურნალობის ამგვარი მეთოდების ეფექტურობა კლინიკური კვლევებით დადასტურებული არ არის და მათ გამოყენებას სპეციალისტები არამც და არამც არ ურჩევენ.

ვაგინალური კანდიდოზის დროს საშოში ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ამერიკელმა მეცნიერებმა კანდიდოზის სიმპტომების შესასუსტებლად ამ სასარგებლო მიკრობაქტერიების საჭირო ლიმიტის შევსება გადაწყვიტეს. ბაქტერიები, რომლებიც იოგურტშიც ბლომადაა, ქალებმა პერორალურადაც მიიღეს (ანუ დალიეს!) და ადგილობრივადაც. როგორც მოსალოდნელი იყო, ლაქტობაქტერიებმა დაჩაგრეს კანდიდები, მათი დიდი ნაწილი ჩაანაცვლეს და სოკოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც საგრძნობლად შესუსტდა.

იმისთვის, რომ ვაგინალური კანდიდოზი არ შემოგეჩვიოთ, ასე მოიქეცით:
. ერიდეთ გამორეცხვებს, წყლის ძლიერი ჭავლით საშოს გამობანას;
. სიფრთხილით გამოიყენეთ არომატული ტამპონები, საფენები, ჰიგიენური სპრეი;
. მენსტრუაციის დროს ტამპონი თუ ჰიგიენური საფენი ხშირ-ხშირად იცვალეთ;
. ატარეთ ბამბის საცვლები;
. არამც და არამც არ ჩაიცვათ მოჭერილი საცვლები (მაგალითად, ძლიერ ამოჭერილი ტანგა-ტრუსები) და შარვალი;
. ცურვის შემდეგ ეცადეთ, საცურაო კოსტიუმი მალევე გამოიცვალოთ. ასევე მოიქეცით ვარჯიშის შემდეგ – დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ ოფლისგან დანოტივებული საცვალი და სპორტული ტანსაცმელი;
. თავი არიდეთ მეტისმეტად ცხელი აბაზანის მიღებას.

საშვილოსნოს ყელის დავადებების მკურნალობა

თანამედროვე მსოფლიოში რადიოტალღების არსებობა არავის უკვირს, მაგრამ შესაძლოა, გაოცება გამოიწვიოს მათმა ახალმა ამპლუამ მედიცინაში – განსაზღვრული სიხშირის რადიოტალღებს ოპერაციის ჩასატარებლად იყენებენ. მეთოდი წარმატებით დაინერგა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებათა სამკურნალოდ. ამ სიახლეზე გვესაუბრება ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ხეროდინაშვილი:

ავთვისებიანი სიმსივნეების თავიდან აცილების მთავარი მიმართულება კიბოს პროფილაქტიკაა. პროფილაქტიკა კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს საწყისი ფორმების დროულ გამოვლენასა და სათანადო მკურნალობას გულისხმობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საშვილოსნოს ყელის კიბო გახლავთ.
საშვილოსნოს ყელის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის კლასიკური მაგალითია. ის მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადების ფონზე ვითარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს ავთვისებიან დაავადებებს შორის დღესაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, საქართველოში კი ის განსაკუთრებით აქტუალურია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზა ფონური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობაა. ბოლო 
წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები გავლენას ახდენს ქალის სასქესო, რეპროდუქციულ და მენსტრუაციულ ფუნქციებზე. ეს გავლენა განსაკუთრებით

 შესამჩნევია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები აღენიშნებათ. მათ შორის ხშირია ორსულობის დრომდე მიუტანლობა, ნაყოფის ანტენატალური სიკვდილი და მუცლადმყოფი ნაყოფის ინფიცირება.
უთუოდ უნდა ითქვას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს მჭიდრო კავშირი აქვს სასქესო ორგანოების ინფექციურ დაავადებებთან, მენსტრუაციული ფუნქციის მოშლასთან, ქალის ორგანიზმის იმუნოლოგიურ რეაქციულობასთან, ვირუსულ ინფექციებთან, კერძოდ, ჰერპესულ და პაპილომოვირუსულ ინფექციასთან (განსაკუთრებით – ამ უკანასკნელთან).
საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებებს ეკუთვნის ვიზუალური და კოლპოსკოპიური გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური პროცესები – ფსევდოეროზია, ექტოპია, ნამდვილი ეროზია, ლეიკოპლაკია, ბრტყელი კონდილომა, პოლიპოზი.
რეალურ კიბოსწინარე დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს დისპლაზია, რომლის დროსაც აღინიშნება ზედაპირული ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის ცვალებადობა.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ფსევდოეროზია (ექტოპია)  ან ენდოცერვიკოზი, რომელიც ათიდან ორ შემთხვევაში გვხვდება. საშვილოსნოს ყელის ცერვიკოზების ღრმა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ პათოლოგიის დროს ინტრაეპითელური კიბო შემთხვევათა 8%-ში ვლინდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცერვიკოზის თითოეული შემთხვევა, მეტადრე – მისი პროლიფერაციული ფორმა, გამორჩეულ ყურადღებას მოითხოვს.
საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება რადიოქირურგია, კრიოდესტრუქცია, ლაზეროთერაპია და ელექტროკონიზაცია. აქვე გეტყვით, რომ განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობისას ელექტროკოაგულაცია და ლაზერი პრაქტიკულად არ გამოიყენება, ვინაიდან იწვევს ქსოვილების ღრმა დაზიანებას – ნეკროზს და ახასიათებს გართულებათა მთელი წყება, უპირველეს ყოვლისა, სისხლდენა. ამჟამად ყველაზე ფიზიოლოგიურ და ეფექტურ მეთოდად რადიოქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა. თუმცა არ შეიძლება, საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა იზოლირებულ მეთოდად განვიხილოთ. ის საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. მასთან ერთად მიმართავენ საშოს დამუშავებას ქიმიური მიკრობსაწინააღმდეგო ხსნარებით, ანტივირუსული მალამოებით. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნომოდულაცია, ანტიმიკრობული, ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.
რადიოტალღური ქირურგია რბილი ქსოვილის გაჭრისა და კოაგულაციის ატრავმული მეთოდია. ქსოვილის გაჭრის ეფექტს სითბური ენერგია განაპირობებს. ეს ენერგია გამოიყოფა მაღალი სიხშირის რადიოტალღების ზემოქმედებისადმი ქსოვილების მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფონზე. მაღალი სიხშირის ენერგია ელექტროდის დაბოლოებაზე კონცენტრირდება. თვითონ ელექტროდი არ ხურდება, მაგრამ მასზე კონცენტრირებული ენერგია ზემოქმედებს უჯრედზე და იწვევს მოლეკულური ენერგიის მოზღვავებას, რის შედეგადაც უჯრედი, ფაქტობრივად, ორთქლდება. აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
თავად მეთოდი არცთუ ისე დიდი ხნისაა. 1978 წელს მეცნიერმა ვ. მანესმა ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად დაადგინა, რომ ქსოვილების გაჭრისა და ერთდროული კოაგულაციის ოპტიმალური სიხშირე 3,8-4,0 მეგაჰერცია, ეს კი რადიოტალღის სიხშირეა, რის გამოც ამ სიხშირის ტალღებს რადიოტალღები უწოდეს.
1996 წელს ა. ჰოფმანმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ერთად ერთმანეთს შეადარა ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის შეხორცება სკალპელის, ელექტროდანის, ლაზერისა და რადიოტალღური დანის გამოყენების შემდეგ და რადიოტალღური მეთოდის აშკარა უპირატესობა დაადასტურა.
ასე რომ, რამდენიმე წელია, რაც ეს მეთოდი დაინერგა. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება ამერიკული წარმოების რადიოტალღური აპარატი “სურგიტრონი”, რომელიც მაღალი (3,8-4,0 მეგაჰერცი) სიხშირის ელექტროტალღების გენერატორს წარმოადგენს.
რადიოტალღებზე მომუშავე ინსტრუმენტების ძირითადი თვისებაა, არ გამოიწვიოს ჭრილობის კიდეების ნეკროზი, დაჩირქება და სისხლდენა. ამავე დროს მათი მეშვეობით ქსოვილის გაკვეთა ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერ სიღრმეზეა შესაძლებელი, ეს თვისებები კი რადიოტალღური ქირურგიის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.
რადიოტალღური მეთოდის გამოყენებისას არ არის საჭირო წვრილი სისხლძარღვების ლიგირება და კოაგულაცია. ამასთანავე, რადიოტალღას მიკრობების განადგურების უნარი შესწევს, რის გამოც ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებათა გარეშე მიმდინარეობს, ნაწიბური კი, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია.
ყოველივე ზემოთქმულის გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, რაც რადიოტალღურ მეთოდს ეკონომიურად მოგებიანს ხდის.
რადიოტალღური ქირურგიის უნიკალური თავისებურებებია:
. ჭრილობის გარშემო ნეკროზული უბნებისა და დამწვრობის არარსებობა;
. მიკროსკოპულად სწორი ატრავმული განაკვეთი;
. ოპერაციის პერიოდში სისხლის მინიმალური დანაკარგი;
. ქსოვილების გაკვეთის პერიოდში არსებული სიმსუბუქე, ქვეშ მდებარე ქსოვილების ტრავმის არარსებობა;
. რადიოტალღების ძლიერი მაკოაგულირებელი თვისების გამო ოპერაციის მიმდინარეობა პრაქტიკულად მშრალ პირობებში;
. ქსოვილების დანახშირების – ღრმა ნეკროზის – არარსებობა;
. ქსოვილების მინიმალური შეშუპება;
. ოპერაციის დროს ტკივილის არარსებობა, ჭრილობის სწრაფი შეხორცება;
. ქსოვილებზე ზემოქმედებისას რადიოტალღების მასტერილებელი ეფექტი;
. მაღალი კოსმეტიკური ეფექტი.
რადიოქირურგიული ჩარევის შემდეგ ჭრილობა ხორცდება ე.წ. ფიბრინოზული ფუფხის ქვეშ, რომელიც ნაოპერაციევ ადგილს ოპერაციიდან 8-10 დღის შემდეგ სცილდება. ამას თან ახლავს უმნიშვნელო სეროზულ-სისხლიანი გამონადენი. ჭრილობის სრული ეპითელიზაცია ანუ აღდგენა ოპერაციიდან 28-40-ე დღეს ხდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ელექტროექსციზიის (ელექტრომოწვის) შემდეგ ფუფხის მოცილება ასიდან 15-30 შემთხვევაში სისხლდენას იწვევს, რადიოტალღურ ჩარევას კი ასეთი რამ სრულებით არ ახასიათებს.
იმისთვის, რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში მიღებული ეფექტი შევინარჩუნოთ, 1-2 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ რეკომენდებულია საშოს დამუშავება გვირილის ნაყენით, ხოლო საშოს ფიზიოლოგიური ფლორის შენარჩუნების მიზნით – იმავე სიხშირით პრეპარატ გინილაკის გამოყენება.

« < 123 > »
ზემოთ