გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

14.08.2014
ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით 23.07.14-ის მდგომარეობით...

გამოკითხვა

როგორია მტრედი ბარათის ახალი სარეკლამო რგოლი?

სამედიცინო თემები -> გინეკოლოგია

ტოქსოპლაზმოზი ორსულებში

 ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის დიდი გამოცდაა. ორსულს ხშირად უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, უქვეითდება იმუნიტეტი და ყოველგვარი ინფექცია ადვილად ერევა. არსებობს დაავადებები, რომელთა თავისებურებაც ის არის, რომ თუმცა არაორსულებში განსაკუთრებული სირთულის გარეშე მიმდინარეობს, ორსულობისას სერიოზულ გართულებებს იწვევს. ასეთ ინფექციებს Torch კომპლექსის სახელწოდებით აერთიანებენ. ეს კომპლექსი მოიცავს ტოქსოპლაზმოზს (Toxoplazma), წითურას (Rubella), ციტომეგალოვირუსს (Citomegalovirus) და ჰერპესვირუსს (Herpes). ამჯერად ყურადღებას ტოქსოპლაზმოზზე შევაჩერებთ.

ალბათ, ყველა ქალს აინტერესებს, რა იწვევს ტოქსოპლაზმოზს, რა საფრთხეს გვიქადის ის, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და შესაძლებელია თუ არა მის მიერ გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება. ამ და სხვა საკითხებზე ჩაჩავას კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ფიქრია კამლაძე გვესაუბრება.
– რას წარმოადგენს ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას?
– ტოქსოპლაზმოზი გახლავთ TORC კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება. მას მოსახლეობა ცუდად იცნობს, ვინაიდან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ინფექცია, თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს.
ტოქსოპლაზმოზს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplazma Gondii იწვევს. პარაზიტის საბოლოო მასპინძელია კატა. თავად ის თაგვებისგან, ვირთხებისგან ან ფრინველებისგან ინფიცირდება. ინფიცირებული კატა ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც ვითარდება ტოქსოპლაზმოზი.
ტოქსოპლაზმის გამომწვევი გარემო პირობების მიმართ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მხოლოდ 60-65 გრადუსზე იღუპება. ნიადაგში მოხვედრილი პარაზიტი მკვრივ გარსს შემოიკრავს და ასე 6-დან 8 თვემდე შეიძლება იცოცხლოს. სწორედ მისი გამძლეობა განაპირობებს ამ დაავადების ძლიერ გავრცელებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ უმეტესობას ის განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს. ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.
– როგორია გადაცემის მექანიზმი? რა გზით ხდება ტოქსოპლაზმით ინფიცირება?
– სხვადასხვა გზით. გადაცემის მექანიზმი ძირითადად ფეკალურ-ორალურია. ინფიცირება უმეტესად კატასთან კონტაქტისას ხდება. ასევე ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნება. აღწერილია დაავადების გავრცელება პროფესიული გზით – ლაბორატორიებში. ინფიცირება, ასევე, ხდება ტრანსპლაცენტურად, ანუ დედისგან გადაედება ნაყოფს. ამ გზით დასნებოვნების ალბათობა დაახლოებით 44%-ია. ორსულისთვის ტოქსოპლაზმოზი სწორედ ამ გზით გადაცემის გამოა საშიში. ინფიცირება ასევე ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ. 
– ბევრს ჰგონია, რომ Torch კომპლექსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს აერთიანებს...
– ეს შეცდომაა. ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ გადაცემის სქესობრივ გზაზე, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. ამ გზით დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.
– როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება, რა სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ტოქსოპლაზმოზზე ეჭვის მიტანა?
– როგორც აღვნიშნე, ტოქსოპლაზმოზი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები უმეტესად ვერც კი ხვდებიან, ისე გადააქვთ ეს ინფექცია. სუბკლინიკურ ფორმებს (როცა პროცესი არც მკვეთრადაა გამოხატული, მაგრამ არც მთლიანად წაშლილია) გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. იშვიათად დიდდება ლიმფური ჯირკვლები, შეინიშნება აღგზნება, თავის ტკივილი, სისუსტე. არსებობს დაავადების გენერალიზებული ფორმაც, როდესაც დიდდება პერიტონეული და მეზენტერიული (ჯორჯლის) ლიმფური ჯირკვლები. 10-20%-ში დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკით მიმდინარეობს და ინფექციურ მონონუკლეოზს მოგვაგონებს. ამ დროს ვითარდება ლიმფური ჯირკვკლების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, სიყვითლე, კუნთებისა და ყელის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არაორსულებში, მძიმე შემთხვევებშიც კი, დაავადება თვითგანკურნებით მთავრდება და არავითარ სპეციფიკურ ჩარევას არ მოითხოვს. 
რაც შეეხება ორსულებს, დაავადება აქაც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მძიმე ფორმებიც. ერთ-ერთ კვლევაში სადაც თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირებული ბავშვების დედებს იკვლევდნენ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ვერც კი გაიხსენა, გადაიტანა თუ არა ორსულობისას რაიმე ტიპის ვირუსული ინფექცია. სამწუხაროდ, უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დაავადების გამოვლენას, ამიტომ მკურნალობაც გვიან იწყება, როცა პროცესი შორს არის წასული და ჩარევაც დაგვიანებულია.
– თუ დედას ტოქსოპლაზმოზი აქვს, ნაყოფი აუცილებლად დაავადდება?
– საბედნიეროდ, არა. ნაყოფის დაავადება ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ინფიცირების რისკი მით უფრო მაღალია, რაც მეტია გესტაციის ვადა. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ინფიცირების ალბათობა 9%-მდეა, მეორეში – 39%-მდე, მესამეში კი – 60%-მდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მძიმე გართულებები, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა, გესტაციის მოგვიანებით ვადაზე უფრო იშვიათია, ანუ პირველ ტრიმესტრში დაინფიცირებული 100 დედისგან 81 ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იბადება, მაგრამ დაავადებულებში დიდია მკვდრადშობადობისა და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტრიმესტრში კი, მართალია, 100-დან მხოლოდ 41-ია ჯანმრთელი, მაგრამ ინფიცირებულებს შორის მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლია.
– რა საფრთხეს უქადის ტოქსოპლაზმოზი ნაყოფს?
– როგორც ითქვა, თუ დედა დაავადდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაყოფის დაავადებას. თუ ნაყოფის ინფიცირება მაინც მოხდა, ვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტეტრადა: მიკროცეფალია (თავის ტვინის სიმცირე) ან ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი), ქორიორეტინიტი (თვალის ბადურა გარსის ანთება), კრუნჩხვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები და კალციფიკატები თავის ტვინში. იშვიათად შესაძლოა შეგვხდეს დაავადების სხვა ფორმებიც – თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე, დიარეა, ცხელება, ჰიპოთერმია (დაბალი ტემპერატურა), ღებინება, პნევმონია (ფილტვების ანთება). არის შემთხვევები, როცა ახალშობილი თითქოს ჯანმრთელი იბადება და თვეების შემდეგ გამოაჩნდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების სიმპტომები შესაძლოა დიდხანს არ ჩანდეს და მხოლოდ სკოლამდელ ასაკში იჩინოს თავი, რაც ასევე ართულებს მის დიაგნოსტიკას. ყველაზე მძიმე გართულებები კი, როგორც აღვნიშნეთ, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობაა.
– თუ ქალს ტოქსოპლაზმოზი გადატანილი აქვს, არის თუ არა შანსი, ორსულობისას ისევ დაემართოს?
– ამის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ტოქსოპლაზმოზის მიმართ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება, ანუ თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ის, მეორედ აღარ დაემართება. გამორიცხული არ არის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების ფონზე დაავადება მაინც გააქტიურდეს, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია, თანაც ამ დროს დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
– დაავადების გადატანიდან რამდენი ხნის შემდეგ არის დაორსულება უსაფრთხო?
– იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, მყარ იმუნურ პასუხს 6 თვე სჭირდება, თუმცა ლიტერატურაში წერია, რომ თუ ინფიცირებიდან 1-2 თვეზე მეტია გასული, გართულებების საშიშროება იკლებს. დაორსულებისთვის ოპტიმალური ხანა კი, როგორც აღვნიშნეთ, 6 თვეა. 
– როგორ ხდება ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა და როდის?  
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფექციებზე ქალს ორსულობისას კი არ იკვლევდნენ, არამედ დაორსულებამდე. ეს მრავალ უსიამოვნებას აგვაცილებდა თავიდან. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება და დიაგნოზი ხშირად იმ ეტაპზე ისმება, როცა მკურნალობა დაგვიანებულია. ტოქსოპლაზმოზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სეროლოგიური კვლევები ანუ სისხლის შრატის გამოკვლევა ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ადამიანის სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ანტისხეულები, რომლებიც განსხვავებული მდგომარეობის დროს იმატებს. იმუნოგლობულინი M მწვავე პროცესის მანიშნებელია და მას დიაგნოსტიკისას აუცილებლად განსაზღვრავენ. ის სისხლში ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება, პიკს ერთ თვეში აღწევს, ხოლო მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა შესაძლოა, ეს ანტისხეული ორგანიზმში წლობითაც დარჩეს. ამიტომაც მხოლოდ M-ის ნახვით მწვავე ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზს ვერ დავსვამთ. ამისთვის საჭიროა იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრაც. მწვავე პროცესის დიაგნოზი ისმება მაშინ როცა წყვილ შრატებში G-ის ოთხჯერადად მატება ფიქსირდება.
დიაგნოზის დასმის საფუძველია ისიც, თუ სისხლში ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო IgG-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და შემდეგ დადებითი გახდა, ანუ სერონეგატიური პასუხი სეროპოზიტიურით შეიცვალა.
თუ საშუალება არის, ძალიან კარგი იქნება, განისაზღვროს ავიდობა, ანუ ანტიხსეულებისა და ანტიგენის (გამომწვევის) ერთმანეთთან შეკავშირების სიმტკიცე. რაც უფრო მეტია ავიდობა (რაც პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს), მით მყარია იმუნიტეტი.
თუ სეროლოგიური ტესტი IgG ანტისხეულზე დადებითია, ხოლო IgM –ზე უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ ქალმა დაავადება გადაიტანა და მის მიმართ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
არსებობს ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო A და I ანტისხეულებიც. ისინი სისხლში ყველზე ადრე ჩნდებიან და მალევე ქრებიან, ამიტომ მათი “დაჭერა” ძალიან ძნელია. მათ ბავშვებში იყენებენ დიაგნოსტიკისთვის. 
– აღნიშნული კვლევები ყველა ორსულს უტარდება?
– ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ორსულთა რუტინული გამოკვლევა. მაგალითად, საფრანგეთში ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და ის ორსულობის ყოველ ტრიმესტრში ტარდება. საქართველოში ასე არ არის, თუმცა მე ყოველთვის ამ გამოკვლევების ჩატარების მომხრე ვარ. 
– პროფილაქტიკის რა საშუალებებს შეიძლება მიმართოს ორსულმა, რომ ტოქსოპლაზმოზი თავიდან აიცილოს? 
– ორსულებს, რომელთაც ტოქსოპლაზმოზი არ გადაუტანიათ, ვურჩევთ:
. მინიმუმამდე დაიყვანონ კატის ფეკალიებთან კონტაქტი; თუ მაინც მოუხდათ, გამოიყენონ ხელთათმანი;
. ხშირად იბანონ ხელები, განსაკუთრებით _ ჭამის წინ;
. მიირთვან თერმულად საკმარისად დამუშავებული ხორცი;
. ხილი და ბოსტნეული მიღებამდე საფუძვლიანად გარეცხონ;
. ერიდონ ნიადაგთან ურთიერთობას ან გამოიყენონ რეზინის ხელთათმანი;
გახსოვდეთ: პროფილაქტიკა დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იაფი, ადვილი და ეფექტური საშუალებაა. 
– როგორ მკურნალობენ ტოქსოპლაზმოზს?
–ანტიბიოტიკებით. პირველ ტრიმესტერში _ სპირამიცინით, მეორესა და მესამეში _ პირიმეტამინითა და სულფადიაზინით ფოლიუმის მჟავასთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ესენი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებებია, მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც ნაყოფის ინფიცირება დადასტურებულია. ამისთვის ორსულობის 20 კვირის ვადაზე ტარდება ამნიოცენტეზი (სანაყოფე სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის) და დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყება მკურნალობა. 
– რამდენად ეფექტურია ორსულობისას ჩატარებული მკურნალობა?
– ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. თუ პათოლოგიათა განვითარების რისკი არანამკურნალებ შემთხვევებში 56%-მდეა, მკურნალობის შედეგად ის 24%-მდე ჩამოდის, დაავადების აგრესიულობა და სიმწვავე იკლებს. მაგრამ სრული განკურნება, სამწუხაროდ, არ დგება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი TORCH ინფექციებზე გამოკვლევა დროულად, დაორსულებამდე, რათა თავი დავიზღვიოთ მძიმე გართულებებისგან და ორსულობა მშვიდად და უვნებლად წარიმართოს.

ვიბრძოლოთ შვილიერებისთვის

ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაგვიწერია უნაყოფობასა და მისი დაძლევის გზებზე. როდესაც პრობლემა სხვანაირად ვერ გვარდება, თანამედროვე მედიცინა წყვილებს ხელოვნურ განაყოფიერებას სთავაზობს. მრავალი ქალი სწორედ ამ გზით ხდება დედა. საზოგადოების ნაწილი ხელოვნურ განაყოფიერებას ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ჩვენი მიზანი ამჯერად საკითხის ეთიკური მხარის განხილვა არ არის, მის სამედიცინო მხარეზე კი ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთევან კაკაშვილი გვესაუბრება. – უნაყოფობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის. ის ტრაგედიაა კონკრეტული ადამიანისა თუ წყვილისთვის, ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსს, ფსიქოსექსუალურ დარღვევებს იწვევს და განქორწინებამდეც კი მიჰყავს საქმე.


მთელ მსოფლიოში უნაყოფობა რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 15-16%-ს აღენიშნება. ქალის უნაყოფობაზე შემთხვევათა 45% მოდის, მამაკაცისაზე – 40%, ორივესაზე ერთად – 15%.
– როდის ისმება უნაყოფობის დიაგნოზი და რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი?
– უნაყოფობის დიაგნოზი ისმება, თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ქალი არ დაორსულდა.
როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ფუნქციური (ენდოკრინული), ორგანული, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორებით. თუ უშვილობის მიზეზის დადგენა საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ვერ მოხერხდა, ისმება იდიოპათიური უნაყოფობის დიაგნოზი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ უნაყოფობის დიაგნოზი არ არის განაჩენი, იმას არ ნიშნავს, რომ წყვილს შვილი არასოდეს ეყოლება. სწორი დიაგნოსტიკითა და მკურნალობით პრობლემა მოგვარდება. საამისოდ სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ. თუ კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მივმართავთ, რომელთაგან, უწინარეს ყოვლისა, აღნიშვნის ღირსია ინ ვიტრო განაყოფიერება. ამ მეთოდმა უდიდესი როლი შეასრულა უნაყოფობის პრობლემის მოგვარებაში და ბევრ ოჯახს განაცდევინა შვილის ყოლის ბედნიერება.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის უნაყოფობის მკურნალობის მეთოდი – ის მისი გადალახვის საშუალებაა; იგი არ აღმოფხვრის უნაყოფობის მიზეზს, მაგრამ გვაძლევს იმ დაბრკოლებათა გადალახვის საშუალებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ხელს უშლის დაორსულებას.
– კერძოდ, როდის მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას?
– თავდაპირველად ამ მეთოდს მხოლოდ მილისმიერი უნაყოფობის დროს იყენებდნენ, ბოლო ხანს კი იგი ქალისა თუ მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ბევრი სხვა ფაქტორის დასაძლევადაც გამოიყენება. ინ ვიტრო განაყოფიერება ნაჩვენებია:
. როდესაც ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის კონსერვატიული თერაპია წარუმატებელია;
. როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსი უფრო დიდია, ვიდრე სხვა მეთოდებისა;
. ქალისა და მამაკაცის გენეტიკური პათოლოგიების დროს (დონაცია-სუროგაციის პროგრამით);
. საკვერცხეების ასაკობრივი განლევის დროს (დონაცია-სუროგაციის პროგრამით);
. უნაყოფობის ნებისმიერი ფორმის დროს წყვილის ან ქორწინებაში არმყოფი ქალის სურვილის შეთხვევაში (თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება).
– ტექნიკურად როგორ ხორციელდება ინ ვიტრო განაყოფიერება?
– თავდაპირველად ვახდენთ საკვერცხეების სტიმულაციას მედიკამენტებით. შედეგად მწიფდება რამდენიმე ფოლიკული, საიდანაც ექოსკოპიის კონტროლით ხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება), შემდეგ - მათი განაყოფიერება სპერმატოზოიდებით ინ ვიტრო პირობებში (ორგანიზმის გარეთ – ასე ვთქვათ, სინჯარაში) და ინკუბატორის პირობებში კულტივირება (გაზრდა), მიღებული ემბრიონები კი 2-5 დღის შემდეგ შემდგომი განვითარებისთვის საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს.
– საშუალოდ რამდენი ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში?
– გადასატანი ემბრიონების რიცხვი დღემდე სადავოა. ის დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ემბრიონების ხარისხზე, მანამდე ჩატარებული წარუმატებელი ინ ვიტრო ციკლების რიცხვზე. მაშინ, როდესაც დიდია მრავალნაყოფიანი ორსულობის შანსი (რაც სამედიცინო თვალსაზრისით ნაკლებსასურველია), რეკომენდებულია ერთი ან, მაქსიმუმ, ორი ემბრიონის გადატანა, ხოლო სხვა შემთხვევებში ორი ან სამი ემბრიონის გადატანის საკითხი განიხილება.
– როდის არის მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების დიდი ალბათობა?
– მაშინ, როდესაც:
. პაციენტის ასაკი 35 წელზე ნაკლებია;
. დაორსულება მოხდა პირველსავე ინ ვიტრო ციკლში;
. უნაყოფობის მიზეზი მხოლოდ საშვილონოს მილების გაუმტარობაა;
. მრავალნაყოფიანი ორსულობა არასასურველია კონკრეტული პაციენტისთვის;
. კვერცხუჯრედის დონაციისას.
– რა ბედი ეწევა გამოუყენებელ ემბრიონებს?
– დარჩენილი მაღალი ხარისხის ემბრიონები, რომლებიც არ გადატანილა სტიმულირებულ ციკლში, პაციენტის სურვილისამებრ, შესაძლოა გაიყინოს ანუ მოხდეს მათი კრიოპრეზერვაცია მომავალში გამოლღობისა და საშვილოსნოს ღრუში გადატანის პერსპექტივით.
– როგორია გამოლღობილი ემბრიონების გადატანისას დაორსულებისა და ბავშვის გაჩენის შანსი?
– კრიოპრეზერვირებული გამოლღობილი ემბრიონის გადატანისას ცოცხალშობადობის ალბათობა ისეთივეა, როგორიც გაუყინავი ემბრიონის გადატანისას. 
– რას გულისხმობს დონაცია და სუროგაცია?
– კვერცხუჯრედის დონაცია გულისხმობს დონორის კვერცხუჯრედის მიღებას, მის განაყოფიერებას პაციენტის მეუღლის სპერმით და პაციენტის საშვილოსნოში გადატანას. კვერცხუჯრედის დონაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება ფოლიკულის მომწიფება და საკუთარი კვერცხუჯრედის მიღება, ანამნეზში არის ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ანდა არსებობს დედის მხრივ ნაყოფზე გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი.
მამაკაცის უნაყოფობისას გამოიყენება სპერმის დონაცია.
სუროგაცია გულისმობს საჭიროების შემთხევევაში უნაყოფო წყვილისგან მიღებული ემბრიონის გადატანას სხვა ქალის – არა ბიოლოგიური დედის, ანუ სუროგატის – საშვილოსნოში.
– რა არის ინსემინაცია და როდის მიმართავენ მას?
– საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია კიდევ ერთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა: მეუღლის ან დონორის სპეციალურად დამუშავებული სპერმა ოვულაციის პერიოდში თავსდება საშვილოსნოს ღრუში. ინსემინაცია ტარდება როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე საკვერცხეების სტიმულაციის ფონზე.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარება რეკომენდირებულია:
. ვაგინალური კოიტუსის (სქესობრივი ურთიერთობის) ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შეუძლებლობისას;
. გაურკვეველი გენეზის უნაყოფობისას; 
. მსუბუქი ენდომეტრიოზისას; 
. სპერმოგრამაში მსუბუქი დარღვევებისას;
. დონორის სპერმით ინსემინაციის საჭიროებისას (როდესაც მეუღლეს აქვს აზოოსპერმია, მძიმე გენეტიკური დაავადება და სხვა).
შესაბამისად, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის შანსი განსხვავებულია და დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზზე, ქალის ასაკზე, აგრეთვე იმაზე, ტარდება თუ არა საკვერცხეების სტიმულაცია. ერთ ციკლზე მისი ეფექტურობა საშუალოდ 15-20%-ია. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მეთოდი გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ციკლის განმავლობაში (ორსულობის ჯამური სიხშირე ექვს ციკლზე გათვლით 75%-ია). უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება.
– როგორია ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტიანობა?
– ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, უნაყოფობის მიზეზზე, კლინიკის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობაზე და სხვა. საშუალოდ კი 35-40%-ს შეადგენს. ქალებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ორსულად და იმშობიარეს ცოცხალი ახალშობილით, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების უფრო დიდი შანსი აქვთ.
– რა ახდენს უარყოფით გავლენას ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგზე?
– ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ასევე – ქალის ჭარბი წონა. სასურველია, სხეულის მასის ინდექსი 19-25 კგ`მ2²დიაპაზონში მერყეობდეს.
– ახდენს თუ არა გავლენას ხელოვნური განაყოფიერება მშობიარობის მიმდინარეობაზე?
– ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობისას მშობიარობა განსაკუთრებული თავისებურებებით არ გამოირჩევა, რადგან იგი განაყოფიერების მეთოდზე არ არის დამოკიდებული. 
– როგორი ბავშვები იბადებიან ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად?
– სადღეისოდ მთელ მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული ხელოვნური განაყოფიერების გზით და ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების თვალსაზრისით ისინი ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვებისგან არ გასხვავდებიან.
ისტორია
ქალის ხელოვნურად განაყოფიერებას ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ცდილობდნენ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით XX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და უკვე 1978 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა ინ ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული პირველი ბავშვი, სახელად ლუიზ ჯოი ბრაუნი (Louise Joy Brown), რომელიც 2006 წელს ბუნებრივი გზით თვითონვე გახდა ვაჟიშვილის დედა.
90-იანი წლების დასაწყისში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – შემუშავდა სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის, ე.წ. ICSI, მეთოდი, რომელიც სპერმის უკიდურესად მძიმე პათოლოგიის დროს თუნდაც ერთი ცოცხალი და ჯანმრთელი სპერმატოზოიდის არსებობისას ემბრიონის მიღების საშუალებას იძლევა.

მეტად ქალური განსაცდელი

რაც უფრო მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს ქალს, მით უფრო დიდია ალბათობა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (მად) განუვითარდეს. რისკი მაღალია მაშინაც, როცა ქალის სქესობრივ პარტნიორს თავად ჰყავს მრავალი სქესობრივი პარტნიორი. ამ ჯაჭვური რეაქციის მიზეზი კი ინფექციებია, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება... რაც ზემოთ გითხარით, ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ამოვიკითხეთ, სადაც ქალის ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ გვერდზე განცხადების ფორმატით შავით თეთრზე ეწერა ამგვარი ტექსტი.გასაოცარი არ არის, რომ ამერიკელებს მად-ის ფართო გავრცელება აშფოთებთ. სტატისტიკა მოწმობს, რომ მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება ყოველწლიურად 750 000 ამერიკელ ქალს უვლინდება, მათ 10-15%-ს კი მად-ით განპირობებული უნაყოფობის დიაგნოზს უსვამენ.

მად-ი გახლავთ ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც.
პრობლემის არსი
მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება სხვა არაფერია, თუ არა ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციური ანთება. მისი მიზეზი კი წერილის დასაწყისში მოგახსენეთ – ეს გახლავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც იოლად ვრცელდება აღმავალი გზით და მალევე მოედება მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ ორგანოებს.
მად-ის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
. ტკივილი მენჯის მიდამოში, მუცლის ქვედა ნაწილში, შესაძლოა, წელის არეშიც;
. უხვი მძაფრსუნიანი გამონადენი საშოდან;
. არარეგულარული მენსტრუაცია;
. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
. ცხელება, დიარეა, გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება;
. გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა.
მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ ან სუსტი სიმპტომატიკით მიმდინარეობს (ასეთი მიმდინარეობა უმთავრესად ქლამიდიით გამოწვეულ ინფექციურ ანთებას ახასიათებს), ქალი არაფერს უჩივის და, ბუნებრივია, არც მკურნალობს, ნებაზე მიშვებული ანთებითი პროცესი კი ღრმავდება. შედეგად ყალიბდება უნაყოფობა. ასე რომ, სუსტი ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი გირჩევთ, ექიმს მიმართოთ.
ამავე დროს, არსებობს სიმპტომები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ სპეციალისტთან დაუყოვნებლივ მისვლაა საჭირო. ასეთი სიმპტომებია:
. ძლიერი, აუტანელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
. პირღებინება;
. გულის წასვლა;
. 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა.
მიზეზი და მიზეზთა მიზეზი
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, მიზეზთა მიზეზი კი ინფექციაა, რომელიც დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს იოლად გადაეცემა.
კონდომი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებელ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. სამაგიეროდ, სპირალად წოდებული მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოში იდგმება და, ისევე როგორც პრეზერვატივს, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ინფექციისგან არ იცავს. უფრო მეტიც – ხშირად თვითონვე იქცევა ინფიცირების მიზეზად.
ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფიცირებასთან ასოცირდება კიდევ ერთი კონტრაცეფციული საშუალება – ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, თუმცა, სპირალისგან განსხვავებით, პოზიტიურად. საქმე ის არის, რომ მათი მიღების დროს საშოს ეპითელიუმი გამოყოფს წებოვან ლორწოს, რომელიც ხელს უშლის ინფექციას, სასქესო ტრაქტის ზედა ნაწილში გადაინაცვლოს.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში ინფექცია შეიძლება შეიჭრას მშობიარობის, ხელოვნური აბორტის, სპონტანური აბორტის (მუცლის მოშლის) და ენდომეტრიუმის ბიოფსიის (ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ენდომეტრიუმის ქსოვილის აღების) დროს.
ახლა კი, მოდი, ზემოთქმული შევაჯამოთ.
მად-ის განვითარების ალბათობას ზრდის:
. მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
. სქესობრივი კავშირი იმ ადამიანთან, ვისაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს;
. დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;
. სპირალი;
. მად-ის ან სქესობრივად გადამდები დაავადების არსებობა ანამნეზში (ანამნეზი, როგორც იცით, ადრე გადატანილი დაავადებების ჩამონათვალს მოიცავს);
. ჭავლით ხშირი ჩაბანა, რაც საშოდან სასარგებლო მიკროორგანიზმებს გამორეცხავს და მისი მიკროფლორის ბალანსს არღვევს.
პრობლემის მთელი სირთულე
მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითმა დაავადებამ უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს:
. საშვილოსნოსგარე ორსულობა. გამოკვლევების თანახმად, სწორედ მად იწვევს ექტოპიურ ორსულობას, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით ვერ აღწევს საშვილოსნომდე, სადაც უნდა ჩაინერგოს და განვითარდეს. დაბრკოლების მიზეზი გახლავთ ანთებითი პროცესის გამო კვერცხსავალი მილის ამომფენი ლორწოვანი გარსის დაზიანება, მისი შეწებება და სანათურის დახშობა. საშვილოსნოსგარე ორსულობა ძალზე საყურადღებო პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ძლიერი სისხლდენით ვლინდება (ჩანასახოვანი ქსოვილით ამოვსებული და გახეთქილი მილიდან სისხლდენა იწყება) და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. 
. უნაყოფობა. რეპროდუქციული ორგანოების ანთებითი დაზიანების შედეგად განაყოფიერების უნარი მცირდება. რაც უფრო ხშირად გადაიტანს ქალი მად-ს, მით უფრო მაღალია უნაყოფობის ჩამოყალიბების რისკი. ასევე სარისკოა მკურნალობის გადავადება.
. ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში. ფალოპის მილებში ანთების შემდეგ განვითარებული ნაწიბურები და შეხორცებები ხშირად იწვევს ტკივილს, რომელიც თვეობითა და წლობით გრძელდება. ტკივილი მძაფრდება სქესობრივი აქტის, ვარჯიშის დროს, ოვულაციის (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების) პერიოდში.
გამოსავალი
ინფექციური ანთების ყველაზე ეფექტური წამალი ანტიბიოტიკებია, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. გარდა ანტიბიოტიკებისა, შესაძლოა საჭირო გახდეს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების დანიშვნაც. საზოგადოდ, უმჯობესია, ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა სქესობრივმა პარტნიორმაც ჩაიტაროს, რათა ქალი ხელახლა არ დაინფიცირდეს.
საუკეთესო გამოსავალი კი მაინც დაავადების პრევენციაა, რისთვისაც უმარტივესი მეთოდებიც კმარა. მაგალითად, მად-ის განვითარების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს პრეზერვატივის გამოყენება, ექიმთან რუტინული ვიზიტი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე გამოსაკვლევად, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა.
მსოფლიოში 7.5 მილიონი ქალი უნაყოფოა. აქედან 2.2 მილიონი გათხოვილია, რაც დაქორწინებულთა საერთო რაოდენობის 7.5%-ს შეადგენს.

ანტენატალური დიაგნოსტიკა

საყოველთაოდ არის მიღებული ორსულის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანა. დღეს ამას ანტენატალურ მთვალყურეობას უწოდებენ. საინტერესოა, რა მიზანი აქვს ორსულის ექიმებთან ვიზიტს და ათასგვარ გამოკვლევას. თანამედროვე მტკიცებულებების თანახმად, ანტენატალური მეთვალყურეობა არ აუმჯობესებს მშობიარობის გამოსავალს, მაგრამ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება ქალსა და ნაყოფს. ამასთან, ვიზიტის დროს ექიმი ორსულს მისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის.
ანტენატალური მეთვალყურეობის შესახებ”ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური კოორდინატორი მარინა მაჩაიძე გვესაუბრება.


– ქალბატონო მარინა, როდის იწყება და რა ფარგლებში ხორციელდება ანტენატალური მეთვალყურეობა?
– თუ ორსულობა წინასწარ არის დაგეგმილი, სასურველია, ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის ექიმს დაორსულებამდე სამი თვით ადრე მიაკითხოს, რათა გამოირიცხოს ინფექციები, რომლებიც ნაყოფს აზიანებს. ჩვენში ორსულობა უმეტესად დაუგეგმავად ხდება, ამიტომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად ჯობს ქალი ექიმთან ორსულობის მეოთხე-მეხუთე კვირასვე მივიდეს. საზოგადოდ, პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს მეცამეტე კვირისა.
ეროვნულ გაიდლაინში მკაცრად არის მითითებული, რომ ორსულობის დროს ექიმმა მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს და არა კერძო გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით. კერძოდ, ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩვენება და, რაც მთავარია, დამტკიცებული უნდა იყოს ამ ჩარევის დადებითი გავლენა ორსულობის გამოსავალზე. მაგალითად, ორსულის საშოსმხრივი გასინჯვა არ არის რეკომენდებული, რადგან ის არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას გესტაციური ვადის ან ნაადრევი მშობიარობის რისკის შესახებ.
– როგორია ვიზიტების სქემა და რა მომსახურებას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა?
– ექიმთან პირველი ვიზიტის დროს (ორსულობის მე-13 კვირამდე) ორსული იღებს ინფორმაციას დიეტის, ცხოვრების წესის, გამოკვლევის მეთოდების, ორსულობის დროს გასაწევი მომსახურებისა და სხვა 

ასპექტების შესახებ. ამასთან, ექიმი განსაზღვრავს, ხომ არ სჭირდება ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა.
სახელმწიფო პროგრამით, პირველი ვიზიტის დროს ტარდება:
. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
. თერაპევტის კონსულტაცია;
. სისხლის საერთო ანალიზი;
. შარდის საერთო ანალიზი;
. სიფილისის დიაგნოსტიკა;
. B ჰეპატიტის დაიგნოსტიკა;
. აივ ანტისხეულების განსაზღვრა;
. სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
გარდა ამისა, მოწოდებულია წითურას სკრინინგი ორსულის იმუნური სტატუსის დასადგენად და საჭიროების შემთხვევაში ორსულობის შემდეგ აცრის ჩასატარებლად.
ვიზიტის დროს ექიმი განსაზღვრავს ორსულის სხეულის მასის ინდექსს (სხეულის მასა (კილოგრამებში) იყოფა სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში); ნორმაში სხეულის მასის ინდექსი 18-დან 35 კგ`მ2-მდე მერყეობს), არტერიულ წნევას, ტარდება სტომატოლოგის კონსულტაცია. გესტაციური ვადის განსაზღვრის მიზნით სასურველია, რაც შეიძლება ადრე ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა. ორსულობის ადრეულ ვადებზე იგი გვაძლევს საშუალებას, უფრო ზუსტად დავადგინოთ ორსულობის ვადა, ადრევე გამოვავლინოთ მრავალნაყოფიანი ორსულობა და ნაყოფის ანომალიები.
ანტენატალურ პერიოდში ჩატარებული ულტასონოგრაფია არ ახდენს მომავალში უარყოფით გავლენას ბავშვის სწავლისა და ნეიროქცევით ფუნქციებზე.
მომდევნო ვიზიტის დროს, რომელიც, ფაქტობრივად, პირველის გაგრძელებაა, განიხილება და შეჯამდება ჩატარებული ანალიზების შედეგები, გაირკვევა, სჭირდება თუ არა ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა. 
– რა შემთხვევაშია საჭირო დამატებითი მეთვალყურეობა?
– დამატებითი მეთვალყურეობა საჭიროა, თუ
. ორსულს ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა;
. ზედიზედ გადაიტანა სამი სპონტანური აბორტი;
. უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა არ აღემატებოდა 2500 გრამს ან აჭარბებდა 4500-ს;
. უკანასკნელი ორსულობისას საჭირო გახდა კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის ან ეკლამფსიის გამო;
. ორსულს გადატანილი აქვს რეპროდუქციული ორგანოების ოპერაცია (მიომექტომია, ტიხრის მოცილება, ბიოფსია, კლასიკური საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ყელის სერკლაჟი);

. მიმდინარე ორსულობა მრავალნაყოფიანია (ან არსებობს ეჭვი მრავალნაყოფიანი ორსულობის თაობაზე);
. ორსულის ასაკი 16 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტია;
. წინა ან მიმდინარე ორსულობის დროს აღინიშნებოდა რეზუს-იზოიმუნიზაცია;
. აღინიშნებოდა სისხლდენა საშოდან;
. დასტურდება სიმსივნე მენჯის ღრუში; 
. არტერიული დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე მაღალია.
ორსული განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მაშინაც, როცა აქვს:
. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
. თირკმელების დაავადება;
. გულის დაავადება;
. მოიხმარს მავნე ნივთიერებებს (ჭარბად იღებს ალკოჰოლს);
. აქვს რაიმე სხვა დაავადება. 
– როდის უწევს ორსულს მეორე ვიზიტი?
– მეორე ვიზიტი ორსულობის მეთვრამეტე-მეოცე კვირას უნდა ჩატარდეს. ამ დროს ტარდება ექიმის კონსულტაცია და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია. ექიმი ზომავს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს, არტერიულ წნევას, წონის ორსულს; საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გაზომვა ეხმარება ექიმს საშვილოსნოს ობიექტური ზომების განსაზღვრაში, უადვილებს ნაყოფის ზრდის სიჩქარის დადგენას. ეს საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ორსულობის ვადასთან შედარებით მცირე წონის ახალშობილების გამოსავლენად. ამ ვიზიტის დროს ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად ტარდება ულტრაბგერითი კვლევა. ის ავლენს ანომალიებს, რომლებიც იწვევს ინვალიდობას ან სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ანომალიებს, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია მუცლადყოფნის დროს ან დაბადების შემდგომ. ქალებს, რომელთაც ორსულობის ამ ვადაზე აღმოაჩნდებათ პლაცენტის კიდითი მიმაგრება, 36-ე კვირას განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ.
– როგორ გამოავლენენ დაუნის სინდრომს?
– საამისოდ ორსულობის მეათე-მეთორმეტე კვირას ტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, განისაზღვრება ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე, პაპპა სისხლის შრატში; მთოთხმეტე-მეოცე კვირას განსაზღვრავენ ქორიონულ გონადოტროპინს, ალფა-ფეტოპროტეინსა და უE3-ს. თუ მაჩვენებლები საეჭვო აღმოჩნდა, დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ამინიოცენტეზი და ქორიონის ბუსუსების ბიოფსია.
ექიმმა ორსულს დაწვრილებით უნდა აუხსნას ყოველი ტესტის მიზანი, მისი ჩატარების დეტალები, გამოკვლევის დადებითი ან უარყოფითი შედეგების მნიშვნელობა და მკურნალობის შესაძლო ვარიანტები. ამასთან,  აუცილებელია ტესტების ჩატარებაზე ორსულის თანხმობა.
ორსულობის ამ ვადაზე მნიშვნელოვანია ტესტი პროტეინურიის, ანუ შარდში ცილის შემცველობის განსაზღვრის მიზნით. ჭეშმარიტი პროტეინურიის შესაფასებლად შარდი სწორად უნდა შეგროვდეს და გამოირიცხოს უროგენიტალური ინფ

ექცია. ამისთვის ორსულმა სასქესო ორგანოების წინასწარი დამუშავებისა და საშოს სტერილური ტამპონით შემოსაზღვრის შემდეგ უნდა შეაგროვოს შარდის შუა ულუფა.
– რა გამოკვლევები ტარდება მესამე და მეოთხე ვიზიტების დროს?
– მესამე ვიზიტი უნდა შედგეს ორსულობის ოცდამეათე-ოცდამეთორმეტე კვირას. სახელმწიფო პროგრამით, ამ ვიზიტის დროს გათვალისწინებულია:
. ექიმის კონსულტაცია;
. შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა;
. სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
თუ ჰემოგლობინის დონე 10,5 გ`ლ-ზე ნაკლებია, უნდა დაინიშნოს რკინის შემცვლელი პრეპარატები, რადგან ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლები (8,5-10,5 გ`ლ) ზრდის წონანაკლული ახალშობილის დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.
ვიზიტის დროს იზომება აგრეთვე არტერიული წნევა, განისაზღვრება საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე, ორსულს ეძლევა სხვადასხვა რეკომენდაციები.
მეოთხე ვიზიტი ორსულობის ოცდამეთექვსმეტე-ოცდამეთვრამეტე კვირისთვის იგეგმება. პროგრამულად იგივე კვლევებია გათვალისწინებული, რაც მესამე ვიზიტის დროს (ექიმის კონსულტაცია, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ცილის განსაზღვრა შარდში); ექიმი კვლავ ზომავს არტერიულ წნევას, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს, ადგენს ნაყოფის პოზიციას.
– როგორ იცვლება არტერიული წნევა ორსულობისას და როდის გვიქადის მისი მომატება საფრთხეს?
– ნორმალური ორსულობის პირველ ნახევარში არტერიული წნევა დაბლა იწევს, ხოლო მშობიარობის მომენტისთვის ორსულობამდე არსებულ მაჩვენებლებს უბრუნდება. თუ ორსულს ორჯერადად, ოთხაათიანი ინტერვალით გაზომვისას არტერიული წნევა 140`90 მმ ვწყ. სვ. აღმოაჩნდა, ეს უკვე ჰიპერტენზიად მიიჩნევა. ასეთი მაჩვენებლების დროს პერინატალური სიკვდილიანობის ალბათობა იმატებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წნევის ყოველი მატება ნაყოფს საფრთხეს უქმნის. ორსულთა 20%-ს ორსულობის მეოცე კვირის შემდეგ ერთხელ მაინც აღენიშნება არტერიული წნევის მომატება, მაგრამ ჩარევა ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება აუცილებელი, პრეეკლამფსია (მდგომარეობა, რომელსაც ახასაითებს შარდში ცილის მომატება და მაღილი არტერიული წნევა) კი ორსულთა მხოლოდ 2-4%-ს უვითარდება.
ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე. გასათვალისწინებელია, რომ: 
. წნევა უნდა გაიზომოს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ისე, რომ მკლავი მოთავსებული იყოს გულის დონეზე;
. ნაკლებია შეცდომის ალბათობა დიდი მანჟეტის (მინიმუმ 33X15 სმ ზომის) გამოყენებისას;
. ჰაერის უნდა გამოვუშ
ვათ ნელა, წამში დაახლოებით 2-3 მმ. მთელი ჰაერის გამოშვებას დაახლოებით 30 წამი უნდა დასჭირდეს;
. არტერიული წნევა უნდა გაიზომოს 2 მმ ვწყ. სვ-მდე სიზუსტით;
. თუ განმეორებითი გაზომვა გახდა საჭირო, საბოლოო მაჩვენებლად მიჩნეულ უნდა იქნეს მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა.
. ავტომატური მოწყობილობები აჩვენებს არტერიული წნევის შედარებით დაბალ მაჩვენებლებს პრეეკლამფსიის დროს.
– რა ნივთიერებების მიღებაა აუცილებელი ორსულთათვის?
– პირველ რიგში, ფოლატებისა, რომელთა მიღება ჩასახვის პერიოდში სარძნობლად აქვეითებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ქალმა ჩასახვამდე და ორსულობის მეთორმეტე კვირამდე აუცილებლად უნდა მიიღოს დღეში 4 მგ ფოლიუმის მჟავა. რკინის პრეპარატების რუტინული დანიშვნა ანემიის არარსებობის დროს რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
A ვიტამინის სიჭარბემ ორსულობის დროს შესაძლოა ტერატოგენული (ნაყოფის ანომალიების გამომწვევი) ეფექტი მოახდინოს. ვინაიდან ღვიძლი და ღვიძლის პროდუქტები ჭარბად შეიცავს ამ ვიტამინს, სასურველია ორსულობის დროს ამ პროდუქტებს ვერიდოთ. 700 მიკროგრამზე მეტი A ვიტამინის მიღება ზრდის თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარების რისკს.
D ვიტამინის მოთხოვნილება იზრდება ორსულობის დროს კალციუმის ათვისების გასაუმჯობესებლად. ამ ვიტამინის ძირითადი წყაროა მზის სინათლე და ცხიმიანი თევზი. მზის სხივების ყოველდღიური აბაზანა, თუნდაც სუფთა ჰაერზე გავლა, D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა. ამ ნივთიერების რუტინული მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
იოდის დანიშვნა ორსულობამდე ან ორსულობის დროს ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობის ალბათობას 2-ჯერ ამცირებს, ხოლოა კრეტინიზმისას – 2`3-ით. იმისთვის, რომ იოდის დამატებამ სასურველი ეფექტი გამოიღოს, ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს ორსულობამდე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს იოდიზებული მარილი.
– როგორი ფიზიკური აქტივობა მოე
თხოვება ორსულს?
– ორსულთა უმრავლესობისთვის მუშაობა უსაფრთხოა. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ქალს შეუძლია რეგულარულად ივარჯიშოს. საშუალო ინტენსივობის ვარჯიშის დაწყება ან გაგრძელება გვერდით ეფექტებს არ იწვევს. საზიანოა კონტაქტური სპორტის სახეობები, ძალოსნობა – ვარჯიშის დროს მოსალოდნელია მუცლის ტრავმა, დაცემა და სახსრების ზედმეტი დატვირთვა. საშიშია ყვინთვაც, ვინაიდან ნაყოფის დეფექტებს, მის დეკომპრესიას იწვევს.
სქესობრივი აქტივობა ორსულობის დროს საშიში არ არის, თუმცა დადასტურებულია კავშირი მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლასა და ჩვეულ აბორტებს შორის.
– რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლის მოხმარებასა და თამბაქოს წევას ორსულობის დროს? 
– ალკოჰოლი იოლად გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ხვდება ნაყოფის ორგანიზმში. ბოლომდე არ არის გარკვეული, ალკოჰოლის რა დოზაა საზიანო ნაყოფისთვის, თუმცა დადგენილია, რომ თრობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება წონანაკლული ახალშობილის დაბადებას, ხოლო მომავალში ქცევით და ინტელექტუალურ დარღვევებს იწვევს, ამიტომ ორსულმა დღეში ერთ პატარა ჭიქა ღვინოზე ან კათხა ლუდზე მეტი ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება თამბაქოს წევას, ის ხშირად წარმოადგენს ორსულობის არასასურველი დასასრულის მიზეზს. დამტკიცებულია უშუალო კავშირი ორსულობის დროს თამბაქოს წევასა და პერინატალურ სიკვდილიანობას, ახალშობილთა უეცარ სიკვდილს, პლაცენტის ნაადრევ აცლას, სანაყოფე გარსების ნაადრევ დარღვევას, ექტოპიურ ორსულობას, პლაცენტის წინამდებარეობას, ჩვეულ აბორტს, ნაადრევ მშობიარობას, ახალშობილის მცირე წონას, მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის ჩამოყალიბებას შორის.
ორსულის მონიტორინგი ყველა სავალდებულო თუ დამატებითი ჩარევით ხელს უწყობს როგორც დედის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ისე ამქვეყნად სრულფასოვანი ბავშვის მოვლინებას, ამიტომ ორსულმა ექიმთან სიარული და მისი რეკომენდაციების შესრულება არ უნდა დაიზაროს.

რატომ გახშირდა საკეისრო კვეთა

მას შემდეგ, რაც ევამ ის ავად სახსენებელი ნაყოფი ჩაკბიჩა, მის ყველა შთამომავალს შვილის ტანჯვით გაჩენა გარდაუვალ აუცილებლობად ექცა. ალბათ მაშინვე გაჩნდა ოცნება უმტკივნეულო მშობიარობაზე... თანამედროვე მედიცინამ ეს ოცნება სინამდვილედ აქცია. უფრო და უფრო მეტი ქალი ამბობს უარს ბავშვის გაჩენის ბუნებრივ გზაზე და ოპერაციას ამჯობინებს. თითქოსდა რა სჯობია იმას, როცა, რამდენიმესაათიანი ტკივილის ნაცვლად, იძინებ და გამოღვიძებულს ახალშობილი უკვე გვერდით გიწევს... აღარც ექიმს უხდება ღამის ტეხა და გულშემატკივრებიც სასურველ ამბავს დროულად იგებენ. ცუდი ის არის, რომ პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ მაცდურია...
რა საფრთხეს მალავს ბუნებრივი მშობიარობის საკეისრო კვეთით საყოველთაო ჩანაცვლება? ვინ აგებს პასუხს ამ ოპერაციის სიხშირის დრამატულ ზრდაზე? სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ხაზინადარი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია.

– ქალბატონო ლელა, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს ორსულობის საკეისრო კვეთით დასრულება?
– ახალს, სავარაუდოდ, არაფერს ვიტყვი; ოპერაციული ჩარევა ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ რისკს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივი გზიდან გადახვევის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს. საჭირო დროს საკეისრო კვეთამ შესაძლოა გადაარჩინოს დედაც და შვილიც, სხვა შემთხვევაში კი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტ საფრთხეს უქმნის. ამ საკითხის შესასწავლად მრავალი გამოკვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ – დედათა და პერინატალური (მუცლად ყოფნის ბოლო კვირები, ახალშობილობა და სიცოცხლის პირველი კვირა) ჯანმრთელობის დაცვის გლობალურმა კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განახორციელა – აჩვენა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით 3-ჯერ უფრო ხშირია მძიმე გართულებები, რომელთა გამოც საჭირო ხდება დედის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა, სისხლის გადასხმა ან საშვილოსნოს ამოკვეთა და რომლებიც ზოგჯერ დედის სიკვდილსაც კი იწვევს. ასეთივე სტატისტიკა აღირიცხება ბავშვებთან მიმართებითაც. 3-ჯერ უფრო ხშირია ნაყოფის სიკვდილი, ახალშობილთა სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირას, 

ხშირად ამ გზით დაბადებული ბავშვი 7 დღეზე მეტხანს ატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ყველა პაციენტს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, ამ მედიკამენტების ყოველი მიღება კი უფრო და უფრო ზრდის წამალგამძლე ბაქტერიების წარმოშობის რისკს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკეისრო კვეთის მიზანშეუწონელი გახშირება საგრძნობლად ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ საკეისრო კვეთების 10-15%-ზე მაღალ მაჩვენებელს ვერც ერთ რეგიონში ვერ ექნება გამართლება.
– რამდენად ხერხდება მსოფლიოში ამ მაჩვენებლის იდეალურთან მიახლოება და როგორია ჩვენი, ქართული სტატისტიკა?
– სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობა სხვადასხვანაირია. აფრიკის რეგიონში, მაგალითად, მშობიარობათა მხოლოდ 3.5% მთავრდება საკეისრო კვეთით (თუმცა ეს, ბუნებრივია, სპეციალისტების ნაკლებობისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის ბრალი უფროა, ვიდრე სამედიცინო პერსონალისა და მშობიარეების განსაკუთრებული მონდომებისა), ჩინეთში კი 46%-საც აღწევს; აშშ-ის ზოგიერთ შტატში ახალშობილთა მესამედი საკეისრო კვეთით იბადება, ხოლო იტალიისა და ბრაზილიის კერძო კლინიკებში – 80%-იც კი. იდეალურისგან შორს არის ქართული სტატისტიკაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2000 წელს ოპერაცია მშობიარეთა მხოლოდ 9.3%-მა გადაიტანა, ხოლო 2010 წელს – 31.5%-მა. სხვადასხვა დაწესებულებაში მაჩვენებლები კარდინალურად განსხვავებულია: ერთ-ერთი რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში სულ 5,4%-ია, სამ დაწესებულებაში კი 50%-ზე მეტი აღრიცხული.
– ხომ არ ყოფილა მცდელობა, ახსნა ეპოვათ არსებული პრაქტიკისათვის და მისი შეცვლის გზა მოეძებნათ?
– სწორედ ამას ისახავდა მიზნად სულ ახლახან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ჩატარებული საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის, საქართველოს მეანებისა და გინეკოლოგების ასოციაციის, ასოციაცია “ჰერა XXI-ს” ერთობლივი კვლევა, რომლის მთავარი მკვლევარი მე გახლდით. თბილისსა და 7 რეგიონში შევარჩიეთ 19 დაწესებულება საკეისრო კვეთების განსაკუთრებით მაღალი, საშუალო და დაბალი მაჩვენებლებით და შევისწავლეთ მათი სამედიცინო ჩანაწერები, გამოვკითხეთ ბებიაქალები, მეან-გინეკოლოგები, მელოგინეები, ორსულები. 
– რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევის შედეგად? რამდენად მართებული იყო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება არსებულ დაწესებულებებში?
– ჩვენ არ შეგვისწავლია ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებათა სისწორე; ჩვენი მიზანი საერთო სურათისა და ტენდენციების გამოკვეთა იყო. და მაინც, მონაცემები საკეისრო კვეთების მნიშვნელოვანი ნაწილის სამედიცინო მიზანშეწონილობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მელოგინეთა გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ასიდან 69 შემთხვევაში გადაწყვეტილება საკეისრო კვეთის თაობაზე მიღებულია ორსულობის დროს (ანუ მშობიარობის დაწყებამდე), 33,6%-ში – ორსულობის პირველ თვეებში. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ამ შემთხვევაში, მათ დიდ უმრავლესობაში მაინც, სამედიცინო ჩვენება არ არსებობდა, – ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო ჩვენებათა (სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ჯდომით წინმდებარეობა, ნაყოფის დისტრესი) დიაგნოსტირება ხომ მხოლოდ ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ან მშობიარობის დროს ხდება.
ბებიაქალები და მეან-გინეკოლოგები საკეისრო კვეთის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ორსულთა დაჟინებას ასახელებენ, რასაც გამოკვლევის შედეგები არ ადასტურებს. ორსულების უმეტესობა და მელოგინეთა დიდი ნაწილი, რომლებმაც საკეისრო კვეთა გაიკეთეს, უკმაყოფილოა თავისი გადაწყვეტილებით და ამბობს, საკმარისი ინფორმაცია რომ გვქონოდა, “ნორმალურ” (ფიზიოლოგიურ) მშობიარობას ვამჯობინებდითო. გასაკვირი ის გახლდათ, რომ იმ ქალების 31%-მა, რომლებმაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს, არ იცოდა, რატომ გაუკეთდა ეს ოპერაცია. ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულთა დიდ ნაწილს საკეისრო კვეთას ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით ნაკლებმტკივნეულად მიაჩნია და ტკივილის შიში, მათი აზრით, გონივრული არგუმენტია საკეისრო კვეთის გასაკეთებლად. აშკარაა, რომ მათ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ გაუტკივარების თანამედროვე მეთოდებზე.
– იქნებ იმიტომაც, რომ რეგიონებში ნაკლებად ხელმისაწვდომია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდები, მაგალითად, ეპიდურალური (ხერხემლის არხში სანარკოზე ნივთიერების შეყვანით მიღწეული) ანესთეზია...
– ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ტკივილის მართვას და საკეისრო კვეთის დროს გაუტკივარებას, სავარაუდოდ, ცალკე შესწავლა დასჭირდება. საგანგაშოა, რომ საქართველოში ათიდან შვიდი საკეისრო კვეთა

ენდოტრაქეული (სასულეში ჩადგმული მილით მიწოდებული) ანესთეზიით არის ჩატარებული, თანაც რეგიონებში მაჩვენებელი დედაქალაქზე გაცილებით მაღალია. ეს მაშინ, როცა არსებობს დედისა და ბავშვისთვის გაცილებით უსაფრთხო სპინალური (ხერხემლის არხიდან) გაუტკივარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ მას უწევს რეკომენდაციას. იყო შემთხვევები, როცა სამშობიარო ტკივილების შიშს ის ქალები იმიზეზებდნენ, რომლებმაც საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით გაიკეთა. ასე რომ, გარდა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა, ორსულებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაზეც უნდა ვიზრუნოთ.
– ორსულებზე მეთვალყურეობის საყოველთაო სისტემის პირობებში ეს რთული არ უნდა იყოს...
– ალბათ, თუ ანტენატალურ (ორსულთა) ვიზიტებს მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისთვის არ გამოვიყენებთ. ჩვენი რეკომენდაციით, კონსულტაციებსა და სამშობიაროებში ფართოდ უნდა დაინერგოს მშობელთა სკოლები, სადაც წყვილები და მათი მშობლები მშობიარობისა და მშობლის როლისთვის მოემზადებიან. სასურველია, რამდენიმე ვიზიტი ამ სკოლაში უფასო იყოს ან სადაზღვევო პაკეტით იყოს გათვალისწინებული. დამტკიცებულია, რომ გათვითცნობიერებული ორსულები მშობიარობამდეც და მშობიარობის დროსაც გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან, რაც ამცირებს სამედიცინო ჩარევის საჭიროებას და, აქედან გამომდინარე, ახალშობილთან ან დედასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების რისკს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ბებიაქალების კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების გაფართოებას ეხება, მათ შორის – მშობელთა სკოლებშიც. სამწუხაროდ, ბებიაქალის როლი ანტენატალურ პერიოდში შეზღუდულია ან პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ქალთა საკონსულტაციო ცენტრისა და ამ ცენტრში მომუშავე მეან-გინეკოლოგების კომპეტენციად იქცა. კვლევის შედეგებმა გამოავლინა ბებიაქალების ინტერესი, გაიფართოონ სამუშაოს მოცულობა ანტენატალური და პოსტნატალური მოვლის კუთხით. მათ ნაწილობრივ ის მეან-გინეკოლოგებიც უჭერენ მხარს, რომლებიც ბებიაქალების როლს უფრო ფართოდ მოიაზრებენ, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ მეტისმეტად მცირეა.
– ფინანსური მხარის განხილვის გარეშე საკეისრო კვეთის გახშირების შესახებ მსჯელობა ალბათ არასრული იქნებოდა...
– მართლაც. ამ საკითხს კვლევამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო. დღეს მშობიარობა საქართველოში საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. მშობიარობის საშუალო ფასი დაახლოებით 400 ლარია; საკეისრო კვეთის ღირებულება განსხვავებულია: 400-დან 1700 ლარამდე,  – სწორედ ამდენი ღირს ოპერაცია ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, როცა ის მშობიარის თხოვნით ტარდება. გამოკვლევის მონაწილე ქალების უმრავლესობა არ იყო დაზღვეული: ორსულთა დაახლოებით სამი მეოთხედი, 65% ფიზიოლოგიურად ნამშობიარები და 57%  საკეისროკვეთაგადატანილი. გარდა ამისა, ყველა დაზღვეული ქალი არ თავისუფლდება დამატებითი ხარჯისაგან, რადგან მათი სადაზღვევო სქემა არ ფარავს მშობიარობის მთლიან ღირებულებას. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  დიდი ხარჯიც იყოს მიზეზი იმისა, რომ ორსულები (20 წლის ასაკშიც კი) საკეისრო კვეთას ამჯობინებენ, რათა ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს მილების გადაკვანძვაც გაიკეთონ. ასეთი პრაქტიკა იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხები უშუალო გავლენას ახდენს სამედიცინო პრაქტიკაზე.
ფინანსური მხარე უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელ ფაქტორად, თუმცა ამის დასაბუთება ძნელია, – საჩოთირო საკითხია და რესპონდენტებიც ყოყმანობდნენ ამაზე საუბრისას, – არსებული ინფორმაციის საფუძველზე   კი მხოლოდ რამდენიმე შენიშვნის გაკეთება შეიძლება. ზოგიერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ გაუკეთებია საკეისრო კვეთა მოთხოვნის საფუძველზე, რადგან კლიენტისგან ზეწოლას განიცდა და მისი დაკარგვა არ სურდა.
– ექიმებს შეიძლება გავუგოთ; საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ მეანს საკეისრო კვეთის დაგვიანებისა თუ მასზე უარის თქმის გამო უჩივიან, საპირისპირო ფაქტები კი პრაქტიკულად არ არსებობს...
–    მართლაც საკეისრო კვეთა მოსახლეობას იმდენად უსაფრთხოდ მიაჩნია, რომ ოპერაციის შემდგომ გართულებას ოპერაციას არც კი მიაწერს. იმავე დროს, არ არსებობს საკეისრო კვეთის ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი და ექიმს გართულების შემთხვევაში თავის დაცვის მექანიზმი არ აქვს. ფაქტია, რომ ცალკეული დაწესებულების დონეზე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება – რეგულაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

********
გადმოცემით, მუცელკვეთით პირველად იულიუს კეისარი (ცაესარ) დაბადებულა, თუმცა ისტორიკოსები ამ გადმოცემას არ ეთანხმებიან. იმიტომ კი არა, რომ ანტიკურ ეპოქაში ბავშვის ამ გზით დაბადება შეუძლებელი იყო; დაუჯერებელი ის არის, მშობიარე გადარჩენილიყო, არადა ცნობილია, რომ იულიუსის დედა აურელია კოტა შვილის დაბადებასაც მოესწრო და უკვე გაკეისრებულს რჩევებსაც აძლევდა... ძველი რომაული კანონით, მუცელს მაშინ კვეთდნენ, თუ ქალი მშობიარობისას მოკვდებოდა — ბავშვი მისი წიაღიდან აუცილებლად უნდა ამოეყვანათ. თავდაპირველად ეს ალბათ რელიგიური მოთხოვნა იყო, მოგვიანებით კი ბავშვის გადარჩენის შეგნებული მცდელობა. ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი საშოდან ამოკვეთილად კეისრის შორეულ სეხნია წინაპარს იხსენიებს, ზოგიერთი მეცნიერი კი ვარაუდობს, რომ საქმე კეისარში კი არა, ლათინურ ზმნა ცაედარე-შია, რაც “გაკვეთას” ნიშნავს.

ქალი და კონტრაცეფცია

ეფექტური თავდაცვა
კონტრაცეპციაზე დღეს მალულად აღარავინ ლაპარაკობს – უკვე ყველამ იცის, რომ ის “დემოგრაფიის მტერი” კი არა, ოჯახის დაგეგმვის მეტად ეფექტური საშუალებაა. მიუხედავად ამისა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს კონტრაცეპტივების გამოყენებას, ამიტომაც სქესობრივად 
აქტიური ასაკის ასზე მეტი ქალიდან ყოველ წელიწადს ოთხმოცი მაინც ორსულდება და შემდეგ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით აბორტს მიმართავს, აბორტი კი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის საშიში უამრავი გართულების, მათ შორის – უნაყოფობის, მიზეზად შეიძლება იქცეს.

ამჟამად კონტრაცეპციული საშუალებების უზარმაზარი არჩევანია: გინდა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყლაპე, გინდა, ბარიერული საშუალებები გამოიყენე. სხვა გზებიც არსებობს, თუმცა მოდით, საუბარი მარტივი და ყველაზე გავრცელებული მეთოდების აღწერით დავიწყოთ.

რას უნდა ველოდეთ ბუნებრივი მეთოდებისგან
კონტრაცეპციის მეთოდებს არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია და ნებისმიერ ქალს თამამად შეუძლია, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ან ჩასახვის დაგეგმვის მიზნით გამოიყენოს.
კონტრაცეპციის რომელიმე ბუნებრივი მეთოდით რომ ვისარგებლოთ, სულ უბრალო არითმეტიკის მოშველიება მოგვიხდება: ყოველდღე უნდა ჩავინიშნოთ მონაცემები, მერე კი განვსაზღვროთ, როდის არის მოსალოდნელი განაყოფიერება და როდის არა, ანუ “ნაყოფიერი” და “უნაყოფო” დღეები გამოვთვალოთ. უფრო ზუსტად, ეს ყოველივე ასე ხდება: ვიწყებთ მენსტრუაციული ციკლის ათვლას მისი პირველი დღიდან, ხოლო შემდეგ ვაფიქსირებთ ოვულაციის (მწიფე კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოსვლის) პერიოდს ანუ განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს, რომელიც ციკლის მე-12-16 დღეებზე მოდის. თუკი დაორსულება არ გსურთ, გირჩევთ, ამ დღეებში თავი კონტრაცეპციის ხელოვნური მეთოდებით, მაგალითად, პრეზერვატივით დაიცვათ.
ის, რაც ზემოთ აღვწერეთ, კონტრაცეპციის კალენდარული მეთოდია. გარდა ამისა, არსებობს:
. ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, რომლის დროსაც ქალი ყოველ დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უკანა ტანში იზომავს ტემპერატურას და მაჩვენებლებს ინიშნავს. ოვულაციის შემდეგ თერმომეტრზე მაჩვენებელი იზრდება. ეს იმის ნიშანია, რომ “ნაყოფიერი” პერიოდი დასრულდა და სქესობრივი კავშირი ორსულობის მიზეზად აღარ იქცევა.
. ცერვიკალური ლორწოს მეთოდი. თუკი მენსტრუაციის ჩათავებისთანავე საშოდან გამონადენი პრაქტიკულად არ გაწუხებთ, სულ რამდენიმე დღეში ანუ “ნაყოფიერი” პერიოდის მოახლოებისთანავე ის უხვი გახდება.
გაითვალისწინეთ: ციკლის ხანგრძლივობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია (21-დან 35 დღემდე). შესაბამისად იცვლება “ნაყოფიერი” დღეების ხანგრძლივობაც. ამავე დროს ისიც უნდა იცოდეთ, რომ სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში 5 დღე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს და თუ სქესობრივი კავშირი “ნაყოფიერი” პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე გქონდათ, შეიძლება, კიდევაც დაფეხმძიმდეთ. ასე რომ, გირჩევთ, საეჭვო შემთხვევებში პრეზერვატივი გამოიყენოთ, რომელიც მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან კი არა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც დაგიცავთ. 

კვლავ ჰორმონების იმედით
თანამედროვე ქალისთვის მეტად მოხერხებული აღმოჩნდა ორალური კონტრაცეპტივები (ოკ), რომლებიც უმთავრესად ორგანიზმში წარმოქმნილი ქალური ჰორმონების ანალოგებს შეიცავს.
შემადგენლობით და აქტიური ნივთიერების (ჰორმონის) კონცენტრაციით ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები სხვადასხვანაირია, მაგრამ თითქმის ყველა არასასურველი ფეხმძიმობის “ჩაშლისთვის” არის გამიზნული, მიზანს კი ოვულაციის, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვის ბლოკადის, ყვითელი სხეულის ფუნქციის შეცვლის გზით აღწევს.
წლების წინ ლამის საზოგადოებებიც კი შეიქმნა, რომლებიც ჰორმონული კონტრაცეპციული საშუალებების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათი აზრით, ეს პრეპარატები უზარმაზარ  საფრთხეს უქმნიდა ქალის ჯანმრთელობას.
კონტრაცეპტივების მოწინააღმდეგეთა შიში ეგებ არცთუ მთლად უსაფუძვლო გახლდათ, რადგან პრეისტორიული აბები ჰორმონებს მეტისმეტად დიდი რაოდენობით შეიცავდა, თანამედროვე ორალურ კონტრაცეპტივებში კი ესტროგენის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ეფექტის თვალსაზრისით წინამორბედებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ასეთი შემადგენლობის წყალობით თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ჯანმრთელობისთვის სრულებით უსაფრთხოა და, როგორც გინეკოლოგები გვარწმუნებენ,  სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის – არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს, ამცირებს წინარემენსტრუაციული სინდრომისთვის დამახასიათებელ დისკომფორტს, აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას, ამცირებს ზოგიერთი “ქალური” დაავადების განვითარების ალბათობას, თუმცა მათი ბრმად გამოყენება არამც და არამც არ შეიძლება. ორალური კონტრაცეპტივები, ისევე როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა მეთოდი, მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა უნდა შეგირჩიოთ. სხვაგვარად შეიძლება გართულებებმა (არტერიულმა ჰიპერტენზიამ, წონის მატებამ, ციკლის დარღვევამ და ა.შ.) იჩინოს თავი.

უთუოდ მიმართეთ ექიმს, თუკი აბების სმის შედეგად დაგეწყოთ:
. მუცლის ძლიერი ტკივილი;
. მკერდის ძლიერი ტკივილი და სულხუთვა;
. თავის ძლიერი ტკივილი, რასაც მხედველობისა და მეტყველების დარღვევა სდევს თან;
. ტკივილი ქვედა კიდურებში. 
ასეთ შემთხვევაში სპეციალისტი სხვა ჰორმონული აბების ან სულაც კონტრაცეპციის განსხვავებული მეთოდის (პრეზერვატივის, სპირალის და ა.შ.) გამოყენებას გირჩევს. 

შექმენი ბარიერი
კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი სპერმატოზოიდებს ხელოვნურ წინააღმდეგობას უქმნის და განაყოფიერების სურვილით შეპყრობილი კუდიანი უჯრედები დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევენ. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი და, რაღა თქმა უნდა, პრეზერვატივი (კონდომი). ყველაზე პოპულარული მაინც ეს უკანასკნელია.
ბარიერული მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ კიდევ უფრო შედეგიანი იქნება, თუკი მასთან ერთად კონტრაცეპციის სხვა საშუალებასაც გამოიყენებ, მაგალითად, სპერმიციდს.
კონდომს ბევრი არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევს. ცუდი ის არის, რომ მისი გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება. დამნაშავეა ალერგია ლატექსსა და პოლიურეთანზე ანუ მასალაზე, რომლისგანაც ეს კონტრაცეპტივები მზადდება.

სპერმიციდები
სპერმიციდები ის ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც სპერმატოზოიდს საშოში მოხვედრისთანავე ანეიტრალებს და კლავს. კონტრაცეპციის მიზნით ქალები ხშირად იყენებენ ბუნებრივ სპერმიციდებს: ძმრის, ბორისა და რძის მჟავას, ლიმონის წვენს და ა.შ., მაგრამ ისინი არც ისე ეფექტურია, როგორც მათი ხელოვნური ანალოგები, რომლებიც ძირითადად კრემების, ჟელეების, ქაფების, დასადნობი სანთლებისა და აბების სახით გამოდის.
სპერმიციდების გამოყენებისას უთუოდ გაითვალისწინეთ, რომ:
. ისინი გაცილებით ეფექტურია ბარიერულ მეთოდებთან ერთად;
. განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს ახალი სპერმიციდის გამოყენებაა საჭირო.

სშს ანუ სპირალი
ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სშს) საშვილოსნოს ღრუში მოთავსების შემდეგ ავლენს კონტრაცეპციულ ეფექტს: ისინი ხელს უშლის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, საშვილოსნოს კედელში ჩაინერგოს.
სპირალი ორგვარია: არამედიკამენტური ანუ ინერტული და მედიკამენტური. ამ უკანასკნელის გამოყენების შემთხვევაში საშვილოსნოში გამოიყოფა სპილენძი ან ჰორმონი, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტს ავლენენ.
სშს-ს ჩადგმა მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, თუმცა უმჯობესია, გინეკოლოგს ამ პროცედურისთვის ციკლის დასასრულს მიმართოთ, სპირალის ამოსაღებად კი საუკეთესო პერიოდი მენსტრუაციის მეორე-მესამე დღეებია, როცა საშვილოსნოს ყელი შეხსნილია და უცხო სხეულის ამოღება შედარებით იოლია.
სპირალის სიცოცხლის ბოლომდე დატოვება მიზანშეწონილი არ არის. დროდადრო აუცილებელია საშვილოსნოსა და მისი დანამატების ფუნქციების შემოწმება და სშს-ს გამოცვლა.

პროლონგირებული კონტრაცეპცია და სტერილიზაცია
კონტრაცეპციის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება ყველაზე გავრცელებულ საშუალებებზე შევაჩერეთ. გაგაცნობთ კიდევ ორ მეთოდს, რომლებიც შედარებით იშვიათად გამოიყენება, მაგრამ თეორიული ცოდნა მაინც არ იქნება ზედმეტი.
პროლონგირებული კონტრაცეპტივები ინექციისა და ინპლანტების (კანში ჩასადგმელი კაფსულების) სახით გამოიყენება. მათი მთავარი ღირსება ის არის, რომ არასასურველ ორსულობას და მასთან დაკავშირებულ თავსატეხს დიდი ხნით დაგავიწყებთ.
სტერილიზაციას – კონტრაცეპციის ქირურგიულ მეთოდს – ძალზე იშვიათად მიმართავენ. ამ დროს ახდენენ კვერცხსავალი მილების გამავლობის ბლოკირებას. მიუხედავად რადიკალური ჩარევისა, თუ ქალი მაინც მოისურვებს ბავშვის ყოლას, შეიძლება ალტერნატიული გზით – ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით – დაორსულდეს.

კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა მხოლოდ სპეციალისტის მითითებით, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მშობიარობისა და აბორტის შემდეგ ტაქტიკა გარკვეულწილად განსხვავებულია. სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა ასაკშიც. ასე რომ, სანამ ოჯახის დაგეგმვაზე შეუდგებით ფიქრს, გინეკოლოგს ესტუმრეთ.

რა იწვევს უნაყოფობას

უნაყოფობა დღეს ბევრს აწუხებს. ზუსტი სტატისტიკური მონაცემებით განთქმულ ამერიკაში წყვილთა10-15% უნაყოფოა.
თითქოს ადვილი მისახვედრია, რას უნდა გულისხმობდეს ტერმინი “უნაყოფობა” – დაორსულების უნარის უქონლობას. მიუხედავად მარტივი დეფინიციისა, ექიმები ამ დიაგნოზის დასმას არ ჩქარობენ. თურმე წყვილი უნაყოფოდ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ დაორსულება ერთწლიანი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგაც ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ წყვილების უმრავლესობა მოსალოდნელი დედობისა და მამობის შესახებ დაქორწინებიდან (ან უბრალოდ რეგულარული სქესობრივი 
ცხოვრების დაწყებიდან) 6 თვის განმავლობაში იგებს, 85% – ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 50%-ს ამ სასიხარულო ამბავს შეუღლებიდან სამი წლის განმავლობაში აცნობებენ.
მიუხედავად ასეთი სტანდარტისა, შეუღლებულ წყვილთა უმრავლესობა რამდენიმეთვიანი უნაყოფო თანაცხოვრების შემდეგ საგონებელში ვარდება, ვაითუ შვილი არ გვეყოლოსო. იწყება კვალიფიციური გინეკოლოგის ძებნა, ვიზიტის დანიშვნა...
სინამდვილეში კი სანერვიულო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ერთი წლის მანძილზე მაინც. მეტ-ნაკლები ყურადღება (რაც ნერვიულობას და წამდაუწუმ ექიმთან სირბილს არამც და არამც არ ნიშნავს!) მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ ქალმა 30 წელს გადააბიჯა და ბოლო ხანს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა (მაგალითად, ამენორეა – მენსტრუაციის გაქრობა) აღენიშნება, ასევე – თუ ქალს წლობით ტანჯავდა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, მენჯის ტკივილის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება ან სულაც რამდენჯერმე გადაიტანა სპონტანური აბორტი (მუცელი მოეშალა). ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ მაშინაც, თუ მამაკაცს ჰიპოსპერმია ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობის სიმცირე აღმოაჩნდა, ასევე მაშინ, თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, სათესლეების ან წინამდებარე ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია აქვს გადატანილი.
წლების, ათწლეულების და ლამის საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა, რომ უშვილობა მხოლოდ ქალის ბრალი იყო. არავინ იცის, ქალთა ემანსიპაციამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი თუ სამედიცინო ტექნოლოგიები დაიხვეწა, მაგრამ დღეს მიიჩნევა, რომ უნაყოფობაში მამრსა და მდედრს ბრალი თითქმის თანაბრად მიუძღვით. უფრო ზუსტად, ათიდან 2 შემთხვევაში უნაყოფოა მამაკაცი, 4-5 შემთხვევაში – ქალი, ხოლო 3-4 შემთხვევაში – ორივე.

რატომ, რატომ?..
რატომ არ უჩნდება ქალს შვილი? ამის მიზეზი მრავლად შეიძლება მოიძებნოს. მათ შორის აღსანიშნავია:
კვერცხსავალი მილების დაზიანება-დახშობა. ამგვარ არასასურველ ცვლილებებს ფალოპის (კვერცხსავალი) მილების ანთებითი დაზიანება იწვევს: ვითარდება შეხორცებები, რაც სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედისკენ მიმავალ გზას უღობავს. ანთებას და მილების ამომფენი ლორწოვანის დაზიანებას კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევს.
თუ სპერმატოზოიდმა იყოჩაღა, დაბრკოლებათა მიუხედავად კვერცხუჯრედამდე მიაღწია და გაანაყოფიერა, შესაძლოა საშვილოსნოსგარე ორსულობა განვითარდეს. ამის მიზეზიც მილში არსებული დაბრკოლებებია, რომელთა გადალახვა და საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უჭირს.
ენდომეტრიოზი. ამ დაავადების დროს საშვილოსნოს ამომფენი გარსის ნაფლეთი უადგილო ადგილას გადაიტყორცნება ხოლმე: შესაძლოა, საკვერცხემდე მიაღწიოს ან სულაც ფალოპის მილში გაძვრეს და მუცლის ღრუში აღმოჩნდეს. სადაც არ უნდა ამოყოს თავი ენდომეტრიუმის ნაწილმა, ის ისევე იმოქმედებს, როგორც ჰორმონებმა “დააპროგრამეს”: თვეში ერთხელ აშრევებასა და სისხლდენას იწყებს. ამ არასასურველი ცვლილებების შედეგად ვითარდება იმ ორგანოს ანთება, რომელშიც გზააბნეული ქსოვილი იბუდებს. ენდომეტრიოზის ძირითადი ნიშანი მენჯის არეში აღმოცენებული ტკივილია, რაც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.
ოვულაციის დარღვევა. კვერცხუჯრედი საკვერცხიდან ყოველთვე ამოიტყორცნება. ამ პროცესს თავის ტვინში სინთეზირებული (ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუთეინიზებელი) ჰორმონები აკონტროლებენ. თუ მათი ბალანსი დაირღვა, ვეღარც ოვულაცია განხორციელდება ჯეროვნად. პრობლემის თავიდათავი, თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის (სწორედ აქ წარმოიქმნება ზემოხსენებული ჰორმონები) ფუნქციის მოშლის მიზეზი, შესაძლოა იყოს ტრავმა, სიმსივნე, მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვა, შიმშილობა ან უმკაცრესი დიეტა. რიგი მონაცემის თანახმად, ოვულაციის დარღვევა შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც გამოიწვიოს. 
ჰიპერპროლაქტინემია. ეს იმ ჰორმონის სიჭარბეა, რომელიც ლაქტაციას – რძის წარმოქმნას – ასტიმულირებს. ორსულობისა და ძუძუს წოვებისას პროლაქტინის დონის მატება ნორმალურია, სხვა შემთხვევაში კი ოვულაციის პროცესის დარღვევას იწვევს.
ჰიპერპროლაქტინემიას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის – ჰიპოფიზის სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. საზოგადოდ, ძუძუდან რძის ჟონვა (რაღა თქმა უნდა, არა ორსულობისა და მით უმეტეს ლაქტაციის პერიოდში) პროლაქტინის დონის მომატების მაჩვენებელია. 
საკვერცხეების პოლიკისტოზი. ამ შემთხვევაში დამნაშავეა სხვა ჰორმონი – ანდროგენი. ამ დროსაც ოვულაციის პროცესი ირღვევა. საზოგადოდ, საკვერცხეების პოლიკისტოზი სიმსუქნესა და დიაბეტთან არის დაკავშირებული.
ადრეული მენოპაუზა, რაც მენსტრუაციის 40 წლამდე გაქრობას ნიშნავს. როგორც კვლევებმა აჩვენა, გარდა გენეტიკური განწყობისა, ციკლის ადრეულ გაქრობას იწვევს იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადება, რადიაცია, ქიმიოთერაპია, სიგარეტის წევა.
საშვილოსნოს ფიბრომა. ამ დროს საშვილოსნოს კედელში კეთილთვისებიანი სიმსივნე ჩნდება. ის სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ზომისაა. შესაძლოა, კვერცხსავალი მილის სანათურს ფარავდეს, არც სპერმატოზოიდებს უშვებდეს დანიშნულების ადგილას და არც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს – საშვილოსნომდე. ამ პათოლოგიის შესახებ ვრცლად ჩვენი ჟურნალის 63-ე ნომერში მოგიყევით. 
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, თირეოიდული ჰორმონის გამოყოფის სიჭარბე (ჰიპერთირეოზი) იქნება ეს თუ მისი დეფიციტი (ჰიპოთირეოზი) – მენსტრუაციული ციკლი ორივე შემთხვევაში ირღვევა, რაც, თავის მხრივ, უნაყოფობას იწვევს. 
ზოგიერთი მედიკამენტი. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, თავისთავად, იმისთვის არის შექმნილი, რომ ქალი არასასურველი ორსულობისგან დაიცვას, მაგრამ არსებობს სხვა ჯგუფის წამლები, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საკმარისია, ქალმა მათი მიღება შეწყვიტოს, რომ შვილოსნობის უნარი აღუდგება. 
სიმსივნე და მისი თერაპია. როცა კიბო ქალის რეპროდუქციული სისტემის რომელიმე ორგანოზეა, უნაყოფობის პრობლემა ხშირად იჩენს თავს. ნაყოფიერებაზე რადიაციული და ქიმიური თერაპიაც ძლიერ გავლენას ახდენს.
სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კუშინგის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თირკმელების ზოგიერთი დაავადება, ზოგჯერ დიაბეტიც.

რას ვრისკავთ
არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უნაყოფობის ჩამოყალიბებას. ესენია:
ასაკი. 32 წლის შემდეგ მხოლოდ ნაყოფიერების მაჩვენებელი კი არ იკლებს, არამედ იზრდება პირველმშობიარებში ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების ჩამოყალიბების ალბათობაც. სპონტანური აბორტის რისკიც იმატებს. აი, მამაკაცებში კი სხვაგვარადაა: მათი ნაყოფიერების მაჩვენებელი მხოლოდ 40 წლის შემდეგ იკლებს.
სიგარეტის წევა გავლენას ახდენს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ნაყოფიერებაზე. მუცელიც უფრო ხშირად იმ ქალებს ეშლებათ, ვინც მრავალი წელია ეწევა.
ალკოჰოლის მიღება. თუ მამაკაცი ზომიერად სვამს, ეს მის ფერტილობაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ქალებისთვის ჯერ ვერ დაუდგენიათ ალკოჰოლური სასმლის ნორმა, რომელიც მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენას არ მოახდენდა.
ჭარბი წონა. გამოთვალეს, რომ იმ ამერიკელ ქალებს შორის, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ ან ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან (ფიზიკურად არ იტვირთავენ თავს), უშვილობის შემთხვევები უფრო ხშირია. ჭარბი წონა თურმე მამაკაცთა ნაყოფიერებაზეც მოქმედებს. 
წონის დეფიციტი. თუ ქალს ნერვული ანორექსია აწუხებს ან დიდხანს იცავს მკაცრ დიეტას, ადვილი შესაძლებელია, უნაყოფობის პრობლემა გაუჩნდეს. ხშირია უნაყოფობა იმ ვეგეტარიანელებს შორისაც, რომლებიც მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევენ (ალბათ გაგიგონიათ, რომ ვეგეტარიანელებს შორისაც არის განსხვავება – ზოგიერთი მათგანი კვერცხსაც მიირთმევს და რძესაც). ამის მიზეზი ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას, თუთიისა და რკინის დეფიციტი ყოფილა.
ჭარბი ფიზიკური დატვირთვა. თუკი კვირაში 7 საათზე მეტხანს ვარჯიშობთ, შესაძლოა უნაყოფობის პრობლემამ იჩინოს თავი. ასე რომ, ნურც გაზარმაცდებით და ნურც მეტისმეტად გაირჯებით. ოქროს შუალედი აქაც საჭიროა.
კოფეინის ჭარბი მიღება. უნაყოფობასთან კოფეინის კავშირს ყველა მეცნიერი არ აღიარებს, მაგრა მათ, ვინც ამ ურთიერთკავშირზე ლაპარაკობს, მიაჩნიათ, რომ  რისკი ნამდვილად იზრდება. ისინი ჭარბ კოფეინს სპონტანური აბორტის განვითარებაშიც სდებენ ბრალს.

ვამხელთ დამნაშავეს
უნაყოფობის დიაგნოზის დასმა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით ძნელი არ არის, მიზეზის დადგენა კი მართებული მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ხშირად სულ მცირე პრობლემის მოგვარებაც საკმარისია, რომ წყვილმა შვილის ყოლა შეძლოს.
ალბათ ხვდებით, რომ უნაყოფობის მიზეზის დასადგენად ქალიც და კაციც უნდა გამოიკვლიონ.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ქალურ” შეკითხვას დაუსვამს (მენსტრუაციის დაწყების თარიღის, ციკლის თავისებურებების შესახებ), გინეკოლოგი ქალს გამოკვლევებს ურჩევს. მათ შორის – ტესტს ჰორმონებზე, ლაპაროსკოპიულ, მენჯის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევას, ჰისტეროსალპინგოგრაფიას... 
რაც შეეხება მკურნალობას, ის დიაგნოზზეა დამოკიდებული. ექიმი წყვეტს, ნაყოფიერების აღსადგენად მედიკამენტებია საჭირო, ქირურგიული ჩარევა თუ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერებაა.
დაორსულების მსურველ ქალს ხშირად ოვულაციის მასტიმულირებელი მედიკამენტის მიღება უწევს, რასაც რამდენიმე კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოტყორცნა მოჰყვება. თუ ყველა მათგანი განაყოფიერდა, ვითარდება მრავალნაყოფიანი ორსულობა. თუ წყვილს ტყუპის ყოლა პრინციპულად არ სურს (როგორც ჩანს, ამგვარი შემთხვევებიც არსებობს), შეუძლია, ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით აკონტროლოს მომწიფებული ფოლიკულების რაოდენობა და ჩასახვა მაშინ სცადოს, როდესაც გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი იქნება მზად. 

საშვილოსნოს ფიბრომა

არსებობს დაავადებები, რომლებიც მხოლოდ ქალებს ემართებათ. ეს ბუნებრივიც არის – წარმოუდგენელია, მამაკაცს საშვილოსნოს რომელიმე პათოლოგია დაემართოს. ამ ღრუ ორგანოს, რომელიც ქალს დედობრივ ბედნიერებას აზიარებს, უამრავი პრობლემა აწუხებს. მათ შორის – ფიბროზული კვანძებიც,
რომლებსაც საუბარში საშვილოსნოს ფიბრომად იხსენიებენ. ლეიომიომა ან უბრალოდ მიომა – ეს ამ პათოლოგიის კიდევ ორი სახელწოდება გახლავთ.
საშვილოსნოს ფიბრომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც თითქმის არასდროს განიცდის ავთვისებიან გადაგვარებას. მას სხვადასხვა აქვს ზომა, ფორმა, რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ასე რომ, ერთ პატარა ღრუ ორგანოში თავისუფლად შეიძლება წამოყოს თავი როგორც ათეულობით წვრილ-წვრილმა, ბროწეულის მარცვლისოდენა წარმონაქმნმა, ისე ერთმა ან რამდენიმე ფორთოხლისხელა სიმსივნემ. და, წარმოიდგინეთ, მთელ ამ სიმსივნური ქსოვილის გროვას საშვილოსნოს ღრუ იტევს!
უფრო მძიმე მდგომარეობაც არსებობს: ფიბროზული ქსოვილი მხოლოდ საშვილოსნოს ღრუში კი არა, მის გარეთა ზედაპირზეც იზრდება. სოკოებივით წამოზრდილი ქსოვილის გროვები, განსაკუთრებით – არცთუ სავსებით მოკრძალებული ზომისა, ირგვლივ მდებარე ორგანოებს აწვება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც უზარმაზარი ფიბროზული კვანძი საშარდე ბუშტზე დაწოლას დაიწყებს!

სად უდევთ ბინა
ფიბროიდები შესაძლოა “დაბინავდნენ”:
. სუბმუკოზურად. ამ დროს სიმსივნური კვანძები საშვილოსნოს შიგნითა კედლიდან ამოყოფენ თავს და ღრუში იზრდებიან. სწორედ მათი ბრალია უხვი სისხლდენა, პრობლემები ორსულობის დროს.
. ინტრამურალურად ანუ უშუალოდ საშვილოსნოს კედელში, მის კუნთოვან შრეში. აქ ყველაზე უწყინარი კვანძები “ცხოვრობენ”.
. სუბსეროზულად ანუ საშვილოსნოს გარეთ. სწორედ ასეთი ფიბროიდებია, გარშემო მდებარე ორგანოებს რომ ავიწროებენ. სწორ ნაწლავზე ზეწოლისას ქალს შეკრულობა აწუხებს, ზურგის ტვინზე ზეწოლისას – ზურგის ტკივილი. ხშირად იჩაგრება შარდის ბუშტი – ასეთ დროს შარდვის გახშირება იჩენს თავს. ხდება ისეც, რომ სუბსეროზული კვანძი (ან კვანძები) მეტისმეტად დიდი ზომისაა და მუცლის წინა კედლისკენ არის მიმართული. ასეთ დროს ქალი ორსულს ემსგავსება.

ფიბროსტატისტიკა
ციფრებს თუ დავუჯერებთ, საშვილოსნოს ფიბროიდული კვანძები ლამის ყოველ მეორე ქალს აქვს, თუმცა უმრავლესობას არ აწუხებს და, შესაბამისად, არც კი იცის, რომ მისი საშვილოსნო სიმსივნური კვანძებით არის ამოვსებული.
სტატისტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქალების 20-80%-ს ფიბროიდული კვანძები 50 წლამდე უჩნდება, ნაწილი კი ირწმუნება, საშვილოსნოს ფიბროზული გადაგვარება 4-დან 3 ქალს აღენიშნებაო. ექიმთა ნაწილი ფიქრობს, რომ  ეს პათოლოგია უმთავრესად 30-40 წლის ქალებისთვის არის დამახასიათებელი, ნაწილი კი სხვა რიცხვებს ასახელებს – 40-50 წელს. ერთადერთი, რაზეც არავინ დავობს, ის არის, რომ საშვილოსნოს ფიბრომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს.

რა იწვევს
საშვილოსნოს ფიბროზული გადაგვარების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა გამოიკვეთა რიგი ფაქტორი, რომლებიც ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მათ შორის:
გენეტიკა და მემკვიდრეობა. როგორც ჩანს, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გენებს, რომლებიც საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ფიბროზული ქსოვილის ჩალაგებას უწყობს ხელს. თუკი რომელიმე ნათესავს (დედას, დას...) ეს დაავადება აქვს, საფრთხე სამჯერ მეტი ყოფილა.
ასაკი – ეს ის ფაქტორია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. დამატებით გეტყვით, რომ მენოპაუზის დაწყებისთანავე ფიბროზული კვანძები შეჭმუხვნას იწყებს და საშიში და შემაწუხებელი აღარ არის.
კანის ფერი. ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლებოდა მიგვეჩნია ეროვნებაც, მაგრამ კანის შეფერილობას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონია. შავკანიან ქალებს საშვილოსნოს ფიბროიდები უფრო ხშირად უჩნდებათ. ამასთანავე, ეს დაავადება აფროამერიკელებში გაცილებით ადრეულ ასაკში იჩენს თავს. კვანძებიც უფრო დიდია.
ჰორმონები. თავისთავად ცხადია, ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა, მაგრამ მათი დონის ცვლილებამ შესაძლოა ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მაგალითად, ქალური ჰორმონები, ესტროგენი და პროგესტერონი, უშუალო გავლენას ახდენენ ზოგიერთი ქსოვილის ზრდაზე და ზოგჯერ შეცდომით ფიბროზული ქსოვილის ზრდის სტიმულირებასაც ახერხებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონების სიჭარბე ფიბროიდების გაჩენასთან ასოცირდება, დამტკიცებულია, რომ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას ფიბრომის ჩამოყალიბების რისკი იკლებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველა ასაკში... კოკ-ები ფიბრომისგან ვერც იმ ქალებს დაიცავს, რომელთაც მათი სმა 13-დან 16 წლამდე ასაკში დაიწყეს.
ჭარბი წონა. რისკის ამ ფაქტორს მკვლევართა მხოლოდ ნაწილი აღიარებს. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო მეტია (დაახლოებით 2-3-ჯერ!) საშვილოსნოს ფიბრომის ჩამოყალიბების ალბათობა, თუმცა ზოგიერთი გამოკვლევა ამ მოსაზრებას სავსებით აბათილებს.
განსაზღვრული საკვები. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დიდი რაოდენობით ხორცის ჭამა, განსაკუთრებით კი ლორისა, საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ფიბროზულ გადაგვარებას უწყობს ხელს. სამაგიეროდ, მწვანე ბოსტნეული ამ დაავადების პრევენციას ახდენს...

საშვილოსნოს ფიბრომის განვითარებაში ჰორმონების უდიდეს როლზე ისიც მეტყველებს, რომ ორსულობისას, ანუ მაშინ, როდესაც ჰორმონების დონე განსაზღვრული კანონზომიერებით იცვლება, ფიბროიდების წარმოქმნის ალბათობა იკლებს. საზოგადოდ, ორსულობა და მშობიარობა ამ დაავადების ერთგვარ პრევენციადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. 

როგორ ვლინდება
არ არსებობს სპეციფიკური ნიშანი, ამ პათოლოგიაზე რომ მიუთითებდეს. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც საშვილოსნოს ფიბრომას არაფერი გვაეჭვებინებს. ზოგადი ნიშნები კი უმეტესად ასეთი გახლავთ:
. მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები, მათ შორის – ხანგრძლივი მენსტრუაცია უხვი გამონადენით, ციკლის შემოკლება (ანუ მენსტრუაციის გახშირება), ტკივილი მენსტრუაციის დროს, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის. ძლიერი სისხლდენა, როგორც წესი, ანემიას იწვევს.
. ტკივილი, უმეტესად – მუცლის ქვედა ნაწილში. ტკივილი ყრუც შეიძლება იყოს და ძლიერიც, მეტისმეტად მწვავეც.
ზოგიერთ ქალს ტკივილი არა, მაგრამ მუცლის ქვედა არეში ქაჩვის შეგრძნება აწუხებს.
ფიბრომაზე მეტყველებს სქესობრივი კავშირის დროს აღმოცენებული ტკივილიც.
. კუჭ-ნაწლავის პრობლემები: შეკრულობა, ნაწლავის დაცლის გართულება, ტკივილი სწორი ნაწლავის არეში.
. შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები: გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება.
. ღიპის გაჩენა, რასაც დიდი ზომის ფიბროზული კვანძების გამო საშვილოსნოს ზრდა იწვევს.
. უნაყოფობა ან მუცლის მოშლა.

ცხრათვიანი სტრატეგია
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ საშვილოსნოში ფიბროზულ კვანძთან ერთად პაწია არსებამაც დაიდო ბინა? ექიმთა უმრავლესობა გვარწმუნებს, რომ ასეთი ორსულობა უმეტესად მშვიდობიანად ჩაივლის.
საზოგადოდ, დაორსულდება თუ არა ქალი და როგორ დასრულდება ორსულობა, სიმსივნური წარმონაქმნის ზომაზე, მდებარეობასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული.
შესაძლოა, ფიბროზული კვანძი ისეთ ადგილას იყოს ამოზრდილი, რომ ფალოპის (კვერცხსავალი) მილის შესასვლელს ფარავდეს. ამ შემთხვევაში სპერმატოზოიდებს ძალიან გაუჭირდებათ კვერცხუჯრედთან შეხვედრა (“პაემანი” ხომ სწორედ კვერცხსავალ მილშია დანიშნული!). თუ მამაკაცის სასქესო უჯრედმა ივაჟკაცა და განაყოფიერება მაინც მოხდა, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნომდე მისაღწევად დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. მაგრამ ვინაიდან ფალოპის მილი წყვილია, ერთის დახშობის შემთხვევაში მეორის შესასვლელი განაყოფიერებისთვის ღია რჩება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის  საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვას შესაძლოა ხელი სუბმუკოზურმა კვანძებმა შეუშალოს. არც ის არის გამორიცხული, ასეთმა წარმონაქმნებმა სპონტანური აბორტი, პლაცენტის აშრევება ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ზოგჯერ ნაყოფის არასწორ (მენჯით წინ) მდებარეობასაც ფიბრომას აბრალებენ.
სიმსივნური ქსოვილი, მიუხედავად კეთილთვისებიანი ბუნებისა, ორსულობისას ზოგჯერ იზრდება. ამას საშვილოსნოში სისხლის ჭარბი მოდენა იწვევს. ექიმები გვანუგეშებენ, რომ ასეთი ცვლილება ყოველთვის არ ხდება, მაგრამ თუ კვანძი მაინც გაიზარდა, მშობიარობის შემდეგ ისევ ადრინდელ ზომას დაიბრუნებს.
ორსულს, როგორც გითხარით, სანერვიულო არაფერი აქვს – სათანადო მონიტორინგის (ექიმის მეთვალყურეობის) შემთხვევაში ფეხმძიმობა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლის. ერთადერთი, რაც ქალს აწუხებს, ტკივილია, რომელიც უმეტესად პირველი ტრიმესტრის დასასრულს და მეორის დასაწყისში იჩენს თავს. ტკივილის მოსახსნელად ექიმი ქალს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს შეურჩევს.
იშვიათად სიმსივნური ქსოვილი სანაყოფე არხის გამოსასვლელს ფარავს და მშობიარობას ართულებს. ასეთ დროს (ვითარების შეფასება კი თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების წყალობით სულაც არ არის ძნელი) ბუნებრივი გზით მშობიარობა სარისკოა და ექიმი ორსულს საკეისრო კვეთას ურჩევს.
თუ ფიბრომის გამო ქალს მუცელი მოეშალა, შესაძლოა, სპეციალისტმა ოპერაციის გაკეთება (სიმსივნური კვანძის ამოკვეთა) აუცილებლად მიიჩნიოს.

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ
ფიბროზულ კვანძს ქალი დამოუკიდებლად ვერაფრით აღმოაჩენს (ეს ხომ კანზე წამოსკუპებული ხალი არ არის!). ზოგჯერ ექიმსაც უჭირს საშვილოსნოს ფიბრომაზე ეჭვის აღება, მაგრამ შესაძლოა, მენჯის ორგანოების გამოკვლევისას შემთხვევით მოჰკრას თვალი. დიაგნოზის დასაზუსტებლად ქალს ურჩევენ:
. ულტრაბგერით გამოკვლევას (ექო), რომელიც შეიძლება ჩატარდეს როგორც მუცლის კედლის ზემოდან, ასევე საშოდან. ამ უკანასკნელს ტრანსვაგინალურ ექისკოპიას უწოდებენ. ის უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა.
თუ ექოსკოპია ნაკლებად ინფორმაციული აღმოჩნდა, ექიმმა შესაძლოა სხვა გამოკვლევები გირჩიოთ, მათ შორის – ჰისტეროსონოგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია (მართალია, რთული სახელები აქვთ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საშვილოსნოსა და მისი დანამატების რენტგენს იღებთ), ჰისტეროსკოპია (სპეციალისტი ტელესკოპის მსგავსი პაწია ხელსაწყოთი საშვილოსნოს კედლებს დაათვალიერებს). ასევე ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

საშვილოსნოს ფიბრომა კეთილთვისებიანი დაავადებაა და თითქმის არასოდეს განიცდის ავთვისებიან გარდაქმნას. ათასიდან ერთ ქალს თუ აღმოაჩნდება ავთვისებიანი ფიბროზული კვანძი. ასეთ კვანძებს ლეიომიოსარკომას უწოდებენ. სპეციალისტთა აზრით, ეს კვანძები დამოუკიდებლად წარმოიშვა, მათი წინაპარი კეთილზნიანი ქსოვილი არ ყოფილა. ისიც დამტკიცებულია, რომ საშვილოსნოში არსებული კეთილთვისებიანი ფიბროიდები ოდნავაც არ ზრდის ავთვისებიანი ფორმების წარმოშობის ალბათობას.

რა მოვუხერხოთ ფიბრომას
თუ ქალს ფიბროზული კვანძები აქვს და ძლიერი ტკივილი და სისხლდენა აწუხებს, მდგომარეობის შემსუბუქება აუცილებელია.
თუ ექიმმა საშვილოსნოს ფიბრომა შემთხვევით აღმოაჩინა და წარმონაქმნი არაფრით ამჟღავნებს საკუთარ არსებობას, არ იწვევს სისხლდენას, უნაყოფობას, შესაძლოა ქალს მკურნალობა არც კი დასჭირდეს. ერთადერთი, რასაც სპეციალისტი გირჩევთ, კვანძების პერიოდული კონტროლია იმის გასარკვევად, ხომ არ გაიზარდა ან გამრავლდა.
მკურნალობა ვითარების გათვალისწინებით ინიშნება (იმისა, რამდენად საშიშია კვანძი). ტკივილის შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტის მიღებაა მიზანშეწონილი. უმეტესად კი ექიმი ჰორმონულ პრეპარატებზე აჩერებს არჩევანს. მათ შორის აღსანიშნავია მედიკამენტი, რომელსაც მედიცინის ენაზე გონადოტროპინის გამომათავისუფლებელი ჰორმონის აგონისტი ეწოდება. ჰორმონული ბალანსის აღსადგენად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევა ან პროგესტერონის ინექციის გაკეთებაც შეიძლება. აპრობირებული საშუალებაა სპირალიც, რომელიც ჰორმონს შეიცავს. ანემიის შემთხვევაში ექიმი რკინის პრეპარატების მიღებას გირჩევთ.
თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგო აღმოჩნდა, პრობლემა ოპერაციის საშუალებით უნდა მოგვარდეს.
ქირურგიული ჩარევის ყველაზე არასასურველი ფორმაა ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა. შედარებით დამზოგველი გზაა მიომექტომია, რომლის დროსაც მხოლოდ ზედმეტ (ამ შემთხვევაში – ფიბროზულ) ქსოვილს ამოკვეთენ. ეს ოპერაცია რამდენიმენაირად ტარდება: ლაპაროტომიულად, ლაპაროსკოპიულად და ჰისტეროსკოპიულად. მეთოდის შერჩევა კვანძის მდგომარეობის, რაოდენობისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით ხდება.
საშვილოსნოს ფიბრომასთან გამკლავების სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია: მიოლიზი (მოწვა, მოყინვა), ენდომეტრიული აბლაცია (სისხლდენის შესაჩერებლად საშვილოსნოს ამომფენი გარსის დესტრუქცია), საშვილოსნოს მკვებავი არტერიის ემბოლიზაცია (სისხლძარღვი იბლოკება და ფიბროზული კვანძების სისხლით მომარაგება წყდება, რაც მათ შეჭმუხვნას იწვევს).

კონტრაცეფცია

ტერმინ “რეპროდუქციას” ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ. ეს არის ცოცხალი ორგანიზმის უნარი, თავისივე მსგავსი წარმოშვას. ადამიანებში რეპროდუქციის ათვლის წერტილი მამრისა და მდედრის სასქესო უჯრედების შეხვედრაა. ეს ფალოპის მილში ხდება, რომელიც აქეთ-იქიდან რქებივით ადგას საშვილოსნოს და რომელშიც ვარდება მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ ამ უკანასკნელს ამაოდ არ მოუწია კვერცხსავალ მილში გამოცხადება და განაყოფიერება მოხდა, ორსულობა გარდაუვალია. ზოგჯერ, მიზეზთა გამო, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის პაემნის გადადებაა საჭირო. სწორედ ასეთ დროს მიმართავენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
ორსულობისგან თავის დაცვას რამდენიმენაირად ახერხებენ:
• ხელს უშლიან სპერმას კვერცხუჯრედამდე მისვლაში;
• “განაიარაღებენ” ანუ აზიანებენ ან კლავენ სპერმატოზოიდებს;
• აფერხებენ კვერცხუჯრედის მომწიფებას;
• საშვილოსნოს ამომფენი გარსის სტრუქტურას იმგვარად ცვლიან, რომ განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა მასზე მიმაგრება ვერ შეძლოს;
• საშოს ლორწოს ასქელებენ, სქელი ლორწო კი, თავის მხრივ, სპერმის საშვილოსნოში შეღწევას უშლის ხელს.

ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევა არცთუ იოლი საქმეა. ორგანიზმისთვის კონტრაცეპტივის მორგება განსაკუთრებით ძნელია ძუძუს წოვებისას, თინეიჯერულ და პერიმენოპაუზურ ასაკში (ამ დროს მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება).
ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მეტ-ნაკლებად ეფექტურია. საუკეთესო ვარიანტია ორი მეთოდის ერთდროული გამოყენება მათ ნაკლოვანებათა შესავსებად. იდეალურია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკების) გამოყენება ბარიერულ მეთოდთან, მაგალითად, პრეზერვატივთან ერთად. ასე ორსულობისგანაც დაიცავთ თავს და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც.

შექმენი ბარიერი
უფრო სწორად, შეუქმენით ბარიერი ურჩ სპერმატოზოიდებს, რომლებიც კვერცხუჯრედის დასაპყრობად მიილტვიან. ამისთვის ბარიერული მეთოდის გამოყენება და პრეზერვატივის ანუ კონდომის (ქალის ან მამაკაცის), სპეციალური ღრუბლის, დიაფრაგმის, საშოს ჩაჩისა და სპერმიციდის გამოყენება მოგიწევთ. მათ შორის საუკეთესო, ორმაგად სასარგებლო ვარიანტი მაინცკონდომია, რომელიც არა მხოლოდ ორსულობისგან, სგგდი-სგანაც დაგიცავთ.
თუ მამაკაცი პრეზერვატივის გამოყენებაზე უარს ამბობს, ქალს თავად მოუწევს მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი კონდომის გაკეთება, ოღონდ, მამაკაცური ვარიანტისგან განსხვავებით, მისი მორგება შეგიძლიათ არა უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს, არამედ მანამდეც, დაახლოებით 8 საათით ადრე.
მეტი ეფექტურობისა და საიმედოობისთვის კონდომთან ერთად გირჩევთ სპერმიციდიც გამოიყენოთ. და კიდევ: ორივე სქესის პრეზერვატივის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება – ასე ისინი უთუოდ დაზიანდება.
სპერმიციდები გამოდის სანთლის, ქაფის, ჟელეს, კრემის სახით. ის საშოში სქესობრივი აქტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე უნდა მოითავსოთ (ოპტიმალური დროის შესარჩევად გულდასმით ჩაიკითხეთ ინსტრუქცია) – ეს ის დროა, რაც სპერმიციდის გალღობას და გააქტიურებას სჭირდება.
მიზანშეწონილია სპერმიციდის გამოყენება სხვა ბარიერულ მეთოდებთან ერთად. გამონაკლისია ღრუბელი, რომელიც ამ ნივთიერებით გაჟღენთილი იყიდება.
გაითვალისწინეთ, რომ სპ

ერმიციდის ხშირი გამოყენება საშოს ნაზ ლორწოვანს აღიზიანებს, რაც მიკროტრავმების გაჩენისა და სგგდი-ს გავრცელების საშიშროებას ზრდის.
საშოს ღრუბელი სპერმას ეფექტურ ბარიერს უქმნის. გასააქტიურებლად ის საშოში მოთავსებამდე წყლით უნდა დაასველოთ. ღრუბელი შეგიძლიათ სქესობრივ აქტამდე რამდენიმე საათით ადრე მოითავსოთ საშოში და სექსის შემდეგ კიდევ 6 საათი დაიტოვოთ, ოღონდ ჯამში 24 საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ერთი ღრუბელი რამდენიმე სქესობრივ აქტზე გეყოფათ.
დიაფრაგმა სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 6 საათით ადრე უნდა მოითავსოთ საშოში და ისევე, როგორც ღრუბლისგან, აქტიდან 6 საათის შემდეგ გათავისუფლდეთ. თუმცა დიაფრაგმის მორგება გაცილებით რთულია, ვიდრე ღრუბლისა. სპერმიციდის გამოყენება ამ შემთხვევაში უფრო სასურველია.
გამოყენების შემდეგ დიაფრაგმა გულდასმით გარეცხეთ საპნიანი წყლით და სუფთა ადგილას დააბინავეთ. პერიოდულად შეათვალიერეთ, რომ ნაპრალები და ნასვრეტები არ გაუჩნდეს. სასურველია, დიაფრაგმა ყოველ  ორ წელიწადში ერთხელ ცვალოთ. იგივე შეიძლება ითქვას საშოს ჩაჩზე.

დაიხმარე ჰორმონები
მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაინც აბებია, თუმცა ორსულობის მოწინააღმდეგე ჰორმონები ორგანიზმში სხვა გზითაც შეიძლება მოხვდეს, მათ შორის – პლასტირის, ვაგინალური რგოლის, ინექციისა და იმპლანტის სახით.
 საზოგადოდ, სასურველია, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები სპეციალისტმა შეარჩიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქალმა 35 წელს გადააბიჯა ან სიგარეტს ეწევა (მწეველებში ჰორმონების ეფექტურობა იკლებს) ან სულაც ორივე ერთად.
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებიესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს. აბები, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ პროგესტერონი შედის, მინი-პილის სახელით არის ცნობილი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება, მათ შორის – ლაქტაციის დროს.
დაიხსომეთ: მოულოდნელი ორსულობის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების შემთხვევითი მიღება ნაყოფის ჯანმრთელობას არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
გულდასმით წაიკითხეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ანოტაცია, სადაც გარკვევით იქნება მითითებული აბების სმის დაწყების პერიოდი (წესისამებრ, პირველ ჯერზე ეს მენსტრუაციის დაწყებას ემთხვევა, ხოლო მომდევნო ჯერზე ბოლო აბის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ განახლდება), გვერდითი მოვლენები და ინსტრუქცია იმის თაობაზე, როგორ მოიქცეთ აბის გამოტოვების შემთხვევაში.
კონტრაცეპტივი-პლასტირი კანზე მაგრდება, საიდანაც ჰორმონები შეიწოვება და  სისხლის საშუალებით ორგანიზმში ვრცელდება. პლასტირისთვის საუკეთესო ადგილია დუნდულები, გულმკერდი (ძუძუს გარდა), ზურგის ზედა ნაწილი, მხარი და მუცელი. მას ერთკვირიანი ეფექტი აქვს და შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ ადგილი უცვალოთ.
პლასტირი შეგიძლიათ ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში დაიკრათ. შემდეგ მენსტრუაციის დროც დგება ანუ ერთი კვირა ისვენებთ და კვლავ იწყებთ პლასტირის ტარებას. სასურველია, პირველ კვირას უკეთესი თავდაცვისთვის თქვენმა პარტნიორმა პრეზერვატივი გამოიყენოს.
დაიხსომეთ: პლასტირი ნაკლებად ეფექტურია ჭარბწონიანი ქალებისთვის.
საშოს რგოლი ღრმად, საშვილოსნოს ყელის სიახლოვეს თავსდება და აქ 21 დღე რჩება. შემდეგ რგოლი უნდა გამოიღოთ და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კვლავ გაიკეთოთ. რგოლის გამოღებიდან 2-3 დღეში მენსტრუაციული სისხლდენა იწყება.
საშოს რგოლის სწორ მოთავსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ის გამოვარდა და ქალი რამდენიმე საათი (3 საათზე მეტხანს) ჰორმონების ზემოქმედების გარეშე დარჩა, უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდის (პრეზერვატივის) გამოყენება მოუწევს.
თუ საშოს რგოლი ხშირად ვარდება, ორსულობისგან თავდაცვის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება მოგიწევთ. 
ინექციის გზით შეყვანილი ნივთიერება ქალს სამი თვის განმავლობაში იცავს ფეხმძიმობისგან, თუმცა პირველ კვირას სასურველია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენებაც.
საზოგადოდ, კონტრაცეპტივის ინექცია უკეთდებათ იმ ქალებს, რომელთაც არ შეუძლიათ, ყოველდღე გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან ატარონ სპირალი. ასევე მათ, ვინც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ აპირებს და აი, რატომ: ორგანიზმში მოხვედრილი მედიკამენტის მოქმედების დასრულების შემდეგ ქალს განაყოფიერების უნარი არა მყისვე, არამედ თვეების შემდეგ უბრუნდება. იშვიათად უნაყოფო პერიოდი წლამდეც კი გრძელდება.
სამწუხაროდ, კონტრაცეპტივის ინექციას გვერდითი მოვლენებიც აქვს. მათ შორის – წონის მატება, არარეგულარული მენსტრუაცია და ძვლის სიმკვრივის კლება, თუმცა ყველა ეს პრობლემა ინექციის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ თავისთავად გვარდება.
ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი მხრის კანქვეშ თავსდება. პროცედურა ხანმოკლეა – 5-10-წუთიანი. მას ადგილობრივი ანესთეზიით ატარებენ. ამგვარი იმპლანტის წყალობით ქალი სამი წლის მანძილზეა დაზღვეული არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტის ამოღებისთანავე აღდგება.
ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა. ციკლი იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
სპირალი ორნაირია: ჰორმონული და სპილენძისა. პროგესტერონის წყალობით საშოს ლორწო საგრძნობლად სქელდება და სპერმას საშვილოსნოში მოხვედრას არ ანებებს. ჰორმონის ზემოქმედებით სქელდება საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსიც. როგორც ჰორმონული, ისე სპილენძის სპირალი სპერმატოზოიდების აქტივობას თრგუნავს, კვერცხუჯრედს – განაყოფიერებისგან, ხოლო უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს საშვილოსნოზე მიმაგრებისგან იცავს.
სპირალის ჩადგმა მცირედ დისკომფორტს იწვევს, რომელიც პროცედურის დასრულებისთანავე ქრება. საშვილოსნოში ჩადებული მცირე ზომის თ-ს მსგავსი მოწყობილობა ქალს არც ფიზიკურ აქტიურობაში, არც სქესობრივ კავშირში არ უშლის ხელს. გართულება – სპირალის გამოვარდნა, საშვილოსნოს კედლის გახვრეტა, ინფექციის შეჭრა – მოსალოდნელია, მაგრამ იშვიათი.
ძალიან იშვიათად შესაძლოა სპირალის მქონე ქალი მაინც დაორსულდეს. ამ შემთხვევაში მუცლის მოშლის საფრთხე იქმნება.

სულ მთლად სტერილური
თუ დაორსულებას ნამდვილად აღარ აპირებთ, შეგიძლიათ, სტერილიზაციის მეთოდსმიმართოთ. ამ შემთხვევაში ადამიანი მცირე ოპერაციული ჩარევის შედეგად სამუდამოდ კარგავს განაყოფიერების უნარს.
არსებობს როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სტერილიზაცია. ქალებს ოპერაცია ლაპაროსკოპიულად უტარდებათ – ძალიან მცირე განაკვეთიდან ექიმი მუცლის ღრუში შედის და კვერცხსავალ მილებს ბლოკავს (მაგალითად, გადაკვანძავს ან გადაჭრის).
ზოგჯერ ქალი, რომელიც შვილის ყოლას აღარ აპირებს, ტუბალურ სტერილიზაციას უშუალოდ საკეისრო კვეთის დროს იკეთებს.
სტერილიზაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ოპერაციის შემდეგ ქალი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დაბლოკილი ფალოპის მილი მას არც სქესობრივ ცხოვრებაში უშლის ხელს და არც მენსტრუაციული ციკლის არევას იწვევს.
მამაკაცთა სტერილიზაციას ვაზექტომიას უწოდებენ. ამ დროს იბლოკება უწვრილესი მილი, რომლის საშუალებითაც სპერმა სათესლე ჯირკვლებიდან სასქესო ასომდე მიდის.
ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც დაორსულების შესაძლებლობას სტერილიზაციისთანავე კარგავენ, მამაკაცებს განაყოფიერების უნარი კიდევ 2-3 თვე უნარჩუნდებათ. ეს იმიტომ, რომ სპერმის ნარჩენები შესაძლოა მილში იყოს ჩარჩენილი. ამიტომ სტერილიზაციის შემდეგ მამაკაცს მცირე ხანს კვლავ მოუწევს პრეზერვატივის გამოყენება.

სასწრაფო დახმარების აბები
საუკუნეებია, ქალები რა ხერხს აღარ იგონებენ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად: წყლის სწრაფი ჭავლით გამორეცხვას, შარდში დასველებული ბამბის საშოში მოთავსებას... დაუცველი სექსის შემდეგ თავდაცვაზე ფიქრი ერთგვარად სარისკოა, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამ რისკს საგრძნობლად ამცირებს და სწორი გამოყენების პირობებში ორსულობას ასიდან 75-89 შემთხვევაში გამორიცხავს. ეს "სასწრაფო დახმარება" ძლიერმოქმედი ჰორმონით გაჯერებული წყვილი ტაბლეტია, რომელიც 12- საათიანი შუალედით უნდა მიიღოთ, თანაც სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ მათ მიღებას აზრი არ აქვს. გაითვალისწინეთ: რაც უფრო ადრე მიიღებთ პირველ აბს, მით უფრო დიდია შანსი, არ დაორსულდეთ.
ეს აბები, რომელსაც სხვაგვარად პოსტკოიტალურ ან მეორე დღის კონტრაცეპტივებსაც უწოდებენ, ჰორმონის საკმაოდ დიდ დოზას შეიცავს, ამიტომ მათი ხშირი მიღება სასურველი არ არის.

თავდაცვა საუკეთესო სტრატეგია

 უკვე მერამდენე ათწლეულია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონტრაცეფციის შესახებ რჩევებს აწვდის მთელ სამყაროს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენების აუცილებლობა უკვე უდავოა. ისეთი მოდური მოვლენაც კი, როგორიც ოჯახის დაგეგმვაა, კონტრაცეფციის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
კონტრაცეფციის მნიშვნელობის, მისი თანამედროვე მეთოდების შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი მარინა მაჩაიძე.

 როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კონტრაცეპტივის გამოყენება?
– ოჯახის დაგეგმვა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე  აქტუალურ სამედიცინო-სოციალურ პრობლემად ითვლება და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის, ფედერალური და საერთაშორისო პროგრამების ყურადღების ობიექტია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ოჯახის დაგეგმვა მოიცავს ღონისძიებითა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრისკენ არის მიმართული. ესენია:
• არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
• სასურველი რაოდენობის შვილის ყოლა;
• ორსულობათა შორის ინტერვალის რეგულირება;
• ბავშვის დაბადების დროის შერჩევა მშობლების ასაკის გათვალისწინებით.
 ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი როლი კონტრაცეფციას ეკისრება. მისი გამოყენება თავიდან აგვაცილებს არასასურველ ორსულობას, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ხელოვნური აბორტების რიცხვი და მათ ფონზე თავჩენილი გართულებები.
 კონტრეცეფციის უმთავრესად რომელი მეთოდებია გავრცელებული მსოფლიოში? ყველაზე ხშირად რომელ მათგანს მიმართავენ საქართველოში?
– კონტრაცეფციის ამჟამად არსებული მეთოდები და საშუალებები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
• ჰორმონული კონტრაცეფცია (კომბინირებული ორალური და საინექციო კონტრაცეფცია.  მინიპილი, პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი, კომბინირებული ტრანსდერმული პლასტირი);
• საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია;
• ლაქტაციური ამენორეის მეთოდი;
• ბარიერული მეთოდები;
• სპერმიციდები;
• ბუნებრივი (რიტმული) მეთოდები;
• შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდი.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად სწორედ ამ მეთოდებს მიმართავენ. არსებობს კიდევ ერთი გზა – ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია, რომელიც კვერცხსავალი მილების გადაკეტვით მიიღწევა და ფართოდ გამოიყენება აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში ქალები უმთავრესად საკეისრო კვეთის დროს ითხოვენ  სტერილიზაციის ჩატარებას. რაც შეეხება მამაკაცის სტერილიზაციას ანუ ვაზექტომიას,  ჩვენთან მისი ჩატარების სურვილი, რამდენადაც ვიცი, ჯერ არავის გასჩენია.
 ხშირად მოგმართავენ ქალები კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად და რა საჭიროა, თავდაცვის მეთოდი აუცილებლად სპეციალისტმა შეარჩიოს?
– კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად ექიმთან მისულთა რიცხვმა ბოლო ხანს იმატა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალისთვის, თუნდაც წყვილისთვის ამის თაობაზე კვალიფიციური რჩევის მიცემა ოჯახის დაგეგმვის აუცილებელი ნაწილია. ის ეხმარება წყვილს:
• სწორად შეაფასოს თავისი რეპროდუქციული შესაძლებლობები;
• შეარჩიოს კონტრაცეფციის მეთოდი, რომლითაც კმაყოფილი დარჩება;
• სწორად და უსაფრთხოდ გამოიყენოს შერჩეული მეთოდი.
 ყოფილა თუ არა შემთხვევები, რომ ქალი იძულებული გამხდარა, კონტრაცეფციის ერთი ვარიანტი მეორით შეეცვალა?
– რა თქმა უნდა, ყოფილა. ასეთ შემთხვევაში ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი ექიმის დახმარებით ხელახლა შეირჩევა.
 მოდი, თავდაცვის კონკრეტულ საშუალებებზე ვისაუბროთ. თავდაპირველად ჩვენში ესოდენ გავრცელებულ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შევეხოთ. რამდენად უსაფრთხოა ჰორმონების რეგულარული მიღება?
– ჰორმონული კონტრაცეფციისთვის იყენებენ ქალის სასქესო პორმონების – პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზურ ანალოგებს. სინთეზური ანალოგები თვისებებით ძალიან ჰგავს ნატურალურს, მაგრამ მათზე გაცილებით აქტიურია. რაც შეეხება მათ უვნებლობას, საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც ამბობენ,  უკვე შექმნილია ბუნებრივი ესტროგენების შემცველი კონტრაცეფციური საშუალებები, რომლებიც, იმედია, საქართველოშიც მალე გამოჩნდება და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდება. რაც შეეხება თანამედროვე კოკებს, მათი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია – 1000 ქალზე წელიწადში 1-5 ორსულობას შეადგენს.
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებს სხვა სარგებლობაც მოაქვს. კერძოდ, მათი მიღებისას:
• მცირდება მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი;
• მცირდება საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი;
• მცირდება საკვერცხების ფუნქციური კისტების განვითარების რისკი;
• სუსტდება ან ქრება დისმენორეის სიმპტომები.
გარდა ამისა, შესაძლებელია მათი გამოყენება დისფუნქციური სისხლდენების, უშვილობის, ჭართმიანობის სამკურნალოდ.
 ნუთუ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება?
– ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, მათაც აქვთ უკუჩვენება – არსებობს რიგი მდგომარეობა, როდესაც მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ესენია:
• ძუძუს კიბო უშუალოდ კონტრაცეპტივის შერჩევის მომენტში ან მანამდე, ღვიძლის სიმსივნე, ინსულტი, სისხლის შედედების დარღვევა, გულის იშემიური დაავადება, ნაღლის ბუშტის მწვავე დაავადება, ვირუსული ჰეპატიტი ან ციროზი, არადიაგნოზირებული სისხლდენები.
ასევე არ შეიძლება ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება საეჭვო ან დადგენილი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დანიშნოს. არამც და არამც არ შეიძლება მათი თვითნებური მიღება.
 რომელი აბებია უფრო ეფექტური: კომბინირებული თუ  
პროგესტერონის შემცველი? როგორ მოქმედებს მინიპილი?
– პროგესტინული აბების, იმავე მინი-პილის ეფექტიანობა ისეთივე მაღალია, როგორიც კომბინირებულისა.  მოქმედების მექანიზმიც თითქმის ანალოგიურია:
• იწვევს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, რის შედეგადაც ძნელდება საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევა;
• იწვევს ენდომეტრიუმის ატროფიულ ცვლილებებს;
• აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში (ფალოპის მილებში).
რაც შეეხება ოვულაციაზე ზემოქმედებას, კოკის მიღებისას ოვულაცია თითქმის 100%-ით ითრგუნება, ხოლო  მინი-პილის მიღების შემთხვევაში – მხოლოდ  50-60%-ით. მინი-პილის გამოყენება ძუძუთი კვების დროსაც შეიძლება, კოკის გამოყენებისთვის კი ლაქტაცია უკუჩვენებად ითვლება.
 ჩვენში საკმაოდ პოპულარულია სპირალი. რა ხანგრძლივობით უნდა იცვალოს ის? ბევრი წლობით ატარებს ერთხელ ჩადგმულ სპირალს...
– კონტრაცეფციისთვის გამოსაყენებელი საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სშს) ორნაირია: არამედიკამენტური და მედიკამენტური. არამედიკამენტური ანუ ინერტული სშს მზადდება პოლიეთილენისგან (ლიპესიის მარყუჟი). ამგვარი სშს შეიცავს ბარიუმის სულფატს, რომელიც მას რენტგენოკონტრასტულს ხდის (ანუ ჩანს რენტგენზე). მედიკამენტური სშს საშვილოსნოს ღრუში გამოყოფს სპილენძის იონს ან ჰორმონს (პროგესტერონს, ლევონორგესტერელს). თანამედროვე სშს-ის კონტრაცეფციული მოქმედება გრძელდება 5-12 წელი. სშს მაღალეფექტურია. უკუჩვენებები იგივეა, რაც კოკების შემთხვევაში, მცირედი განსხვავებით: სპირალი არ გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებების დროს.
 რას გვეტყვით ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივ მეთოდებზე? მრავალი ქალი წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით იცავს თავს დაფეხმძიმებისგან.
– ჩასახვის საწინააღმდეგო კალენდარული, ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრისა და ლაქტაციური ამენორეის მეთოდები აბსოლუტურად უსაფრთხოა, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. საზოგადოდ, მინდა აღვნიშნო, რომ კონტრაცეფციული მეთოდი ყოველთვის უსაფრთხო და მაღალეფექტურია, თუ შეირჩა ექიმის მიერ, წინასწარ გამოკვლეული პაციენტის ინდივიდუალური სტატუსის გათვალისწინებით და სწორად იქნა გამოყენებული.
 მართლა არსებობს თუ არა სპერმის მიმართ ალერგია? იქმნება თუ არა ამის გამო პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობა?
– სათესლე სითხე ქალის ორგანიზმისთვის უცხო ცილას შეიცავს, ამდენად, თეორიულად სავსებით შესაძლებელია მისდამი ალერგიული რეაქციის განვითარება. ეს რეაქცია გამოიხატება ტიპური ალერგიული შეშუპებით, შეწითლებით, ქავილით და, თქვენ წარმოიდგინეთ, რიგ შემთხვევაში შესაძლოა, უშვილობის მიზეზადაც კი იქცეს. ამ შემთხვევაში სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გამოირიცხოს ბაქტერიული და ვირუსული გენეზის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, დისბაქტერიოზი, შარდის ბუშტისა და საშოს ანატომიური თავისებურებები. ლაბორატორიული კვლევების საშუალებით ადგენენ ქალის ორგანიზმში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას. მათი მაღალი ტიტრის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში კონდომის გამოყენებაა მიზანშეწონილი. გარდა ამისა, მიმართავენ იმუნოთერაპიას, ადგილობრივ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ზოგ შემთხვევაში – ჰორმონულ თერაპიასაც. ჩასახვა შესაძლებელია წინასწარ დამუშავებული სპერმით საშვილოსნოსშიგა ინსემინაციის გზით. რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილია ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

ბუნებრივად დაცული

ბაზალური ტემპერატურის მეთოდი (ბტმ)

ბაზალური ტემპერატურა ის ტემპერატურაა, რომლითაც ვიღვიძებთ. ის სწორ ნაწლავში ისინჯება მენსტრუაციებს შორის, ყოველ დილით, საწოლიდან ადგომამდე. როდესაც მაჩვენებელი აიწევს, თუნდაც უმნიშვნელოდ, ივარაუდეთ, რომ ნაყოფიერი დღეები დაგიდგათ.
ბტმ-ის ეფექტურობა 80%-მდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მეთოდით მოსარგებლე ყოველი 100 ქალიდან 20 მაინც ორსულდება. ბტმ-ის ეფექტურობა იკლებს ანუ ტემპერატურის სწორად გაზომვა ვერ ხერხდება, როდესაც ქალი ავად არის, ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფება, დარღვეული აქვს  ძილის რიტმი, სვამს და ეწევა, იყენებს ელექტრონულ ლეიბებსა და საბნებს.
გაითვალისწინეთ, რომ სპერმატოზოიდები სამი დღე ცოცხლობენ და, ცხადია, ამდენივე ხანს ინარჩუნებენ განაყოფიერების უნარს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ნაყოფიერი დღეების დაწყებამდე სამი დღით ადრე დაუცველი სქესობრივი აქტი ორსულობით დასრულდეს.
ზუსტად რომ დაადგინოთ, როდის გეწყებათ ნაყოფიერი პერიოდი, სამი თვის განმავლობაში უნდა მიმართოთ ბტმ-ს, თუმცა პროცესის სირთულეს ალბათ თავადაც ხვდებით.

კალენდარული მეთოდი (კმ)
კმ მეტად გავრცელებული მეთოდია, რომლის ეფექტურობაც ზუსტი გამოთვლის პირობებში 87%-ს აღწევს. თითქოს რა სირთულეს უნდა წარმოადგენდეს დღეების თვლა?! რეალურად კი ეს სულაც არ არის მარტივი. ვიდრე ნაყოფიერი და უნაყოფო დღეების ანგარიშს შეუდგებოდეთ, ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა დაიხსომეთ. შემდეგ ყველაზე მოკლე ციკლს 18 გამოაკელით. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, სხვაობას 8-ს მიიღებთ. ამის შემდეგ ციკლის დაწყების დღიდან 8 დღე გადათვალეთ და კალენდარზე მონიშნეთ. სწორედ ამ დღიდან იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მის დასასრულს კი ამგვარად გამოითვლით: ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუაციული ციკლის დღეებს გამოაკელით 11. თუ ციკლი 30-დღიანია, სხვაობა 19 იქნება. ესე იგი მენსტრუაციის დაწყებიდან ზუსტად მე-19 დღეს დასრულდება განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი.

ცერვიკალური ლორწოს მეთოდი (ცლმ)
ცლმ-ის ეფექტიანობაც 87%-ია. მისი გამოყენება მენსტრუაციის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოთ და გულდასმით დააკვირდეთ საშოს ლორწოს კონსისტენციას: ნაყოფიერ დღეებში სეკრეტი გამჭირვალე, თხელი და სრიალაა, ოვულაციის დღეების დასრულების შემდეგ კი უფრო წებოვანი ხდება და მოცულობასაც იკლებს. კიდევ ერთ რამეს დააკვირდით: ოვულაციის პერიოდში საშო თითით შეხებისას უფრო ღია და რბილია, ხოლო მანამდე და მის შემდეგ – ვიწრო და შემკვრივებული.
გაითვალისწინეთ, რომ საშოს ლორწოს პროდუქცია ზოგიერთ ქალს განსხვავებული აქვს და ძნელი შესამჩნევია, როდის იცვალა სეკრეტმა მოცულობა და კონსისტენცია. ამდენად, ცერვიკალური ლორწოს მეთოდი არ გამოადგება მას, ვისაც რეპროდუქციული ტრაქტის ინფექცია აქვს, ინტიმური ჰიგიენის საშუალებებს იყენებს ან შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს.

ორდღიანი კონტროლის მეთოდი (ოკმ)
ოკმ ცერვიკალური ლორწოს მეთოდს ჰგავს – დაკვირვება ამ შემთხვევაშიც საშოს გამონადენზე ხდება, თუმცა მხედველობაში მხოლოდ ლორწოს არსებობა მიიღება და არა კონსისტენცია. 
ამ მეთოდის ეფექტიანობა 86%-ია. დაკვირვება ასე ტარდება: შეიმოწმეთ ლორწოს არსებობა (შეგიძლიათ, ტუალეტის ქაღალდი გამოიყენოთ) დღეში ორჯერ: შუადღისას და ძილის წინ. გაიხსენეთ, გქონდათ თუ არა გამონადენი წინა დღეს. თუ ლორწო ორივე შემთხვევაში შეამჩნიეთ, ჩათვალეთ, რომ განაყოფიერება შესაძლებელია და დაუცველი სექსისგან თავის შეკავება მოგიწევთ.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ)
ლაქტაციური ამენორეა მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენსტრუაციის უქონლობას ნიშნავს. ამ პერიოდში დაორსულება არ ხდება და მეთოდი შემთხვევათა 98%-ში ამართლებს.
ლამ ეფექტურია მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ქალი ჩვილს აქტიურად აწოვებს ძუძუს – დღეში 9-10-ჯერ მაინც და ღამით ერთხელ მაინც, თანაც ორივეს, კვებათა შორის შუალედი კი 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. რაც მთავარია, ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ ქალს მენსტრუაციული ციკლი არ დასწყებია.

მედლის მხარეები
ორსულობის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ორივეს გათვალისწინებით ქალს შეუძლია აირჩიოს, აძლევს თუ არა ხელს მისი გამოყენება.
ბუნებრივი მეთოდის დადებითი მხარეები
 არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.
 მისი შეწყვეტა სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
 არ მოითხოვს ფინანსურ დანახარჯს.
უარყოფითი მხარეები:
 ნაკლებად ეფექტურია იმ ქალებისთვის, რომელთაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვთ.
 არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. 

არამენსტრუაციული სისხლდენა

არეულობის მსხვერპლი
მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესების მთელი კასკადი მიმდინარეობს: ორი ქალური ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც წყვილ საკვერცხეში გამომუშავდება, საშვილოსნოს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ 
გარსის ქსოვილში უნდა ჩაინერგოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ თავისუფალი და გაუნაყოფიერებელი, მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12-14 დღეს საკვერცხიდან გამოიტყორცნება, ჯერ მუცლის ღრუში ხვდება, შემდეგ კვერცხსავალ (ფალოპის) მილში გადაინაცვლებს და სპერმატოზოიდს ელოდება. თუ პაემანი შედგა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორსულობისთვის საგანგებოდ მომზადებულ, სისხლძარღვებით მდიდარ ენდომეტრიუმში – საშვილოსნოს ამომფენ გარსში ჩაინერგება. თუ განაყოფიერება არ მოხდა, ჰორმონების დონე დაიკლებს, ხოლო საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი შრე ნელ-ნელა ჩამოიფცქვნება. ასე იწყება მენსტრუაციული სისხლდენა.
მენსტრუაციული ციკლი იწყება სისხლდენის პირველი დღიდან და მეორე სისხლდენის დაწყებამდე გრძელდება. ქალთა უმრავლესობას 28-დღიანი ციკლი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ციკლი უფრო მოკლე ან უფრო ხანგრძლივიც იყოს – პლუს-მინუს 7 დღე ნორმად ითვლება. თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობაც მეტ-ნაკლებად ლიმიტირებულია და უმეტესად ხუთდღიანია.

მენოპრობლემები
ქალის ორგანიზმი ყოველთვის როდი სჯერდება “ლიმიტირებულ” მენსტრუაციულ სისხლდენას – შესაძლოა, გამონადენი მენსტრუაციებს შორისაც გაჩნდეს ან თავად თვიურმა გადალახოს ყოველგვარი ლიმიტი.
სისხლდენა ნორმის ფარგლებს სცდება და, ამდენად, საყურადღებოა, თუ:
. მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს. შესაძლოა, სისხლდენა უხვი არც იყოს და თეთრეულზე მხოლოდ ბაც ვარდისფერ ლაქებს ტოვებდეს.
. ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.
. მენსტრუაციის დროს მეტისმეტად უხვი და ხანგრძლივია. თუ სისხლდენამ, თუნდაც მენსტრუაციულმა, 7 დღეს გადააჭარბა, მას მენორაგიას უწოდებენ. ამ დროს ქალს საათში ერთხელ მაინც უხდება საფენის ან ტამპონის გამოცვლა.
. სისხლდენა მენოპაუზის შემდეგაც გრძელდება.
ქალის სიცოცხლის ზოგიერთ ეტაპზე ციკლის დარღვევა საგანგაშო არ არის, თანაც მალევე უბრუნდება ნორმას. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში, პირველი მენსტრუაციიდან – მენარქედან რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე, თვიური შესაძლოა არარეგულარული იყოს, სისხლიანი გამონადენი კი ზომაზე მეტად უხვი ან მცირე. მსგავსი უცნაურობანი შესაძლოა მენოპაუზის პერიოდშიც გაგრძელდეს: ციკლი მოკლდება, არარეგულარული ხდება, სისხლდენა ძლიერდება ან სუსტდება. ამგვარი ცვლილებები, როგორც გითხარით, დროებითია და მკურნალობას არ საჭიროებს.

მენომიზეზები
საშოდან პათოლოგიური (დისფუნქციური) სისხლდენის მიზეზი მრავლად მოიძებნება. ყველაზე ხშირად მას ჰორმონული დისბალანსი იწვევს: ზოგჯერ ესტროგენს მეტისმეტი მოსდის, მისი ზემოქმედებით ენდომეტრიუმი ზომაზე მეტად სქელდება და, შესაბამისად, სისხლდენაც უხვია; ზოგჯერ ჰორმონების არაადეკვატური მოქმედების შედეგად საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსი უდროო დროს იწყებს აცლას და სისხლდენაც მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს ან დროზე ადრე იწყება.
პათოლოგიური სისხლდენის განვითარებისთანავე კონსულტაციისთვის გინეკოლოგს ეწვიეთ. მხოლოდ მას შეუძლია გაარკვიოს, რამდენად სახიფათოა ვითარება და რა სახის მკურნალობა გჭირდებათ. ხშირად პრობლემას უბრალო მიზეზი აქვს და იოლი დასაძლევია.
დისფუნქციურ სისხლდენას იწვევს:
. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, უპირატესად – კომბნირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკები) და სპირალი;
. საშვილოსნოს, მისი დანამატებისა და საშოს ინფექციური დაავადებები;
. საშვილოსნოს პოლიპები და ფიბროზული წარმონაქმნები;
. საშვილოსნოსა და საშოს ავთვისებიანი წარმონაქმნები;
. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, უმეტესად – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და შაქრიანი დიაბეტი;
. ორსულობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა ან სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა);
. ზოგიერთი მედიკამენტი.

არ გადადოთ ვიზიტი
მართალია, გინეკოლოგიურ გასინჯვას სასიამოვნოს ვერაფრით დავარქმევთ, მაგრამ ჯანმრთელობის დაკარგვას ხანმოკლე დისკომფორტის მოთმენა გიჯობთ. ექიმი ხელით გაგსინჯავთ, სისხლის ანალიზის გაკეთებას გირჩევთ და ჰორმონებზე გამოსაკვლევადაც გაგგზავნით. შესაძლოა, საჭირო გახდეს ულტრაბგერითი კვლევის, ენდომეტრიუმის ბიოფსიის, ჰისტეროგრაფიისა და ჰისტეროსკოპიის ჩატარება.

გამოსავლის ძიებაში
საშოდან პათოლოგიური სისხლდენის სამკურნალო არაერთი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ჰორმონოთერაპია კოკებით. ჩასახვის საწინააღმდეგო ეს აბები ესტროგენსაც შეიცავს და პროგესტერონსაც. თერაპია რამდენიმე თვეს გასტანს. შესაძლოა, თავდაპირველად უხვმა მენსტრუაციულმა გამონადენმა შეგაწუხოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ციკლი დარეგულირდება. თუ პრობლემა გახანგრძლივდა, უთუოდ აცნობეთ ექიმს.
კოკები უმნიშვნელოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. იშვიათად არტერიულ ჰიპერტენზიასაც იწვევს. ამდენად, თუ მსგავსი პრობლემები მანამდეც გაწუხებდათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. სავარაუდოდ, გინეკოლოგი შედარებით დამზოგველ აბებს გამოგიწერთ, რომლებიც მხოლოდ პროგესტერონს შეიცავს. მათ მინი-პილისაც უწოდებენ. მათი მიღების დროს შესაძლოა შეგაწუხოთ მკერდის შემკვრივებამ და უმნიშვნელო ტკივილმა, თავის ტკივილმა, განწყობის ხშირმა ცვალებადობამ.
როგორც კოკის, ისე მინი-პილის მიღების შემთხვევაში შესაძლოა თეთრეულზე სისხლის ბაცი ლაქები შეამჩნიოთ. ასეთი გამონადენი საგანგაშო არ არის, თავისთავად გაქრება, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, ექიმს აცნობეთ.
ჰორმონული თერაპიის კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტია სპირალის ჩადგმა, რომელიც ჰორმონებს გამოყოფს.
გაითვალისწინეთ: დაანებებთ თუ არა თავს ჰორმონების მიღებას, ჩასახვის უნარი უმალვე აღდგება.
ზოგჯერ სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. შესაძლოა, საჭირო გახდეს პოლიპის ან ფიბროზული წარმონაქმნის ამოკვეთა. ამგვარი ოპერაციის ჩატარება ჰისტეროსკოპის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. 
სხვა ქირურგიული მეთოდებიდან აღსანიშნავია ენდომეტრიული აბლაციის მეთოდი, რომლის დროსაც ლაზერით, ელექტროდენით ან მოყინვით არღვევენ ენდომეტრიუმის მთლიანობას, რაც ქალს ქრონიკული სისხლდენისგან ერთხელ და სამუდამოდ ათავისუფლებს. ამ პროცედურის შემდეგ თვიური ქალთა უმრავლესობას უქრება. შესაბამისად, ვეღარც დაორსულებას ახერხებენ.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ექიმი, ჰისტერექტომია ანუ საშვილოსნოს ამოკვეთაა.

ამოჩემებული ასაკი
ორმოცდაათს მიტანებულ ქალთა უმრავლესობას კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დისკომფორტის მიზეზი ამჯერადაც ჰორმონული დისბალანსია: მკვეთრად მცირდება საკვერცხეების მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუქცია და იწყება მენსტრუაციული ციკლის სავსებით კანონზომიერი ცვლილებები, რომლებიც თვიურის გაქრობით სრულდება.
მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები მენოპაუზის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება: ციკლი მოკლდება ან ხანგრძლივდება; სისხლდენა უხვი ან მეტისმეტად მწირია; ისიც შეიძლება, მენსტრუაციამ თვე გამოტოვოს... ამგვარი ცვლილებები ნორმალურია და მენოპაუზის დადგომას გვაუწყებს. ამ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება. თვიურის გაქრობისთანავე იწყება მენოპაუზა, ხოლო ციკლის გაქრობიდან ერთი წლის შემდეგ დგება პერიოდი, რომელსაც პოსტმენოპაუზას უწოდებენ.
იმ კანონზომიერ ცვლილებებთან ერთად, რომლებსაც ქალი ასე თუ ისე ეგუება, ჰორმონული დისბალანსი შესაძლოა გაცილებით ძლიერი დისკომფორტის მიზეზადაც იქცეს: იმის გამო, რომ საკვერცხე კვერცხუჯრედს აღარ გამოისვრის, აღარც ჰორმონების დონე მცირდება ყოველთვიურად (ალბათ გახსოვთ: თუ ოვულაციის შემდეგ განაყოფიერება არ განხორციელდა, ჰორმონების დონე დაიკლებს, ხოლო ენდომეტრიუმი აცლას დაიწყებს). შედეგად ესტროგენი კვლავ ჩვეული ოდენობით გამომუშავდება, რაც ენდომეტრიუმის ქსოვილის ჩამოფცქვნის ნაცვლად მის შესქელებას განაპირობებს. ამის გამო შესაძლოა უეცრად დაიწყოს უხვი სისხლდენა ან ქალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საცვალზე სისხლიან ლაქებს ამჩნევდეს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
გინეკოლოგთან ვიზიტს გირჩევთ მაშინაც, თუ 55 წელს გადააბიჯეთ, მაგრამ მენსტრუაციული სისხლდენა ჯერ კიდევ არ შეგწყვეტიათ.
პოსტმენოპაუზის პერიოდში საშოდან სისხლდენას უმეტესად განაპირობებს:
. ჰორმონული თერაპია;
. საშვილოსნოს ამომფენი გარსის გათხელება – ენდომეტრიუმის ატროფია;
. პოლიპები;
. ენდომეტრიუმის შესქელება, რომელმაც უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას დაუდოს სათავე;
. საშვილოსნოს კიბო.
გაცილებით იშვიათად:
. მცირე მენჯის ღრუს ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი.
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში საშოდან სისხლდენის მიზეზი რვიდან ერთ შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნია.
საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი მომატებულია, თუკი ქალს:
. აქვს ჭარბი წონა;
. ახალგაზრდობისას ჰქონდა არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი;
. მენოპაუზა გვიან დაუდგა;
. აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზი;
. ჰქონდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელსაც არ უმკურნალა;
. ჰქონდა საკვერცხის, ძუძუს ან სწორი ნაწლავის კიბო;
. საშვილოსნოს კიბო მის წინაპრებსაც ჰქონდათ.
მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საშვილოსნოს ღრუს კიბოს განვითარების ყველაზე მძლავრი რისკფაქტორი ესტროგენის შემცველი მედიკამენტის მიღებაა, რომელსაც ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, კლიმაქსთან დაკავშირებული დისკომფორტის (მაგალითად, ალების) შესამსუბუქებლად ნიშნავენ ექიმები. კვლევებმა დაადასტურა, რომ გაცილებით უვნებელია კომბინირებული, ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი ჰორმონოთერაპია. მართალია, ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის საშოდან სისხლდენა, მაგრამ, წესისამებრ, დისკომფორტი რამდენიმე (უმეტესად 6) თვეში თავისთავად ქრება. ასეა თუ ისე, ჰორმონული თერაპიის დანიშვნა უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს. პრეპარატი უთუოდ სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

საშიში ნიშანი
საშოდან სისხლიანი გამონადენი არცთუ იშვიათია ორსულობის დროს. განსაკუთრებით ხშირია სისხლდენა ფეხმძიმობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
სისხლიანი გამონადენი შესაძლოა სქესობრივი კონტაქტის შემდეგაც გაჩნდეს. უთუოდ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ, რადგან უყურადღებობას შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგი – სპონტანური აბორტი მოჰყვეს.
მუცლის მოშლა უნდა იეჭვოთ, თუკი უეცრად დაგეწყოთ უხვი სისხლდენა და მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციულ ტკივილს ჰგავს, მაგრამ მასზე გაცილებით მძაფრია. 
ორსულობის ადრეულ ეტაპზე სისხლდენის კიდევ ერთი მიზეზი საშვილოსნოსგარე ორსულობაა. ის გაცილებით იშვიათია (60-დან ერთი შემთხვევა), ვიდრე სპონტანური აბორტი (ის ორსულთა 15-20%-ს უვითარდება).
საშვილოსნოსგარე ორსულობით გამოწვეული სისხლდენა მეტად საყურადღებო მდგომარეობაა, ვინაიდან ამ დროს კვერცხსავალი მილი ზიანდება და მისი მთლიანობა ირღვევა (საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ინერგება და იქ განაგრძობს ზრდას, ვიდრე მილს არ გახეთქავს).
ორსულობის მეორე ნახევარში სისხლდენის მიზეზი უმეტესად პლაცენტის პათოლოგიაა. შესაძლოა, ვაგინალური სისხლდენა პლაცენტის ნაადრევმა აცლამ ან მისმა წინამდებარეობამ განაპირობოს (ამ დროს პლაცენტის ქსოვილი საშვილოსნოდან გამოსავალ ხვრელს ფარავს). ნებისმიერ შემთხვევაში ორსულობის მიწურულს განვითარებული სისხლდენა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. 
და კიდევ: იშვიათად სისხლიანი გამონადენი ახალშობილ გოგონასაც აქვს. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც თავისთავად გაივლის, მისი მიზეზი კი ისევ და ისევ ჰორმონული დისბალანსია, რომელიც პაწიას დედიკოსგან გამოჰყვა. 

« < 123 > »
ზემოთ